ლაშა ხუციშვილი: [ტურიზმის აღდგენა]იანვარში იყო დაახლოებით 69%, თებერვალში 60%-ზე ოდნავ მეტი. ვადარებთ 2019 წლის მონაცემს

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლაშა ხუციშვილის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: „ტურიზმის ტემპის“ აღდგენის დინამიკის ანალიზისთვის, სხვადასხვა ინდიკატორის განხილვაა შესაძლებელი, მათ შორის - ტურისტების რაოდენობის და ტურიზმიდან შემოსავლების. მოცემულ შემთხვევაში, ფინანსთა მინისტრის მიერ დასახელებული მონაცემები საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების სტატისტიკას შეესაბამება, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. 2022 წლის თებერვალში, შემოსავალმა საერთაშორისო მოგზაურობიდან 105 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის თებერვალთან შედარებით 37.8%-ით შემცირებას წარმოადგენს, შესაბამისად აღდგენის მაჩვენებელი 62.1%-ია. 2022 წლის იანვარში, შემოსავალმა საერთაშორისო მოგზაურობიდან 114 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 30.6%-ით შემცირდა, აღდგენა კი 69.3%-ია. ფინანსთა მინისტრის მიერ დასახელებული რიცხვები, სინამდვილეს შეესაბამება. აქვე, უნდა დავამატოთ რომ 2022 წლის იანვარში, 2020 წლის იანვართან შედარებით, აღდგენის მაჩვენებელი უფრო ნაკლებია და 58.9%-ს შეადგენს, რადგან 2020 წლის იანვარში, 2019 წლის იანვართან შედარებით, შემოსავლები გაიზარდა.

შესაბამისი განმარტების გარეშე, სტატისტიკის გადაუმოწმებლად, რთული იყო დასკვნის გამოტანა, ფინანსთა მინისტრი „ტურიზმის ტემპის აღდგენაში“ კონკრეტულად რას გულისხმობდა, თუმცა მის მიერ დასახელებული სტატისტიკა სიმართლეს შეესაბამება.

ანალიზი:

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, საქართველოს მთავრობის ბრიფინგზე, სხვადასხვა ეკონომიკური პარამეტრების მიმოხილვისას განაცხადა: (20:30) „ტურიზმის ტემპის აღდგენა არის საკმაოდ მაღალი. იანვარში იყო დაახლოებით 69%, თებერვალში 60%-ზე ოდნავ მეტი. ვადარებთ 2019 წლის მონაცემს აღდგენის ტემპს“.

ტურიზმი საქართველოსთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. პანდემიამდე პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა და შესაბამისად, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები ყოველწლიურად იზრდებოდა. ტურისტული სფეროს აღდგენა კრიზისის გადალახვის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. „ტურიზმის ტემპის“ აღდგენის დინამიკის ანალიზისთვის, სხვადასხვა ინდიკატორის განხილვაა შესაძლებელი, მათ შორის - ტურისტების რაოდენობის და ტურიზმიდან შემოსავლების. მოცემულ შემთხვევაში, ფინანსთა მინისტრის მიერ დასახელებული მონაცემები საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების სტატისტიკას შეესაბამება, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს (საგარეო სექტორის სტატისტიკა).

2022 წლის თებერვალში, შემოსავალმა საერთაშორისო მოგზაურობიდან 105 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის თებერვალთან შედარებით 37.8%-ით შემცირებას წარმოადგენს, შესაბამისად, აღდგენის მაჩვენებელი 62.1%-ია. 2022 წლის იანვარში, შემოსავალმა საერთაშორისო მოგზაურობიდან 114 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 30.6%-ით შემცირდა, აღდგენა კი 69.3%-ია. ფინანსთა მინისტრის მიერ დასახელებული რიცხვები სინამდვილეს შეესაბამება.

პანდემიური ვითარება, ბუნებრივია არაორდინალურია და ეკონომიკური პარამეტრების დიდი ნაწილი, „ნორმალურთან“ შედარებით, შემცირებულია. შესაბამისად, აღდგენის თვალსაზრისით, მათი შედარება უნდა მოხდეს პრეპანდემიურ პერიოდებთან. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის იანვარში და თებერვალში, მკაცრი შეზღუდვები ჯერ კიდევ არ იყო დაწესებული და შესაბამისად, ეს ორი თვე, შედარების თვალსაზრისით მეტ-ნაკლებად რელევანტურია. 2020 წლის იანვარში, 2019 წლის იანვართან შედარებით, შემოსავლები საერთაშორისო მოგზაურობიდან 29 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 193.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შესაბამისად, 2022 წლის იანვარში, 2020 წლის იანვართან შედარებით, აღდგენის მაჩვენებელი უფრო ნაკლებია და 58.9%-ს შეადგენს.

ცხრილი 1: საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი, მილიონი აშშ დოლარი

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

აღდგენის თვალსაზრისით, საინტერესოა უშუალოდ ტურისტების რაოდენობაც. საერთაშორისო მოგზაურობის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქვეყნებს. ამჟამად, იანვრის, თებერვლის და მარტის თვეებში, საერთაშორისო მოგზაურების სტატისტიკაა თვეების მიხედვით გამოქვეყნებული. არსებული მეთოდოლოგიით, საერთაშორისო მოგზაური არის ნებისმიერი ასაკის არარეზიდენტი პირი, რომელიც სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალს შორის, ნებისმიერი ხანგრძლივობითა და მიზნით, გადაადგილდება. ტერმინი როგორც ტურისტებს, ასევე მიგრანტებს (რომლებიც ქვეყანაში 6 თვეზე მეტ ხანს რჩებიან სასწავლო, სამუშაო, ოჯახის გაერთიანების და ა.შ. მიზნით) და იმ პირებს აერთიანებს, რომლებმაც საქართველო სატრანზიტო ქვეყნად გამოიყენეს. საერთაშორისო ვიზიტორები არიან 15 წლის ან უფროსი ასაკის საქართველოს არარეზიდენტი მოგზაურები, რომლებმაც ვიზიტი საკუთარი ჩვეული გარემოდან საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელეს, ხოლო ტურისტი არის ვიზიტორი, რომელმაც ღამე საქართველოს ტერიტორიაზე გაათია.

2022 წლის იანვარში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რიცხვმა 177 ათასი შეადგინა, რაც 2019 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით (437 ათასი), 59.5% კლებას წარმოადგენს. 2020 წლის იანვარში, 2019 წლის იანვართან შედარებით, საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობა 86.4 ათასით გაიზარდა და 523 ათასი შეადგინა. 2020 წლის იანვართან შედარებით, 2021 წლის იანვარში, საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი 68.5%-ით შემცირდა. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2022 წლის იანვარში 163.6 ათასი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებელს 46.5%-ით აღემატებოდა. შესაბამისად, 2022 წლის იანვარში, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობა მხოლოდ 40%-ით აღდგა, ხოლო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 53%-ით.

2022 წლის თებერვალში, საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების რიცხვმა 151.8 ათასი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით 61% კლებას წარმოადგენს. 2019 წელთან შედარებით ტურისტების რაოდენობა 110 ათასით, ანუ 44.6%-ით შემცირდა და 137 ათასი შეადგინა. შესაბამისად, 2022 წლის თებერვალში, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების რიცხვი 39%-ით აღდგა, ხოლო ტურისტული ვიზიტების რიცხვი 55.4%-ით.

ცხრილი 2: საერთაშორისო მოგზაურობის სტატისტიკა 2019-2020 წლების იანვარში და თებერვალში

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5668 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია