8 აპრილს უკრაინის ქალაქ კრამატორსკზე რუსეთმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, რასაც მინიმუმ 39 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაახლოებით 100 ადამიანი დაშავდა. თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა არ აიღო და დაბომბვა უკრაინას დააბრალა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 8 აპრილს რუსეთს არათუ კრამატორსკზე თავდასხმა არ განუხორციელებია, არამედ „ტოჩკა უ“-ს ტიპის ტაქტიკური რაკეტები, რომლის ნარჩენებიც შემთხვევის ადგილთან იპოვეს, მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაშია. აღნიშნული დეზინფორმაცია სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა (მაგალითად, იხილეთ ბმული 1 და ბმული 2, ბმული 3, ასევე tass.ru).
თავდაპირველად გავრცელდა ვერსია, რომ დაბომბვაში „ისკანდერის“ ტიპის რაკეტა იყო გამოყენებული. მოგვიანებით, დადასტურდა ინფორმაცია, რომ კრამატორსკის რკინიგზის სადგურის რუსეთის მიერ დაბომბვაში, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა ევაკუაციას უცდიდა, „ტოჩკა უ“-ს ტიპის რაკეტა იყო გამოყენებული. აღნიშნული დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც. შემთხვევის ადგილიდან რაკეტის ნარჩენის სურათები გავრცელდა და სხვადასხვა შეფასებით, ის ნამდვილად „ტოჩკა უ“-ს ტიპის რაკეტაა. მაგალითად, ამას ადასტურებს ავტორიტეტული საგამოძიებო ჟურნალისტური პლატფორმის Bellingcat-ის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი, ელიოტ ჰიგინსი.
რუსული მხარის მტკიცება, რომ „ტოჩკა უ“-ს ტიპის რაკეტები მხოლოდ უკრაინის არმიის შეიარაღებაშია და მათ შეიარაღებაში არაა, ტყუილია. ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსეთს უკრაინასთან ომში „ისკანდერის“ ტიპის რაკეტების ნაკლებობა ჰქონდა და ამის გამო „ტოჩკა უ“-ს ტიპის რაკეტების გამოყენებაზე გადავიდა და მათი უკრაინისკენ გადატანა დაიწყო (იხ. რუსეთის მიერ „ტოჩკა უ“-ს ტიპის რაკეტების გადატანის სურათები და ვიდეოები 5 მარტის, 30 მარტის, აპრილის დასაწყისის). ასევე, მედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც, სავარაუდოდ, რუსეთის მიერ შახტერსკიდან კრამატორსკისკენ გაშვებული „ტოჩკა უ“-ს ტიპის რაკეტები ჩანს. რუსეთმა „ტოჩკა უ“-ს ტიპის რაკეტები 2021 წელს სირიაშიც გამოიყენა.
რუსული მხარის მტკიცების, რომ ისინი „ტოჩკა უ“-ს ტიპის რაკეტებს არ იყენებენ, სიყალბეს სხვა ორგანიზაციებიც ადასტურებენ. მაგალითად, რუსეთმა „ტოჩკა უ“ ჯერ კიდევ 24 თებერვალს გამოიყენა, როდესაც დონეცკის რეგიონში ვუჰლედარის საავადმყოფო დაბომბა (შედეგად ოთხი სამოქალაქო პირი გარდაიცვალა და ათი დაიჭრა). აღნიშნული დაადასტურა ავტორიტეტულმა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International-მა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ტოჩკა უ“-ს ტიპის რაკეტები გამოყენებული იყო 19 მარტსაც ლუჰანსკის რეგიონში, მათ შორის ერთი, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდო.
რუსეთის მიერ კრამატორსკის დაბომბვის შესახებ საუბრობს საერთაშორისო ავტორიტეტული მედიაც (მაგალითად, Politico, Aljazeera, Times of Israel, Telegraph, NY Post და ა.შ.).
ამდენად, რუსული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მათ შეიარაღებაში „ტოჩკა უ“-ს ტიპის რაკეტები არაა და აქედან გამომდინარე, კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე თავდასხმა უკრაინამ განახორციელა, ყალბია.
განახლება: ასევე, რუსული პროპაგანდა ამტკიცებს, რომ კრამატორსკის დასაბომბად გამოყენებული „ტოჩკა უ“-ს ტიპის რაკეტის სერიული ნომერი ადასტურებს, რომ რაკეტა უკრაინას ეკუთვნის. თუმცა რუსული პროპაგანდის ეს მტკიცებაც არ შეესაბამება რეალობას. კერძოდ, როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე გასროლილ რაკეტაზე 9M79-1 მარკირება მიუთითებს იმაზე, რომ რაკეტა ეკუთვნის „ტოჩკა-უ“ კლასს (NATO-ს კლასიფიკაციით, SS-21 “Scarab”). თუმცა სერიული ნომრით - «Ш91579» - შეუძლებელია მისი იდენტიფიცირება, როგორც უკრაინის სამხედრო ნაწილის კუთვნილება - ეს არის ქარხნული მარკირება და არა სამხედრო დანაყოფის მიხედვით. სწორედ იქ ხდებოდა ამ რაკეტების წარმოება საბჭოთა კავშირის დროს, საიდანაც შემდეგ მიეწოდებოდა სხვადასხვა ქვეყანას - ყაზახეთს, რუსეთს, ბელორუსსა და უკრაინას. ახლა „ტოჩკა უ“ რვა ქვეყნის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შედის. რუსული მედიის ლოგიკით, მსგავსი მარკირების მქონე რაკეტა შეიძლება იგივე ალბათობით ბელარუსიდან გაშვებულიყო.
------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.