19 მარტს ანდრეი ნიკოლაევიჩ ბოჩაროვმა 2011 წელს NATO-ს მიერ ლიბიაში განხორციელებული ოპერაციის შესახებ შემდეგი ინფორმაცია გამოაქვეყნა: „დღეს, 19 მარტს, ზუსტად 11 წელი გავიდა ლიბიაში NATO-ს ინტერვენციის დაწყებიდან. ერთ-ერთი მიზეზი იყო საფრანგეთის უკმაყოფილება კადაფის მცდელობებით, შეექმნა პანაფრიკული ვალუტა და ჩაენაცვლებინა პარიზზე მიბმული ფულადი სისტემა. NATO-მ 2011 წელს ლიბიაზე 10000-ზე მეტი საჰაერო თავდასხმა განახორციელა. დაიღუპა 50000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. როდესაც NATO-ს ჰკითხეს მშვიდობიანი მოსახლეობის შესახებ, ისინი ამტკიცებდნენ, რომ ეს იყო კოლატერალური ზიანი, რაც ომში ხდება“.
2011 წელს NATO-მ ლიბიის სამოქალაქო ომში დიქტატორ მუამარ კადაფის მიერ მისი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული თავდასხმისა და თავდასხმის მუქარის აღსაკვეთად გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ სანქცირებული სამხედრო ინტერვენცია განახორციელა. 2011 წლის 17 მარტს მიღებული გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია #1973, საოკუპაციო ძალის განთავსების გარდა, ლიბიაში სამოქალაქო პირების დაცვისა და შეიარაღების ემბარგოს აღსრულებისთვის ყველა საჭირო ზომის ავტორიზებას ახდენდა. რეზოლუციით, ლიბიის საჰაერო სივრცე არასაფრენ ზონად ცხადდებოდა და სანქციები მკაცრდებოდა. ლიბიის მმართველი რეჟიმის დაპირების მიუხედავად რეზოლუციით მოთხოვნილი ცეცხლის შეწყვეტა არ განხორციელდა. ამიტომ, 19 მარტიდან NATO-ს საჰაერო ძალებმა ლიბიაში სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია #1973-ით ავტორიზებული საჰაერო დარტყმების განხორციელება დაიწყეს. ოპერაციის მიზანს ლიბიის მშვიდობიანი მოქალაქეების და მშვიდობიანი მოქალაქეებით დასახლებული არეალის თავდასხმისგან და თავდასხმის მუქარისგან დაცვა წარმოადგენდა.
NATO-ს მიერ ამერიკული ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია Lead Stories-სთვის მიწოდებული ინფორმაციით, NATO-ს საჰაერო ძალებმა დაახლოებით 7600 ჰაერი-მიწა ტიპის სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. ამასთან, NATO-ში აღნიშნავენ, რომ საჰაერო თავდასხმების კამპანია უპრეცედენტო სიზუსტით გამოირჩეოდა და ეს იყო პირველი საჰაერო კამპანია ისტორიაში, რომელშიც მხოლოდ ზუსტი დამიზნების საბრძოლო მასალები გამოიყენეს. ეს კი მშვიდობიანი მოსახლეობისადმი რისკის მნიშვნელოვნად ამცირებდა.
ლიბიის საკითხზე გაერო-ს დანიშნულმა საერთაშორისო კომისიამ ხაზი გაუსვა, რომ NATO-მ მაღალი სიზუსტის კამპანია ჩაატარა, სადაც აშკარა იყო NATO-ს ძალისხმევა, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი აცილებინა. თუმცა, კადაფის რეჟიმისგან მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის მასშტაბურ საჰაერო ოპერაციას გარკვეული სამოქალაქო მსხვერპლი მაინც მოჰყვა და გაერო-ს კომისიამ შეზღუდული რაოდენობის შემთხვევებში სამოქალაქო მსხვერპლის არსებობა დაადგინა. კომისიის მიერ გამოძიებულ 20 შემთხვევაში კოალიციის საჰაერო დარტყმებს მინიმუმ 60 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. თუმცა Airwars-ის თანახმად, [1] ეს რიცხვი უფრო დიდი შეიძლება იყოს. Airwars-მა 2011 წელს ლიბიაში მიმდინარე ომის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის შეფასებისთვის ღია ინფორმაცია გააანალიზა. მის თანახმად, NATO-ს კოალიციის ძალების თავდასხმებს მინიმუმ 223 და მაქსიმუმ 403 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა (აჯანყებულების ძალებს მინიმუმ 50 და მაქსიმუმ 113, ხოლო კადაფის ძალებს მინიმუმ 869 და მაქსიმუმ 1999).
გაერო-ს კომისიის გარდა, ბრიტანეთის არმიის გენერალ-მაიორმა რობ უეიგჰილმა, რომელიც კონფლიქტის დროს გაერთიანებული ძალების ოპერაციების ხელმძღვანელი იყო, განაცხადა, რომ NATO-მ მშვიდობიანი მოსახლეობისადმი მიყენებული ზარალის ბრალდებების შესახებ შიდა მოკვლევა ჩაატარა. რამდენიმე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა არასწორ გასროლას (misfire), თუმცა სხვა შემთხვევები, რომელსაც სამოქალაქო მსხვერპლი მოჰყვა, მათ შორის მაჯერში განხორციელებული თავდასხმა, სადაც გაერო-ს დასკვნით, ორჯერ განხორციელებული დარტყმის (double-tap strike) შედეგად 34 სამოქალაქო პირი დაიღუპა, მოკვლევამ გამართლებულად მიიჩნია. გენერალ-მაიორის თქმით, მაჯერში განხორციელებული მეორე თავდასხმაც გამართლებული იყო, რადგან იქ მართვისა და კონტროლის ბუნკერი კვლავ ფუნქციონირებდა. თუმცა ოპერაციის დროს დარტყმების შედეგად სამოქალაქო მსხვერპლის გაზომვისთვის NATO-ს ხმელეთზე არავითარი მექანიზმი არ გააჩნდა. შესაბამისად, უეიგჰილი ამბობს, რომ მათ თავდასხმების შემდეგ სამოქალაქოების დაშავების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ვერ ექნებოდა, თუმცა, მისი აზრით, საჰაერო თავდასხმების შედეგად სამოქალაქოები, სავარაუდოდ, გარდაიცვალნენ.
Human rights watch-ის 2012 წლის ანგარიშის თანახმად, NATO-ს საჰაერო დარტყმების შედეგად მინიმუმ 72 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის მესამე 18 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვი, გარდაიცვალა. ხოლო Amnesty International-ის ინფორმაციით, NATO-ს საჰაერო იერიშებს მინიმუმ 55 სამოქალაქო პირი, მათ შორის 16 ბავშვი და 14 ქალი, ემსხვერპლა. New York Times-ის გამოძიების მიხედვით, ეს რიცხვი მინიმუმ 40 არის, თუმცა შეიძლება 70-ზე მეტის იყოს.
აღსანიშნავია, რომ კადაფის ძალების მიერ მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი იყო არტილერიის ან საჰაერო თავდასხმების შედეგი. ეს მიუთითებს, რომ NATO-ს მიერ კადაფის ძალების მძიმე შეიარაღების განადგურებამ და არასაფრენი ზონის დაწესებამ კადაფის მიერ მშვიდობიან მოსახლეობაზე ძალადობის განხორციელების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შეამცირა, რამაც, ლოგიკურად, სამოქალაქო მსხვერპლის რაოდენობაც შეამცირა.
ლიბიაში NATO-ს მიერ განხორციელებულ საჰაერო თავდასხმებს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მართლაც მოჰყვა. თუმცა ეს NATO-ს მხრიდან გამიზნულად სამოქალაქოების სამიზნეში ამოღებისა ან ქალაქების განურჩეველი დაბომბვის შედეგი არ იყო. პირიქით, NATO მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესამცირებლად მხოლოდ ზუსტი დამიზნების საბრძოლო მასალებს იყენებდა. სხვადასხვა გამოძიების შედეგად დადგენილი სამოქალაქო მსხვერპლი გაცილებით ნაკლებია და არ აღემატება, ყველაზე მაქსიმალური გაანგარიშებით 500 ადამიანს. ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია მცდარია.
------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.
[1] ავტორიტეტული ანალიტიკური ორგანიზაცია, რომელიც სამხედრო ოპერაციების და კონფლიქტის ზონებში (მაგალითად, ერაყში, სირიასა და ლიბიაში) მათგან გამოწვეული სამოქალაქო ზიანის შესახებ ინფორმაციასა და დოკუმენტს აგროვებს, აარქივებს, აანალიზებს და აფასებს.