ა(ა)იპ „იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია“ ამ სახელწოდებით 2019 წლიდან ფუნქციონირებს. ის „ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის“ რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა. ორგანიზაცია ქუთაისისა და იმერეთის სხვა თერთმეტი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მიერ იმართება და ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებიდან ფინანსდება.

„ფაქტ-მეტრი“ აღნიშნული ორგანიზაციით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც სახელმწიფო სამსახურის აუდიტის ანგარიშს გაეცნო. აუდიტორების დასკვნით, მათ მიერ შესწავლილი DMO-ები (დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები), რომელთა შორის იმერეთში მოქმედი ორგანიზაციაც შედის, ფუნქციას სათანადოდ ვერ ასრულებენ. რეგიონებში შექმნილი ერთობლივი ა(ა)იპ-ების ერთ-ერთ მიზანს მუნიციპალიტეტებში ტურიზმის ხელშეწყობა წარმოადგენს. თუმცა ანგარიშში ვკითხულობთ, რომ აუდიტორებისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, DMO-ების მიერ მომზადებული ყოველწლიური გეგმები, ძირითადად, მხოლოდ ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ ინფორმაციას მოიცავს. ასევე ზედაპირულადაა განხილული დაგეგმილი და განსახორციელებელი საქმიანობები, არ არის იდენტიფიცირებული კონკრეტული ღონისძიებების ჩატარების საჭიროება (სტრატეგიული დოკუმენტით განსაზღვრული რომელი მიზნის მიღწევას ემსახურება), არ არის განსაზღვრული მისაღები შუალედური და საბოლოო შედეგები, საჭირო რესურსები და ა. შ. აქვე აღვნიშნავთ, რომ, ანგარიშის თანახმად, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციას ვებგვერდზე მეტი სახის ინფორმაცია აქვს გამოქვეყნებული, ვიდრე სხვა რეგიონებში მოქმედ ანალოგიურ ორგანიზაციებს. ამასთანავე, ონლაინკონსულტაციის მიღება მხოლოდ იმერეთში მოქმედი ორგანიზაციის ვებგვერდზეა შესაძლებელი.

„ფაქტ-მეტრმა“ იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის მიერ გაწეული სარესტორნო ხარჯები შეისწავლა. რამდენად იყო საჭირო, მაგალითად, ესპანეთიდან იმერეთში სტუმრად მყოფი ბაგრატიონ-მუხრანელისა და მისი თანმხლები პირების რესტორანში გამასპინძლება, რა შედეგი მოჰყვა ამ ხარჯს და გახდა, თუ - არა იმერეთი ესპანეთის მოქალაქეებისთვის უფრო მიმზიდველი, ეს, თვლადი ინდიკატორების გამოყენებით, თავად ორგანიზაციამ უნდა შეაფასოს. ჩვენ დავთვალეთ, რამდენი დახარჯა თვითმმართველობის ბიუჯეტიდან ორგანიზაციამ რესტორნებში 2019 წლის სექტემბრიდან 2022 წლის 25 აპრილის ჩათვლით პერიოდში.

ცხრილი 1. ა(ა)იპ „იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“ მიერ გაწეული სარესტორნო ხარჯები (ლარი), 2019 წლის სექტემბრიდან დღემდე (2022 წლის 25 აპრილის ჩათვლით)

წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

საანგარიშო პერიოდში, მხოლოდ სარესტორნო მომსახურებისთვის, ორგანიზაციამ, გამარტივებული შესყიდვის საფუძველზე, 69 023 ლარის ჯამური ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმა. აქედან საკუთარი შემოსავლებიდან ხარჯი მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაფარა - 1 640 ლარი, დანარჩენი თანხა ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდანაა გადახდილი.

სარესტორნო ხარჯების პარალელურად, ორგანიზაციამ, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 15 260 ლარი - სასტუმრო მომსახურებისთვის, ხოლო 42 590 ლარი სასაჩუქრე ნაკრებებისთვის გახარჯა.

ცხრილი 1-დან ჩანს, რომ იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან, თანხა არაერთხელ გადაუხადა „პრაიმშოუს“ ჯგუფს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გადაცემა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით კვირაში ერთხელ გადის.

ფოტო: Georgian Travel Guide