იტვირთება

ცნობილი ანტივაქსერი თინა თოფურია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებით მორიგ დეზინფორმაციული შინაარსის გადაცემის ჩანაწერს ავრცელებს.

მტკიცება: აცრილი ადამიანი ახალი შტამებისგან ისეთივე დაუცველია, როგორც აუცრელი

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდა, ეს პანდემიის დასასრულს ჯერ კიდევ არ ნიშნავს. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ( სამხრეთ კორეა, ჩინეთი, იაპონია, ავსტრალია, ბრიტანეთი…) კორონავირუსის შემთხვევების მატებაა, რაც ძირითადად „ომიკრონის“ ქვეშტამით BA.2-ით არის გამოწვეული. ეპიდემიოლოგები და ჯანდაცვის ექსპერტები ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობენ და მოსახლეობას კოვიდ რეგულაციების (პირბადის გამოყენება, სოციალური დისტანცია, ხელების ჰიგიენა) დაცვისკენ მოუწოდებენ.

SARS-CoV-2-ის ვარიანტი „ომიკრონი“, ასევე მისი ქვეშტამი, უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე წინა შტამები. „დელტა“ შტამისგან განსხვავებით დაავადების მიმდინარეობა, ამ შემთხვევაში, უფრო მსუბუქია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ „ომიკრონი“ ან/და მისი ქვეშტამი დაავადების გართულებას ან ლეტალობას არ იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ახალი შტამების შემთხვევაში Covid-19-ის ვაქცინების ეფექტიანობა შედარებით შემცირდა, არსებული ვაქცინები კორონავირუსის ყველა შტამის შემთხვევაში, სიკვდილისგან, დაავადების მძიმე ფორმით მიმდინარეობისგან და ჰოსპიტალიზაციისგან ეფექტურად იცავს.

არავაქცინირებული ადამიანის COVID-19-ით გარდაცვალების ალბათობა, ვაქცინირებულ პირთან შედარებით, 10-20-ჯერ მეტია (გარდაცვალების რისკი განსხვავდება ქვეყნისა და სხვა ფაქტორების მიხედვით). არსებული კვლევები ადასტურებს, რომ ვაქცინაცია ეფექტურია, როგორც დელტა, ასევე ომიკრონის ვარიანტის წინააღმდეგ და იცავს როგორც ჰოსპიტალიზაციისგან (დელტა - 94% და ომიკრონი - 90% შესაბამისად), ასევე ინტენსიური მოვლის განყოფილებაში მოხვედრისაგან (დელტა - 94% და ომიკრონი - 82%). ამასთან, ვაქცინის მესამე ბუსტერ დოზის მიღება მნიშვნელოვნად ზრდის დაცვას ომიკრონის ვარიანტის წინააღმდეგ, ვინაიდან ორი დოზით ვაქცინაციასთან შედარებით, ომიკრონის საწინააღმდეგო მანეიტრალიზებელი ანტისხეულების ტიტრს, თითქმის 25-ჯერ ზრდის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მითია, თითქოს ვაქცინები „ომიკრონის“ წინააღმდეგ არ მოქმედებს. სრული ვაქცინაცია და ბუსტერ დოზა, COVID-19-ის ყველა შტამის, მათ შორის - „ომიკრონის“ შემთხვევაში, დაავადების მძიმე გართულებისგან და სიკვდილისგან იცავს. COVID-19 ვაქცინების ეფექტურობა, ისევე როგორც მრავალი სხვა ვაქცინის, მაგალითად გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის, დროთა განმავლობაში იკლებს, ამიტომაც გამაძლიერებელი დოზის [ბუსტერი] მიღება აუცილებელია. ბუსტერ დოზით აცრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკ ჯგუფებისთვის (60 წელზე უფროსი ასაკის პირები, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები, რომლებიც იმყოფებიან ინფექციისგან სერიოზული გართულების რისკის ქვეშ, ასევე ჯანდაცვის მუშაკები).

ამრიგად, მტკიცება თითქოს აცრილი და აუცრელი ადამიანი თანაბრად დაუცველია, არის ყალბი ამბავი.

მტკიცება: ბავშვები ან მსუბუქად ავადდებიან ან არ ავადდებიან. მოზარდებს უკვე ცრიან, რისკი უფრო მეტია აცრის შემთხვევაში

ვერდიქტი: მანიპულირება

ბავშვებსა და მოზარდებს COVID-19-ის გართულების შედარებით ნაკლები რისკი აქვთ, ვიდრე უფროსი ასაკის მოსახლეობას. თუმცა, მტკიცება, რომ ბავშვები COVID-19-ით მძიმედ არ ავადდებიან ან/და არ კვდებიან, სიმართლეს არ შეესაბამება.

კორონავირუსის ახალი შტამები ბავშვებში უფრო მეტად ვრცელდება, ვიდრე წინა შტამები. პედიატრიის ამერიკული აკადემიის, 31 მარტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან თითქმის 12.8 მლნ ბავშვს დაუდგინდა. აშშ-ში ინფიცირების მთლიანი შემთხვევების 19% ბავშვები არიან. აღსანიშნავია, რომ ინფიცირებულებში ბავშვების წილი გაზრდილია, 2021 წლის ივნისის მონაცემებით ჯამური შემთხვევების მხოლოდ 14% მოდიოდა ბავშვებზე.

• ჰოსპიტალიზაცია - ბავშვებმა საერთო კუმულაციური ჰოსპიტალიზაციის 1.2%-4.6% შეადგინეს. ბავშვებს შორის COVID-19-ის ჯამური შემთხვევების 0.1%-1.5%-ში საჭირო გახდა მათი ჰოსპიტალიზაცია.

• სიკვდილიანობა - COVID-19-ით გარდაცვლილთა შორის ბავშვების წილმა 0.00%-0.27% შეადგინა. ბავშვებს შორის COVID-19-ის შემთხვევების 0.00%-0.02% ლეტალურად დასრულდა.

ჯანდაცვის საერთაშორისო უწყებები და მეცნიერები თანხმდებიან, რომ ბავშვები და მოზარდები, განსაკუთრებით ვისაც დაავადების გართულების მაღალი რისკი აქვთ (ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვები), COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით უნდა აიცრან. სამეცნიერო მტკიცებულებებით, ბავშვებსა და მოზარდებში ვაქცინის სარგებელი პოტენციურ რისკს მნიშვნელოვნად აჭარბებს.

CDC-ის ინფორმაციით, ბავშვები ისევე შეიძლება დაინფიცირდნენ COVID-19-ით, როგორც მოზრდილები. ინფიცირების შემთხვევაში ბავშვებს ჯანმრთელობის მოკლე ან გრძელვადიანი გართულებების განვითარების რისკი აქვთ, რომელმაც შესაძლოა, გარდაცვალებაც გამოიწვიოს. ამასთან ბავშვებს, რომლებიც ინფიცირდებიან COVID-19-ით, ასევე შეიძლება ისეთი სერიოზული გართულებები განუვითარდეთ, როგორიცაა მულტისისტემური ანთებითი სინდრომი (MIS-C) - მდგომარეობა, როდესაც სხვადასხვა ორგანოს ანთება ვითარდება, მათ შორის გული, ფილტვები, თირკმელები, ტვინი, კანი, თვალები ან კუჭ-ნაწლავის. მას შემდეგ, რაც პანდემია დაიწყო, აშშ-ში MIS-C-ის 2300-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში. COVID-19-ით გამოწვეული მძიმე დაავადების რისკის ქვეშ უფრო მეტად არიან ის ბავშვები, რომელთაც აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები. COVID-19-ის ვაქცინებს შეუძლია ბავშვები და მოზარდები დაავადების გართულებისა და სიკვდილისგან დაიცვას.

ბავშვებისთვის COVID-19 ვაქცინაციის რეკომენდაციის გაცემამდე, მეცნიერებმა კლინიკური კვლევები ათასობით ბავშვზე ჩაატარეს და უსაფრთხოების სერიოზული პრობლემები არ გამოვლენილა. შესაბამისად, FDA-მ Pfizer-BioNTech-ის ვაქცინას 5-15 წლის ბავშვებში გადაუდებელი გამოყენების ნებართვა მიანიჭა. CDC ყველა COVID-19 ვაქცინის უსაფრთხოების მონიტორინგს ავტორიზაციის ან დამტკიცების შემდეგაც განაგრძობს. Pfizer-BioNTech ვაქცინით აცრის შემდეგ 12-17 წლის მოზარდებში მიოკარდიტის (გულის კუნთის ანთება) და პერიკარდიტის (გულის გარეთა გარსის ანთება) შემთხვევები დაფიქსირდა, თუმცა ეს რეაქციები იშვიათი იყო. კლინიკური კვლევების დროს, 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში მიოკარდიტის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. CDC-ის ცნობით, COVID-19 დაავადების ცნობილი რისკები და მასთან დაკავშირებული შესაძლო მძიმე გართულებები, როგორიცაა: ჯანმრთელობის გრძელვადიანი პრობლემები, ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილიც კი, ბევრად აღემატება ვაქცინაციაზე იშვიათი გვერდითი რეაქციის პოტენციურ რისკებს, მათ შორის, მიოკარდიტის ან პერიკარდიტის რისკს.

მტკიცება: ამ ვაქცინებით გენოტიპის შეცვლა უნდათ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

თინა თოფურია და სხვა ანტივაქსერები მუდმივად ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს COVID-19-ის საწინააღმდეგო, mRNA ვაქცინებს გენოტიპის [1] /დნმ-ის შეცვლა შეუძლია. რეალურად, mRNA ვაქცინებს ადამიანის დნმ-ზე გავლენა არ აქვს.

ვაქცინები, მათ შორის მ-რნმ ვაქცინები, ადამიანის უჯრედის ბირთვში არ აღწევს, სადაც ინახება ჩვენი დნმ (გენეტიკური მასალა) და შესაბამისად, მასში ცვლილებებს ვერ შეიტანს. ვაქცინის ერთადერთი ფუნქცია დაავადებების წინააღმდეგ იმუნიტეტის ჩამოყალიბებაა. ვაქცინაციის შემდეგ, რაც ორგანიზმი ცილას ან ცილის ნაწილს წარმოქმნის, რნმ-ის მოლეკულა იშლება და ორგანიზმი მისგან თავისუფლდება. შესაბამისად, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები ადამიანის გენეტიკას ვერ შეცვლის.

------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

[1]ორგანიზმის ქრომოსომებში ლოკალიზებული ყველა გენის ერთობლიობა


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4017 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
24%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი