2022 წლის სექტემბერში თბილისი, ევროპის სამ ქალაქთან (კიოლნი, პრაღა, მილანი) ერთად, კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. დედაქალაქში ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფის მატჩები 2-19 სექტემბრის პერიოდში ჩატარდება. ევრობასკეტი 2021 წლის ზაფხულში უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, ერთი წლით გადავადდა.
კალათბურთის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება საქართველომ 2019 წელს, სხვა სამ ქვეყანასთან ერთად, მოიპოვა. რადგან ამ რანგის შეჯიბრების მასპინძლობისთვის შესაბამისი დარბაზი საქართველოში არ არსებობდა, მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში, დიღმის ტერიტორიაზე ახალი სპორტის სასახლე უნდა აშენებულიყო, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებდა. თავდაპირველი გეგმით, სპორტის სასახლე 15 ათასს მაყურებელზე უნდა ყოფილიყო გათვლილი და ბიუჯეტს დაახლოებით 200 მლნ ლარი დაუჯდებოდა. მოგვიანებით, პროექტის სიძვირის გამო, მისი ბიუჯეტი 70 მლნ-მდე შეიკვეცა და დარბაზის ლოკაციაც შეიცვალა. საბოლოოდ, სპორტდარბაზის მშენებლობა უნივერსიტეტის ქუჩაზე, ახალი ოლიმპიური სასახლის ტერიტორიაზე გადაწყდა. დარბაზი 10 500 მაყურებელს დაიტევდა და ის 2015 წელს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის აშენებულ კომპლექსს გვირაბის და ხიდის მეშვეობით დაუკავშირდებოდა.
სპორტდარბაზის ასაშენებლად შპს „სპორტმშენ სერვისსა“ და „საბა კონსტრაქშენს“ შორის ხელშეკრულება 2020 წლის 29 თებერვალს გაფორმდა. ხელშეკრულების ღირებულება 70 800 000 ლარი იყო. დარბაზის მშენებლობა 2021 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულებულიყო. შემდგომში, თავდაპირველი გეგმა შეიცვალა და დარბაზის გახსნა ივნისამდე გადავადდა. მოგვიანებით, ფიბას გადაწყვეტილებით, კორონავირუსისი პანდემიის გამო, 2021 წლის ევროპის ჩემპიონატი ერთი წლით გადაიდო. რომ არა ეს გადაწყვეტილება, საქართველო ევრო 2021 მასპინძლობას, დიდი ალბათობით, ვერ შეძლებდა.
აღნიშნულის შემდეგ, დარბაზის დასრულების ვადა კიდევ ერთხელ შეიცვალა და 2021 წლის ბოლო განისაზღვრა. დეკემბერში თბილისს FIBA-ს ევროპის ბორდის დელეგაცია - პრეზიდენტი ტურგაი დემირელი, აღმასრულებელი დირექტორი კამილ ნოვაკი და ბორდის სხვა წევრები, სტუმრობდა. FIBA-ს წარმომადგენლებს ევროპის ჩემპიონატისთვის თბილისის მზადების პროცესი უნდა შეეფასებინათ. ამ მიზნით, სპორტდარბაზის მშენებლობას ესტუმრნენ და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. მაშინ სტუმრები სპორტდარბაზის მშენებლობის ტემპით უკიდურესად იმედგაცრუებულნი დარჩნენ. როგორც აღმასრულებელი დირექტორი კამილ ნოვაკი აცხადებდა: „გულწრფელად რომ გითხრათ, გარკვეულწილად შეშფოთებული ვართ მას შემდეგ, რაც მშენებლობის პროგრესი ვნახეთ. აქ ბოლოს 2021 წლის მარტ-აპრილში ვიყავი. მშენებლობის ექსპერტი არ ვარ, მაგრამ დღეის მდგომარეობით, მართლაც დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ დარბაზი დროულად დამთავრდეს. ამ დროისთვის გადახურვა უკვე დასრულებული უნდა იყოს. თავდაპირველი გეგმა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ფანჯარა ამ დარბაზში ჩატარდეს, ნამდვილადა არარეალურია, ამიტომ ახალი მიზანი უნდა იყოს, ივნისი-ივლისის ფანჯრისთვის მაინც ყველაფერი მზად იყოს. მაგრამ, კიდევ ვიტყვი, იქიდან გამომდინარე, რაც ახლა ვნახეთ, მართლაც ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ მშენებლობა ბოლომდე მივიდეს“.
ამ ფაქტის შემდეგ სპორტდარბაზის დასრულების თარიღი კიდევ ერთხელ შეიცვალა და საბოლოოდ, დარბაზი აპრილის ბოლოს უნდა დასრულდეს. ასევე დარბაზის ასაშენებლად განსაზღვრული თავდაპირველი თანხა 20 მლნ-ით გაიზარდა და ჯამში, დარბაზის მშენებლობა 71 მლნ-ს ნაცვლად 91 მლნ დაჯდება. ამ დროისთვის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური გვერდის მიხედვით, თანხის 89% სამშენებლო კომპანიისთვის უკვე გადახდილია (80.6 მლნ).
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სამშენებლო სამუშაოების დასრულებამდე ერთი თვით ადრე, საკალათბურთო დარბაზს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც შენობის ნაწილი დაზიანდა. რამ გამოიწვია ხანძრის გაჩენა მშენებლობის დასრულებამდე მაინცდამაინც ერთი თვით ადრე, ცნობილი არ არის. „საბა ქონსთრაქშენის“ დირექტორი ლევან თარგამაძე BM.GE-თვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ აღნიშნული, მშენებლობის დასრულების ვადებზე გავლენას არ მოახდენს. „რაც შეეხება ვადებს, ვადები უკვე განსაზღვრულია და პროექტი წინასწარ განსაზღვრულ ვადებში (15 მაისამდე) დასრულდება. მშენებლობა დაზღვეულია, უნდა დადგინდეს მიზეზი, რის შემდეგაც დადგინდება, ვინ აანაზღაურებს ზარალს", - აცხადებს კომპანია „საბა კონსტრაქშენის” დირექტორი ლევან თარგამაძე.
შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ საკალათბურთო დარბაზი, რომლის მშენებლობა ორი წლის წინ დაიწყო და ხელშეკრულებით განსაზღვრული თავდაპირველი ვადით, ერთი წლის წინ უნდა დასრულებულიყო, ჯერ კიდევ დაუსრულებელია. რომ არა კორონავირუსის გამო, კალათბურთის ევროპის ჩემპიონატის ერთი წლით გადავადება, საქართველო ახალი დარბაზის აშენებას ვერ მოასწრებდა და დიდი ალბათობით, ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებას დაკარგავდა. ჩვენ არ შევდივართ განხილვაში მშენებლობის გაჭიანურება რა მიზეზებით იყო განპირობებული (ოფიციალური ინფორმაციით, დარბაზის მშენებლობა კორონავირუსის გამო გაჭიანურდა). იმედს ვიტოვებთ, რომ ამჯერად მაინც დარბაზი დათქმულ ვადაში დასრულდება და საქართველო შემოდგომაზე ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობას შეძლებს.
„ფაქტ-მეტრი“ კალათბურთის დარბაზის მშენებლობის პროცესს თვალს მიადევნებს და მკითხველს განახლებულ ინფორმაციას მიაწვდის.