დავით შერაზადიშვილი: 2018 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი სოფელ მუშევანის მოსახლეობას შეხვდა და სოფელში არსებული პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, დავით შერაზადიშვილის დაპირება ნაწილობრივ შესრულდა.
რეზიუმე: 2018 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად, სოფელ მუშევანში არსებული პრობლემების გასაცნობად, ადგილობრივი მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრა იმ ობიექტების მიმდებარე ტერიტორიაზე შედგა, რომლის რეაბილიტაციასაც ადგილობრივები ითხოვდნენ: სოფლის შიდა გზების რეაბილიტაცია, სკოლის ეზოში მდებარე ხევის იზოლირება, რიტუალების სახლისთვის ინვენტარის შეძენა, რიტუალების სახლისა და სკოლის ეზოს გამყოფი ღობის გაკეთება. აღნიშნული საკითხები მერმა მოსახლეობასთან ერთად განიხილა და ეტაპობრივად, ყველა პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა.
მოცემული მდგომარეობით, მერის მიერ გაცემული დაპირებიდან მხოლოდ ერთი შესრულდა: რიტუალების სახლისთვის მაგიდებისა და სკამების შეძენა. თუმცა შენობის დაზიანებული ჭერიდან წყალი ჩაედინება და ინვენტარი ფუჭდება.
რაც შეეხება სკოლის ეზოში მდებარე ხევს, რომელიც მოსწავლეებს საფრთხეს უქმნის, დღემდე ღიადაა დარჩენილი. ასევე მოუწესრიგებელია სოფლის შიდა გზები. ბეტონის საფარი და ხიდი მხოლოდ სოფლამდე მისასვლელ გზაზე მოწესრიგდა.
აქედან გამომდინარე, ფაქტ-მეტრი მიიჩნევს, რომ დავით შერაზადიშვილის დაპირებიდან მხოლოდ მცირე ნაწილი შესრულდა.
ანალიზი:
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, 2018 წლის ივნისში, სოფელ მუშევანის მოსახლეობას შეხვდა და იმ პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა, რომლებიც მოსახლეობას, უკვე წლებია, რაც აწუხებს.
სოფელში ოთხასი ოჯახი ცხოვრობს. მათთვის პირველი რიგის პრობლემას არსებული რიტუალების სახლის ინვენტარით აღჭურვა და იქ სამზარეულოს მოწყობა, ასევე, რიტუალების სახლსა და სკოლის ეზოებს შორის გამყოფი ღობის გაკეთება წარმოადგენდა. სოფლის სკოლის დირექციამ კი მერს სკოლის ეზოში არსებული ხევის შემოღობვაც სთხოვა, რადგან ის მოსწავლეებს საფრთხეს უქმნის. ადგილობრივებმა სოფლის შიდა გზების მოწესრიგებაც მოითხოვეს და დავით შერაზადიშვილისგან მიიღეს დაპირება, რომ ყველა პრობლემას ეტაპობრივად მოაგვარებდა.
„ფაქტ-მეტრმა“ სიტუაცია ადგილზე შეისწავლა. როგორც აღმოჩნდა, მერის დაპირებებიდან მხოლოდ მცირე ნაწილი შესრულდა. კერძოდ, მუნიციპალიტეტმა რიტუალების სახლისთვის ინვენტარი შეიძინა. თუმცა შენობა, რომელიც რამდენიმე წლის წინ უფუნქციოდ დარჩენილი სპორტდარბაზის ადგილზე აშენდა და დღეს რიტუალების სახლია, ჭერიდან ჩამავალი წვიმის გამო ზიანდება. მოსახლეობა ამბობს, რომ ინვენტარიც ფუჭდება. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე სოფლის რიტუალების სახლებისთვის ავეჯის შეძენის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერიამ 54 731 ლარი გადაიხადა. აქედან 15 198 ლარი - მხოლოდ სოფელ მუშევანის სარიტუალო დარბაზის მაგიდებსა და სკამებში.
სოფელ მუშევანის რიტუალებს სახლი
მუნიციპალიტეტმა, რიტუალების სახლის აშენების დროს, წყლის გაყვანილობა არ გაითვალისწინა. მოსახლეობამ ამ პრობლემის მოგვარება საკუთარი ხარჯით გადაწყვიტა.
„ეს შენობა, დაახლოებით, ხუთი წლის წინ, მუნიციპალიტეტმა აგვიშენა, მაგრამ შიგნით, სკამების გარდა, არანაირი პირობა არაა, არც სამზარეულო, არც არაფერი. რასაც ხედავთ, ყველაფერი, წყლის გაყვანილობაც, ჩვენი ხარჯით არის გაკეთებული”, - გვითხრა მუშევანში მცხოვრებმა თენგიზ სარიევმა.
მეორე საკითხი, რომლის მოგვარებასაც მუნიციპალიტეტის მერი სკოლის დირექციასა და მოსახლეობას დაჰპირდა, სკოლის ეზოში მდებარე ხევის იზოლირება იყო, რათა მოსწავლეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე არ შეჰქმნოდა. ხევი დღემდე ღიადაა დარჩენილი. ეს ჩვენ მიერ გადაღებულ ფოტოზეც ჩანს.
ღიად დატოვებული ხევი სოფელ მუშევანის სკოლის ეზოში
ნაწილობრივ შესრულდა მუშევანის მოსახლეობისთვის მიცემული პირობა სოფლის მისასვლელი და შიდა გზების მოწესრიგების შესახებ. კერძოდ, ეტაპობრივად განხორციელდა მუშევანში მისასვლელი გზის მოწყობისა და ამ გზაზე არსებული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მიუხედავად იმისა, რომ მერის მიერ გაცემული დაპირებიდან თითქმის ოთხი წელი გავიდა, შიდა გზების მოწესრიგება არ დაწყებულა. პროექტი 2022 წლის ბიუჯეტშიც არ არის გათვალისწინებული.
სოფელ მუშევანის გზა
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის დაპირება მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდა. სარიტუალო დარბაზი მართლაც აშენდა, თუმცა მისი კეთილმოწყობის სამუშაოები ხარისხიანად არ შესრულებულა, სოფლამდე გზა მიყვანილია, თუმცა სოფლის შიდა გზები ისევ მოუწესრიგებელი დარჩა, ხოლო სკოლის ეზოში არსებული ხევი - არ შემოღობეს.