იტვირთება

ირაკლი ღარიბაშვილი: პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველო რეგიონში უდავო ლიდერია და არაერთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოსაც უსწრებს

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მანიპულირება.

რეზიუმე: 2022 წელს მედიის თავისუფლების კუთხით, საქართველომ 59.3 ქულა მიიღო და მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის, 89-ე ადგილი დაიკავა. აღნიშნული შეფასება - წინ წელთან შედარებით, 12.06 ქულით არის გაუარესებული, ხოლო პოზიციურად საქართველომ 29 საფეხურით დაიხია უკან. როგორც ანგარიშის ანალიტიკური ნაწილიდან, ასევე შეფასებიდანაც ჩანს, რომ ორგანიზაცია საქართველოში მედიის მდგომარეობას მკვეთრად გაუარესებულად მიიჩნევს. აღნიშნულის მიზეზად დასახელდა როგორც 5-6 ივლისის მოვლენები, ასევე მთავრობისა და სასამართლო ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯები. ამ ფონზე, პრემიერის განცხადების სულისკვეთება, რომ ჩვენი ქვეყანა ლიდერია რეგიონში და ევროპის სახელმწიფოებსაც უსწრებს, მანიპულაციური ხასიათისაა. ფაქტობრივად სწორია განცხადების ის ნაწილი, სადაც პრემიერი რეიტინგში რიგ ქვეყნებთან შედარებით საქართველოს უკეთეს შეფასებებზე საუბრობს, თუმცა მხოლოდ ამ მაჩვენებლით ხელმძღვანელობა პრემიერის მხრიდან ყურადღების მიღმა ტოვებს კონტექსტს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მდგომარეობა მედიის თავისუფლების კუთხით, ბოლო წლებში, განსაკუთრებით კი წინა წელს, მკვეთრად გაუარესდა.

რაც შეეხება, სხვა ქვეყნებთან საქართველოს შედარების საკითხს, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, საქართველო კავკასიის რეგიონში პირველია, თუმცა რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, აღნიშნული პროგრესის მაჩვენებლად ვერ ჩაითვლება. ამასთან, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველო მხოლოდ 2 სახელმწიფოს, ბულგარეთსა და საბერძნეთს უსწრებს. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საკუთარ შეფასებებთან მიმართებით 2022 წელს მნიშვნელოვანი რეგრესი აქვს, ის ფაქტი რომ სხვა ქვეყნებს სჯობს, არ შეიძლება საქართველოს წარმატების საზომი გახდეს.

ანალიზი:

2022 წლის 3 მაისს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციამ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვა გაავრცელა. მიმართვაში ვკითხულობთ: „ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად სწორედ პრესის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა დაისახა. ამ მიზნით გავატარეთ არაერთი რეფორმა. დღეს ქართული მედიასივრცე პლურალისტური და თავისუფალია, ყველა პირობაა შექმნილი ჟურნალისტიკის გაძლიერებისა და შემდგომი განვითარებისთვის. პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველო რეგიონში უდავო ლიდერია და არაერთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოსაც უსწრებს. ეს ყველაფერი ხელისუფლებისა და საზოგადოების, მთლიანად ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია. ჩვენი ხელისუფლება მოწოდებულია, ხელი შეუწყოს პრესის თავისუფლების კიდევ უფრო განვითარებას“.

„ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება პრესის თავისუფლების ინდექსთან დაკავშირებით გადაამოწმა.

„პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსი“ საერთაშორისო ორგანიზაციის, „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“, ყოველწლიურ რეიტინგს წარმოადგენს. რეიტინგი ქვეყანაში ჟურნალისტების დამოუკიდებლობასა და თავისუფლების ხარისხს და მათ მიმართ, ხელისუფლების წარმომადგენელთა დამოკიდებულებას აფასებს. ყოველწლიური ანგარიში წინა წლის მდგომარეობას ასახავს. კვლევაში წარმოდგენილი ქვეყნები მედიის თავისუფლების ხარისხის მიხედვით, 100-ქულიანი სისტემით ფასდება, სადაც 1 საუკეთესო შეფასებაა. ეს გულისხმობს, რომ, რაც უფრო მეტი ქულაა, ქვეყანაში მედიის მდგომარეობა მით უარესია და პირიქით.

2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიში შეცვლილი მეთოდოლოგიით არის მომზადებული. როგორც ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ წერს, ახალი მეთოდოლოგიით პრესის თავისუფლების ინდექსს განსაზღვრავს აქვთ, თუ - არა ჟურნალისტებს, როგორც ინდივიდებს და/ან როგორც ჯგუფის ეფექტურ შესაძლებლობა, შეარჩიონ, აწარმოონ და გაავრცელონ ახალი ამბები და ინფორმაცია საზოგადოებაში. პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი და სოციალური ჩარევისაგან დამოუკიდებლად, და არის, თუ - არა მათი ფიზიკური და გონებრივი უსაფრთხოება დაცული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პრესის თავისუფლების ინდექსის შედგენისთვის ახლა გამოიყენება ხუთი ახალი ინდიკატორი: პოლიტიკური კონტექსტი, სამართლებრივი ჩარჩო, ეკონომიკური კონტექსტი, სოციოკულტურული კონტექსტი და უსაფრთხოება. შეცვლილი მეთოდოლოგიის შესაბამისად ინდექსის წინა წლის მაჩვენებლებიც შეიცვალა.

„პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსის“ რეიტინგში საქართველო 2003 წლიდან არის შეფასებული. 2022 წელს მედიის თავისუფლების კუთხით, საქართველომ 59.3 ქულა მიიღო და მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის, 89-ე ადგილი დაიკავა. აღნიშნული შეფასება - წინ წელთან შედარებით, 12.06 ქულით არის გაუარესებული, ხოლო პოზიციურად საქართველომ 29 საფეხურით დაიხია უკან. საქართველო ამ შეფასებით ევროკავშირის 2 სახელმწიფოს, ბულგარეთსა და საბერძნეთს უსწრებს, ხოლო კავკასიის რეგიონში პირველ ადგილზეა.

ცხრილი 1: „პრესის თავისუფლების ინდექსის“ მიხედვით, საქართველოს შეფასებები 2003-2022 წლებში.

წყარო: „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს შეფასების გაუარესების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი 2021 წლის 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენებია. „ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევის შემთხვევები, ძირს უთხრის პრესის თავისუფლების გაუმჯობესების მცდელობებს. 2021 წელს ქვეყანაში ჟურნალისტების ფიზიკური შეურაცხყოფის უპრეცედენტო რაოდენობა დაფიქსირდა“. ასევე, ანგარიშში საქართველოსთან დაკავშირებით უსაფრთხოების ინდიკატორის განხილვისას, აღნიშნულია, რომ „ჟურნალისტების მიმართ სიტყვიერი თავდასხმებისა და ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევები ხშირია. აგრესორებს შორის არიან ხელისუფლების მაღალჩინოსნები, განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიის დროს. 2021 წლის ივლისში 50 ჟურნალისტზე სასტიკმა თავდასხმამ და კონტრდემონსტრანტების მხრიდან ლინჩის წესებით მოქმედებამ, საქართველოში ჟურნალისტთა უსაფრთხოების საკითხი მნიშვნელოვნად უკან დახია. ამასთან, მოვლენის გამოძიებაში გამჭვირვალობისა და პროგრესის არარსებობა მეტყველებს იმ დაუსჯელობის შესახებ, რომლითაც სარგებლობენ ჟურნალისტების მიმართ დანაშაულის ჩამდენი პირები“.

საკანონმდებლო ჩარჩოსთან დაკავშირებით ანგარიშში ვკითხულობთ: მიმდინარე რეფორმების პროცესში, რომელიც უნდა აძლიერებდეს მედიის გამჭვირვალობას, მთავრობამ ნათლად აჩვენა თავისი მიზანი, გააკონტროლოს დამოუკიდებელი რადიოსადგურები და სატელევიზიო ქსელები ელექტრონული კომუნიკაციების კანონის ცვლილების გზით. სასამართლოები თავს ესხმიან წყაროს კონფიდენციალურობის დანაწესებს, თუმცა გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი, აღნიშნულთან დაკავშირებით მკაფიო გარანტიას იძლევა.

5 ივლისის საქმე

5 ივლისს, „პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში, თბილისში „ღირსების მარში“ უნდა გამართულიყო. ჰომოფობიური, ულტრანაციონალისტური ჯგუფების მიერ დაანონსებული და ჩადენილი ძალადობრივი ქმედებებისა და ხელისუფლების პრაქტიკული უმოქმედობის გამო, ორგანიზატორებმა ღონისძიება ვეღარ ჩაატარეს.

ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს და სამოქალაქო აქტივისტებს (სცემეს 50-ზე მეტი ადამიანი), რამდენიმე მათგანს ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა, დაარბიეს „თბილისი პრაიდისა“ და „სირცხვილიას“ ოფისები.

შსს-ს ინფორმაციით, 5-6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ 31 პირა დაკავებულია. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მედიაში არსებობს ძალადობრივი მოწოდებებისა თუ ქმედებების ამსახველი ვიდეომასალა, ამ დრომდე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით, სისხლისსამართლებრივი დევნა არც ერთი პირის მიმართ არ დაწყებულა.

დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი ერთ-ერთი იყო, ვინც რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოძალადე ჯგუფებს, 5 ივლისს, ძალადობისკენ ღიად, მიკროფონში მოუწოდებდა. მიუხედავად ამისა, ფაქტთან დაკავშირებით დეკანოზი მხოლოდ გამოიკითხა.

აღსანიშნავია, რომ სპირიდონ ცქიფურიშვილის გარდა, ძალადობრივ აქციაზე სხვა სასულიერო პირებიც აქტიურობდნენ. 27 ივლისს გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფმა „აი, ფაქტმა“ გამოაქვეყნა კვლევა „მღვდლები ძალადობრივ აქციაზე”და იმ სასულიერო პირების სია, რომლებმაც 5 ივლისის მოვლენებს ხელი შეუწყვეს მრევლის წინასწარი მობილიზებით, ორგანიზატორების იდეოლოგიური მხარდაჭერით, თუ პირდაპირი გაგებით, მათ გვერდში დგომით.

ჯერ კიდევ 24 ივნისს „ალტ-ინფოს“ წარმომადგენელმა ზურა მახარაძემ რუსთაველის გამზირის „აღება“, გაკონტროლება და „ღირსების მარშის“ ჩაშლა დააანონსა. მახარაძე 5 ივლისსაც აკეთებდა ძალადობრივ მოწოდებებს და აორგანიზებდა ასეთივე მოვლენებს. მეტიც, მან და „ალტ-ინფოს“ სხვა წარმომადგენლებმა 5 ივლისის შემდეგაც განაგრძეს მოწოდებები ჟურნალისტთა მიმართ ძალადობისკენ რომ მომავალშიც მოხდებოდა მათზე ანგარიშსწორება. მიუხედავად ამისა, გამოძიება მხოლოდ გამოკითხვითა და მის სახლში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებით შემოიფარგლა. 16 ივლისს გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ „ალტ-ინფოს“ სხვა წარმომადგენლებიც და ძალადობრივი აქციის ლიდერები: რამაზ გაგნიძე, გურამ ფალავანდიშვილი და კონსტანტინე მორგოშია, თუმცა პოლიციამ ისინიც მალევე გაათავისუფლა.

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველმა ზურა მახარაძისა და სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა. სახალხო დამცველმა შეისწავლა მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ვიდეომასალები და მიიჩნევს, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებები აღწევს დასაბუთებული ვარაუდის, ანუ ბრალის წარდგენის სტანდარტს, რათა 2 პირის მიმართ დაწყებულ იქნას სისხლისსამართლებრივი დევნა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ასევე, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტებზე. გარდა ამისა, ომბუდსმენი თვლის, რომ ძალადობას ორზე მეტი ორგანიზატორი ჰყავდა, რაც თუნდაც ღია წყაროებში მისაწვდომი მასალებით ჩანს, მაგრამ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად გამოძიებას სხვა მტკიცებულებების მოპოვებაც სჭირდება.

5-6 ივლისს თბილისში განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით კოალიციამ „მედიის ადვოკატირებისთვის“ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღწერილია ძალადობრივი მოვლენები და შედეგები: ჟურნალისტებისა და ოპერატორების დაზიანების ფაქტები და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის შემთხვევები, სახელმწიფოს წარმომადგენელთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობა და მიზანშეწონილობა. ასევე, განხილულია 5 – 6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით დამნაშავე პირების გამოვლენის, დაკავებისა და სასამართლოებში საქმის წარმოების პრაქტიკა.

კოალიციის შეფასებით, სამოქალაქო სექტორის წინასწარი მოწოდებების მიუხედავად, სახელმწიფომ არ დაიცვა მოქალაქეთა უსაფრთხოება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კი პირადი განცხადებით წაახალისა მოძალადე ჯგუფების აგრესია. დოკუმენტის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელთა ნაწილის იდენტიფიცირება თავად ჟურნალისტებმა შეძლეს, ასევე, არსებობს ორგანიზატორთა ძალადობრივი მოწოდებებისა თუ ქმედებების ამსახველი ვიდეომასალა და მათ თავადაც არაერთხელ დაადასტურეს 5 და 6 ივლისის ძალადობრივ მოვლენებში მონაწილეობა, ამ დრომდე სამართალდამცავებს მასშტაბური ძალადობის ორგანიზებისათვის არავინ დაუკავებიათ.

დასკვნა

ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი განცხადება არის მანიპულირება. როგორც ანგარიშის ანალიტიკური ნაწილიდან, ასევე შეფასებიდანაც ჩანს, რომ ორგანიზაცია საქართველოში მედიის მდგომარეობას მკვეთრად გაუარესებულად მიიჩნევს. აღნიშნულის მიზეზად დასახელდა როგორც 5-6 ივლისის მოვლენები, ასევე მთავრობისა და სასამართლო ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯები. აღნიშნულის ფონზე, პრემიერის განცხადების სულისკვეთება, რომ ჩვენი ქვეყანა ლიდერია რეგიონში და ევროპის სახელმწიფოებსაც უსწრებს, მანიპულაციური ხასიათისაა. ფაქტობრივად სწორია განცხადების ის ნაწილი, სადაც პრემიერი რეიტინგში რიგ ქვეყნებთან შედარებით საქართველოს უკეთეს შეფასებებზე საუბრობს, თუმცა მხოლოდ ამ მაჩვენებლით ხელმძღვანელობა პრემიერის მხრიდან მალავს კონტექსტს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მდგომარეობა მედიის თავისუფლების კუთხით, ბოლო წლებში, განსაკუთრებით კი წინა წელს, მკვეთრად გაუარესდა.

რაც შეეხება, სხვა ქვეყნებთან საქართველოს შედარების საკითხს, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, საქართველო კავკასიის რეგიონში პირველია, თუმცა რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, აღნიშნული პროგრესის მაჩვენებელი ვერ იქნება. ამასთან, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველო მხოლოდ 2 სახელმწიფოს, ბულგარეთსა და საბერძნეთს უსწრებს. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საკუთარ შეფასებებთან მიმართებით 2022 წელს მნიშვნელოვანი რეგრესი აქვს, ის ფაქტი რომ სხვა ქვეყნებს ჯობია, არ შეიძლება საქართველოს წარმატების საზომი გახდეს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4267 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
26%
სიმართლე
19%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
ტყუილი
6%

ყველაზე კითხვადი