„რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და მერიამ გადახედოს არსებულ პრაქტიკას, განიხილოს გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მეთოდები, დაფინანსების საკითხი და მიიღოს ოპტიმალური გადაწყვეტილება, რაციონალურობის პრინციპის დაცვით, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით. აღნიშნული ხელს შეუწყობს მოსახლეობისთვის სასარგებლო მომსახურების მიღება-გავრცელებასა და საბიუჯეტო თანხების რაციონალურ ხარჯვას“, - წერს თავის ანგარიშში სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელმაც რუსთავის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობა შეისწავლა.

ფინანსური რესურსებისა და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზების გარდა, უწყებამ სხვა არაერთი გარემოება გამოავლინა: გამოუყენებელი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, არაეკონომიური ხარჯი, კანონშეუსაბამო დისკვალიფიკაცია, მიუღებელი მოსაკრებელი და საჯარო შემოსავლები, არასაბაზრო ფასად გაცემული ქონება და ავტოპარკის მართვა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტის ნაშთი, 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 9 741 100 ლარი იყო. წლის განმავლობაში 9 496 400 ლარის ხარჯვა დაიგეგმა, თუმცა ფულადი სახსრების გამოყენებამ (კლებამ) 1 531 100 ლარი შეადგინა. 2019 წლის ბოლოს ნაშთი 8 210 700 ლარი იყო. აქედან 4 710 600 ლარი - თავისუფალი ნაშთი. უწყების შეფასებით, ნაშთი სატენდერო ეკონომიებითა და შემოსავლების გეგმის გადაჭარბებით წარმოიქმნა. 2020 წლის ბიუჯეტში, წინა წლის ნაშთიდან, 8 169 100 ლარის გამოყენება განისაზღვრა. აქედან მხოლოდ 266 400 ლარი აითვისა. წლის ბოლოს ნაშთმა 7 944 300 ლარი შეადგინა, საიდანაც 4 504 800 ლარი თავისუფალი ნაშთია. სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერს, რომ მუნიციპალიტეტმა 2019-2020 წლებში ბიუჯეტით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი ვერ განახორციელა, რაც მის მფლობელობაში არსებული ფინანსური სახსრების არაეფექტიან მართვაზე მიუთითებს.

აუდიტის ჯგუფმა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოავლინა, რომ დანერგილი კონტროლის პროცედურები, ზოგიერთ შემთხვევაში, მოქმედ სტანდარტებთან და ნორმებთან შესაბამისი პროდუქტის მიღებას ვერ უზრუნველყოფდა. კერძოდ, 2019-2020 წლებში სამშენებლო შესყიდვების მიზნით გაფორმებული ას ორმოცდათექვსმეტი ხელშეკრულებიდან, სამოცში სხვადასხვა ცვლილება შევიდა. პროექტებში არ იყო გათვალისწინებული ყველა სამუშაო, ხარჯთაღრიცხვები შეცდომით იყო მომზადებული, დაუზუსტებელი იყო მოცულობები და სხვა. არსებული ხარვეზები სამუშაოს დასრულების ვადების გაზრდას იწვევდა. ოცდარვა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელთა ჯამური ღირებულება 20 459 400 ლარს (2019 წელს - 11 623 500 ლარი; 2020 წელს - 8 835 900 ლარი) შეადგენს, 10-დან 92 დღემდე ვადაგადაცილებით დასრულდა. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობას შესაბამისი სერვისები დაგვიანებით მიეწოდა.

2019 წელს მუნიციპალიტეტმა 2 676 900 ლარის ღირებულების ასფალტბეტონის გზისა და სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები შეისყიდა. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში ხელშეკრულებაში ექვსი ცვლილება განხორციელდა, დაზუსტდა მოცულობები და გეგმა-გრაფიკი, რის გამოც სამუშაოების საბოლოო მიწოდების ვადა 80 დღით გახანგრძლივდა. აღსანიშნავია, რომ კომპანიასთან შემსყიდველმა 2 676 892-ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა, თუმცა პროექტის მიმდინარეობის პროცესში ღირებულება გაიზარდა და საბოლოოდ 2 943 259 ლარი გადაუხადა.

საინტერესოა, რომ სამუშაოებს შპს „გზა“ ასრულებდა. კომპანიის დირექტორ მალხაზ დუმბაძეს, შემოწირულების სახით, 2012 წლიდან 2021 წლის ჩათვლით პერიოდში, პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ, 100 000 ლარი აქვს გადარიცხული. აქედან 15 000 ლარი - 2012 წელს პარტიისთვის „საქართველო არ იყიდება“, ხოლო დანარჩენი ნაწილი - „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“. კომპანიის 100%-იანი წილის მმართველ გიორგი ჭყონიას კი მმართველი პარტიისთვის, ჯამში, 240 000 ლარი შეუწირავს, ხოლო პარტიისთვის „საქართველო არ იყიდება“ 60 000 ლარი 2012 წელს გადაურიცხავს.

აუდიტის სამსახურის დასკვნით, ხარვეზებით ჩაბარებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია გავლენას ახდენდა სახელშეკრულებო ვადებსა და ღირებულებაზე, რაც შემსყიდველის პირობებს აუარესებდა, თუმცა მუნიციპალიტეტს საპროექტო დოკუმენტაციის მიმწოდებლის მიმართ რაიმე სახის ღონისძიება (ჯარიმა/საურავების დარიცხვა) არ გაუტარებია.

საანგარიშო პერიოდში მუნიციპალიტეტმა შეისყიდა 137 200 ლარის ჯამური ღირებულების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლებიც 4 411 500 ლარის სავარაუდო ღირებულების პროექტების განხორციელებას ითვალისწინებდა. მიუხედავად ამისა, მერიას, სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერები არ გამოუცხადებია. კერძოდ, 2019 წელს მუნიციპალიტეტმა მეგობრობის გამზირზე არსებული კორპუსების ფასადების რეაბილიტაციის დოკუმენტაცია შეისყიდა, რისთვისაც 42 700 ლარი გადაიხადა. 2021 წლის მდგომარეობით, პროექტი არ განუხორციელებია. ფასადების რეაბილიტაცია შარშან მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტის ფარგლებში დაიწყო. აქედან გამომდინარე, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისთვის მერიის მიერ გადახდილი თანხა შეიძლება არაეფექტურ ხარჯად ჩაითვალოს.

მუნიციპალიტეტს არ გამოუყენებია არც 2017-2018 წლებში 41 200 ლარად შესყიდული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც 6 162 200 ლარის სავარაუდო ღირებულების თვრამეტი პროექტი უნდა განხორციელებულიყო. მათ შორის, საუბარია რუსთავში ავარიული საცხოვრებელი სახლების გამაგრება-გაძლიერების დოკუმენტაციაზეც. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, პროექტები არასაკმარისი ფინანსური რესურსის გამო ვერ განხორციელდა. აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტს პროექტის რეალური საჭიროება, სავარაუდო ღირებულება და დაფინანსების წყარო საწყის ეტაპზევე უნდა განესაზღვრა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მხოლოდ ამის შემდეგ შეესყიდა. უწყება აუდიტის ობიექტის არგუმენტს შეუსაბამოდ მიიჩნევს, რადგან იმ პერიოდში მას არსებითი მოცულობის თავისუფალი ნაშთი ჰქონდა.

მუნიციპალიტეტმა, სამუშაოების მიწოდების ვადების დარღვევისთვის, საჯარიმო სანქციები ოთხმოცდაერთი ხელშეკრულებისთვის გამოიყენა. აუდიტორებმა დაადგინეს, რომ მუნიციპალიტეტი ჯარიმას არასწორად არიცხავდა. კონკრეტულად კი, შემსყიდველი ჯარიმას ითვლიდა საბოლოო მიწოდების ვადის ამოწურვიდან სამუშაოების დასრულების რეალურ დრომდე, არა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების მიხედვით, არამედ გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული თითოეული პუნქტის ღირებულებიდან გამომდინარე. მაგალითად, რუსთავში, სააკაძის ქუჩაზე, გზის საფარის რეაბილიტაციის 402 300 ლარის ღირებულების სამუშაოები მიმწოდებელმა 101 დღის ვადაგადაცილებით შეასრულა. მხარეებმა სახელშეკრულებო პირობები შვიდჯერ შეცვალეს. მუნიციპალიტეტმა კომპანიას, პირგასამტეხლოს სახით, 25 400 ლარი დაარიცხა. ხელშეკრულების მიხედვით კი 40 600 ლარის ჯარიმის დარიცხვა ეკუთვნოდა.

აუდიტორების ჯგუფმა 2019-2020 წლებში განხორციელებული პროექტების ნაწილი დაათვალიერა და რამდენიმე მათგანზე სხვადასხვა სახის ხარვეზი დააფიქსირა. შესრულებულ სამუშაოებს მერიის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ინსპექტირების ჯგუფი ამოწმებდა. ამასთანავე, შემსყიდველი პროექტს საექსპერტო ორგანიზაციების დადებითი დასკვნის საფუძველზე იბარებდა. გამოვლინდა, რომ მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი კონტროლის პროცედურები, ზოგ შემთხვევაში, ვერ უზრუნველყოფდა სამუშაოების ხარისხის მოქმედ სტანდარტებსა და ნორმებთან შესაბამისობას, რის გამოც ჩაბარებული ობიექტების ნაწილს ხარვეზები აღენიშნება. მერიამ, მოქმედი საგარანტიო ვადების მქონე ობიექტებზე გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორების მოთხოვნით, მიმწოდებლებს წერილები გაუგზავნა, თუმცა ეს აუდიტის მიმდინარეობის პროცესში გააკეთა.

აუდიტორების მიერ გამოვლენილ გარემოებებს შორის, ყურადღებას იქცევს უფასო სასადილოების კვებითი მომსახურების მიწოდებისთვის განხორციელებული შესყიდვები. როგორც ირკვევა, 2021 წლის განმავლობაში ბენეფიციარებისთვის საკვების უწყვეტად მიწოდების მიზნით, მერიამ ტენდერი იმავე წლის იანვარში გამოაცხადა. ეს ნიშნავს, რომ სერვისის მიწოდება წლის დასაწყისიდანვე ვერ განხორციელდებოდა. პასუხისმგებელმა პირმა აუდიტორებთან დაგვიანების მიზეზად მენიუს დაზუსტება და ფასთა კვლევის პროცესის გაჭიანურება დაასახელა. 25 მარტს ტენდერი შეწყდა. ამჯერად მიზეზი კვების ობიექტების ადგილმდებარეობისა და ბენეფიციართა მაქსიმალური რაოდენობის დადგენა გახდა. აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ ამის გარკვევა მერიას ტენდერის გამოცხადებამდე შეეძლო.

2021 წლის აპრილში ახალი ტენდერი გამოცხადდა. ხელშეკრულება მომსახურების მიწოდებას 1 სექტემბრიდან 2022 წლის 1 თებერვლამდე ითვალისწინებდა. სახელშეკრულებო ღირებულება 455 800 ლარს შეადგენს, რაც თვეში, საშუალოდ, 86 000 ლარია. მანამდე, შვიდი თვის განმავლობაში, მუნიციპალიტეტი მომსახურებას აწვდიდა გადაუდებელი აუცილებლობით გაფორმებული გამარტივებული შესყიდვების საფუძველზე. სულ გაფორმებულია ხუთი ხელშეკრულება, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 789 100 ლარი შეადგინა, რაც თვეში, საშუალოდ, 112 700 ლარს უდრის. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი ყოველთვიურად, დაახლოებით, 26 700 ლარით მეტს იხდიდა.

შეგახსენებთ, რომ „ფაქტ-მეტრი“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშებს მუდმივად თვალს ადევნებს. მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მიერ სხვადასხვა პერიოდში განხორციელებული საქმიანობის ანგარიშებში არაერთი გარემოება იდენტურია. მაგალითად: ხარვეზები, კონტროლის მექანიზმის სისუსტე, ფინანსური სახსრების არაეფექტური და არაეკონომიური ხარჯვა, ფაქტობრივად, ყველა მუნიციპალიტეტის საქმიანობის ანგარიშში გვხვდება. რეკომენდაციებიც წლიდან წლამდე თითქმის უცვლელია, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ არასათანადო დამოკიდებულებას სისტემური ხასიათი აქვს.

ფოტო: Georgian Travel Guide