სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ფოთის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობა შეისწავლა. შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში, რომელიც მიმდინარე წლის მარტში გამოქვეყნდა, რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზეა საუბარი. განსაკუთრებული ადგილი დაუსრულებელ, ასევე, უხარისხოდ შესრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეთმობა.

ერთ-ერთი პროექტით, რომლის განხორციელებაც მუნიციპალიტეტმა 2019 წელს დაიწყო, ნინო ჟვანიას ქუჩაზე მდებარე სპორტულ დარბაზს კაპიტალური სამუშაოები უნდა ჩასტარებოდა. ტენდერში ორი პრეტენდენტი მონაწილეობდა, თუმცა დაბალი ფასით მონაწილე კომპანიას დისკვალიფიკაცია მიენიჭა და 345 209-ლარიანი ხელშეკრულება „შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობის კასპიისპირეთის სამმართველოსთან“ გაფორმდა.

სამუშაოების შესრულების ვადა, კოვიდპანდემიის მიზეზით, ორჯერ გახანგრძლივდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე ატვირთული დოკუმენტების თანახმად, პროექტი 2020 წლის 19 ივნისს დასრულებული უნდა ყოფილიყო, თუმცა, ანგარიშის თანახმად, 2021 წლის მდგომარეობითაც დაუსრულებელია. უფრო მეტიც, ამ ეტაპზე, 2022 წლის 20 მარტის მდგომარეობით, მხარეებს შორის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი ჯერაც გაფორმებული არ არის და კომპანიისთვის გადახდილი თანხის მოცულობა მთლიანი ღირებულების 56%-ს ანუ 194 003 ლარს შეადგენს. კიდევ 44 700 ლარის ღირებულების სამუშაოები მუნიციპალიტეტმა არ ჩაიბარა, რადგან ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული არ იყო. მიმწოდებელს კი, პირგასამტეხლოს სახით, 11 400 ლარის გადახდა დაეკისრა.

სამუშაო პროცესს, მუნიციპალიტეტის დაკვეთით, ზედამხედველობას შპს „თი აი ეი ჯი აუდიტესკორტი“ უწევდა. შეუსაბამობების გამოვლენისთანავე, მას შემსყიდველისთვის დაუყოვნებლივ უნდა ეცნობებინა. ზედამხედველს ასევე მშენებლებისთვის, ხარვეზის გამოსასწორებლად, გონივრული ვადა უნდა განესაზღვრა და მიმდინარე სამუშაოები შეეჩერებინა. აუდიტორების დასკვნით, შპს „თი აი ეი ჯი აუდიტესკორტმა“ არსებული ბერკეტები არ გამოიყენა, ხოლო მერიამ მის მიმართ შესაბამისი ღონისძიებები არ გაატარა.

აღსანიშნავია, რომ კომპანია უცხოური (ყაზახეთი) საწარმოს ფილიალია და ის სააგენტოს „შავ სიაში“ ორჯერ მოხვდა: პირველად - 2021 წლის დეკემბერში, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შესყიდული სამუშაოების არაჯეროვნად შესრულებისთვის და მეორედ - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისთვის.

კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის კაპიტალურ შეკეთებას გულისხმობს, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ 2020 წლის 27 ნოემბერს გამარტივებული ფორმით (CMR200138637) შეისყიდა. სამუშაოები 2020 წლის 31 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო. თუმცა ვადა 2021 წლის 30 იანვრამდე გახანგრძლივდა. 27 იანვარს კი ზედამხედველმა კომპანიამ შემსყიდველს აცნობა, რომ მიმწოდებელი სამუშაოებს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შეუსაბამოდ აწარმოებდა. კონკრეტულად კი, შპს „ტოტალი“ გადახურვას სახლზე არსებული რკინა-ბეტონის ფილების დემონტაჟისა და გადახურვის ფილის მოწყობის გარეშე ახორციელებდა. მერიის პასუხისმგებელი პირის განმარტებით, აღნიშნული ფაქტი გამოიწვია იმან, რომ კომპანიას შესაბამისი ამწე მექანიზმი არ გააჩნდა. ეს ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტის მერიამ სათანადო კვალიფიკაციისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მქონე მიმწოდებელი არ შეარჩია. ანგარიშის თანახმად, სამუშაოები დასრულდა, თუმცა მუნიციპალიტეტმა არ ჩაიბარა, რადგან პროექტის დარღვევით განხორციელდა.

უხარისხოდ განხორციელდა მალთაყვის უბანში სანაპირო ზოლის მეორე ეტაპის რეაბილიტაციის სამუშაოები. ხელშეკრულება შეუსრულებელია, ხოლო 2 026 705 ლარი - გადახდილი. პროექტის მთლიანი ღირებულება 3 836 165 ლარს შეადგენდა. 2017 წელს გამოცხადებულ 4 063 733 ლარის (დღგ-ის გარეშე) სავარაუდო ღირებულების ტენდერში ცხრა პრეტენდენტი ჩაერთო. ყველაზე დაბალი ფასი შემსყიდველს შპს „ანტ სტროი ლტდ 2016-მა“ შესთავაზა. კომპანიამ სავარაუდო ღირებულება თითქმის 20%-ით გააიაფა. პროექტი მალთაყვის სანაპირო ზოლზე გზისა და ბულვარის განათებას, კაფე-სანაყინეების, ხიდების, საჩრდილობლების, სათვალთვალო კოშკების, საშხაპეების, სკუტერების მისადგომებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებდა. თუმცა მიმწოდებელმა სამუშაოების დასრულება ვერ შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ ვადა არაერთხელ გაუხანგრძლივდა. კომპანიამ 2 026 700 ლარის სამუშაო შეასრულა და 2019 წლის 25 იანვარს ხელშეკრულება შეუწყდა. აუდიტორების მიერ შესწავლილი დოკუმენტაციით გაირკვა, რომ 469 800 ლარის სამუშაოებზე ექსპერტიზის დასკვნა წარდგენილი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოების ხარისხი და მოცულობა შემოწმებული და დადასტურებული არ იყო, მუნიციპალიტეტმა, ხელშეკრულების დარღვევით, მაინც ჩაიბარა და მიმწოდებელს თანხა გადაუხადა. აუდიტის ჯგუფმა, მალთაყვის სანაპიროს ადგილზე დათვალიერების შედეგად, გამოავლინა, რომ სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა, უმეტესობა მნიშვნელოვნად დაზიანებულია, პროექტი დაუსრულებელია და უფუნქციო, რადგან მისი დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, კომპანია მხოლოდ ერთხელ დაჯარიმდა - 17 500 ლარით. ამის შემდეგ მუნიციპალიტეტმა ჯარიმის დარიცხვა შეწყვიტა და როგორც ანგარიშში წერია, დაკისრებული თანხის გადახდაც არ მოსთხოვა. აღსანიშნავია, რომ სამუშაოებზე ზედამხედველობას ამჯერადაც შპს „თი აი ეი ჯი აუდიტესკორტი“ ახორციელებდა.

იგივე კომპანია იყო ზედამხედველი კიდევ რამდენიმე ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობისას, რომლებიც აუდიტის ანგარიშში მოხვდა. მაგალითად: ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტმა 2019 წლელს 723 859 ლარად შპს „იმედისგან“ შეისყიდა. ექსპერტის დასკვნით ირკვევა, რომ შესრულებული სამუშაოების მოცულობა, ღირებულება და ხარისხი დადასტურებულია. იგივე დაადასტურა მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილმა სამუშაოს მიმღებმა ჯგუფმაც და შემსრულებელს ღირებულება აუნაზღაურა.

აუდიტის ჯგუფმა პროექტი დაათვალიერა. გამოვლინდა, რომ რეაბილიტირებული შენობის შიდა სივრცეში კედლებზე, ჭერსა და იატაკზე მრავალი დაზიანებაა, გრანიტის ფილების ნაწილი ჩამოცვენილია, თუმცა ექსპერტიზით დადასტურებული სამუშაოები მუნიციპალიტეტს სრულად აქვს ჩაბარებული.

გარდა ამისა, როგორც აუდიტი წერს, დაზიანებულია სხვა ხელშეკრულებების ფარგლებში, 2019-2020 წლებში განხორციელებული, ჯამში, 830 500 ლარის ღირებულების სამუშაოებიც. ობიექტები დამატებით რეაბილიტაციას საჭიროებს. მისივე დასკვნით, ექსპლუატაციის პროცესში გამოვლენილი დაზიანებები, ძირითადად, მოქმედი სამშენებლო წესებისა და ნორმების დარღვევის შედეგია. მათი გამოვლენა კი საზედამხედველო და საექსპერტო დაწესებულებების ვალდებულება იყო.

აუდიტის ანგარიშის თანახმად, მუნიციპალიტეტს აღნიშნული ორგანიზაციების პასუხისმგებლობის შესახებ არ უმსჯელია და სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია. შემსყიდველს მიმწოდებლისთვის არც ხარვეზების გამოსწორების მოთხოვნით არ მიუმართავს.

ფოტო:report.ge