ირაკლი კობახიძე: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მეათეხარისხოვანი ნორმები მიიღებოდა და ამაზეც გავრცელდა საერთაშორისო პარტნიორების [კრიტიკული] განცხადება
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის მანიპულირება.
რეზიუმე: ირაკლი კობახიძის ნაგულისხმევი ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში პარლამენტმა გასული წლის აპრილში მიიღო, რომლის თანახმადაც, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის სანქციები გამკაცრდა, ხოლო ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები - გაიზარდა.
ცვლილებებს, მისი შინაარსისა და დაჩქარებული წესით, სათანადო კონსულტაციების გარეშე მიღების გამო, მწვავე კრიტიკა მოჰყვა სამოქალაქო აქტივისტების, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. სიახლე გააკრიტიკა აშშ-ის საელჩომაც.
თუ გავითვალისწინებთ ნორმების შინაარსს, მათი მიღების დროსა და ფორმას; ასევე, ამ პერიოდში ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ ვითარებას, შეიძლება ითქვას, რომ ცვლილებები ხელისუფლების მხრიდან დემონსტრაციების მონაწილეთა წინააღმდეგ რეპრესიული მექანიზმის ერთგვარი გაძლიერება იყო. ამ ნაბიჯით, 19 აპრილის შეთანხმებიდან მალევე, მმართველმა გუნდმა ხაზი გაუსვა, რომ პოლარიზაციის რეალურად შემცირება მათ ინტერესებში არ შედიოდა. აქედან გამომდინარე, სრულიად ბუნებრივი და სამართლიანი იყო აშშ-ის საელჩოს კრიტიკული შეფასებაც. მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესში ერთ-ერთი ფასილიტატორი სწორედ აშშ-ის ელჩი იყო.
ანალიზი
17 თებერვალს, გადაცემაში „იმედი LIVE“, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ, სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან მმართველი გუნდის გარკვეული გადაწყვეტილებების კრიტიკაზე ისაუბრა. კონკრეტულ შემთხვევაში, საუბარი იყო ოპოზიციონერი დეპუტატების, ბადრი ჯაფარიძის, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით გაკეთებულ კრიტიკულ შეფასებებზე.
კობახიძის თქმით, საერთაშორისო პარტნიორების წარმომადგენლებთან კონსულტაციები საჭიროა, თუმცა „საპარლამენტო გადაწყვეტილებებზე მათგან ნებართვის აღება წარმოუდგენელია“.
„მოგეწონებოდათ ხელისუფლება, რომელიც ყოველი საპარლამენტო გადაწყვეტილების მიღების წინ გარბის თავისი საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორის საელჩოში და წინასწარ ეკითხება ნებას ამასთან დაკავშირებით? ... თქვენ გახსოვთ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში რაღაცა მეათეხარისხოვანი ნორმები მიიღებოდა და ამაზეც გავრცელდა განცხადება“, - მიმართა კობახიძემ გადაცემის წამყვანს.
ირაკლი კობახიძის აღნიშნული განცხადება „ფაქტ-მეტრმა“ გადაამოწმა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადება, პირველ რიგში, მანიპულაციურია იმ ნაწილში, სადაც ის საპარლამენტო გადაწყვეტილებების მიღებისას საერთაშორისო პარტნიორებისგან ნებართვის აღებაზე საუბრობს.
საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე მწვავე შეფასებები არაერთხელ მოგვისმენია. კრიტიკას, ბოლო პერიოდში, ძირითადად, სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები და მიმდინარე პროცესები და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები იმსახურებდა. გასულ კვირებში უარყოფითი შეფასებები მოვისმინეთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან და ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებითაც.
მიუხედავად პარტნიორების ხშირი შეშფოთების და იმედგაცრუებისა, მათი არცერთი განცხადება არც პირდაპირ და არც ირიბად არ მიუთითებდა და არ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რომელიმე საკითხი მათთან წინასწარ უნდა შეათანხმოს.
განცხადებები, თითქოს საქართველოს ხელისუფლებისგან რომელიმე საერთაშორისო პარტნიორი წინასწარ ითხოვს შეთანხმებას გარკვეულ გადაწყვეტილებებზე, უპირველეს ყოვლისა, სამართლებრივად ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს, ხელისუფლება დამოუკიდებელია საკუთარ გადაწყვეტილებებში, მათ შორის, საპარლამენტო გადაწყვეტილებების მიღებისას. არც ერთი სამართლებრივი აქტი საერთაშორისო პარტნიორებისთვის ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.
არსებობს საქართველოს მიერ სხვადასხვა დროს საკუთარი ნებით დადებული სხვადასხვა ტიპის საერთაშორისო შეთანხმებები, რომელთა ფარგლებშიც გარკვეული ვალდებულებების შესრულება, პრინციპების დაცვა თუ ხელმომწერ მხარესთან/მხარეებთან ურთიერთთანამშრომლობაა გათვალისწინებული. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერ ქმედებას, რომელიც საფრთხეს უქმნის მსგავსი ტიპის შეთანხმებების შესრულებას და მხარეებთან თანამშრომლობას, სრულიად ლოგიკურად შეიძლება, კრიტიკული შეფასებები მოჰყვეს ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან. თუმცაღა, კრიტიკა არ ნიშნავს ხელისუფლების რომელიმე შტოს გადაწყვეტილებებში ჩარევას ან ამგვარის მცდელობას.
იმ ქვეყნებთან (აშშ, ევროკავშირის ქვეყნები) რომელთა წარმომადგენლებისგან წამოსულ კრიტიკასაც ირაკლი კობახიძე, ფაქტობრივად, კრიტიკითვე პასუხობს, საქართველოს განსაკუთრებული პარტნიორული ურთიერთობა აქვს. ფორმალურად, არსებულ ხელისუფლებას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჯერ კიდევ 2012 წლიდან აქვს დეკლარირებული. ასევე, დეკლარირებული აქვს, რომ მოკავშირეებისაგან მიღებულ დახმარებას საქართველო, საგარეო და საშინაო პრობლემების მოგვარების საქმეში, დემოკრატიულობის გაზრდილი ხარისხით და პროგრესით უპასუხებდა. მიუხედავად ამისა, კრიტიკას, რომელიც სწორედ დემოკრატიის ხარისხის გაზრდასა და საქართველოსა და მის პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის შენარჩუნებას/გაღრმავებას ემსახურება, ირაკლი კობახიძე, პრაქტიკულად, ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევად აფასებს.
მმართველი პარტიის წარმომადგენლებისგან მსგავსი ტიპის მანიპულაციური განცხადებები უკიდურესად მავნებლურია და ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას უწყობს ხელს.
ასევე, მანიპულაციურია ირაკლი კობახიძის განცხადების ის ნაწილიც, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში „რაღაცა მეათეხარისხოვანი ნორმების მიღებას“ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან [კრიტიკული] განცხადებები მოჰყვა.
პრობლემური ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში პარლამენტმა გასული წლის აპრილში მიიღო, რომლის თანახმადაც, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის სანქციები გამკაცრდა, ხოლო ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები - გაიზარდა. კანონპროექტი დაჩქარებული წესით და არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკული შეფასებების ფონზე დამტკიცდა.
აქტივისტების, ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის თანახმად, ცვლილებებით კოდექსი „კიდევ უფრო რეპრესიული“ გახდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ პოლიციის დაუმორჩილებლობაზე პასუხისმგებლობის გამკაცრება სამოქალაქო სივრცის შეზღუდვისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ კი აღნიშნეს, რომ ცვლილებები დამაზიანებლად იმოქმედებს ადამიანის უფლებებზე.
კანონის მიღებას გამოეხმაურა აშშ-ის საელჩოც და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო იმედგაცრუება გამოხატა.
„ამ ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება არასაჭირო და უსარგებლო იყო. ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან სიღრმისეული კონსულტაციის ნაკლებობა აჩენს კითხვებს ამ ცვლილებების მიზანთან დაკავშირებით. საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს შორის დადებული 19 აპრილის შეთანხმება მხარეებს მოუწოდებს ერთობლივად იმოქმედონ კეთილსინდისიერად, რათა შეამცირონ ღრმა პოლარიზაცია, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას“ - წერდა საელჩო 2021 წლის 29 აპრილის განცხადებაში.
დასკვნა
თუკი გავითვალისწინებთ კანონპროექტის შინაარსს, მიღების დროსა და ფორმას, ასევე, ამ პერიოდში ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ცვლილებების ერთადერთი მიზანი აქტივისტების წინააღმდეგ რეპრესიული მექანიზმის ერთგვარი გაძლიერება და მმართველი გუნდის მხრიდან მათი დაშინება იყო.
მუდმივად განახლებადი საპროტესტო აქციების ფონზე, უცხოელი პარტნიორების ჩართულობით, პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებების პროცესის შემდეგ, ასეთი პრობლემური ცვლილებების მიღებას არავითარი გამართლება არ ჰქონდა. ამ ნაბიჯით, 19 აპრილის შეთანხმებიდან მალევე, მმართველმა გუნდმა ხაზი გაუსვა, რომ პოლარიზაციის რეალურად შემცირება მათ ინტერესებში არ შედიოდა. შესაბამისად, მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს შეფასება სრულიად ბუნებრივად და სამართლიანად უნდა მივიჩნიოთ, მით უფრო იმიტომ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესში ერთ-ერთი ფასილიტატორი სწორედ აშშ-ის ელჩი იყო.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, ირაკლი კობახიძის განცხადება, თითქოს უცხოელი პარტნიორების კრიტიკული შეფასება მეათეხარისხოვანი ნორმების მიღებას მოჰყვა, მანიპულაციაა - კონტექსტის მიზანმიმართული და უხეში დამახინჯებით.