სოციალურ ქსელებში გავრცელდა ყალბი ვიდეო (ასევე, სურათები ვიდეოდან ან ვიდეოს შინაარსი ტექსტად), თითქოს BBC-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია და აღიარა, რომ კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე თავდასხმაზე, რომლის შედეგადაც 57 ადამიანი გარდაიცვალა, უკრაინამ განახორციელა (მაგალითად, იხილეთ ბმული 1 და ბმული 2). კერძოდ, გაყალბებული BBC-ის თანახმად, კრამატორსკის რკინიგზის სადგურთან ნაპოვნი „ტოჩკა უ“-ს ტიპის რაკეტის სერიული ნომერი ემთხვეოდა რაკეტების ნომრებს, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-13 AFU სარაკეტო ბრიგადის არსენალშია და იმავე ტიპის და სერიული ნორმის რაკეტაა, რომელიც უკრაინის არმიის მიერ უკვე გამოყენებული იყო ხარციზსკის, ლოგვინოვოს, ბერდიანსკისა და მელიტოპოლის დასაბომბად.
რეალურად, აღნიშნული ინფორმაციის შემცველი ვიდეო BBC-ის არ გაუვრცელებია. მეტიც, BBC-ის ახალი ამბების პრესის გუნდმა (BBC News Press Team) Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნეს განცხადება, სადაც ამ ინფორმაციის გავრცელება უარყვეს: „ჩვენ შევიტყვეთ ყალბი ვიდეოს შესახებ, რომელიც BBC-ის სამარკო ნიშნებით ვრცელდება და წინა კვირაში კრამატორსკის მატარებლის სადგურზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე უკრაინა იყო პასუხისმგებელი. BBC ახორციელებს მოქმედებებს, რათა ვიდეო წაიშალოს. ჩვენ მოვუწოდებთ ხალხს, არ გააზიარონ ის და ამბები გადაამოწმონ BBC News-ის ვებგვერდზე“ (We are aware of a fake video with BBC News branding suggesting Ukraine was responsible for last week’s missile attack on Kramatorsk train station. The BBC is taking action to have the video removed. We urge people not to share it and to check stories on the BBC News website.).
კრამატორსკზე განხორციელებულ თავდასხმაში გამოყენებული იარაღის შესახებ BBC-მ სტატია გამოაქვეყნა, თუმცა მასში არსად ახსენებს, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელი უკრაინაა ან რაკეტის სერიული ნომერი უკრაინის შეიარაღებული ძალების „ტოჩკა უ“-ს ტიპის რაკეტების სერიულ ნომერს ემთხვეოდა. სტატიის თანახმად, BBC-ის ჟურნალისტებმა თავდასხმის ადგილზე კლასტერული ბომბების გამოყენების კვალი იპოვეს. BBC-ს მიხედვით, „ტოჩკა უ“-ს ტიპის მოკლე მანძილზე მოქმედ ბალისტიკურ რაკეტაზე კლასტერული ბომბების დამონტაჟებაა შესაძლებელი, რომელიც თავის მხრივ 50 მცირე კალიბრის ბომბს მოიცავს. BBC წერს, რომ მიმდინარე კონფლიქტში რუსეთის მიერ აღნიშნული რაკეტის გამოყენების მტკიცებულება არსებობს, თუმცა ეს იარაღი უკრაინის არსენალშიც არის (2008 წელს მიღებულ იქნა კლასტერული ბომბების აკრძალვის კონვენცია, თუმცა რუსეთი და უკრაინა მისი ხელმომწერები არ არიან). სტატიის მიხედვით, რუსეთმა უკრაინის დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონებში ამ შეიარაღების გამოყენება უარყო, მაგრამ მისი მტკიცებები საკამათოა.
კრამატორსკზე განხორციელებული თავდასხმის დღეს BBC-ის გამოქვეყნებულ მასალაში უარყოფილია რუსული მხარის მტკიცება, რომ მათ შეიარაღებაში „ტოჩკა უ“-ს ტიპის რაკეტები აღარაა და მას არ იყენებენ.
კრამატორსკზე განხორციელებული თავდასხმის ირგვლივ გავრცელებული რუსული დეზინფორმაციის შესახებ „ფაქტ-მეტრი“ აქამდეც წერდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა არ აიღო და დაბომბვა უკრაინას დააბრალა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 8 აპრილს რუსეთს არათუ კრამატორსკზე თავდასხმა არ განუხორციელებია, არამედ „ტოჩკა უ“-ს ტიპის ტაქტიკური რაკეტები, რომლის ნარჩენებიც შემთხვევის ადგილთან იპოვეს, მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაშია.
თავდაპირველად გავრცელდა ვერსია, რომ დაბომბვაში „ისკანდერის“ ტიპის რაკეტა იყო გამოყენებული. მოგვიანებით, დადასტურდა ინფორმაცია, რომ კრამატორსკის რკინიგზის სადგურის რუსეთის მიერ დაბომბვაში, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა ევაკუაციას უცდიდა, „ტოჩკა უ“-ს ტიპის რაკეტა იყო გამოყენებული. აღნიშნული უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც დაადასტურა. შემთხვევის ადგილიდან რაკეტის ნარჩენის სურათები გავრცელდა და სხვადასხვა შეფასებით, ის ნამდვილად „ტოჩკა უ“-ს ტიპის რაკეტაა. მაგალითად, ამას ადასტურებს ავტორიტეტული საგამოძიებო ჟურნალისტური პლატფორმის Bellingcat-ის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი, ელიოტ ჰიგინსი.
რუსული მხარის მტკიცება, რომ „ტოჩკა უ“-ს ტიპის რაკეტები მხოლოდ უკრაინის არმიის შეიარაღებაშია და მათ შეიარაღებაში არაა, ტყუილია. ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსეთს უკრაინასთან ომში „ისკანდერის“ ტიპის რაკეტების ნაკლებობა ჰქონდა და ამის გამო „ტოჩკა უ“-ს ტიპის რაკეტების გამოყენებაზე გადავიდა და მათი უკრაინისკენ გადატანა დაიწყო (იხილეთ რუსეთის მიერ „ტოჩკა უ“-ს ტიპის რაკეტების გადატანის სურათები და ვიდეოები 5 მარტის, 30 მარტის, აპრილის დასაწყისის). ასევე გავრცელდა ვიდეო, სადაც, სავარაუდოდ, რუსეთის მიერ შახტერსკიდან კრამატორსკისკენ გაშვებული „ტოჩკა უ“-ს ტიპის რაკეტები ჩანს. რუსეთმა „ტოჩკა უ“-ს ტიპის რაკეტები 2021 წელს სირიაშიც გამოიყენა.
რუსული მხარის მტკიცების, რომ ისინი „ტოჩკა უ“-ს ტიპის რაკეტებს არ იყენებენ, სიყალბეს სხვა ორგანიზაციებიც ადასტურებენ. მაგალითად, რუსეთმა „ტოჩკა უ“ ჯერ კიდევ 24 თებერვალს გამოიყენა, როდესაც დონეცკის რეგიონში ვუჰლედარის საავადმყოფო დაბომბა (შედეგად ოთხი სამოქალაქო პირი გარდაიცვალა და ათი დაიჭრა). აღნიშნული დაადასტურა ავტორიტეტულმა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International-მა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ტოჩკა უ“-ს ტიპის რაკეტები გამოყენებული იყო 19 მარტსაც ლუჰანსკის რეგიონში, მათ შორის ერთი, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.
რუსეთის მიერ კრამატორსკის დაბომბვის შესახებ საუბრობს საერთაშორისო ავტორიტეტული მედია, მაგალითად, Politico, Aljazeera, Times of Israel, Telegraph, NY Post და ა.შ,
ამდენად, რუსული მხარის მტკიცება, რომ კრამატორსკზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებელი უკრაინაა, ყალბი ამბავია და ასევე ყალბია BBC-ის სახელით გავრცელებული ვიდეო, თითქოს BBC-მ აღიარა, რომ არსებობს მტკიცებულება, რაც უკრაინის პასუხისმგებლობას ადასტურებს.
განახლება: ასევე, რუსული პროპაგანდა ამტკიცებს, რომ კრამატორსკის დასაბომბად გამოყენებული „ტოჩკა უ“-ს ტიპის რაკეტის სერიული ნომერი ადასტურებს, რომ რაკეტა უკრაინას ეკუთვნის. თუმცა რუსული პროპაგანდის ეს მტკიცებაც არ შეესაბამება რეალობას. კერძოდ, როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე გასროლილ რაკეტაზე 9M79-1 მარკირება მიუთითებს იმაზე, რომ რაკეტა ეკუთვნის „ტოჩკა-უ“ კლასს (NATO-ს კლასიფიკაციით, SS-21 “Scarab”). თუმცა სერიული ნომრით - «Ш91579» - შეუძლებელია მისი იდენტიფიცირება, როგორც უკრაინის სამხედრო ნაწილის კუთვნილება - ეს არის ქარხნული მარკირება და არა სამხედრო დანაყოფის მიხედვით. სწორედ იქ ხდებოდა ამ რაკეტების წარმოება საბჭოთა კავშირის დროს, საიდანაც შემდეგ მიეწოდებოდა სხვადასხვა ქვეყანას - ყაზახეთს, რუსეთს, ბელორუსსა და უკრაინას. ახლა „ტოჩკა უ“ რვა ქვეყნის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შედის. რუსული მედიის ლოგიკით, მსგავსი მარკირების მქონე რაკეტა შეიძლება იგივე ალბათობით ბელარუსიდან გაშვებულიყო.
------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.