იტვირთება

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის 20 მარტის ოპერატიული მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 24 თებერვლიდან ამ დრომდე, უკრაინიდან ლტოლვილების რაოდენობამ დაახლოებით 3,5 მილიონს მიაღწია. მათი უდიდესი ნაწილი - 2 მლნ-ზე მეტი ლტოლვილი, პოლონეთმა შეიფარა. ასევე, უკრაინიდან ლტოლვილების დიდმა ნაწილმა რუმინეთს, მოლდოვას, უნგრეთს, სლოვაკეთსა და სხვა ქვეყნებს მიაშურეს.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ და მისმა მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა ღიად დააფიქსირა პოზიცია, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდებოდა. მიუხედავად სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე უკრაინის მხარდამჭერი პოზიციისა, მთავრობა უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ მკაფიო განცხადებებს მაინც ერიდება. ერთადერთი, რისი მზადყოფნაც საქართველოს ხელისუფლებამ გამოთქვა, ეს იყო უკრაინელი ხალხისადმი ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა. ამასთან, ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ საქართველო მზად არის უკრაინიდან ლტოლვილების მისაღებად. 28 თებერვალს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა: „ჩვენ ამ შემთხვევაში სრული მზადყოფნა გვაქვს, რომ თუ იქნებიან ლტოლვილები უკრაინიდან, ჩვენ მათ აღმოვუჩინოთ მაქსიმალური მხარდაჭერა და საქართველო მზად არის მიიღოს ასეთ შემთხვევაში ლტოლვილები".

საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველო ვალდებულია, უზრუნველყოს თავშესაფრის მაძიებელ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის საერთაშორისო დაცვის სტანდარტით დადგენილი პირობების შექმნა, მათ შორის: შესაბამისი სტატუსის მინიჭება; სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური გარანტიების შექმნა (მათ შორის - თავშესაფრით უზრუნველყოფა) და ა.შ.

„ფაქტ-მეტრი“ შეეცადა, გაერკვია, რაში გამოიხატება საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნა უკრაინელი ლტოლვილების მისაღებად. თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ იმის გარკვევა შევძელით, რომ ხელისუფლებას კონკრეტული სტრატეგია უკრაინელ ლტოლვილებთან მიმართებით არ გააჩნია. „უკრაინელი ლტოლვილების მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას ჰქონდა, თუ - არა პროაქტიული კომუნიკაცია უკრაინის ხელისუფლებასთან ან ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და რაში გამოიხატა ის? არის თუ არა განსაზღვრული უკრაინის დაახლოებით რამდენი მოქალაქის მიღებას აპირებს/შეძლებს საქართველო? რა ვადით შეიფარებს და უზრუნველყოფს მათ დაცვას თავშესაფრითა და სხვა საჭიროებებით?“, - ამ და სხვა კითხვებით „ფაქტ-მეტრმა“ 14 მარტს მთავრობის ადმინისტრაციას ოფიციალურად მიმართა, კომუნიკაციის არაერთი მცდელობის მიუხედავად, პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

„ფაქტ-მეტრმა“ ასევე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომლის უფლებამოსილებაშიც შედის თავშესაფრის მაძიებელი პირებისთვის შესაბამისი სტატუსის [ლტოლვილის, ჰუმანიტარული] მინიჭება. ჩვენ დავინტერესდით, რა განსხვავებული მიდგომა აქვს სახელმწიფოს უკრაინელი ლტოლვილების მიმართ (მაგალითად, გამარტივდა, თუ - არა სტატუსის მინიჭების პროცედურები...). ასევე, გამოვითხოვეთ შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები. თუმცა პასუხი არც ამ შემთხვევაში მიგვიღია.

რაც შეეხება ქვეყანაში უკრაინის მოქალაქეების შემოსვლის სტატისტიკას, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველომ უფრო მეტი რუსეთის და ბელარუსის მოქალაქე მიიღო, ვიდრე უკრაინელი. შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, 24 თებერვლიდან 16 მარტის ჩათვლით, საქართველოში რუსეთის 30 439 მოქალაქე შემოვიდა, მათგან დაახლოებით 12 ათასი ადამიანი ქვეყნიდან არ გასულა. ამავე პერიოდში ბელარუსის 15 777 მოქალაქეა შემოსული, რაც 10-ჯერ აღემატება 2019 წლის [პანდემიამდე პერიოდის] ანალოგიური პერიოდში შემოსულთა რაოდენობას. ომის დაწყების შემდეგ, რუსებთან და ბელარუსებთან შედარებით, უკრაინიდან ყველაზე ნაკლები - 8 688 მოქალაქე შემოვიდა. აღსანიშნავია რომ პანდემიამდე, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში, უფრო მეტი უკრაინის მოქალაქე შემოვიდა ქვეყანაში [9 200], ვიდრე ომის პერიოდში.

ინფორმაცია საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის:

საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სპეციალური ცხელი ხაზი 144 - 3 მუშაობს. დროებითი თავშესაფრის მაძიებელმა უკრაინის მოქალაქეებმა უნდა მიმართონ უკრაინის საელჩოს საქართველოში. უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც ქვეყანაში ომის შემდგომ, 24 თებერვლიდან შემოვიდნენ, შესაბამისი სტატუსის მისაღებად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს უნდა დაუკავშირდნენ.


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4017 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
24%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი