ფრიდონ ინჯია: ჩვენ შეიძლება ხორბლის და საწვავის გარეშე დავრჩეთ. ნავთობის 40% რუსეთიდან შემოდის
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ფრიდონ ინჯიას განცხადება არის მეტწილად მცდარი.
რეზიუმე: ბოლო წლების სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოში იმპორტირებული ხორბლის 75%-99.8% რუსეთიდან არის შემოტანილი. აღნიშნულის მიუხედავად, საქართველო ხორბლის გარეშე, როგორც ფრიდონ ინჯია აცხადებს და ამიტომ მოგვიწოდებს, რუსული გადახდის სისტემას მივუერთდეთ, არ დარჩება. ზოგადად, თანამედროვე სამყაროში, ჩაუნაცვლებელი სავაჭრო პარტნიორი არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ხორბლის უდიდესი ნაწილი ამ ეტაპზე რუსეთიდან შემოდის, არსებობს ალტერნატიული ბაზრები - ყაზახეთის, უზბეკეთის, აშშ-ს და ა.შ სახით, საიდანაც ხორბალი აქამდეც შემოგვიტანია და სამომავლოდაც ხორბლის იმპორტი შესაძლებელი იქნება და, ამჟამად რუსული ხორბლის გაზრდილი ფასიდან გამომდინარე, არც თუ მნიშვნელოვნად გაძვირებულ ფასად. ამიტომ, ფრიდონ ინჯიას განცხადების ნაწილი, რომელიც საქართველოს რუსულ ხორბალზე დამოკიდებულებას ეხება, ბუკვალურად ზუსტია, თუმცა კონტექსტი, რომ ამ ფაქტიდან გამომდინარე, საქართველო ხორბლის გარეშე დარჩება და „თავის გადასარჩენად“ „მირის“ სისტემას უნდა მივუერთდეთ (რაც თავის მხრივ, ხორბლის იმპორტის განხორციელებასთან, არანაირ კავშირში არ არის), სიმართლეს არ შეესაბამება.
რაც შეეხება საქართველოში რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტს, ამ შემთხვევაშიც, საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულება გაცილებით ნაკლებია, ვიდრე 40%, როგორც ფრიდონ ინჯია აცხადებს.
ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ფრიდონ ინჯიას განცხადება არის მეტწილად მცდარი.
ანალიზი
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯიამ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა: „თუ ჩვენ დროზე არ მივიღეთ ზომები, ჩვენ შეიძლება ხორბლის და საწვავის გარეშე დავრჩეთ...ნავთობის 40% რუსეთიდან მოდის. აქედან გამომდინარე, ხომ არ დადგა დრო საქართველო „მირის“ სისტემას შეუერთდეს“.
„ფაქტ-მეტრმა“ საქართველოს ბოლო წლების ხორბლის და საწვავის იმპორტის სტატისტიკური მონაცემები გააანალიზა.
საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2020 წელს საქართველოში ხორბალი 47.4 ათას ჰექტარზე იყო დათესილი და 1 ჰექტარზე მოსავლიანობა 2.2 ტონა იყო. ამავე წელს ხორბლის საერთო მოხმარება 735 ათასი ტონა იყო, საიდანაც სასურსათო მოხმარებამ 643 ათასი ტონა შეადგინა. სულ მოხმარებული ხორბლიდან ადგილობრივი წარმოება 102, წლის დასაწყისში მარაგი 71, იმპორტი კი 561 ათასი ტონა იყო, თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტმა კი 15 % შეადგინა.
ბოლო დროის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოში იმპორტირებული ხორბლის 75%-99.8% რუსეთიდან არის შემოტანილი. ცხრილ 1-ში საქართველოში 2012 წლიდან 221 წლამდე იმპორტირებული ხორბლის სტატისტიკაა მოცემული.
ცხრილი 1: ხორბლის იმპორტი 2012-2021 წლებში (ათასი აშშ დოლარი)
წყარო: საგარეო ვაჭრობის პორტალი
სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ ხორბლით საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულება საკმაოზე მაღალია. ხორბალი საქართველოში საგზაო ტრანსპორტის (ლარსიდან), რკინიგზის და ზღვის ტრანსპორტით შემოდის. ის ფაქტი, რომ რუსეთთან სახმელეთო საზღვარი გვაქვს, საგზაო ტრანსპორტის კუთხით, რუსეთს ხორბლის იმპორტიორ სხვა ქვეყნებთან შედარებით, უპირატესობას ანიჭებს. გარდა ამისა, საავტომობილო გადაზიდვების დროს ხორბალი გაცილებით ნაკლებ რეგულაციებს ექვემდებარება, ვიდრე ზღვით და რკინიგზით ტრანსპორტირებისას, ამას ემატება მოკლე მანძილი და შედარებით დაბალი ფასი (რომელიც იყო პანდემიამდე. პანდემიის პერიოდში რუსეთმა ხორბალზე კვოტირება დააწესა, რამაც ფასის ზრდა გამოიწვია). სწორედ აღნიშნული ფაქტორები არის იმის განმაპირობებელი, რომ საქართველო ძირითადადა რუსულ ხორბალზეა დამოკიდებული.
საავტომობილო გზით ხორბლის შემოტანის აკრძალვის მცდელობა საქართველოს მთავრობას 2018 წელს ჰქონდა, როდესაც მაშინდელი ფინანსთა მინისტრის - ვანო მაჭავარიანის, მიერ 2018 წლის 22 აგვისტოს გამოცემული ბრძანებით, საქართველოში ხორბლის იმპორტ-ექსპორტის ექსკლუზიური უფლება მხოლოდ რკინიგზას და პორტს უნდა მინიჭებოდათ. სხვა გზით ხორბლის შემოტანა კი, უნდა აკრძალულიყო. ბრძანების საფუძვლად ფინანსთა მინისტრი ლარსის საბაჟოზე წარმოქმნილ რიგებს ასახელებდა, რაც თავის მხრივ, ტურისტულ ნაკადებს აფერხებდა. ფინანსთა მინისტრი ასევე ამბობდა, რომ ეს გადაწყვეტილება ეკონომიკაში დისონანსს არ შემოიტანდა და არც ხორბლის გაძვირებას გამოიწვევდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას, იმავე ზაფხულს, ტრაილერების მძღოლების დიდი პროტესტი მოჰყვა. საბოლოოდ, ფინანსთა სამინისტრო დათმობაზე წავიდა და ავტომობილებით ხორბლის იმპორტის აკრძალვა 2019 წლის ოქტომბრამდე გადავადდა, თუმცა მოგვიანებით, 2019 წლის ზაფხულში ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ საავტომობილო გზებით აკრძალვა შეჩერებულია და მისი ამოქმედება არ იგეგმება.
ხორბლის იმპორტის დივერსიფიცირების აუცილებლობა განსაკუთრებით კორონავირუსით შექმნილი პანდემიის ფონზე გამოიკვეთა და ახლაც, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომიდან გამომდინარე, საკითხი კვლავ აქტუალური გახდა.
„ფაქტ-მეტრი“ აქამდეც წერდა, რომ ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ხორბლის დივერსიფიცირებული იმპორტი გვქონდეს, რათა ხორბლის მოწოდების დეფიციტის რისკი თავიდან ავიცილოთ და ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული ისეთ არასაიმედო სავაჭრო პარტნიორზე, როგორიც რუსეთია და რომელიც საქართველოსთან და ზოგადადაც, სავაჭრო ურთიერთობებს ხშირად პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.
აღნიშნულის მიუხედავად, საქართველო ხორბლის გარეშე, როგორც ფრიდონ ინჯია აცხადებს და ამიტომ მოგვიწოდებს, რუსული გადახდის სისტემას მივუერთდეთ, არ დარჩება. ზოგადად, თანამედროვე სამყაროში, ჩაუნაცვლებელი სავაჭრო პარტნიორი არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ხორბლის უდიდესი ნაწილი ამ ეტაპზე რუსეთიდან შემოდის, არსებობს ალტერნატიული ბაზრები - ყაზახეთის, უზბეკეთის, აშშ-ს და ა.შ. სახით, საიდანაც ხორბალი აქამდეც შემოგვიტანია და სამომავლოდაც ხორბლის იმპორტი შესაძლებელი იქნება და, ამ ეტაპზე რუსული ხორბლის გაზრდილი ფასიდან გამომდინარე, არც თუ მნიშვნელოვნად გაძვირებულად. ამიტომ, ფრიდონ ინჯიას განცხადების ნაწილი, რომელიც საქართველოს რუსულ ხორბალზე დამოკიდებულებას ეხება, ბუკვალურად ზუსტია, თუმცა კონტექსტი, რომ ამ ფაქტიდან გამომდინარე, საქართველო ხორბლის გარეშე დარჩება და „თავის გადასარჩენად“ „მირის“ სისტემას უნდა მივუერთდეთ (რაც თავის მხრივ, ხორბლის იმპორტის განხორციელებასთან, არანაირ კავშირში არ არის), სიმართლეს არ შეესაბამება. პირიქით, არსებული სიტუაცია შესაძლებლობაც კია, ხორბლის იმპორტის დივერსიფიკაციაზე ფიქრის ნაცვლად, ხორბლის იმპორტიორები ქმედებაზე გადავიდნენ და ხორბალი ალტერნატიული ბაზრებიდან შემოიტანონ.
რაც შეეხება საქართველოს საწვავის მხრივ რუსეთზე დამოკიდებულებას, ნავთობპროდუქტების ბოლო წლების იმპორტის სტატისტიკურ მონაცემებს ქვემოთ გთავაზობთ:
ცხრილი 2: ნავთობპროდუქტების იმპორტი 2012-2021 წლებში (ათასი აშშ დოლარი)
წყარო: საგარეო ვაჭრობის პორტალი
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ნავთობპროდუქტების რუსეთზე დამოკიდებულება ბოლო წლებში ყველაზე მაღალი 2019 წელს იყო და 26.4% შეადგინა, სხვა წლებში იმპორტში რუსეთის წილი, ფრიდონ ინჯიას მიერ დასახლებულ 40%-ზე, გაცილებით ნაკლები იყო. შესაბამისად, ინჯიას განცხადების ეს ნაწილი მცდარია.
ჩვენ მიერ გაანალიზებული სტატისტიკური მონაცემებიდან და განცხადების კონტექსტიდან გამომდინარე, ფრიდონ ინჯიას განცხადება არის მეტწილად მცდარი.