Facebook-ში ვრცელდება სურათი (იხილეთ ქვემოთ), სადაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, თითქოს ჟურნალ Time-ის გარეკანზეა დაბეჭდილი და თან ახლავს წარწერა, რომ ზელენსკიმ საკუთარ სახელში V და Z სიმბოლოების გამოყენებაზე უარი თქვა და ამიტომ მისი სახელი Z და V ასოების გარეშე არის დაბეჭდილი (სურათი გავრცელდა, როგორც რუსულ Facebook-სივრცეში, ისე ქართულში. მაგალითად, იხილეთ ბმული 1, ბმული 2 და ა.შ.).
ზელენსკის მის სახელში V-სა და Z-ს გამოყენებაზე უარი არ განუცხადებია და აღნიშნულის დამადასტურებელი ინფორმაცია არ არსებობს. უკრაინაში შეჭრილი რუსულ არმიაში სხვა სიმბოლოებთან ერთად, ყველაზე აქტიურად სწორედ Z და V გამოიყენება. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, Z აღნიშნავს „გამარჯვებისთვის“ (“ზა პაბედუ“), ხოლო V აღნიშნავს „სიმართლის ძალას“. თუმცა ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსულ ტექნიკას სიმბოლოები სამხედრო ოლქების მიხედვით აქვს დატანილი).
მეტიც, 2022 წლის Time Magazine-ის გარეკანებზე პრეზიდენტი ზელენსკი საერთოდ არ ყოფილა დატანილი:
გავრცელებული სურათი დარედაქტირებულია და Time Magazine-ს საერთოდ არ ეკუთვნის. ზედა მარჯვენა კუთხეში მას აწერია „April 25 / May 2, 2022“. დასახელებული თარიღის Time Magazine-ის ამერიკული გამოცემის გარეკანზე კი რეალურად ბეისბოლის მოთამაშე შოჰეი ოჰტანი (Shohei Ohtani) არის გამოსახული და ის შემდეგნაირად გამოიყურება:
იმავე თარიღის Time Magazine-ის საერთაშორისო გამოცემის (მოიცავს ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის, აზიისა და სამხრეთ წყნარი ოკეანის რეგიონების გამოცემებს) გარეკანზე კი დედამიწასთან, კლიმატის ცვლილებასა და ეკოლოგიასთან დაკავშირებული სურათია:
შესაბამისად, ზელენსკის შესახებ გავრცელებული Time Magazine-ის გარეკანის სურათი ყალბია და ის რედაქტირების შედეგად არის მიღებული.
--------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.