იტვირთება

ოთარ შამუგია: 2021 წელს თხილის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 115 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ოთარ შამუგიას განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: 2021 წელს, საგარეო ვაჭრობის პორტალის მონაცემებით, 118 მლნ აშშ დოლარის თხილის ექსპორტი განხორციელდა, რამაც რაოდენობრივად 25 000 ტონა შეადგინა. ყველაზე მეტი რაოდენობის თხილი იტალიაში, გერმანიასა და საფრანგეთში გავიდა. შესაბამისად, მინისტრის განცხადება სიმართლეს შეესაბამება.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში თხილის წარმოების და ექსპორტის შემცირებაც დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას გავრცელებასთან პირდაპირ იყო დაკავშირებული. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებულმა ღონისძიებებმა (საკარმიდამო ტერიტორიების და საყანე ფართობების თერმული ნისლით და ცივი შესხურებით დამუშავება, ფერომენების დამონტაჟება) შედეგი გამოიღო და ფაროსანას რაოდენობა შეამცირა. აღნიშნულმა კი თხილის მოსავლის და ხარისხის ზრდა გამოიწვია, რამაც თავის მხრივ განაპირობა ის, რომ ექსპორტზე წინა წლებთან შედარებით უფრო მეტი რაოდენობის თხილი გავიდა.

შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ოთარ შამუგიას განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სტუმრობისას სხვა საკითხებთან ერთად თხილის გაზრდილ ექსპორტზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „ 2021 წელს თხილის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 115 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. თხილის უდიდესი ნაწილი ექსპორტირებული იქნა ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებში, როგორიცაა: იტალია, გერმანია, ჩეხეთი, საფრანგეთი“.

2021 წელს თხილის წარმოებამ 45.9 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2006 წლიდან მოყოლებული მაქსიმალური მონაცემია. ბოლო წლებში თხილის ყელაზე დაბალი მოსავალი 2017-2018 წლებში დაფიქსირდა, რაც დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას შემოსევით იყო განპირობებული. თხილის წარმოების სტატისტიკური მონაცემები გრაფიკ-1-ზეა ასახული.

გრაფიკი 1: თხილის წარმოება 2006-2021 წლებში (ათასი ტონა)

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

რაც შეეხება თხილის ექსპორტს, საგარეო ვაჭრობის პორტალის მონაცემების მიხედვით, 2021 წელს 118 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 25 000 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა.

თხილი 30 ქვეყანაში იყო ექსპორტირებული. ყველაზე დიდი რაოდენობით თხილი იტალიაში - 26.7% (31.5 მლნ აშშ დოლარის), გერმანიაში 22.5% (26.6 მლნ აშშ დოლარი), სომხეთში - 6.7% (8 მლნ აშშ დოლარი), ჩეხეთში - 3.4% (4 მლნ აშშ დოლარის), ბელარუსსა - 3.1% (3.7 მლნ აშშ დოლარი) და საფრანგეთში - 2.7% (3.2 მლნ აშშ დოლარი) იქნა გატანილი. შესაბამისად, თხილის ექსპორტის ძირითადად მართლაც ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა. ბოლო წლების თხილის ექსპორტის სტატისტიკა შემდეგნაირი იყო:

გრაფიკი 2 : თხილის ექსპორტი (მლნ აშშ დოლარი)

წყარო: საგარეო ვაჭრობის პორტალი

როგორც მონაცემებიდან ჩანს, ყველაზე მეტი რაოდენობის თხილის ექსპორტი 2014 წელს განხორციელდა, შემდგომ 2017 წლიდან 2019 წლის ჩათვლით კლების ტენდენცია იკვეთება და თხილის ექსპორტი ჯერ 2-ჯერ, შემდგომ 2019 წლისთვის უკვე თითქმის 2.7-ჯერ შემცირდა, რაც როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფაროსანას მიერ თხილის მოსავლისთვის მიყენებული ზიანით იყო განპირობებული. მომდევნო 2020 წელს ექსპორტის ზრდა დაფიქსირდა და ეს ტენდენცია გასულ წელსაც შენარჩუნდა, რაც უკვე ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული წარმატებული ღონისძიებების შედეგია, რამაც ამ მავნებლის პოპულაციის შემცირება გამოიწვია და შესაბამისად, თხილის მოსავალი და ხარისხი გაიზარდა.

ცნობისთვის, 2021 წელს სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები 33 მუნიციპალიტეტში ჩატარდა, რომლის ფარგლებში დამონტაჟდა 6000 ფერომონიანი დამჭერი და 43 260 ერთეული ფერომონი, 186 000 ჰა-მდე ფართობი თერმული ნისლით და ცივი შესხურებით დამუშავდა, რამაც აზიური ფაროსანას რაოდენობის შემცირება გამოიწვია და მისი გავრცელების არეალი არ გაზრდილა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ინფორმაციით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე, მავნებლის სრული მოსპობა შეუძლებელია, თუმცა, შესაძლებელია მისი პოპულაციის კონტროლი და მართვა, რაც უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვას და მოსავლის დანაკარგების 5-15%-ის ფარგლებში მოქცევას. აზიური ფაროსანას პოპულაციის მინიმალურ ზღვარზე დაყვანა და კონტროლი (სასოფლო-სამეურნეო და სატყეო კულტურების ზიანისა და ეკონომიკური ზარალის შემცირება) მხოლოდ სახელმწიფოს ,ფერმერების და მთლიანად მოსახლეობის ერთობლივი ძალისხმევით მიიღწევა.

განხილული მონაცემებიდან გამომდინარე, ოთარ შამუგიას განცხადება არის სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
3898 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
24%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი