იტვირთება

24 მარტი ტუბერკულოზის მსოფლიო დღეა. ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის გასაძლიერებლად 2022 წლის გზავნილია - „მეტი ინვესტიცია ტუბერკულოზის დასასრულებლად და სიცოცხლის გადასარჩენად“.

ტუბერკულოზი ქრონიკული ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ტუბერკულოზის მიკრობაქტერია იწვევს. დაავადება უპირატესად ფილტვებში ლოკალიზდება, მაგრამ პროცესში შეიძლება ჩართული იყოს და დაზიანდეს ნებისმიერი ორგანო და სისტემა. ტუბერკულოზი ვრცელდება მხოლოდ ჰაერით! ტუბერკულოზი ჯერ კიდევ რჩება მსოფლიო ჯანდაცვის სერიოზულ გამოწვევად. ჯანმოს მონაცემებით, გლობალურად ტუბერკულოზი არის N13 სიკვდილის გამომწვევი მიზეზი და მეორე წამყვანი ინფექციური დაავადება (COVID-19-ის შემდეგ). მხოლოდ 2020 წელს მსოფლიოში აქტიური ტუბერკულოზით დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი დაავადდა, 1,5 მილიონი ადამიანი კი გარდაიცვალა. ტუბერკულოზი აივ-ინფიცირებულ პაციენტთა სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზია. 2020 წელს ტუბერკულოზით 214 000 აივ-ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.

მულტირეზისტენტული ტუბერკულოზი (MDR-TB) ტუბერკულოზის ეფექტური ელიმინაციის მთავარი გამოწვევაა. ტუბერკულოზის წამლისადმი რეზისტენტულ ფორმებს ჯერ კიდევ მაღალი გავრცელება აქვს, გლობალურად ახალი შემთხვევების 3,6%-სა და ნამკურნალები შემთხვევების 20%-ში მულტირეზისტენტული ტუბერკულოზი აღინიშნება. წამლისადმი რეზისტენტობის შემთხვევაში საჭიროა მკურნალობის უფრო ხანგრძლივი კურსის გავლა. პაციენტები ხშირ შემთხვევაში უარს ამბობენ მკურნალობაზე, რაც ტუბერკულოზის კიდევ უფრო მძიმე ფორმების განვითარებას უწყობს ხელს. 2020 წელს წამლისადმი რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტებიდან მხოლოდ სამიდან ერთმა გაიარა მკურნალობის კურსი.

2014 წლის მაისში ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეამ WHO-ს „დავასრულოთ ტუბერკულოზი“ მიზნები მიიღო, რომელიც წარმოადგენს გეგმას ქვეყნებისთვის, რათა დაასრულონ ტუბერკულოზის ეპიდემია სიკვდილიანობისა და ინციდენტობის შემცირებით და კატასტროფული დანახარჯების აღმოფხვრით. სტრატეგიის გლობალური მიზანია 2015-2030 წლებისთვის ტუბერკულოზის სიკვდილიანობის 90%-ით, ახალი შემთხვევების 80%-ით შემცირება. ტუბერკულოზის არსებული მკურნალობის მეთოდებმა 2000-დან 2020 წლამდე მსოფლიოში დაახლოებით 66 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, თუმცა გამოწვევად რჩება არსებითი ხარვეზები დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მხრივ. გლობალურად, ტუბერკულოზის შემთხვევები წელიწადში დაახლოებით 2%-ით იკლებს. თუმცა ეს პროგრესი არაა საკმარისი WHO-ს „დავასრულოთ ტუბერკულოზის“ სამიზნე მაჩვენებლის მისაღწევად.

საქართველოში, ბოლო 10 წლის განმავლობაში, ტუბერკულოზის ყველა ფორმის მნიშვნელოვანი კლების ტენდენცია დაფიქსირდა - საშუალოდ 6.6% წელიწადში. ახლად დიაგნოზირებული ტუბერკულოზის შემთხვევათა მაჩვენებელი შემცირდა 65%-ით 112-დან 40-მდე - 100000 მოსახლეზე. 2021 წელს ტუბერკულოზი 1646 ადამიანს დაუდგინდა, რაც წინა წელთან შედარებით 10%-ით ნაკლებია. 2020-2021 წლებში ტუბერკულოზის შემთხვევების გამოვლენა მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც სავარაუდოდ, COVID-19 პანდემიას გავლენას უკავშირდება. საქართველოში სახელმწიფო პროგრამითა და გლობალური ფონდის თანადაფინანსებით უზრუნველყოფილია ტუბერკულოზის ყველა ფორმის, მათ შორის - რეზისტენტული ტუბერკულოზის, თანამედროვე მკურნალობაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობა. საქართველოში, მიუხედავად არსებული პროგრესისა, ტუბერკულოზი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.

ტუბერკულოზი ყველა ქვეყანაში და ასაკობრივ ჯგუფშია გავრცელებული, მათ შორის - ბავშვებში. თუმცა მისი პრევენცია და განკურნება შესაძლებელია, რისთვისაც საჭიროა დაავადების ადრეული გამოვლენა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ჯანმოს ცნობით, კვლევებისა და განვითარებისთვის ყოველწლიურად სულ მცირე დამატებით 1,1 მილიარდი აშშ დოლარია საჭირო, რაც ახალი ინსტრუმენტების შემუშავებას დააჩქარებს.

აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის პანდემიამ ტუბერკულოზთან ბრძოლაში მიღწეული პროგრესი რისკის ქვეშ დააყენა. ამ ფონზე, რესურსების ინვესტირება, ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის გასაძლიერებლად და სამიზნე მაჩვენებლების მისაღწევად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

წყარო: WHO; NCDC


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4015 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
24%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი