იტვირთება

18 აპრილს მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დააანონსა, რომ სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის პროგრამას იწყებს. ახალი პროგრამის ბიუჯეტი 35 მლნ ლარს შეადგენს. პროგრამის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე სუბსიდიის მოცულობა 1 ჰა-ზე 300 ლარით განისაზღვრა. პროგრამის ფარგლებში სუბსიდიას მიიღებენ 0,25 ჰა-დან - 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწის მესაკუთრეები/თანამესაკუთრეები. ბენეფიციარს შესაძლებლობა ექნება ბარათზე დარიცხული ქულები სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო საქონლის შესასყიდად გამოიყენოს. პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარზე სუბსიდიის გაცემა სპეციალურ აგრობარათებზე შესაბამისი ქულების დარიცხვით მოხდება. ბენეფიციართა აგრობარათებით უზრუნველყოფას სს „ლიბერთი ბანკი“ მოახდენს, პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ბენეფიციარი ფერმერთა რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს.

როგორც პრემიერმა განმარტა, აღნიშნული პროგრამის მიზანი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროული განხორციელების ხელშეწყობაა.

თითქმის იდენტური შინაარსის პროგრამა მთავრობის 2020 წლის ანტიკრიზისული გეგმის ნაწილიც იყო. მაშინ სუბსიდიისთვის 300 ლარის ნაცვლად 200 ლარი იყო გათვალისწინებული და ბენეფიციართა უფრო ფართო სპექტრს - 0.25 ჰექტრიდან -10 ჰექტრამდე რეგისტრირებული მიწის მესაკუთრეებს, მოიცავდა. თანაც სასოფლო-სამეურნეო საქონლით უზრუნველყოფის გარდა, ხვნის მომსახურებაც შედიოდა. პროგრამის ბიუჯეტი ოდნავ მეტი - 37 მილიონი ლარი, იყო.

მიმდინარე წელს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 10-წლიან პერიოდში „მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამა“ მესამედ იწყება. ბოლო ორ შემთხვევაში დასახელებულ პროგრამას ერთგვარად კრიზისიდან გამოსვლის დანიშნულება აქვს, თუმცა წინა წლების პრაქტიკა იმის დასტურია, რომ პროგრამას ეკონომიკური სარგებელი არ მოუტანია და წმინდა სოციალური დახმარების ხასიათის მატარებელი იყო.

პირველად „მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამა“ „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე - 2013 წელს, დაიწყო. პროექტის ფარგლებში, მცირემიწიან ფერმერებს „ხვნის ბარათი ან/და „აგრობარათი“ გადაეცათ, რომელთა გამოყენება მიწის ფართობის დამუშავებისთვის ან/და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის შესაძენად იყო შესაძლებელი. პროგრამის ფარგლებში (2013-2017 წლებში) სულ 827 332 ჰა მიწის ფართობი დაიხნა. საანგარიშო პერიოდში, პროგრამის ბიუჯეტი საკმაოდ სოლიდური - 339 მლნ ლარი იყო. მათ შორის, 2013 წელს 192 მლნ ლარის ხარჯი სრულად „ფონდმა ქართუმ“ დაფარა, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფული არ დახარჯულა. 2014 წლიდან კი მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის ღონისძიებების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან განხორციელდა: კერძოდ, 2014 წელს 50 მლნ ლარი, 2015-ში - 46 მლნ, ხოლო 2016-ში 51 მლნ ლარი დაიხარჯა. 2017 წლიდან აღნიშნული პროგრამა გაუქმდა. სოლიდური დაფინანსების მიუხედავად, ნათესი ფართობის მოცულობა 2013 წლიდან კლების ტენდენციით ხასიათდება. 2013 წელს ნათესი ფართობის რაოდენობა 311 ათას ჰექტრამდე გაიზარდა (2012 წელს 260 ათასი ჰექტარი იყო), რაც დასახელებული პროგრამის პირველადი ეფექტი იყო, შემდგომ წლებში ნათესი ფართობის რაოდენობა, როგორც აღვნიშნეთ, კლების ტენდენციით ხასიათდებოდა და პროგრამის გაუქმების წელს 220.3 ათასი ჰექტარი შეადგინა.

ცხრილი 1: ნათესი ფართობის რაოდენობა (ათასი ჰექტარი)

წყარო: საქსტატი

ამჟამად პროგრამის ბიუჯეტი 35 მლნ ლარია. წინა წლებში გაცილებით სოლიდური ბიუჯეტის პირობებში აღნიშნულ პროგრამას რეალური შედეგები არ მოჰყოლია - სოფლის მეურნეობის წილი მთლიან მშპ-ში არ გაზრდილა, პირიქით, 2014 წლიდან კლების ტენდენცია გამოიკვეთა და მაჩვენებელი 2013 წელთან შედარებით (9.4), 1.2 პროცენტული პუნქტით - 8.2 %-მდე შემცირდა. ისიც აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში მთლიან დასაქმებაში თვითდასაქმებულთა (თვითდასაქმებულები ძირითადად სოფლის მეურნეობაში/ოჯახურ მეურნეობებში არიან დასაქმებულნი) წილი 51.7% იყო, თვითდასაქმებულების მიერ წარმოებული პროდუქციის წვლილი კი მთლიან ეკონომიკაში საკმაოდ დაბალი, რაც ამ პირების საქმიანობის დაბალპროდუქტიულობაზე მიუთითებს. აღნიშნულის დასტური კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის დაბალი წილი იყო.

პროგრამის წარუმატებლობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ საქართველოში მოსახლეობა ძირითადად მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთებს ფლობს, რაც მხოლოდ შიდა მეურნეობის წარმოების საშუალებას იძლევა. სწორედ ამით არის განპირობებული, რომ სოფლის მეურნეობის სექტორს ეკონომიკური საქმიანობის ფუნქცია დაკარგული აქვს და მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის მხოლოდ თავის რჩენის საშუალებად იქცა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის“ პროგრამას სოციალური ხასიათი უფრო ჰქონდა და სოფლის მოსახლეობის დახმარებაზე იყო გათვლილი, ვიდრე წმინდა ეკონომიკურ მომგებიანობაზე.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამის მიმდინარეობისას მეწარმეთა მხრიდან სასოფლო-სამეურნეო ინვენტარზე ფასების ხელოვნური ზრდის არაერთი შემთხვევა გამოვლინდა და რამდენიმე ათეულ მაღაზიას შესაბამისი საჯარიმო სანქციაც დაეკისრა (იხილეთ: სტატია).

ხელისუფლების მხრიდან „მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამის“ არაეფექტიანობის აღიარების დასტურად შეიძლება ის ფაქტი ჩაითვალოს, რომ 2017 წელს მთავრობამ პროგრამა შეწყვიტა.

როგორც აღვნიშნეთ, 2020 წელს და ახლაც მთავრობამ თითქმის იგივე შინაარსის პროგრამა აღადგინა. მიმდინარე წელს პროგრამის დაწყების მიზანი მსოფლიო გამოწვევების პასუხად (პანდემია, რუსეთ-უკრაინის ომი), ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნება და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროული დაწყების ხელშეწყობაა. აქედან გამომდინარე, პროგრამას უფრო სოციალური ხასიათი აქვს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ბიუჯეტის სოციალური ტვირთი ისედაც საკმაოდ მაღალია. შესაბამისად, ახალი სოციალური პროგრამების დამატება კრიზისიდან გამოსასვლელად ალბათ გამართლებულია, თუმცა სასურველია, თუ სოციალურ სარგებელზე ორიენტირებული პროგრამები განგრძობად ხასიათს არ შეიძენს და ბიუჯეტიდან თანხები უფრო ეკონომიკური ეფექტის მომცემი მიმართულებებით დაიხარჯება (თუნდაც მცირემიწიან ფერმერთა გადამზადების და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამები).

ფოტო: rda.gov.ge


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4017 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
24%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი