რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ 17 მარტს ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსული შეიარაღებული ძალები უკრაინის ქალაქებს არ ბომბავენ და რუსული მხარე ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩეს. ზახაროვა ასევე ამტკიცებს, რომ კიევი მარიუპოლის თეატრის აფეთქების რუსეთზე გადაბრალებას ცდილობს.

მტკიცება: რუსული შეიარაღებული ძალები უკრაინის ქალაქებს არ ბომბავენ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

რუსული მხარე დეზინფორმაციული კამპანიით აქტიურად ცდილობს დაამტკიცოს, რომ თითქოს რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის ქალაქებს არ ბომბავენ. მიუხედავად აღნიშნული მტკიცებისა, ფაქტია, რომ 24 თებერვლიდან დღემდე, რუსულ საოკუპაციო ძალებს იერიშები ქალაქებსა და სოფლებზე, საცხოვრებელ და სტრატეგიულ ობიექტებზე ყოველდღიურად მიაქვთ. განსაკუთრებული შეტევის ობიექტებს უკრაინის არაერთი დიდი ქალაქი - კიევი, ხარკოვი, მარიუპოლი - წარმოადგენს.

ქვეყნის დედაქალაქი - კიევი, ომის დაწყებიდან, ინტენსიური დაბომბვის ქვეშაა. ქალაქის დაბომბვა 25 თებერვლის დილიდან დაიწყო და როგორც უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო აცხადებდა, კიევი ბალისტიკური რაკეტებით იბომბებოდა. მას შემდეგ, დედაქალაქი ფაქტობრივად ყოველდღიურად რუსული ბომბების სამიზნეა, რასაც სამოქალაქო ინფრასტრუქტურის - საცხოვრებელი სახლების, კორპუსების, სავაჭრო ცენტრის, განადგურება მოჰყვა.

უკრაინა-რუსეთის ჩრდილო-დასავლეთ საზღვართან არსებული ქალაქი ხარკოვიც რუსული თავდასხმის ადრეული სამიზნე გახდა. ომის დაწყებიდან დღემდე ხარკოვი გამუდმებით იბომბება. 28 თებერვალს, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშენკომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსმა სამხედროებმა ქალაქი ხარკოვი გრადის ტიპის რაკეტებით დაბომბეს. რუსულმა ბომბებმა გაანადგურა ქალაქის ცენტრი, ხარკოვის ეროვნული უნივერსიტეტი და სხვა ღირსშესანიშნაობები, მათ შორის - ქალაქის თავისუფლების მოედანი, ხარკოვის სახელმწიფო აკადემიური ოპერისა და ბალეტის თეატრი და ფილარმონიის შენობა. როგორც ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ოლეგ სინეგუროვი აცხადებდა, 14 მარტს, საოკუპაციო ძალებმა ხარკოვი რუსეთის ტერიტორიიდან სარაკეტო კომპლექს „ისკანდერით“ დაბომბეს.

განსაკუთრებული თავდასხმების სამიზნეა ქალაქიგანადგურებულია., რომელიც უკრაინისთვისაც და რუსეთისთვისაც სტრატეგიულ ობიექტს წარმოადგენს. მარიუპოლი რუსეთის საოკუპაციო ძალებს სამ კვირაზე მეტია ბლოკადაში ჰყავთ მოქცეული, რომელიც სარაკეტო და საავიაციო დარტყმების შედეგად თითქმის მთლიანად განადგურებულია. სხვადასხვა დროს, რუსულმა მხარემ მარიუპოლის სამშობიარო სახლზე, ბავშვთა საავადმყოფოზე, დრამატულ თეატრსა და სკოლის შენობაზე მიიტანა იერიში.

რუსული ძალების მხრიდან ყოველდღიური დაბომბვის ობიექტს წარმოადგენდა ქალაქი ნიკოლაევიც. უკრაინის ჯარები ქალაქს რამდენიმე ფრონტზე, საარტილერიო სროლების, ვერტმფრენების და სარაკეტო დარტყმების პირისპირ იცავდნენ. ზემოთ ჩამოთვლილი ქალაქების გარდა, რუსული სარაკეტო დარტყმების ობიექტი უკრაინის სხვა ქალაქებიც გახდა - ხერსონი, ჟიტომირი, ირპინი და სხვ.

აქვე აღსანიშნავია, რომ ჰააგაში გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ (ICJ) 16 მარტს, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში სამხედრო ოპერაციის განხორციელება დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს. უკრაინამ რუსეთს ჰააგაში აგრესიის გასამართლებლად „გენოციდის მნიშვნელობის დამახინჯებისთვის“ უჩივლა.

აქვე აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ, დღემდე რუსეთის მხრიდან ქალაქებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის არაერთი ფაქტი გამოვლინდა. როგორც Bellingcat წერს, რუსეთის შეიარაღებული ძალები ხარკოვის საცხოვრებელი უბნების დასაბომბად კასეტურ საბრძოლო მასალას მასიურად იყენებენ. ასეთი ტიპის იარაღი იფანტება და ფეთქდება დიდ ტერიტორიაზე, რაც ზარალს და მსხვერპლს ზრდის. კასეტური საბრძოლო მასალები წარმოადგენს „დაუყოვნებელ საფრთხეს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის კონფლიქტის დროს". ხარკოვის გარდა, კასეტური ბომბები გამოიყენეს ოხტირკაში, საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზეც. აქვე, მნიშვნელოვანია, რომ Bellingcat The Global Authentication Project-ის მეშვეობით, უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის პოტენციური ზიანის ამსახველ შემთხვევების დეტალურ დოკუმენტირებას ახდენს, რუსეთის ფედერაციის მტკიცებების გათვალისწინებით, რომ რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას თავს არ ესხმის.

ჯერ კიდევ 25 თებერვლის პრესრელიზში Amnesty International-მა რუსეთი „სამოქალაქო ტერიტორიებსა და დაცულ ადგილებზე, როგორიცაა საავადმყოფოები, განურჩეველ თავდასხმებში" დაადანაშაულა. განცხადებაში მოყვანილია სამი მაგალითი, მათ შორის 24 თებერვალს თავდასხმა საავადმყოფოს შენობის სიახლოვეს, რის შედეგადაც 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ათზე მეტი დაშავდა. Amnesty International-ის თანახმად, რუსეთის თავდასხმები მოიცავს შესაძლო „ომის დანაშაულებს“. მოგვიანებით, Amnesty International-მა დამატებითი გამოძიების შედეგად გამოაქვეყნა იმ ვერიფიცირებული ობიექტების სია თარიღების მიხედვით, რომლებიც დანამდვილებით რუსული თავდასხმის, მათ შორის დაბომბვის, ობიექტი გახდა:

17 თებერვალი - სტანიცა ლუგანსკას ტერიტორიაზე საბავშვო ბაღი დაიბომბა, დაშავდა სამი მოქალაქე

24 თებერვალი - ვუჰლედარში ჰოსპიტალს ბალისტიკური რაკეტა მოხვდა, დაიღუპა 4 ადამიანი

24 თებერვალი - ხარკოვში საცხოვრებელ კორპუსი დაიბომბა, დაიღუპა ერთი ადამიანი

24 თებერვალი - დაიღუპა მოქალაქე უმანში

25 თებერვალი - ოხტირკაში სკოლამდელ დაწესებულებაზე აკრძალული კასეტური ბომბები გამოიყენეს, დაიღუპა სამი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ერთი ბავშვი

25 თებერვალი - ნაღმმა დაანგრია 48-ე სკოლა მარიუპოლში

26 თებერვალი - ასაფეთქებელი იარაღი, სავარაუდოდ საარტილერიო ჭურვი, ჩერნიგოვის საბავშვო ბაღის მეორე სართულს

28 თებერვალი - კასეტური ბომბით თავდასხმისას დაიღუპა 4 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ერთი ბავშვი და 3 ადამიანი, რომლებიც სასმელ წყალს აგროვებდნენ

28 თებერვალი - კლოჩკოვსკაიას ქუჩაზე, ხარკოვში თავდასხმა განხორციელდა, დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, ერთი ქალი მოგვიანებით გარდაიცვალა

28 თებერვალი - ხარკოვში კასეტური ბომბები მოხვდა ავტოსადგომს, დაშავდა რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე

3 მარტი - ჩერნიჰივში ტერაქტის შედეგად 47 ადამიანი დაიღუპა.

Amnesty International-მა 16 მარტს ცნობები გამოაქვეყნა ხარკოვის რეგიონში, ქალაქ იზიუმის შესახებაც. მათი ინფორმაციით, ქალაქი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა და რუსული მხრიდან გამუდმებით თავდასხმის ობიექტია.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ რუსული შეტევების ობიექტი ხშირად სამედიცინო დაწესებულებები ხდება. ამ ფაქტის საპასუხოდ, G7-ის ჯანდაცვის მინისტრებთან ერთობლივ განცხადებაში, აშშ-ის ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების მდივანმა ქსავიერ ბესერამ უკრაინაში ჯანდაცვის დაწესებულებებზე და ჯანდაცვის მუშაკებზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თავდასხმები დაგმო. „მიზანმიმართულად განხორციელებული თავდასხმები სამოქალაქო პირებზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის - ჯანდაცვის დაწესებულებებზე და მუშაკებზე, არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს“- ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. მინისტრებმა ასევე გაამახვილეს ყურადღება ფაქტზე, რომ უკრაინის ჯანდაცვის სისტემა „მნიშვნელოვანი წნეხის“ ქვეშაა და ამასთანავე აღელვებთ ის, თუ რამდენად შეძლებენ დამხმარე ორგანიზაციები გაჭირვებულთათვის სამედიცინო დახმარების მიწოდებას. უფრო ადრე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც განაცხადა, რომ სამედიცინო დაწესებულებებზე 43 დარტყმის იდენტიფიცირება მოახდინა, რამაც 12 ადამიანის გარდაცვალება და 34-ის დაშავება გამოიწვია.

ამასთან, 23 მარტს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ამჟამად ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე დაყრდნობით აშშ-ს მთავრობამ დაადგინა, რომ რუსეთის ჯარების წევრებმა უკრაინაში ომის დანაშაულები ჩაიდინეს. ჩვენი შეფასება ემყარება ხელმისაწვდომი საჯარო და სადაზვერვო ინფორმაციის ყურადღებით შესწავლას. როგორც ნებისმიერი სავარაუდო დანაშაულის შემთხვევაში, საბოლოოდ სასამართლოა პასუხისმგებელი კონკრეტულ შემთხვევებში სისხლის სამართლის დანაშაულის დადგენისთვის. აშშ-ს მთავრობა გააგრძელებს ომის დანაშაულების შესახებ ანგარიშების თვალყურის დევნებას და საჭიროების შემთხვევაში ჩვენს მიერ შეგროვებულ ინფორმაციას მოკავშირეებს, პარტნიორებს და საერთაშორისო ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებს გაუზიარებს. ჩვენ მზად ვართ მივყვეთ ანგარიშვალდებულებას ყველა ხელმისაწვდომი ინსტრუმენტის გამოყენებით, მათ შორის - სისხლისსამართლებრივი დევნით“.

განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია „ვლადიმირ პუტინის მიერ არაპროვოცირებული და უსამართლო ომის დაწყების“ მძიმე შედეგებზე, რომელსაც ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილი მოჰყვა: „ჩვენ ვიხილეთ არაერთი სანდო ცნობა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განურჩეველი, მიზანმიმართული თავდასხმები და სხვა სისასტიკეები“.

ასევე, გაეროს ბოლო მონაცემებით რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან (24 თებერვალი) 22 მარტამდე, ფიზიკური ზიანი 2571 მშვიდობიან მოქალაქეს მიადგა, მათ შორის - 977 დაღუპულია, 1594 კი - დაშავებული. გაეროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის მიზეზი უმეტეს შემთხვევაში დაბომბვები და საჰაერო შეტევებია.

მტკიცება: მარიუპოლის თეატრი უკრაინელებმა დაბომბეს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

16 მარტს, რუსულმა მხარემ მარიუპოლის ცენტრში, დრამატული თეატრის შენობა მიზანმიმართულად დაბომბა. მერის მოადგილის, სერგეი ორლოვის თქმით, თეატრის შენობას თავს 1000-1200-მდე მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს. მიუხედავად ამისა, რუსული მხარე აქტიურად ავრცელებს დეზინფორმაციას, რომ უკრაინული მხარე საკუთარ მოსახლეობას თავად ბომბავს და მათ შორის, მარიუპოლის თეატრსაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თეატრის დაბომბვის შემდეგ, რუსული მხარის ბრალეულობა თავდასხმაში უარყო და განაცხადა, რომ „16 მარტს რუსულ ავიაციას არ შეუსრულებია დავალება, რომელიც ქალაქ მარიუპოლში სახმელეთო სამიზნეებზე თავდასხმასთან არის დაკავშირებული“.

სამინისტროს მტკიცების საპირისპიროდ, უნდა აღინიშნოს, რომ მარიუპოლის საკრებულოს განცხადებით, რუსული მხარე მარიუპოლზე ყოველდღიურად 50-100-მდე საჰაერო იერიშს ახორციელებდა. გარდა ამისა, როგორც სახალხო დეპუტატი სერგეი ტარუტა Радио НВ-ის ეთერში საუბრობდა, 15 მარტიდან დაწყებული, ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთის მიერ ოკუპირებული სევასტოპოლიდან მარიუპოლის დაბომბვა სულ მცირე 25 სამხედრო თვითმფრინავით ხორციელდებოდა. რაც შესაბამისად, ნიშნავს იმას, რომ სავარაუდოდ, აქტიური საჰაერო თავდასხმების კუთხით 16 მარტიც არ უნდა ყოფილიყო გამონაკლისი, თუ რუსული მხარე რაიმე სახის ფართომასშტაბიანი პროვოკაციისთვის არ ემზადებოდა.

ამასთან, ხაზგასასმელია, რომ რუსული მხარე თეატრის აფეთქების შემდეგაც აგრძელებდა დაბომბვას, რაც მაშველებს ნანგრევების გაწმენდასა და ადამიანების დახმარების საშუალებას არ აძლევდა. როგორც მარიუპოლის საკრებულოს განცხადებაშია ნათქვამი: „გუშინ [16 მარტს] და დღეს უწყვეტი დაბომბვის მიუხედავად, შეძლებისდაგვარად მიმდინარეობს ნანგრევების გაწმენდა და ხალხის გადარჩენა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე ზუსტდება“.

აქვე აღსანიშნავია, რომ იმავე დღეს, 16 მარტს, მარიუპოლის თეატრიდან დაახლოებით 4 კილომეტრში შენობაზე, რომელშიც აუზი „ნეპტუნი“ (Нептун) მდებარეობს, საჰაერო დარტყმა განხორციელდა. რუსმა მებრძოლებმა დაბომბეს ქალებისა და 3 წლამდე ასაკის ბავშვების დედებისთვის განკუთვნილი თავშესაფარიც. აღნიშნული ფაქტი, თავის მხრივ, აბათილებს რუსულ დეზინფორმაციას, რომ 16 მარტს მათ ავიაიერიშები არ განუხორციელებიათ.

ამასთან, 23 მარტს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში უკრაინაში რუსული ჯარის მიერ განადგურებულ სახლებს, საავადმყოფოებს, სკოლებს, სავაჭრო ცენტრებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას შორის, მარიუპოლის თეატრის დაბომბვის ფაქტორი განსაკუთრებით იყო გამოყოფილი. „ბევრი ადგილი, რომელზეც რუსეთის საჰაერო დარტყმები განხორციელდა, ადვილად იდენტიფიცირებადი იყო, რომ მათ მშვიდობიანი მოსახლეობა იყენებდა....ეს ჩამონათვალი მოიცავს მარიუპოლის თეატრზე იერიშს, რომელთანაც ნათლად იყო აღნიშნული სიტყვა „ბავშვები“ (дети), ციდან დასანახი დიდი ასოებით“.

ამდენად, ზემოხსენებული ფაქტები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების საპირისპიროდ მეტყველებს და ადასტურებს, რომ რუსული მხარის მტკიცება, რომ 16 მარტს მარიუპოლზე საჰაერო შეტევა არ განხორციელებულა, ტყუილია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების გარდა, აღსანიშნავია, რომ ცრუ დეზინფორმაციულ კამპანიას რუსული მედიებიც აქტიურად აწარმოებენ. კერძოდ, კრემლის პროპაგანდისტული მედიის (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4, ბმული 5, ბმული 6, ბმული 7, ბმული 8) თანახმად, უკრაინულმა ულტრამემარჯვენე გასამხედროებულმა ჯგუფმა, „აზოვის ბატალიონმა“, მარიუპოლის თეატრის შენობა თავად დანაღმა და პროპაგანდისტული მიზნებისათვის ააფეთქა.

ზემოთაღნიშნული მტკიცების სასარგებლოდ მხოლოდ გარკვეული პირების სიტყვები მეტყველებს, რომლებიც რუსული მედიის სიუჟეტებში ლტოლვილებად ან მარიუპოლის მცხოვრებლებად არიან წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ კონკრეტულ ფაქტს უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში მინისტრი, ირინა ვერეშჩუკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსი სამხედროები მარიუპოლიდან და რეგიონიდან ევაკუირებულ მოსახლეობას თავს ესხმოდნენ და მათ „მორიგი ტყუილის შექმნის მიზნით" ვიდეო შეტყობინებების ჩაწერას სთხოვდნენ.

მსგავს ვიდეოებზე ყურადღება გაამახვილა BBC-მაც. სტატიაში ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ რუსული მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნებული ვიდეოსიუჟეტი აშკარად ნაწილებად არის დაყოფილი. ინტერვიუს ერთ-ერთ ნაწილში, ქალი ამბობს: „როდესაც უკან დახევისას მათ დაანგრიეს ბომბსაცავი, დრამატული თეატრი და ხალხი ჩვენთან უკვე ბომბის ნამსხვრევებით მოგვიყვანეს“. სტატიაშივე კითხვის ნიშნის ქვეშ არის დაყენებული თუ რა სახის „უკან დახევაზეა“ საუბარი, მაშინ როდესაც მარიუპოლი კვლავ უკრაინელების კონტროლის ქვეშაა და ქალაქში ბრძოლები მიმდინარეობს. აქვე, ეჭვს იწვევს ის ფაქტიც, რომ ზემოთ აღნიშნული სიტყვების ავტორის ვინაობა სიუჟეტში არ არის გაჟღერებული, რაც ნაკლებ სავარაუდოა, რომ პიროვნების კონფიდენციალურობის დაცვას ემსახურებოდეს, რადგან ვიდეოში მისი ვიზუალი ჩანს და ხმაც ისმის.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსული მედიასააგენტოები და თავდაცვის სამინისტრო თავდასხმებს უარყოფს და მას უკრაინულ მხარეს აბრალებს. რუსულმა მედიებმა ანალოგიური ნარატივი გაავრცელეს მარიუპოლის სამშობიარო სახლის დაბომბვაზეც და განაცხადეს, რომ იქ არა მშვიდობიანი მოქალაქეები, არამედ „აზოვის ბატალიონის“ მებრძოლები“ იმყოფებოდნენ. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ სამშობიარო სახლში მხოლოდ სამოქალაქო პირები იმყოფებოდნენ, კერძოდ, AP-ის ფოტომასალით ირკვევა, რომ მარიუპოლის სამშობიარო სახლში მშობიარე ქალები და პაციენტები იყვნენ. აფეთქების შედეგად 17 ადამიანი დაშავდა და 3 გარდაიცვალა, მათ შორის, ერთ-ერთი ორსული ქალი მუცლადმყოფ ნაყოფთან ერთად.

24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი, რუსეთის საოკუპაციო ძალების ბლოკადაშია. ქალაქის ადმინისტრაციის თანახმად, მარიუპოლის 80-90% დანგრეულია, ხოლო ომის დაწყების დღიდან 2300-ზე მეტი ადამიანი არის გარდაცვლილი.

ამდენად, რუსეთის ფედერაციის მთავრობისა და რუსული პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს რუსული მხარე უკრაინის ქალაქებს არ ბომბავს, სიცრუეა.

--------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე


მსგავსი სიახლეები

5414 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი