უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებამდე კრემლის საინფორმაციო კამპანიის ერთ-ერთი ნაწილი ისტორიის გაყალბება იყო. პუტინი უკრაინას რუსეთის მიერ შექმნილ სახელმწიფოდ წარმოაჩენდა, რითაც მასზე განხორციელებული აგრესიის გამართლებას ცდილობდა. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხერსონი რუსეთის ტერიტორიაა. მტკიცებულებად მოყვანილია ისტორიული ფაქტი, რომ 1778 წელს ეკატერინე მეორემ ხერსონი, როგორ ცენტრალური ციხესიმაგრე და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის პირველი ბაზა, დააარსა.

სინამდვილეში, ხერსონი უკრაინის ტერიტორიაა, რაც საერთაშორისო სამართლითაა დადასტურებული. 1991 წლის 24 აგვისტოს უკრაინამ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი იმ საზღვრებში გამოაცხადა, რომელიც დღემდე არ შეცვლილა. უკრაინის დამოუკიდებლობა 24 აგვისტოსვე აღიარა გაერო-მ, რაც მისი წევრად მიღებით გამოიხატა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის დამოუკიდებლობა 1991 წლის 29 აგვისტომ რუსეთის მთავრობამაც აღიარა:

1994 წლის 5 დეკემბერს რუსეთმა კიდევ ერთხელ აღიარა უკრაინის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. ბუდაპეშტში უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ხელმოწერილი მემორანდუმით რუსეთმა აიღო ვალდებულება, რომ პატივს სცემდა უკრაინის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს მის არსებულ საზღვრებში (ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის ჩათვლით).

1998 წლის 14 იანვარს უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და პარტნიორობის ხელშეკრულება დაიდო. ხელშეკრულებაში მოხმობილია ორ ქვეყანას შორის მანამდე არსებული შეთანხმებები, მათ შორის, 1990 წელს უკრაინის სსრ-სა და რუსეთის სსრ-ს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების და 1992 წელს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარების შესახებ დადებული შეთანხმებები.

ხელშეკრულების მე-2 და მე-2 პუნქტში ნათქვამია, რომ გაეროს ქარტიისა და ჰელსინკის ფინალური აქტის გათვალისწინებით ორივე სახელმწიფო პატივს სცემს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და კიდევ ერთხელ ადასტურებენ მათი არსებული საზღვრების ხელშეუხებლობას:

ყველაზე მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, რომელიც უშუალოდ რუსეთ-უკრაინის საზღვარს ეხება 2003 წელს კიევში დაიდო. რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულებაში მითითებულია კონკრეტული პუნქტები, სადაც ორ ქვეყანას შორის საზღვარი გადის. ამ და მანამდე არსებული სხვა ხელშეკრულებებითაც უკრაინის საზღვრებში ექცევა როგორც ხერსონი, ისე უკრაინის დღემდე საერთაშორისოდ აღიარებული სხვა ტერიტორიებიც.

ამდენად, რუსეთის მტკიცება, რომ ხერსონი არა უკრაინის, არამედ რუსეთის ტერიტორიაა, ყალბია. საერთაშორისო სამართლის დოკუმენტებით ხერსონი უკრაინას ეკუთვნის, რაც რუსეთს როგორც მე-20, ისე 21-ე საუკუნეში დადებული ხელშეკრულებით, აღიარებული აქვს.

----------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.