2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს შრომის ანაზღაურების დაზუსტებული გეგმა 1 649 069 300 ლარით განისაზღვრა, ხოლო საკასო შესრულებამ 1 654 757 800 ლარი შეადგინა, რაც გეგმური მაჩვენებლის 100.3%-ია. „შრომის ანაზღაურების“ მუხლის საკასო შესრულებამ მთლიანი „ხარჯების“ საკასო შესრულების 11.7% შეადგინა, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული მთლიანი გადასახდელების 8.4%.

2021 წელს შტატგარეშე დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურებამ 359 630 800 ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 63.3 (21.3%-ით) მილიონით არის გაზრდილი და ბოლო წლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია (ბიუჯეტის მთლიანი ხარჯების 2.5%)

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მიხედვით, შტატგარეშე მოსამსახურე არის პირი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით გარკვეული ვადით მიიღება სამსახურში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად (მუხლი 8).

შტატგარეშე თანამშრომლების დასაქმება, შტატიან თანამშრომლებთან შედარებით (რომელნიც ძირითადად კონკურსის შედეგად იკავებენ თანამდებობას), მარტივ პროცედურებთან არის დაკავშირებული, რაც ნეპოტიზმის და პოლიტიკური ნიშნით დანიშვნის ალბათობას ზრდის და აადვილებს კიდეც.

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მიხედვით, საჯარო სექტორში შტატგარეშე თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე მსჯელობა შეგვიძლია, თუმცა აღნიშნულ თანამშრომელთა რაოდენობა მითითებული არ არის. შტატგარეშე თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე საუბრისას მართებულია, ნომინალური მაჩვენებლებთან ერთად, უფრო მნიშვნელოვანი ინდიკატორის - ფარდობითი სიდიდის განხილვა (მთლიან ბიუჯეტის ხარჯში შრომის ანაზღაურების წილის განსაზღვრა).

ცხრილი 1: შტატგარეშე თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ბიუჯეტი და წილი ბიუჯეტის მთლიან ხარჯში წლების მიხედვით (ლარი)

წყარო: ფინანსთა სამინისტრო

როგორც მონაცემებიდან ჩანს, 2011 წლიდან მოყოლებული, შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურების წილი ბიუჯეტის მთლიან ხარჯში ზრდის ტენდენციით ხასიათდება, გამონაკლისი არის 2013 წელი, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა და გვქონდა ერთგვარი გარდამავალი პერიოდი. 2013 წელს ეს მონაცემი უმნიშვნელოდ შემცირდა, თუმცა ამის შემდეგ მთლიან ხარჯში შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურების წილმა ზრდა განაგრძო.

როგორ აღვნიშნეთ, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებში მთლიანად საჯარო სექტორში დასაქმებულ შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა მითითებული არ არის, თუმცა სახელმწიფო სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში მათი რაოდენობის განხილვა შეგვიძლია.

გრაფიკი 2: სახელმწიფო სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა

წყარო: ფინანსთა სამინისტრო

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მიხედვით, სახელმწიფო სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა ძირითადად ზრდის ტენდენციით ხასიათდება, გამონაკლისია 2017 და 2020 წლები, როდესაც შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა შემცირებულია, თუმცა 2021 წელს კვლავ ზრდა დაფიქსირდა.

პოლიტიკოსები ხშირად გამოთქვამენ ეჭვს, რომ შტატგარეშე თანამდებობებს ძირითადად მმართველი პარტიასთან დაახლოებული ან მათდამი ლოიალურად განწყობილი პირები იკავებენ. ისიც მნიშვნელოვანია, რომ ხშირ შემთხვევაში, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა კანონით დასაშვებ ზღვარს აჭარბებს. ამის შესახებ მითითება არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ კვლევასა და აუდიტის ანგარიშებში გვხვდება.