8 მარტს ანტიდასავლური ტელევიზია „ალტ-ინფოს“ გადაცემაში „დღის კომენტარი 18:30 საათზე“ მიწვეული იყო ლალი მოროშკინა და გადაცემის წამყვან ჯაბა ჟვანიასთან ერთად უკრაინის ომის შესახებ საუბრობდა. მოროშკინამ და ჟვანიამ გადაცემაში არაერთი მცდარი ინფორმაცია გაავრცელეს.

მტკიცება #1: მინდა გითხრათ, დღეს ის რაც ხდება, აწყობს, ალბათ, ყველას უკრაინის გარდა, იმიტომ რომ ყველამ მოითბო ხელი ამ კონფლიქტზე...“; „ვიღაცა თუ ფიქრობს, რომ ეკონომიკურად დააჩოქა რუსეთი, თუ ვინმეა დღეს დაჩოქილი, გაპარტახებული და ემზადება, როგორც საქართველო დაყვეს ესე და იბატონეს და კიდევ 20% ზედ კიდევ მიიწერეს, აი ზუსტად ანალოგიურს გადის [უკრაინა]“. ... „დღეს ვის აწყობს [მოლაპარაკებების] დროში გაწელვა? - რუსეთს. რუსეთი მდიდრდება ყოველ დღე, ეს ხომ უნდა ესმოდეთ. აი, ეკონომისტი მოიყვანეთ და ალაპარაკეთ. რუსეთი ყოველდღე მდიდრდება. დანარჩენი ყველაფერი არის თამაში... ვის როგორ რა უნდა გაუჩერო? მერე რა [თუ] ფრენებს გააჩერებ. რუსეთი 500 დღე მშივრები ისხდნენ ლენინგრადის ბლოკადის დროს და გადარჩნენ, ანუ ეს ერი მიჩვეულია ამას ყველაფერს და გაუძლებს

მტკიცება, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი უკრაინის გარდა ყველას აწყობს, რადგან „ყველამ მოითბო ხელი ამ კონფლიქტზე“, ფაქტობრივად არასწორია. რეალურად, „გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის“ (UNCTD) 16 მარტის ანგარიშის თანახმად, „უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები მსოფლიო ეკონომიკას შეარყევს და გამოიწვევს ფასების ზრდას საწვავსა და სურსათზე“. კერძოდ, „როგორც UNCTD-ის გენერალურმა დირექტორმა რებეკა გრინსპინმა განაცხადა, უკრაინის კონფლიქტი მსოფლიო ეკონომიკას რყევის გზავნილს უგზავნის და საფრთხის ქვეშ აყენებს ყველა იმ მიღწევის შენარჩუნებას, რომელიც მოხერხდა პანდემიის შემდეგ. მისი თქმით, აღნიშნული სიტუაცია ბლოკავს მდგრად განვითარებას და ფასების ზრდა საწვავსა და სურსათზე განსაკუთრებით დაეტყობა განვითარებად ქვეყნებს, სადაც მოსახლეობას მძიმედ დააწვება და ზოგიერთ შემთხვევაში, გამოიწვევს კრიზისსა და შიმშილობას“. ასევე, ხორბლისა და მზესუმზირას ზეთის გლობალურ წარმოებაში უკრაინისა და რუსეთის მნიშვნელოვანი როლის გამო „UNCTD-ის ინფორმაციით, ფასების ზრდა აისახება სამომხმარებლო კალათის 5%-ზე, ხოლო განვითარებულ ქვეყნებში - 1%-ზე“.

გარდა ამისა, რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის უარყოფითი ეკონომიკური შედეგები უკვე აისახა სხვადასხვა მაჩვენებელზე. მაგალითად, ლონდონის საფონდო ბირჟამ 2020 წლის მარტში პანდემიის გამო გამოწვეული ვარდნის შემდეგ, 4 მარტის ინფორმაციით, ყველაზე დიდი კვირეული დანაკარგი განიცადა (დიდი დანაკარგები იყო ევროპულ ბირჟებზეც), ხოლო მოსკოვის საფონდო ბირჟა საერთოდ დაიკეტა. რუსული რუბლის კურსი სანქციების ფონზე რეკორდულად დაბალ მაჩვენებელზე ჩამოვიდა. ავტორიტეტული გამოცემა The Economist-ი ომის შედეგად გაზრდილ ინფლაციას, შემცირებულ ეკონომიკურ ზრდას და ფინანსური ბაზრების დაზარალებას ვარაუდობს. მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა კი უკრაინაში მიმდინარე ომს „ეკონომიკური კატასტროფა“ უწოდა, რომელიც გლობალურ ეკონომიკური ზრდას შეამცირებს. ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის (Organisation for Economic Development (OECD)) ანგარიშის მიხედვით, უკრაინის ომი გლობალურ ეკონომიკურ ზრდას (რუსეთის შეჭრის პირველ წელს) ერთ პროცენტულ პუნქტზე მეტით შეამცირებს; ასევე OECD-მ გლობალური ფასების 2.5%-ით ზრდის საშიშროების გაფრთხილებაც გასცა. მაგალითად, ნავთობის, ბუნებრივი აირის, მეტალის, ქიმიკატების და ხორბლის ფასი უკვე გაიზარდა. ასევე OECD-ის თანახმად, ომის შედეგებმა შეიძლება რუსეთში ღრმა კრიზისი გამოიწვიოს. ხოლო რუსეთის გარდა, OECD-ის ინფორმაციით, კონფლიქტს ყველაზე მძიმე შედეგები ევროპისთვის ექნება (ეკონომიკური ზრდის 1.4%-ით შემცირების პროგნოზი).

ეკონომიკური პარამეტრების გაუარესებას ვარაუდობს საერთაშორისო სავალუტო ფონდიც, განსაკუთრებით განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ფინანსური ბაზრებისთვის. ასევე, საერთაშორისო სავალუტო ფონდი პრაქტიკულად ყველა რეგიონისთვის გარკვეული ეკონომიკური სირთულეების (სხვადასხვა დონის) შექმნას წინასწარმეტყველებს.

ცალკეულ ქვეყნებზე, ისევე როგორც ინდივიდუალურ ოლიგარქებსა და კომპანიებზე და ზოგადად, მსოფლიო ეკონომიკაზე, უარყოფითი გავლენა აქვს დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ მძიმე ეკონომიკურ სანქციებსაც. ბუნებრივია, მიმდინარე ომი და სანქციები ყველაზე მეტად რუსეთს აზარალებს (სანქციების გავლენას რუსულ ეკონომიკაზე თავად რუსეთის პრეზიდენტიც კი აღიარებს), რასაკვირველია, უკრაინის შემდეგ, რადგან უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, რამაც უკრაინას უკვე მრავალი მილიარდის ზარალი მიაყენა (უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აღდგენისთვის 565$ მილიარდი იქნება საჭირო).

რუსეთის ეკონომიკაზე დარტყმები გამოიხატება:

• რუსული რუბლის მკვეთრ გაუფასურებაში (23 თებერვალს 1 დოლარი 81.48 რუბლი ღირდა, ხოლო 8 მარტს - 127.75)
• დიდი კომპანიების მიერ რუსული ბაზრის დატოვების შედეგად 200 ათასზე მეტი სამუშაო ადგილის დაკარგვაში,
• ფასების ზრდაში,
• რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების დიდი ნაწილის გაყინვაში,
სანქციებში რუსულ ფინანსურ სექტორზე,
• რუსული ბანკების ნაწილის საგადასახადო სისტემა swift-დან გათიშვაში,
• Visa-სა და Mastercard-ის მიერ რუსეთში ოპერაციების შეჩერებაში და ა.შ.

თავად რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები 2022 წელს რუსეთის მშპ-ის 8%-იან კლებას და ინფლაციის 20%-იან ზრდას ელიან, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი ძალიან მკვეთრად 9.5%-დან 20%-მდე გაზარდა (ეს ზომა ინფლაციის შესამცირებლად გამოიყენება, თუმცა სესხს აძვირებს და ეკონომიკის ზრდას აფერხებს). მნიშვნელოვნად დაზარალდნენ რუსი ოლიგარქებიც, რომელთა ქონების ნაწილი დასავლეთმა გაყინა.

შესაბამისად, რუსეთის ეკონომიკის შესახებ მოროშკინას მტკიცებები ასევე ყალბია.

აღსანიშნავია, რომ სანქციებს ორმხრივი ეფექტი აქვს და რუსეთის გარდა ის მის დამწესებლებს (დასავლეთს) და მსოფლიოში არსებული ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების მაღალი მაჩვენებლის გამო, დანარჩენ მსოფლიოს და გლობალურ ეკონომიკასაც აზარალებს. მაგალითად, საყურადღებოა მკვეთრად გაზრდილი ფასები ენერგორესურსებზე, რაც დასავლეთის სახელმწიფოების ეკონომიკებისთვის დამაზიანებელია. რუსეთისადმი დაწესებული სანქციები ჩინეთის, როგორც ნავთობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემსყიდველის, ეკონომიკასაც აზარალებს. გაზრდილი საწვავის ფასები მძიმე ტვირთია ჩინური კომპანიებისთვის და მოსალოდნელ მძიმე სიტუაციას ჩინეთის კომერციის მინისტრიც აღნიშნავს.

როგორც განხილული ინფორმაციიდან ჩანს, უკრაინაში მიმდინარე ომი და უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისადმი დაწესებული სანქციები, როგორც ზოგადად გლობალური ეკონომიკისთვის, ისე რუსეთისთვის, დასავლეთისთვის, ჩინეთისთვის და სხვა რეგიონებისთვის, ასევე კერძო კომპანიებისთვის, ეკონომიკურ პირობებს აუარესებს. შესაბამისად, მოროშკინას მტკიცება, თითქოს უკრაინაში ომი უკრაინის გარდა ყველას აწყობს, რადგან ყველამ ხელი მოითბო, ტყუილია და ყალბ ამბავს წარმოადგენს.

მტკიცება #2: წამყვანი: [2008 წლის აგვისტოს] ომის შემდეგ ამათმა ტალიავინმა დადო დასკვნა, რომელშიც პირდაპირ წერია (თუ ვინმეს არ სჯერა, ინტერნეტსივრცეში შეუძლია მოიძიოს), რომ ომი დაიწყო ქართულმა მხარემ. [მოროშკინა - კი ბატონო.] და სააკაშვილს ხომ შეეძლო, (რას უზამდნენ) რომ არ მოეწერა ხელი ამ დოკუმენტზე. იმ დოკუმენტზე არის მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერა. ანუ სააკაშვილმა ეს აღიარა

რეალურად, ე.წ. „ტალიავინის დასკვნაში“ პირდაპირ არ არის აღნიშნული, რომ ომი ქართულმა მხარემ დაიწყო. ევროკავშირის დაფინანსებითა და ჰეიდი ტალიავინის დასკვნით შედგენილ „საქართველოში მომხდარი კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისიის“ ანგარიშში (ტომი 1, ტომი 2, ტომი 3) აღნიშნულია, რომ „ქართული შეიარაღებული ძალების მიერ ცხინვალის საარტილერიო დაბომბვით 2008 წლის 7-დან 8 აგვისტოს ღამეს დაიწყო ფართომასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტი საქართველოში. თუმცა, ეს იყო დიდი ხნის განმავლობაში მზარდი დაძაბულობების, პროვოკაციებისა და ინციდენტების კულმინაცია“ (14-ე პუნქტი). როგორც მოცემულ პასაჟში ჩანს, ანგარიში ერიდება ახსენოს სიტყვა „ომი“ და სანაცვლოდ „ფართომასშტაბიან შეიარაღებულ კონფლიქტს“ იყენებს და ასევე აღნიშნავს, რომ ეს ქართული მხარის მიერ განხორციელებულ მასობრივ საარტილერიო შეტევამდე არსებული დაძაბულობის, პროვოკაციების და ინციდენტების კულმინაცია იყო. შესაბამისად, ქართული მხარის საარტილერიო შეტევა ანგარიშში მოხსენიებულია არა „ომის დასაწყისად“, არამედ „მზარდი დაძაბულობის, პროვოკაციებისა და ინციდენტების კულმინაციად“, რითაც ფართომასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო.

ანგარიში ომის დაწყებას აპრიორი საქართველოს რომ არ აბრალებს, ეს პირდაპირაა აღნიშნული სხვა მონაკვეთში: „წინამდებარე ანგარიში ცხადყოფს, რომ კონფლიქტის წარმოშობის შესახებ გაკეთებული რაიმე სახის განმარტება ვერ იქნება კონცენტრირებული მხოლოდ ცხინვალზე განხორციელებულ საარტილერიო შეტევაზე 7/8 აგვისტოს ღამეს, შემდგომში გადაზრდილ საქართველოს საეჭვო შეჭრაზე სამხრეთ ოსეთში და რუსეთის მხრიდან სამხედრო მოქმედებების განხორციელებაზე. შეფასებისას უნდა გათვალისწინებულ იქნას პროცესები, რომელიც მიმდინარეობდა წლების განმავლობაში ომამდე და თვეებისა და კვირების განმავლობაში, რომელიც წინ უძღოდა შეიარაღებულ დაპირისპირებას” (36-ე პუნქტი).

მე-14 პუნქტის გარდა ომის დაწყების საკითხზე საგულისხმოა პირველი ტომის მე-15 და მე-16 მუხლებიც (იხილეთ 24-25 გვერდები). მე-15 პუნქტში გადმოცემულია როგორც ქართული, ისე რუსული მხარის პოზიციები. ქართული მხარის პოზიციის თანახმად, „რუსეთის შემოჭრის შესახებ ბრალდება საქართველოს მხრიდან გამყარებული იყო მრავალრიცხოვანი საჯარისო ნაწილებისა და ჯავშან-ტექნიკის უკანონო შემოყვანით სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მანამ, სანამ ქართული სამხედრო ოპერაცია დაიწყებოდა“. კერძოდ, ქართულმა მხარემ მისიას განუცხადა, რომ რუსეთის ჯარი საქართველოში მასობრივად შევიდა 6-7 აგვისტოს. აღნიშნული ინფორმაცია რუსულმა მხარემ უარყო და განაცხადა, რომ მისმა არტილერიამ და ავიაციამ საქართველოზე შეტევა 8 აგვისტოს 14:30-ზე დაიწყო. მე-16 პუნქტში ვკითხულობთ, რომ მისია ქართული მხარის პოზიციას ვერ განიხილავს „როგორც საკმარისად დასაბუთებულს“, მაგრამ ადასტურებს, რომ რუსული სამშვიდობოების გარდა „სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე“ 14:30-მდე სხვა რუსული საჯარისო ნაწილებიც იმყოფებოდნენ და აგრეთვე, რუსული საჰაერო ძალების ოპერაციები „სამხრეთ ოსეთის“ ადმინისტრაციულ საზღვრებს ჯერ კიდევ 8 აგვისტოს 14:30-მდე გასცდა.

ასევე ანგარიშში აღნიშნულია, რომ „არსებობს რიგი ანგარიშებისა და პუბლიკაციებისა, მათ შორის რუსული წარმოშობის, რაც რუსეთის მხრიდან წვრთნებისა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ძალებისათვის 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტამდე სამხედრო შეიარაღების მიწოდებაზე მიანიშნებს. და კიდევ, როგორც აღმოჩნდა, აგვისტოს დასაწყისში არსებობდა მოხალისეებისა და დაქირავებულების ნაკადის დენა რუსეთის ტერიტორიიდან სამხრეთ ოსეთში, როკის გვირაბისა და კავკასიონის უღელტეხილის გავლით“. შესაბამისად, მისიის ანგარიში გადაჭრით ვერ ადგენს ქართული მხარის პოზიციის სისწორეს ან სიმცდარეს. ამავდროულად კი, გარკვეულწილად უარყოფს რუსული მხარის პოზიციას. აქედან გამომდინარე, ჟვანიას და მოროშკინას (აღსანიშნავია, რომ მოროშკინა შემდეგ ამატებს, რომ „ამ დოკუმენტს ვისაც როგორ აწყობს, ისე თარგმნის) მტკიცება, რომ ე.წ. „ტალიავინის დასკვნაში“ პირდაპირ წერია, რომ ომი ქართულმა მხარემ დაიწყო, მცდარია.

რაც შეეხება მტკიცების მეორე ნაწილს, რომ ეს „ფაქტი“ სააკაშვილმა აღიარა და დოკუმენტს ხელი მოაწერა - ტყუილია.

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ მისიის ანგარიში იურიდიულად სავალდებულო ძალის მქონე რაიმე ტიპის დოკუმენტს არ წარმოადგენს. ის არის ევროკავშირის დაფინანსებით შედგენილი „საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისიის“ ანგარიში, რომელსაც „გაწეული დიდი სამუშაოს მიუხედავად, წინამდებარე ანგარიშს არა აქვს აბსოლუტური ჭეშმარიტებისა და სრულყოფილების პრეტენზია“ (მე-9 პუნქტი).

დოკუმენტი არ წარმოადგენს მხარეებს შორის მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულ დოკუმენტს, არამედ არის ფაქტების დამდგენი კომისიის დასკვნა და მასზე სააკაშვილს/ქართულ მხარეს ან რომელიმე სხვა სახელმწიფოს ხელი არ მოუწერია. ანგარიშის ფორმატი მასზე სახელმწიფოთა ლიდერების მხრიდან ხელმოწერას საერთოდ არ ითვალისწინებს.

2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული დოკუმენტი, სადაც სააკაშვილის ხელმოწერა ფიქსირდება არის „2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ (იხილეთ: ბმულზე) და მასში არსადაა აღნიშნული, რომ ომი საქართველომ დაიწყო. მეტიც, სააკაშვილს საჯაროდ აქვს გაცხადებული, რომ მისიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ტალიავინის კანდიდატურას მხარს არ უჭერდა, მას პროსეპარატისტულ განწყობებში ადანაშაულებდა და კომისიას პოლიტიზებულს უწოდებდა.

მტკიცება #3: რუსეთმა ბოლო ოთხი დღის განმავლობაში ერთ წელში, რასაც ვაჭრობდა გაზს და აი ამ ენერგომატარებლებს, ის ივაჭრა ოთხ დღეში, რასაც მთელი დღის განმავლობაში ვაჭრობდა

აღნიშნული მტკიცება მცდარი და არასერიოზულია. მართალია, მარტის თვეში (1-14 მარტის მონაცემებით) რუსეთის მიერ ნავთობისა და ბუნებრივი აირის წარმოება თებერვლის თვის საშუალო დღიურ მონაცემთან შედარებით გაიზარდა, დღეში 11.105 მილიონ ბარელზე 11.04 მილიონი ბარელიდან (თუმცა თებერვალში იანვართან შედარებით მოპოვება შემცირებული იყო; ასევე თებერვალში გაყიდვები და ექსპორტი გართულებული იყო). 1-14 მარტის პერიოდში კვლავ იყო ექსპორტის სირთულეები, რაც რუსეთის პრეზიდენტმაც აღნიშნა. მოსალოდნელი სირთულეების მიუხედავად, რუსული ენერგიის ექსპორტი სტაბილური რჩებოდა. რადგან თავისთავად სარეალიზაციო მოცულობის არსებითი ზრდა არ დაფიქსირებულა, სტაბილური ექსპორტის ნორმების პირობებში რუსეთს რომ ოთხ დღეში ერთი წლის დონის მოცულობა ევაჭრა, ამისთვის ფასები რამდენიმე ათეულჯერ უნდა გაზრდილიყო, რაც, რასაკვირველია, არ მომხდარა (მსოფლიოში ენერგომატარებლების ფასები ნამდვილად გაიზარდა, თუმცა გაცილებით ნაკლები მასშტაბით, იხილეთ გრაფიკებზე ბოლო ერთი თვის ჭრილში). ხოლო არსებული ფასების პირობებში რუსეთს ოთხ დღეში რომ ერთი წლის ღირებულების ან მოცულობით ევაჭრა, ტექნიკურად შეუძლებელია, რადგან ამ რაოდენობის წარმოება და ექსპორტზე გატანა (რამდენიმე ათეულჯერ მეტის) ტექნიკურადაც კი არაა შესაძლებელი.

საწვავის ფასები, წყარო: tradingeconomics

ბუნებრივი აირის ფასები, წყარო: tradingeconomics

მტკიცება #4: იგივე ჯონსონმა თქვა, რომ ომი არაა. იგივე ბაიდენმა თქვა, რომ ჯერ კვალიფიკაციას ვერ მივცემთ, ეს ომი არ არისო... (წამყვანი: რუსები იძახიან სპეცოპერაციას, წარმოიდგინე!) ბაიდენმა აი ეს პირდაპირ ესე თქვა ამ სიტყვებით, რომ ჯერ ვერ მივცემთ კვალიფიკაციას, ანუ იმდენად მძიმე არ არის, რომ ამას ომი დავარქვაო

ჯონსონს და ბაიდენს არ უარუყვიათ, რომ უკრაინაში ომი მიმდინარეობს. როგორც ბორის ჯონსონს, ისე ჯო ბაიდენს არაერთხელ უწოდებიათ უკრაინაში რუსეთის შეჭრისთვის ომი (მაგალითად, იხილეთ ბმული 1, ბმული 2). შესაბამისად, მოროშკინას აღნიშნული მტკიცებაც ყალბ ამბავს წარმოადგენს.

მტკიცება #5: ევროპელები, რომლებიც ამბობენ, რომ ამდენი იარაღი მისცეს, ეს ყველაფერი არის მიცემული საბანკო პროცენტებით და არა ჩუქებით და დღეს მათ უფრო მეტი ვალი დაადეს უკრაინას, ვიდრე უკრაინას ოდესმე ჰქონია... მიხვდა, რომ თუ ტენიან იარაღს, ის იარაღი მიყიდეს, კი არ აჩუქეს და ჯერ ერთი, როგორ უნდა გამოიყენონ, ალყაში არიან, ალყაში მოქცეულები

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იარაღით ვაჭრობა არ განეკუთვნება სტანდარტულ შემთხვევას, როდესაც პროდუქტის შესყიდვა მხოლოდ მყიდველის ფინანსურ შესაძლებლობებზე არის დამოკიდებული. შესაბამისი ფინანსური რესურსის არსებობის პირობებშიც კი იარაღის და განსაკუთრებით თავდასხმითი იარაღის შეძენა რიგ სირთულეებთან არის დაკავშირებული (მაგ. გერმანია საწყის ეტაპზე კრძალავდა გერმანული წარმოშობის იარაღის ნებისმიერი ფორმით მიწოდებას). შესაბამისად, იარაღის ფიზიკურად მიღებაზე წვდომის უფლება უკვე წარმოადგენს მნიშვნელოვან დახმარებას.

რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, უკრაინისთვის მიცემული იარაღის ნაწილი შესყიდულია, მაგალითად, უკრაინამ თურქეთისგან იყიდა „ბაირაქტარის“ წარმოების სამხედრო დრონები TB2. თუმცა დასავლეთმა უკრაინას დიდი რაოდენობის იარაღი დახმარების სახით საკუთარი მარაგებიდან მიაწოდა. აშშ-მა უკრაინის დახმარების სახით 13.6 მილიარდიანი პაკეტი დაამტკიცა (გამოიყოფა სხვადასხვა ამერიკული უწყებისთვის უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით საჭირო ზომების მისაღებად), რომლის ნაწილიც სწორედ უკრაინისათვის უკვე მიწოდებული მარაგების შევსებას, თავიდან შესყიდვას მოხმარდება (აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების და თავად აშშ-ს იარაღის მარაგებიდან უკრაინას მიაწოდეს შეიარაღება, ხოლო ამ დანაკლისის შევსებას აშშ დააფინანსებს). უშუალოდ აშშ-ს მხრიდან მიწოდებული შეიარაღების ჩანაცვლების ღირებულება ერთ მილიარდ დოლარს აღწევს. ევროკავშირმა უკრაინას 500 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება გამოუყო (450 მილიონი ლეტალური იარაღით და 50 მილიონი დამცავი საშუალებები და საწვავი). უკრაინას იარაღს უგზავნის გაერთიანებული სამეფო და სხვა სახელმწიფოებიც.

ასევე მართალია, რომ უკრაინა ომის განმავლობაში სესხებსაც იღებს, მაგრამ ამას თავად უკრაინა ითხოვს და სხვადასხვა სახელმწიფოს თუ საფინანსო ორგანიზაციის მიერ სესხის გაცემა უკრაინის მოთხოვნის დაკმაყოფილებას წარმოადგენს (თუ სესხის აღება თავად უკრაინას არ სურს, ბუნებრივია, მას სესხს ვერც მისცემენ). ამასთან, ომის პირობებში, როდესაც უკრაინის ეკონომიკა მნიშვნელოვნად ზარალდება და ლოგიკურად, გადასახადების აკრეფით მიღებული შემოსავალი უმცირდება, უკრაინას ესაჭიროება დამატებით სახსრები სახელმწიფოსა და ინსტიტუტების მუშაობისა და სამხედრო ოპერაციების წარმოებისათვის. შესაბამისად, უკრაინისთვის ომის დროს საჭირო სახსრების უზრუნველსაყოფად საკრედიტო რესურსის მოძიება მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ ითხოვს თავადვე. აღსანიშნავია ისიც, რომ ომში მყოფი ქვეყნისთვის გაცემული სესხს ძალიან დიდი რისკები ახლავს თან და სესხის დამტკიცება გარკვეულწილად დახმარებადაც შეიძლება იყოს აღქმული, რადგან, როგორც წესი, კრედიტორები სესხს არ გასცემენ, თუ არსებობს მისი გადაუხდელობის მნიშვნელოვანი რისკი.

გადაცემის სტუმარი უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ ასევე ავითარებს შეთქმულების თეორიასაც, თითქოს ომი „გლობალისტების“ გეგმის ნაწილია, რომლებიც მსოფლიოს წინააღმდეგ „ჰიბრიდულ ომს“ აწარმოებენ და ეს პროცესი COVID-19-ის პანდემიით დაიწყეს. ამ გეგმის განმახორციელებლად კი ის უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ასახელებს, რომელმაც რაღაც დაპირებების სანაცვლოდ უკრაინა და უკრაინელი ხალხი გაწირა.

შეთქმულების თეორიები:

„არც ერთი ბავშვის სიცოცხლე საერთოდ არ ღირს დედამიწის ზურგზე იმად, რომ ვიღაცა გლობალისტებმა შეადგინონ გეგმა და ამ გეგმას მისდიონ და ამ გეგმის შემსრულებელი ჰყავდეთ მერე სააკაშვილისნაირი, ასე ვთქვათ, ადამიანები“... „ჩვენ ვხედავთ ხომ, რომ ზელენსკიმ რა გააკეთა, პირდაპირ შეაწირა, ასე მოუტანა თავისი ქვეყანა და შესწირა. მე არ ვიცი, ასეთს რას დაჰპირდნენ, იმიტომ რომ მაშინ როდესაც სულ რომ რამდენიმე ქალი იყოს ბუნკერში და ბავშვი, მაშინაც არ უნდა გეცალოს შენ, რომ საღამოს „სელფებს იღებდე“ შენი კაბინეტიდან“... „...ეს არის ჰიბრიდული ომი. დაიწყო ვირუსით ეგრეთ წოდებული, დაიწყო პანიკით. შემდეგ ტექნიკა ჩაერთო. მე არ გამოვრიცხავ, რომ ყველა მხარეა ამაში ჩართული, იმიტომ რომ მიდის მსოფლიო გადანაწილება“.

მოროშკინა ცდილობს უკრაინაში მიმდინარე მოვლენები „გლობალისტების შედგენილ გეგმად“ წარმოაჩინოს და ბუნდოვანი შეთქმულების თეორიები განავითაროს. უცნობია, თუ ზუსტად ვის გულისხმობს კონკრეტულად, თუმცა, შეთქმულების თეორიის მიმდევრები „გლობალისტებად“ უარყოფით კონტექსტში, ძირითადად, დასავლური სახელმწიფოების პოლიტიკურ ელიტებს წარმოადგენენ. ასევე მოროშკინა შეთქმულების თეორიას ავითარებს, თითქოს COVID-19-ის პანდემია და უკრაინაში მიმდინარე ომი მსოფლიოს მოსახლეობის წინააღმდეგ წარმოებული „ჰიბრიდული ომის“ ნაწილია, რაშიც ყველა მხარეა ჩართული, რათა მსოფლიო გადაინაწილონ.

რეალურად, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები არაა „გლობალისტების“ გეგმა, რომელსაც „სააკაშვილისნაირი“ „შემსრულებლები“ „მისდევენ“ ან „ჰიბრიდული ომის“ ნაწილი, რომელიც COVID-19-ის პანდემიით დაიწყო, არამედ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები არის შედეგი რუსეთის და კონკრეტულად, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებისა, საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებებისა და გაფრთხილებების (მაგალითად, იხილეთ აშშ, გაერთიანებული სამეფო, ევროკავშირი) მიუხედავად დაეწყო არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომი უკრაინის წინააღმდეგ.

ერთ-ერთ შემსრულებლად მოროშკინა, სავარაუდოდ, ზელენსკის განიხილავს, რადგან წერს, რომ მას რაიმეს დაპჰირდნენ, თუმცა არ ასახელებს ვინ და რას დაჰპირდა. ზელენსკის ან უკრაინის მთავრობის მიერ უკრაინის მოსახლეობის გაწირვა მცდარია.

სინამდვილეში, უკრაინას თავს რუსეთი დაესხა და წამოიწყო არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომი და უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასაც სწორედ რუსული არმია ხოცავს.

გაერო-ს 15 მარტის მონაცემებით, ომის შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობაში 691 გარდაცვლილი და 1143 დაშავებულია. უკრაინის მთავრობისთვის რუსეთის მიერ წამოწყებული არაპროვოცირებული ომის დაბრალება არასწორია. ზელენსკის და უკრაინის მთავრობას უკრაინა და უკრაინელი ხალხი ომის პირობებში არ მიუტოვებია. პირიქით, ზელენსკიმ რუსეთისადმი წინააღმდეგობის გაწევის, არდანებების და ბოლომდე ბრძოლის შესახებ განაცხადა. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ რუსეთს მისი სამხედრო მიზნებისთვის კვლავ არ მიუღწევია და გარკვეული ტერიტორიების დაკავების მიუხედავად (განსაკუთრებით, სამხრეთ უკრაინაში) მსხვილ უკრაინულ ქალაქებს კვლავ უკრაინა აკონტროლებს, რუსულმა არმიამ კი მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა.

8 მარტის მდგომარეობით („ალტ-ინფოს“ ეთერში მოროშკინას ინტერვიუს გასვლის თარიღის მიხედვით) სამხედრო სიტუაცია შეგიძლიათ დეტალურად იხილოთ „ომის კვლევის ინსტიტუტის“ მიმოხილვაში. უკრაინელი ხალხისა და მისი პრეზიდენტის სიმამაცისა და გმირობის შესახებ ბევრი საუბრობს, მაგალითად გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი.

როგორც მოროშკინას, ისე „ალტ-ინფოს“ ყალბი ამბები აქამდეც გაუვრცელებიათ: „ალტ-ინფოს“ შესახებ ინფორმაცია შეგიძლია იხილოთ „ფაქტ-მეტრის“ მასალაში, ხოლო ლალი მოროშკინას მიერ გავრცელებული და „ფაქტ-მეტრის“ მიერ გადამოწმებული ყალბი ამბები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.