16 აპრილს Facebook-გვერდმა „მოძრაობა ძლევაი საკვირველი“ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერს, რომ „2 კვირის წინ გაიმართა რუსეთ-ჩინეთ-ინდოეთის პირველი პირების შეხვედრა, სადაც ნატო აღიარეს დესტრუქციულ ძალად!“. პოსტში შემდგომ იოანეს გამოცხადებაზე დაყრდნობით შეთქმულების თეორიაა განვითარებული. პოსტში როგორც NATO, ასევე რუსეთი ეშმაკთანაა დაკავშირებული და ბოროტებადაა წარმოდგენილი. აქედან გამომდინარე, არის მოწოდება, რომ საქართველომ არც ერთის მხარე უნდა დაიკავოს - არც NATO-სი და არც „პუტინური კოალიციის“. პოსტს თან შემდეგი სურათი ერთვის:

რეალურად, მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში (პოსტის გამოქვეყნების თარიღიდან - 16 აპრილიდან - 2 კვირით ადრე) რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის, ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ნარენდრა მოდისა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინ პინს შორის შეხვედრა საერთოდ არ გამართულა. პოსტი კი ქმნის არასწორ შთაბეჭდილებას, თითქოს აღნიშნული სამი ქვეყნის პირველი პირი შეიკრიბა და NATO ერთობლივად დაგმეს და ფაქტობრივად, NATO-ს წინააღმდეგ ერთიანი ფრონტი შექმნეს.

პოსტზე დართული სურათი არა 2 კვირის წინ, არამედ 2019 წლის ივნისშია გადაღებული. კერძოდ, იაპონიაში, ოსაკაში, G20-ის სამიტის მიმდინარეობისას ვლადიმერ პუტინმა, სი ძინპინმა და ნარენდრა მოდიმ შეხვედრა გამართეს, სადაც ინდური მხარის განცხადების თანახმად, განიხილეს გლობალური გამოწვევები, როგორიცაა „ტერორიზმი/კონტრტერორიზმი, საერთაშორისო გამოწვევები, რეფორმები, მულტილატერალიზმი, კლიმატის ცვლილება და რუსეთ-ინდოეთ-ჩინეთის თანამშრომლობის გაზრდა“. სი ძინპინი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და ეკონომიკური საკითხები ახსენა, ხოლო პუტინმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მათი თანამშრომლობა შეიძლება გახდეს მაგალითი მრავალპოლარული სამართლიანი სამყაროსი, რომელიც უარყოფს პროტექციონიზმს, ცალმხრივი ქმედებებისა და უკანონო სანქციების პოლიტიკას. შეხვედრის შესახებ საჯაროდ გაჟღერებულ ინფორმაციაში NATO ნახსენებიც არ ყოფილა.

მას შემდეგ რუსეთის, ინდოეთისა და ჩინეთის პირველ პირებს ერთობლივი სამმხრივი შეხვედრა არ გაუმართავთ (პუტინმა ორმხრივი შეხვედრა გამართა სი ძინპინთან 2022 წლის თებერვალში ჩინეთში ზამთრის ოლიმპიადის მიმდინარეობისას).

2021 წლის დეკემბერში პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ პუტინს, სი ძინპინსა და მოდის შორის სამმხრივი შეხვედრის გამართვა განიხილებოდა, თუმცა ის არ განხორციელებულა. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პუტინი რუსეთის გარეთ საჯარო ვიზიტით არ ყოფილა, ხოლო უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთში არ ჩასულან არც ჩინეთის და არც ინდოეთის ლიდერები. ომის დაწყების შემდეგ, 30-31 მარტს ჩინეთსა და ინდოეთს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ეწვია, თუმცა ეს შეხვედრები ორმხრივი იყო და მასში პუტინი საერთოდ არ მონაწილეობდა, როგორც ეს „მოძრაობა ძლევაი საკვირველის“ პოსტშია ნათქვამი.

--------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი