იტვირთება

დიმიტრი ხუნდაძე: მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2012 წელთან შედარებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირებულია

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, დიმიტრი ხუნდაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე: მსოფლიო ბანკის წინასწარი გათვლებით, 2021 წელს მოსახლეობის 3.4% უკიდურესი სიღარიბის მინიმალურ ზღვარს ქვემოთ - დღეში 1.9 დოლარი (მსყიდველობითი უნარის პარიტეტი - PPP), ცხოვრობს. „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, 2012 წელთან შედარებით, უკიდურესი სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის წილი ჯამში 2.5-ჯერ (8.5%-დან 3.4%-მდე) არის შემცირებული. თუმცა აღნიშნული შედეგი ძირითადად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის საწყის წლებზე (2013-2015) მოდის. შემდგომ წლებში კი ქვეყანაში ცხოვრების დონის გაუმჯობესების ტემპი არსებითად შენელდა. 2021 წლის მონაცემებით, 2015 წლის შემდეგ ქვეყანაში უკიდურესი სიღარიბის დონე მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით არის გაუმჯობესებული.

საქართველოში სიღარიბის შემცირების ტენდენცია 2011 წელს დაიწყო და დადებითი დინამიკა 2015 წლის ჩათვლით შენარჩუნდა. 2016-2017 წლებში ქვეყანაში უკიდურესი სიღარიბის დონე გაიზარდა, 2018-2019 წლებში სიღარიბის მაჩვენებლები კვლავ შემცირდა, თუმცა შედარებით დაბალი ტემპით. 2020 წელს, პანდემიის პერიოდში ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაუარესდა. მსოფლიო ბანკის წინასწარი გათვლებით, გასულ წელს სიღარიბის მაჩვენებლები მკვეთრად შემცირდა და ისტორიული მინიმუმი შეადგინა.

აქვე აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მონაცემებით, მოსახლეობის 40%-ზე მეტი კვლავ სიღარიბის საერთაშორისო ზედა ზღვარს (დღეში 5.5 დოლარი PPP) მიღმა ცხოვრობს.

ანალიზი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ 26 აპრილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა: „მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2012 წელთან შედარებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ არის შემცირებული“.

„ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, ბოლო ათწლეულის (2011-2021) განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური განვითარების წარმატებული ისტორია აქვს, რომელიც შესაბამისად, სიღარიბის შემცირებაშიც აისახა. მიუხედავად ამისა, რჩება კრიტიკული სტრუქტურული გამოწვევები, განსაკუთრებით სუსტი პროდუქტიულობა და მაღალი ხარისხის სამუშაო ადგილების შექმნის აუცილებლობა. ბევრი ქართველი დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში, რომელიც არის დაბალპროდუქტიული. კვლავ სუსტია ადამიანური კაპიტალი, განათლების სისტემა ვერ პასუხობს კერძო სექტორის საჭიროებებს.

2020 წელს, ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაუარესდა, რაც პანდემიით და მასთან დაკავშირებული მკაცრი და ხანგრძლივი ეკონომიკური შეზღუდვებით იყო განპირობებული. პანდემიის პერიოდში, 2020 წელს გაცემულმა სოციალურმა ტრანსფერებმა სიღარიბის ზრდის ტემპი გარკვეულწილად შეანელა, თუმცა სიღარიბის დონე მაინც მკვეთრად გაიზარდა. რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც მოცემულ მომენტში არ არის უკიდურეს სიღარიბეში, გაღარიბების რისკის ქვეშ დგას. შემდგომ პერიოდში, 2021 წელს სიღარიბის დონე კვლავ შემცირდა, რაზეც გავლენა ეკონომიკის სწრაფმა აღდგენამ და სოციალურმა ტრანსფერებმა იქონია.

მსოფლიო ბანკის წინასწარი გათვლებით, 2021 წელს - წინა წელთან შედარებით, უკიდურესი სიღარიბის მინიმალურ ზღვარს ქვემოთ, დღეში 1.9 დოლარი (მსყიდველობითი უნარის პარიტეტი - PPP), მყოფი მოსახლეობის წილი 4.2%-დან 3.4%-მდე შემცირდა. უკიდურესი სიღარიბის დონე მცირედით (0.4 პროცენტული პუნქტით) გაუმჯობესდა არაპანდემიურ პერიოდთან შედარებითაც. გრძელვადიან პერიოდს თუ განვიხილავთ, 2012 წელთან შედარებით უკიდურესი სიღარიბე 2.5-ჯერ არის შემცირებული. საქართველოში სიღარიბის შემცირების ტენდენცია, წინა ხელისუფლების პერიოდში, 2011 წელს დაიწყო და დადებითი დინამიკა 2015 წლის ჩათვლით შენარჩუნდა. შემდგომ წლებში კი ქვეყანაში ცხოვრების დონის გაუმჯობესების ტემპი არსებითად შენელდა. 2016-2017 წლებში ქვეყანაში უკიდურესი სიღარიბის დონე გაიზარდა, შემდგომ კვლავ შემცირდა და 2019 წელს 2015 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდა. 2021 წლის მონაცემებით, 2015 წლის შემდეგ ქვეყანაში უკიდურესი სიღარიბის დონე მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით არის გაუმჯობესებული (იხილეთ: გრაფიკი 1).

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს უკიდურესი სიღარიბის შემცირებაზე პირდაპირი გავლენა ფულადი სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამის გაფართოებამ იქონია. პანდემიის პერიოდში სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმებაზე მორატორიუმი გამოცხადდა, რაც ნიშნავს, რომ 2020 წლიდან სოციალური დახმარება არ უწყდება არცერთ ოჯახს. პარალელურად, სოციალური დახმარების პროგრამას ახალი ბენეფიციარები დაემატა. ამასთან, 2021 წლის ივლისიდან გაფართოვდა ბავშვთა დახმარების მიმღებთა წრე და გაიზარდა ბავშვთა დახმარებაც. შედეგად, 2021 წლის ბოლოს ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა რაოდენობამ [საარსებო შემწეობის მიმღები] ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. 2020-2021 წლებში ფულადი დახმარების მიმღებთა რაოდენობა ჯამში 215,794 პირით (54,797 ოჯახით) გაიზარდა. ფულადი სოციალური დახმარებები უკიდურესი სიღარიბეს მნიშვნელოვნად ამცირებს, თუმცა ადამიანები, ვინც უკიდურეს სიღარიბეს ამ გზით აღწევენ თავს, კვლავ რჩებიან ზოგად სიღარიბეში ან/და გაღარიბების მაღალი რისკის ქვეშ.

სიღარიბის საერთაშორისო ზედა ზღვარს (დღეში 5.5 დოლარი PPP) თუ განვიხილავთ, მიუხედავად იმისა, რომ სიღარიბის დონის შემცირების დადებით დინამიკა გვაქვს, მოსახლეობის 40%-ზე მეტი კვლავ სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა ცხოვრობს.

გრაფიკი 1: სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი (%)

წყარო: მსოფლიო ბანკი


პერსონები

მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
3915 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
24%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი