იტვირთება

31 მარტს „ალტ-ინფოს“ ეთერში გადაცემაში „დღის კომენტარისოსო მანჯავიძემ შემდეგი განცხადება გააკეთა, რომელიც „თვალსაზრისზეც“ გამოქვეყნდა: „განსაკუთრებით შემაშფოთებელია ინფორმაცია, ინგლისის თავდაცვის მინისტრია ჩამოსული, რომელიც მოითხოვს საქართველოსგან, ჩაერთოს საბრძოლო მოქმედებებში. ეს გავრცელდა რუსულ წყაროებშიც, დასავლურ წყაროებშიც, ჩვენთან ეს ყურადღების მიღმა დარჩა. როგორც გადმოცემს წყარო, შეხვდა თავდაცვის მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს, სადაც ეს მოთხოვნა იყო პრინციპული. სიტუაცია არის ძალიან კომიკური და ამავე დროს ცინიკურიც, ჩვენგან მოითხოვენ საბრძოლო მოქმედებებში ჩართვას ის ქვეყნები, რომლებიც თვითონ არ ერთვებიან საბრძოლო მოქმედებებში იმიტომ, რომ არ გაამწვავონ და არ გამოიწვიონ ატომური პასუხი. თურმე, ჩვენ არ უნდა ვიყოთ შეშფოთებული შესაძლო ტაქტიკური ატომური იარაღის გამოყენებით, რაზეც ღიად საუბრობს რუსეთის მხარე. ჩვენ ამ შემთხვევაში არ ვითვლებით, ჩვენ თუ მოვხვდებით ასეთ მდგომარეობაში, ეგ არაფერი, მთავარია ნატო იყოს დაცული!..“

სოსო მანჯავიძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მაღალჩინოსნის, ჯეიმს ჰიპის (James Heappey)-ს ვიზიტის შესახებ საუბრობს. თუმცა ის ფაქტობრივ შეცდომას უშვებს, როდესაც მას „თავდაცვის მინისტრად“ მოიხსენიებს. თავდაცვის მინისტრის იდენტური პოსტი - თავდაცვის მდივანი (Secretary of State for Defence/ Defence Secretary) - გაერთიანებულ სამეფოში ბენ უოლესს უკავია. ხოლო ჯეიმს ჰიპი წარმოადგენს შეიარაღებული ძალების საპარლამენტო სახელმწიფო მდივნის მოადგილეს (Parliamentary Under-Secretary of State for the Armed Forces), რაც გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროში „მინისტერიულ“ პოსტს წარმოადგენს (თუმცა არა თავდაცვის მდივნის/მინისტრის). აღნიშნულ პოსტს ცოტა ხნის წინ შეიარაღებული ძალების მინისტრი (Minister of State for the Armed Forces) ეწოდებოდა და აღნიშნული თანამდებობა შესაძლოა თავდაცვის მდივნის (მინისტრის) მოადგილის პოსტს შედარდეს. დღეს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე ჯეიმს ჰიპი პოზიციის ორივე დასახელებითაა (Parliamentary Under Secretary of State და Minister of the Armed Forces) მოხსენიებული (იხილეთ სურათზე):

ჯეიმს ჰიპი საქართველოს 29 მარტს ეწვია და მან ნამდვილად გამართა შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან. ჰიპის ვიზიტისა და შეხვედრების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნეს, როგორც საქართველოს მთავრობამ და თავდაცვის სამინისტრომ, ისე მედიამ. შეხვედრის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებაში ვკითხულობთ:

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების მინისტრ ჯეიმს ჰიპის შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის არსებულ პარტნიორობაზე თავდაცვის სფეროში. აღინიშნა, რომ სტრატეგიული დიალოგის ფორმატმა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობამ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები ახალ დონეზე გადაიყვანა.

საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო აქტიურად აგრძელებს თავდაცვის სფეროში რეფორმების განხორციელებას, რათა თავდაცვითი შესაძლებლობები კიდევ უფრო მეტად განვითარდეს. შეხვედრაზე განიხილეს შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობა საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს და შედეგად აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გამოწვევებს. ხაზი გაესვა საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ძალისხმევის აუცილებლობას ომის რაც შეიძლება მალე დასრულებისთვის.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარკ კლეიტონი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ესწრებოდნენ“.

ხოლო თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ:

„საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების მინისტრს ჯეიმს ჰიპის შეხვდა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და წარმატებული პარტნიორობა. მან ბრიტანულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე მინისტრებმა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომისა და არსებული უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ ისაუბრეს. ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო საზოგადოების, განსაკუთრებით კი ბრიტანეთის მთავრობის როგორ პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს უკრაინის მიმართ მხარდაჭერა.

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო განაგრძობს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას და აუცილებელი რეფორმების გატარებას, მათ შორის საწვრთნელი შესაძლებლობების გაძლიერებას. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პრაქტიკული მექანიზმების ეფექტიანად გამოყენებას, რაც ხელს შეუწყობს ალიანსთან ურთიერთთავსებადობის გაზრდას. აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში გაერთიანებული სამეფოს მნიშვნელოვანი წვლილი. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ჰიბრიდული გამოწვევებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის გზებსა და მოსალოდნელ საფრთხეებზე.

მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის კონკრეტული ასპექტებიც მიმოიხილეს, მათ შორის უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფორმატი, რომელიც შესანიშნავი პლატფორმაა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის. შეხვედრის დასასრულს ჯუანშერ ბურჭულაძემ ბრიტანელი კოლეგა, თავდაცვის მდივანი ბენ უოლასი საქართველოში მოიწვია“.

ამასთან, თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში თავდაცვის მინისტრ ბურჭულაძესა და ჰიპის შორის შეხვედრის შემდგომი კომენტარებია მოცემული. კერძოდ, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა: „დღეს ბრიტანეთიდან საქართველოს ესტუმრა მაღალი დონის დელეგაცია ბატონი ჯეიმსის ხელმძღვანელობით, რომელიც გახლავს ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობა და საქართველოს გვერდში ყოფნა დასავლეთისთვის და NATO-სთვის. ჩვენ შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ მხარდაჭერაზე, რასაც უწევს ბრიტანეთის საქართველოს და ჩვენი მომავალი გეგმების შესახებ“. ხოლო ჯეიმს ჰიპიმ შემდეგი კომენტარი გააკეთა: „დღეს ვიმყოფები საქართველოში, უკრაინასთან ძალიან ახლოს, იმ დროს, როდესაც თავისუფალი ქვეყნის სუვერენიტეტი უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას. ყველა, ვისაც გვჯერა დემოკრატიის და თავისუფლების, ვალდებული ვართ, ერთად დავდგეთ და შევეწინააღმდეგოთ რუსეთის შემაძრწუნებელ ქმედებებს და უზრუნველვყოთ, რომ მთლიანად ეს რეგიონი არის ადგილი, სადაც პატივს სცემენ თავისუფლებას და სუვერენიტეტს, სადაც რუსეთის ქმედებებს აქტიურად გმობენ“.

იგივე ინფორმაცია გავრცელდა ქართულ მედიაშიც, მაგალითად იხილეთ პირველი არხი, IPN, Civil.ge, „ნეტგაზეთი“, „რუსთავი 2“, GeorgiaToday, Agenda.ge და ა.შ.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ასევე გამოქვეყნდა ჯეიმს ჰიპის ციტატა აღნიშნული კომენტარიდან: „ყველას ვისაც თავისუფლებისა და დემოკრატიის გვჯერა, ვალდებულება გვაქვს, ერთად ვიდგეთ“. ხოლო საკუთარ Twitter-ის პროფილზე, ჯეიმს ჰიპიმ დაწერა: „შესანიშნავი შეხვედრები დღეს თბილისში საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრთან. ძალიან ბევრი შესაძლებლობა, რომ ერთად ვიმუშაოთ და სუვერენიტეტსა და დემოკრატიაში ჩვენი საერთო რწმენისთვის ერთად დავდგეთ“.

ბრიტანელი მაღალჩინოსნის თბილისში ვიზიტი რუსულ წყაროებში, ძირითადად, შემდეგი სათაურით გავრცელდა: „ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ უნდა დავდგეთ“ (Надо выступить против России). მაგალითად, იხილეთ რუსული გამოცემები: eadaily.com, naspravdi.info, livejournal.com. ხოლო tass.ru-ზე შეხვედრის შესახებ მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემცველი ტექსტი გამოქვეყნდა.

გაუგებარია, თუ რა წყაროსთან დაკავშირებით საუბრობს, როდესაც სოსო მანჯავიძე აცხადებს, რომ „როგორც გადმოცემს წყარო, შეხვდა თავდაცვის მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს, სადაც ეს მოთხოვნა [საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთოს] იყო პრინციპული“. იგი არ ასახელებს, თუ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას და მისი ფრაზიდან - „ეს გავრცელდა რუსულ წყაროებშიც, დასავლურ წყაროებშიც, ჩვენთან ეს ყურადღების მიღმა დარჩა“ - ირკვევა, რომ ის ღია წყაროებს ეყრდნობა. თუმცა როგორც ზემოთ განხილული წყაროებიდან ჩანს, მსგავსი მოთხოვნა არ გაჟღერებულა. რუსულ წყაროებში გავრცელებული ინფორმაცია მანჯავიძის მტკიცებას არ ემთხვევა, ასევე არც ერთ ავტორიტეტულ დასავლურ წყაროში არ იძებნება ინფორმაცია, რომ გაერთიანებული სამეფო საქართველოსგან რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას მოითხოვს.

თავის კომენტარში ჯეიმს ჰიპი უკრაინის კონტექსტში დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ერთად დადგომაზე, რუსეთის შემაძრწუნებელი ქმედებების შეწინააღმდეგებასა და რუსეთის ქმედებების აქტიურად დაგმობის შესახებ საუბრობდა. რუსეთის ქმედებების დაგმობისა და შეწინააღმდეგების ინტერპრეტირება აუცილებლად რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვის მოთხოვნად არასწორია და ეს მოთხოვნა ჯეიმს ჰიპის კომენტარში ან ოფიციალურ განცხადებებში არ იკითხება. გაერთიანებული სამეფო ერთ-ერთი ყველაზე აქტიურ დახმარებას უწევს უკრაინას (სამხედროს, ფინანსურს, ჰუმანიტარულს და ა.შ.) და ასევე რუსეთის ქმედებებს გმობს, რაც სანქციების დაწესებაშიც გამოიხატა. შეიძლება ითქვას, რომ საერთაშორისო საზოგადოების მიერ უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთის წინააღმდეგ დადგომის ერთ-ერთი მთავარ ცენტრს სწორედ გაერთიანებული სამეფო წარმოადგენს, თუმცა ის რუსეთის წინააღმდეგ ომში არ ჩაბმულა.

ამდენად, ჯეიმს ჰიპის საქართველოსგან რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვა არ მოუთხოვია, მისი კომენტარი უკრაინის კონტექსტში დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ერთად დგომას, რუსეთის შემაძრწუნებელი ქმედებების შეწინააღმდეგებასა და რუსეთის ქმედებების აქტიურად დაგმობას შეეხებოდა. შესაბამისად, სოსო მანჯავიძის მტკიცება ყალბ ამბავს წარმოადგენს.

-----------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

4557 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი