რუსეთის პროპაგანდისტული მედიის, „ნიუსფრონტის“, ქართულმა რედაქციამ 26 მარტს გამოაქვეყნა სტატია, სადაც წერს, რომ „უკრაინული პროპაგანდის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ ბერდიანსკის პორტში რუსული სამხედრო ხომალდი „ორსკი“ ჩაძირეს, დიდ ეჭვებს იწვევდა თავიდანვე და ახლა, ფოტომასალის გამოჩენის შემდეგ, ეს ეჭვები მყარდება“.

„ნიუსფრონტი“ შემდეგ არგუმენტებს იშველიებს: „ჯერ ერთი, ხანძრის გაჩენის ვიდეოზე ჩანს, რომ პორტში არ არის არავითარი საბრძოლო მოქმედებები, არ აქვს ადგილი არც სარაკეტო დარტყმას. რჩება შთაბეჭდილება, რომ პორტში აფეთქდა საწვავით დატვირთული ბაკები, რამაც მასშტაბური ხანძარი გამოიწვია. სარაკეტო იერიშის შემთხვევაში, აფეთქება უფრო მასშტაბური უნდა იყოს, დარტყმის მიმდებარე ტერიტორიებზე განლაგებული ინფრასტრუქტურაც უნდა დაზარალდეს. გავრცელებულ ვიდეოზე არანაირად არ ჩანს რუსული ხომალდის ჩაძირვა; პირიქით, ორი სამხედრო ხომალდი, პორტში ხანძრის გაჩენისთანავე მყისიერად ტოვებს პორტს და განრიდებას ახდენს უსაფრთხო მანძილზე“.

„ნიუსფრონტის“ მტკიცებით, „ყოველივე ეს გასაღდა, როგორც დიდი სამხედრო „გამარჯვება” „ზელენსკის რეჟიმის სასარგებლოდ“, თუმცა „დღეს კი, ტელეგრამ-არხებზე (მაგალითად, არხი Colonelcassad) ვრცელდება ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ ბერდიანსკის პორტში დგას დაზიანებული გემი „სარატოვი“ (და არა „ორსკი“). გემი ჩაძირული არ არის, იგი დაზიანებულია და გრუნტზე დგას. ასევე ჩანს კიდევ რომელიღაც სავაჭრო გემი, რომელსაც კვამლი ასდის. პორტის ინფრასტრუქტურა, შენობა-ნაგებობები უვნებლად გამოიყურება. ფოტო დრონის საშუალებით არის გაკეთებული, როგორც ჩანს, ხანძრის ჩაქრობის შემდეგ“.

ბერდიანსკის პორტში განვითარებულ მოვლენებს „ნიუსფრონტი“ დამახინჯებულად აღწერს.

24 მარტს გავრცელებულ ინფორმაციებში მართლაც სახელდებოდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ქალაქ ბერდიანსკის პორტში ჩაძირული გემი „ორსკი“ იყო, თუმცა 25 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განახლებული ოპერაციული ინფორმაცია გამოაქვეყნა. განახლებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული ბერდიანსკის პორტში ჩაძირული გემი სადესანტო ხომალდი „სარატოვია“ (მსგავსი ტიპის სადესანტო გემი, როგორიც „ორსკია“). ამასთან, სადესანტო გემები „კეისარი კუნიკოვი“ და „ნოვოჩერკასკი“ დაზიანდა. ვინაიდან აღნიშნული ინფორმაცია უკრაინულმა მხარემ 25 მარტს გამოაქვეყნა, ხოლო „ნიუსფრონტის“ სტატია 26 მარტს არის გამოქვეყნებული, „ნიუსფრონტი“ ძველ ინფორმაციას ეყრდნობა და უკრაინას პროპაგანდის გავრცელებაში სდებს ბრალს, მაშინ როდესაც უკრაინას 25 მარტს უკვე საჯაროდ ჰქონდა გაცხადებული, რომ ბერდიანსკში არა „ორსკი“, არამედ „სარატოვი“ გაანადგურეს. შესაბამისად, „ნიუსფრონტის“ ეს ბრალდება არასწორ ინფორმაციას ეფუძნება.

„ნიუსფრონტის“ მტკიცება, რომ „ხანძრის გაჩენის ვიდეოზე ჩანს, რომ პორტში არ არის არავითარი საბრძოლო მოქმედებები, არ აქვს ადგილი არც სარაკეტო დარტყმას“ - არასერიოზულია და საკითხის ობიექტური და პროფესიონალური განხილვისგან საკმაოდ შორსაა. არც ოფიციალურ კიევს და არც რაიმე სერიოზული უკრაინულ ან სხვა წყაროს არ გაუვრცელებია ინფორმაცია, რომ ბერდიანსკის პორტში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს (იგულისხმება, უკრაინის მიერ პორტზე პირდაპირი სახმელეთო ან საზღვაო თავდასხმა და ადგილზე გამართული შეტაკება. რუსეთი ბერდიანსკის პორტს შეიარაღების გადმოსატვირთად ნამდვილად იყენებდა, რაც საბრძოლო მოქმედებების ნაწილია. ამის შესახებ ინფორმაციას თავად რუსული მხარე ავრცელებდა და ამას პორტში სამხედრო გემების ბაზირებაც მოწმობს). ასევე, ბუნებრივია, რომ გავრცელებულ ვიდეოებში უშუალოდ სარაკეტო დარტყმა არ ჩანს, არამედ ვიდეოზე თავდასხმის შემდგომი სიტუაციაა ასახული. მეტიც, ვიდეოებში გემზე გაჩენილი ხანძრიდან დიდი დაკვამლიანება და დიდი აფეთქება ჩანს. გავრცელებული ვიდეოები რომ ბერდიანსკიდანაა, ადასტურებს Reuters-ი (ვრცელი ვიდეოც ამავე ბმულზეა ხელმისაწვდომი).

ამასთან, ხანძრისა და აფეთქების მასშტაბი სარაკეტო თავდასხმასთან შეუსაბამო არაა, როგორც ამის წარმოჩენას „ნიუსფრონტი“ ცდილობს. „ნიუსფრონტი“ წერს, რომ სარაკეტო თავდასხმის შემთხვევაში მიმდებარე ინფრასტრუქტურაც უნდა დაზიანებულიყო. მისი მტკიცებით, „პორტში აფეთქდა საწვავით დატვირთული ბაკები, რამაც მასშტაბური ხანძარი გამოიწვია“.

CNN-ის თანახმად, თავდაცვის უწყების ოფიციალურ პირზე დაყრდნობით აშშ-მა განაცხადა, რომ უკრაინამ ბერდიანსკში რუსული გემების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, წარმატებული შეტევა განახორციელა, თუმცა ბუნდოვანი იყო თავდასხმისას რა ტიპის იარაღი გამოიყენეს. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიხედვით, უკრაინულმა ძალებმა რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებზე განლაგებულ მაღალი ღირებულების სამიზნეების წინააღმდეგ თავდასხმა განახორციელეს, მათ შორის - ბერდიანსკში სადესანტო გემზე და იარაღის საწყობებზე. უკრაინული მხარის თანახმად, შეტევაში მათ სამი ათასი ტონის ზომის საწვავის ავზიც ააფეთქეს, რის შედეგადაც ხანძარი ახლოს მდებარე იარაღის საწვავებსაც გადაედო. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რეზნიკოვმა ოპერაცია წარმატებულად შეაფასა. შესაბამისად, „ნიუსფრონტის“ მტკიცება, რომ ბერდიანსკის პორტზე უკრაინის სარაკეტო თავდასხმა არ ყოფილა და მიმდებარედ სხვა არაფერი დაზიანებულა, ყალბი ამბავია. საწვავის ავზების აფეთქება, რის შესახებაც „ნიუსფრონტიც“ წერს, უკრაინული თავდასხმის შედეგია.

თავდასხმის წინა დღეებში რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ ბერდიანსკის პორტიდან სადესანტო გემების საქმიანობის შესახებ სიუჟეტი გამოაქვეყნა, სადაც რუსული სადესანტო გემების ადგილმდებარეობა კარგად ჩანდა და სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნული ვიდეო დაეხმარა უკრაინას რუსული გემის ზუსტი კოორდინატების განსაზღვრაში. უკრაინამ თავდასხმა, სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტით განახორციელა და დიდი ალბათობით, გამოყენებული იქნა „OTR-21 ტოჩკა უ“-ს ტიპის რაკეტა. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდასხმა უკრაინული დრონიდან განხორციელდა.

პენტაგონის ოფიციალური პირების გარდა, უკრაინის მიერ ბერდიანსკში რუსული სადესანტო გემის ჩაძირვა სატელიტური სურათებითაც დადასტურდა, რომელსაც კომპანია Maxar Technologies-მა გაავრცელა. „ნიუსფრონტი“ დრონით გადაღებული სურათების შეფასებით ამტკიცებს, რომ „გემი ჩაძირული არ არის, იგი დაზიანებულია და გრუნტზე დგას“, თუმცა რეალურად, სატელიტური სურათები აჩვენებს, რომ გემის ნაწილი ჩაძირულია და მხოლოდ ზედა ნაწილია (superstructure and forecastle) წყლის ზემოთ დარჩენილი. „ნიუსფრონტის“ დასახელებული ფაქტი, რომ პორტში სავაჭრო გემიც დგას და მას კვამლი ასდის, სწორია.

„ნიუსფრონტი“ თავისი პოზიციის გასამყარებლად წერს, რომ „გავრცელებულ ვიდეოზე არანაირად არ ჩანს რუსული ხომალდის ჩაძირვა; პირიქით, ორი სამხედრო ხომალდი, პორტში ხანძრის გაჩენისთანავე მყისიერად ტოვებს პორტს და განრიდებას ახდენს უსაფრთხო მანძილზე“. რეალურად, ორი სამხედრო ხომალდო „სარატოვზე“ აფეთქებისა და მასშტაბური ხანძრის გაჩენის შემდეგ მართლაც ტოვებს პორტს. თუმცა რაც შეეხება „სარატოვს“, ის ნაწილობრივ ჩაძირული და განადგურებულია. პორტს სხვა ორი სამხედრო გემი ტოვებს (საიდანაც ერთ-ერთი დაზიანებული ჩანს). აქედან გამომდინარე, ორმა რუსულმა სამხედრო გემმა მართლაც დატოვა პორტი, თუმცა არც ერთი მათგანი „სარატოვი“ არ ყოფილა, რომელიც განადგურდა. შესაბამისად, ეს ფაქტი „ნიუსფრონტის“ ვერსიას საერთოდ არ ამყარებს (მეტიც, „ნიუსფრონტი“ თავადვე ადასტურებს, რომ „სარატოვი“ პორტში დაზიანებული დგას), არამედ უკრაინული მხარის ინფორმაციასთან შესაბამისობაში მოდის, რომ ერთი გემი ჩაძირეს და ორი დააზიანეს.

ამდენად, ბერდიანსკის პორტში რუსული გემი „სარატოვის“ განადგურების შესახებ ინფორმაცია „ნიუსფრონტმა“ სრულიად დამახინჯებულად გაავრცელა და მის სტატიაში მოცემული „ფაქტები“ რეალობას არის აცდენილი და მანიპულაციურად და არასრულადაა მოცემული.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5667 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია