ინფორმაცია, თითქოს ქართველი მოხალისეები უკრაინაში ნაცისტების მხარეს იბრძვიან, მცდარია. მტკიცება რომ უკრაინა „ნაცისტებისგან“ იმართება, კრემლის ყალბი არგუმენტია, რის საფუძველზეც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ გაუმართლებელი სრულმასშტაბიანი ომი დაიწყეს.
საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა, სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად ჩასული ქართველი მოხალისეების გადაადგილება კიევის მახლობლად. მოგვიანებით ერთ-ერთმა მომხმარებელმა აღნიშნული ვიდეო შემდეგი წარწერით გააზიარა:, „ქართველი დაქირავებული სამხედროები საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მეთაურობით ნაცისტების მხარეს იბრძვიან“.
აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის გასამართლებლად კრემლისა და პირადად ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთი ძირითადი ყალბი გზავნილი სწორედ ისაა, რომ უკრაინის ხელისუფლებაში „ნაცისტები“ იმყოფებიან და თითქოს უკრაინა „ნაცისტური“ სახელმწიფოა. 24 თებერვალს უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების გასამართლებლად პუტინმა აღნიშნა, რომ „ოპერაცია“ მიზნად ისახავდა „ადამიანების გენოციდისგან დაცვასა და უკრაინის დემილიტარიზაცია-დენაციფიკაციას“.
ბოლო წლებში, კრემლის ანტიუკრაინული პროპაგანდის მთავარი მტკიცებაა, რომ უკრაინა არის ნაცისტური, ფაშისტური სახელმწიფო, რომელიც მოქალაქეებს უფლებებს ეთნიკურ საფუძველზე არღვევს და ხალხს უკრაინულის გარდა სხვა ენებზე საუბარს უკრძალავს.
მტკიცება, რომ უკრაინელები ნაცისტები არიან, აბსურდულია. ერთადერთი, ვინც უკრაინის ხელისუფლებას ნაციზმში სდებს ბრალს, რუსეთია. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ უკრაინაში მიზანმიმართული მასობრივი მკვლელობები ან ეთნიკური წმენდა მიმდინარეობდა.
ის, რომ უკრაინის ხელისუფლებაში ნაცისტები არ არიან და ეს კრემლის პროპაგანდისტული გზავნილია, არაერთი ფაქტით მტკიცდება. საერთაშორისო საზოგადოებამ უკრაინისადმი უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოხატა. განსაკუთრებულია გაერო-ს გენერალური ასამბლეის 2 მარტის სხდომა, სადაც უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესახებ მიიღეს რეზოლუცია. რეზოლუცია, სახელწოდებით - „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“, „მოითხოვს, რომ რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავის ჯარები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში მდებარე ტერიტორიიდან.“ მასში დაგმობილია 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში განხორციელებული აგრესია და გამოხატულია ღრმა შეშფოთება სამოქალაქო დაწესებულებებზე თავდასხმებისა და სამოქალაქო პირების, მათ შორის, ქალების, მოხუცების, სპეციალური საჭიროების მქონე პირებისა და ბავშვების, დაღუპვის გამო.
აღსანიშნავია, რომ მოცემული რეზოლუცია უკანასკნელი ოთხი ათწლეულის განმავლობაში გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული ამ ტიპის პირველი რეზოლუციაა. დოკუმენტს მხარი 141-მა სუვერენულმა სახელმწიფომ დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა მისცა 5-მა ქვეყანამ (რუსეთი, ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა, სირია, ერიტრეა). ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რუსეთის აბსურდულ მტკიცებას უკრაინაში ნაცისტური რეჟიმის არსებობის შესახებ მსოფლიოს მხოლოდ 5 სახელმწიფო უერთდება. სხვა 141-ივე სახელმწიფო აგრესორად მოიხსენიებს რუსეთს და არა უკრაინას.
გარდა ამისა, ჯერ კიდევ 17 თებერვალს, გაერო-ს უშიშროების საბჭოში სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, რომლის მამინაცვალი ჰოლოკოსტს გადაურჩა, მსოფლიო გააფრთხილა, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმისთვის საბაბს შექმნის: „რუსეთმა შეიძლება აღწეროს ეს მოვლენები, როგორც ეთნიკური წმენდა ან გენოციდი, მასხრად აიგდებს იმ კონცეფციას, რომელსაც ჩვენ ამ პალატაში ასე მსუბუქად არ ვუყურებთ და არც მე ვუყურებ მსუბუქად ჩემი ოჯახის ისტორიიდან გამომდინარე“.
გერმანიის ელჩმა ისრაელში ასევე განაცხადა, რომ პუტინის ბრალდებები ნაციზმის შესახებ „ამაზრზენია“: „ეს საზიზღარია, ამაზრზენია. ეს არის ჰოლოკოსტის დამახინჯება. პუტინი ყველაფერს დემოკრატიულს „ნაციზმს“ უწოდებს. მთელი სულით ბოდიშს ვუხდი უკრაინის მამაც ებრაელ პრეზიდენტს“.
აღსანიშნავია, რომ ისრაელის გარდა, უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა, რომლის სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური ებრაელია. ზელენსკიმ რუსეთის აგრესიის შემდგომ საჯარო მიმართვისას პუტინის აბსურდულ ბრალდებას შემდეგნაირად უპასუხა: „როგორ შეიძლება მე ნაცისტი ვიყო? აუხსენით ეს ჩემს ბაბუას“.
დღეისათვის უკრაინაში 360,000-400,000 ებრაელი ცხოვრობს, რომლებიც ქვეყანაში თანასწორი უფლებებით სარგებლობენ. მართალია, ბოლო დროს ქვეყანაში გარკვეული ულტრამემარჯვენე ჯგუფები გააქტიურდნენ, რომლებიც სინაგოგებსა და ებრაულ მემორიალებზე ფაშისტურ სიმბოლოებს ხატავდნენ და მსვლელობებს აწყობდნენ. თუმცა გასულ უკრაინის მთავრობამ ამ ქმედებების აღსაკვეთად ანტისემიტიზმის კრიმინალიზების აქტი გაამკაცრა.
Jewish Journal-ში გენოციდის, ნაციზმის და მეორე მსოფლიოს ომის საკითხებზე მომუშავე მკვლევრებმა და ექსპერტებმა მთელი მსოფლიოდან, 27 თებერვალს, ერთობლივი ღია წერილი გამოაქვეყნეს, სადაც ვკითხულობთ: „ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ რუსეთის მთავრობის მხრიდან ტერმინ გენოციდის, ასევე ჰოლოკოსტისა და მეორე მსოფლიო ომის ხსოვნის, ცინიკურ და ბოროტად გამოყენებას, უკრაინის სახელმწიფოს ნაცისტურ რეჟიმთან გატოლებას რუსეთის ფედერაციის არაპროვოცირებული აგრესიის გასამართლებლად. ეს რიტორიკა ფაქტობრივად არასწორი და მორალურად ამაზრზენია და ღრმად შეურაცხყოფს ნაციზმის მილიონობით მსხვერპლის ხსოვნას და მათ, ვინც გაბედულად იბრძოდა მის წინააღმდეგ, მათ შორის - წითელი არმიის უკრაინელ და რუს ჯარისკაცებს“.
----------------------------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.