გამოცემა isari.ge-ზე მისი დამფუძნებლის, ჰამლეტ ჭიპაშვილის, მორიგი პროპაგანდისტული სტატია გამოქვეყნდა, სადაც ავტორი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებაში დასავლეთს ღიად ადანაშაულებს და კრემლის პროპაგანდის არაერთ გზავნილს იმეორებს.

ავტორი, კონტრბრალდებების ტექნიკის „საუკეთესო“ პრაქტიკის გამოყენებით საქართველოსა და უკრაინაში პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელებაში დასავლეთს სდებს ბრალს. ჰამლეტ ჭიპაშვილის მტკიცებით, დასავლეთის პროპაგანდისტულმა მანქანამ, საქართველოშიც „გამოზარდა“ მისი მედია მხარდამჭერები, რომლებიც „ჭორების ტირაჟირებაში არათუ ტოლს არ უდებს სახელგანთქმულ დასავლეთს, არამედ ხშირად აჭარბებს კიდევაც“. ამ ყველაფრის ფონზე კი სვამს კითხვას „ვინ დაიწყო ომი?“, რომელსაც თავად პასუხობს - „ბაიდენმა და დასავლეთმა“.

სტატიის ავტორის მტკიცებით, ომის დაწყებაში დამნაშავეა ბაიდენი, რადგან მან არ გაიზიარა პუტინის წინადადება უკრაინის NATO-ში არმიღებასთან და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოებასთან დაკავშირებით. ავტორის აზრით, პუტინს აქვს ლეგიტიმური მოთხოვნები დასავლეთთან რუსეთის უსაფრთხოებაზე, რომელსაც მის საზღვრებთან NATO-ს სამხედრო ბაზების განთავსება საფრთხეს უქმნის, და, შესაბამისად, სწორედ დასავლეთია დამნაშავე იმაში, რომ რუსეთს „მოუწია“ უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის განხორციელება.

სტატიის შემდეგ ნაწილში, ჰამლეტ ჭიპაშვილი რუსული პროპაგანდის კიდევ ერთ გზავნილს იმეორებს, სადაც უკრაინას დონეცკსა და ლუგანსკში მცხოვრები მოსახლეობის ტერორში, ხოლო საქართველოს მოსახლეობას უკრაინის „მოძალადე რეჟიმის“ მხარდაჭერაში ადანაშაულებს:

„მთლად გადაუგვარებია ის [თბილისში უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე გამოსული ხალხი] დასავლურ და ადგილობრივ პროპაგანდას. ვის უცხადებს მომიტინგე ხალხი სოლიდარობას? უკრაინელ ხალხსო — მიპასუხებს მავანი. კეთილი, მაგრამ უკრაინელი ხალხი არ ცხოვრობს დონბასში? ის, რა სოლიდარობის ღირსი არ არის? დონეცკსა და ლუგანსკში მცხოვრები, რომ უკრაინის არმიის ყოველდღიურ დაბომბვებს იტანს ბოლო 8 წლის განმავლობაში - სანუგეშო არ არის? მსხვერპლს, რომელსაც ის განიცდის 8 წლის განმავლობაში, გასახსენებელი არ არის?“

ავტორი კრემლის პროპაგანდის კიდევ ერთ გზავნილს იმეორებს, რომელიც უკრაინის ხელისუფლებას ფაშისტებად მოიხსენიებს და უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას მისი „ფაშისტური რეჟიმისგან“ გაწმენდის მოტივით ამართლებს.

„ვის ვუცხადებთ სოლიდარობას, უკრაინის ხელისუფლებას, აშკარად ფაშისტურს, რომელიც გერმანიის ფაშისტებთან კოლაბორაციაში მყოფ უკრაინელ ფაშისტებს, ბანდერასა და შუხევიჩს აღმერთებს, ფაშიზმის გამოძახილია დღევანდელი უკრაინა“.

მტკიცება 1: ომი ბაიდენმა და დასავლეთმა დაიწყო

24 თებერვალს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის საწინააღმდეგოდ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების დაწყების შესახებ განაცხადა, რასაც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეტევა მოჰყვა.

საომარი მოქმედებების დაწყებამდე, უკრაინის საკითხის გარშემო, დიდი ხნის განმავლობაში, კრიზისი იყო შექმნილი, რაც რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიასა და მისი საზღვრების სიახლოვეს 190,000-მდე სამხედროსა და დიდი რაოდენობით საბრძოლო ტექნიკის მობილიზებამ გამოიწვია. პროცესი ჯერ კიდევ 2021 წლის გაზაფხულზე დაიწყო, როდესაც რუსეთმა უკრაინის საზღვართან ათი ათასობით ჯარისკაცი განალაგა, როგორც თავად აცხადებდა „NATO-სგან მომდინარე საფრთხის პასუხად“. შემდგომ რუსეთი ამტკიცებდა, რომ დანაყოფების ნაწილი უკან გაიყვანა. თუმცა, რუსეთმა მხოლოდ ჯარის მცირე ნაწილი გაიყვანა და უკრაინის საზღვართან დიდი ძალები განლაგებული დატოვა. 2021 წლის ნოემბრიდან რუსეთმა უკრაინის საზღვართან დამატებითი ძალების გადასროლა დაიწყო, რამაც შეუქცევადი ხასიათი მიიღო.

2021 წლის დეკემბერში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობის გაუქმება მოსთხოვა, რომლის მიხედვითაც, საქართველო და უკრაინა ალიანსში გაწევრიანდებიან. მოგვიანებით, კრემლმა დასავლეთს „უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ მომზადებული სპეციალური პროექტიც გადასცა, რომელშიც, რუსეთი NATO-ს სამომავლო გაფართოებას დაუშვებლად მიიჩნევდა, და ფაქტობრივად, აშშ-სა და NATO-ს სამხედრო ნაწილებისა და შეიარაღების 1997 წლის მდგომარეობით, ანუ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების NATO-ში გაწევრიანებამდე, არსებულ პოზიციებზე დაბრუნებას მოითხოვდა. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დასავლეთს „სამხედრო-ტექნიკური პასუხით“ დაემუქრა.

აშშ-ისა და ბრიტანეთის სადაზვერვო სააგენტოები რეგულარულად ავრცელებდნენ ინფორმაციას რუსეთის უკრაინაში მოსალოდნელი შეჭრის შესახებ, მაგრამ საპასუხოდ, კრემლმა არაერთხელ განაცხადა, რომ მას ასეთი გეგმები არ აქვს.

რუსეთის მიერ სამხედრო ძალების კონცენტრაციისა და „უსაფრთხოების გარანტიების“ მოთხოვნის საპასუხოდ, დასავლეთმა მოსკოვს კრიზისის დიპლომატიური დეესკალაციის რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა. კერძოდ, 2021 წლის 7 დეკემბერს რუსეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. გარდა ამისა, დასავლეთის ქვეყნების ლიდერების ინიციატივით, ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა ფორმატში არაერთი შეხვედრა გაიმართა.

დასავლეთისადმი რუსეთის ულტიმატუმის წაყენებასა და უკრაინაში ომის დაწყებას შორის, დასავლეთს არაერთი მცდელობა და მოწოდება ჰქონდა გაკეთებული, რათა საკითხები დიპლომატიური და არა სამხედრო გზით გადაჭრილიყო - პუტინისა და ბაიდენის სატელეფონო მოლაპარაკებები, სხვადასხვა ევროპელი ლიდერის ვიზიტები მოსკოვში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრები და ა.შ.

ომის შეჩერების მცდელობებს შეუერთდნენ სხვა სახელმწიფოები, მათ შორის - რუსეთთან კარგი ურთიერთობების მქონე ქვეყნები - კერძოდ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს ჰქონდა მედიატორობის ინიციატივა, მაგრამ მისი მოწოდება მოლაპარაკებების დაწყების შესახებ კრემლში არ გაიზიარეს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბლინკენისა და ლავროვის შეხვედრა 24 თებერვალს იყო დაგეგმილი, თუმცა, იმის გამო, რომ ვლადიმირ პუტინმა აღმოსავლეთ უკრაინის ლუჰანსკისა და დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა და მათთან თანამშრომლობის და ორმხრივი დახმარების შესახებ ხელშეკრულებები გააფორმა, ეს შეხვედრა აღარ შედგა. ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში რუსეთი თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შესაძლებლობის ფაქტს უმაღლეს დონეზე უარყოფდა .

შესაბამისად, დასავლეთისა და ბაიდენის დადანაშაულება ომის დაწყებაში იმ საბაბით, რომ მათ არ მიიღეს პუტინის ულტიმატუმი და არ უგულებელყვეს დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტი და საგარეო პოლიტიკური არჩევანი, კრემლის იმ პროპაგანდის ხაზს წარმოადგენს, რომელიც პასუხისმგებლობის არიდებასა და ისრების გადამისამართებას ისახავს მიზნად.

მტკიცება 2: უკრაინის მოძალადე ხელისუფლება 8 წლის მანძილზე ტერორს უწყობდა დონეცკისა და ლუგანსკის მაცხოვრებლებს

კრემლი წლების განმავლობაში ცდილობდა, დონეცკსა და ლუგანსკში გენოციდის მოწყობაში საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინის ხელისუფლება დაედანაშაულებინა, რითაც მისი 2014 წლის სამხედრო აგრესიის გამართლებას ცდილობდა.

უკრაინაში რუსეთის აგრესიული ქმედებების შედეგად, გაეროს მონაცემებით, 3000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 7000-მდე დაშავდა. მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლიდან, კონფლიქტის დროს და მის შემდეგ, ადამიანის უფლებები კონფლიქტის ყველა მონაწილემ დაარღვია, არ არსებობს საფუძველი უკრაინის ხელისუფლება ან მისი შეიარაღებული ძალები გენოციდში დაადანაშაულონ. არ არსებობს არც ერთი საერთაშორისო დოკუმენტი ან შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნა, რომელიც მოსკოვის ბრალდებას დაადასტურებს.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი წარმომადგენლის სხვადასხვა მოხსენებებში აღწერილია ადამიანის უფლებათა თითქმის ყველა დარღვევის ფაქტი, რაც დონბასში მოხდა. თუმცა ეს დარღვევები ძალიან შორს არის გენოციდისგან. ამავდროულად, ამ მოხსენებებში ნათლად ჩანს, რომ უმეტეს შემთხვევაში, ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელი დონეცკისა და ლუგანსკის შეიარაღებული ძალები არიან და არა უკრაინული მხარე.

ფაქტობრივად, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ უკრაინაში დონბასის მაცხოვრებლების „სისტემური განადგურება“ ხდებოდა. ეთნიკურ ნიადაგზე მიზანმიმართული მკვლელობების ნიშნები არ გამოვლენილა არც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. კერძოდ, 2014 წლიდან, „ეუთო“-ს სპეციალურ სადამკვირვებლო მისიას დონბასში (რომლის მანდატსაც მხარი თავად რუსეთის ფედერაციამაც დაუჭირა 2014 წელს), მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობის არც ერთი მტკიცებულება არ აღმოუჩენია.

აღსანიშნავია, რომ კრემლი გენოციდს, როგორც სხვა სახელმწიფოს საქმეებში ჩარევის საბაბს, ან როგორც საზღვარგარეთ სამხედრო ძალების გამოყენების მიზეზს, დიდი ხანია იყენებს. რუსეთმა გენოციდის ბრალდება 2008 წლის აგვისტოში საქართველოში შემოსაჭრელადაც გამოიყენა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით, რუსეთის პროკურატურამ დაადასტურა, რომ კონფლიქტის პერიოდში ცხინვალის რეგიონში 162 ადამიანი დაიღუპა და არა ათასობით, რასაც კრემლისტური პროპაგანდა ამტკიცებდა.

16 მარტს, ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ (გაერო-ს მთავარი სამართლებრივი ორგანო) რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელზე წინასწარი (Preliminary) გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქმე ეხება რუსეთის მიერ ცნების, გენოციდის დამახინჯებას და მის გამოყენებას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გასამართლებლად. სასამართლოს დადგენილებით „მოცემულ გარემოებებში გაეროს საერთაშორისო სასამართლო მიიჩნევს, რომ უკრაინას აქვს სამართლიანი უფლება არ იყოს რუსეთის ფედერაციის სამხედრო ოპერაციების სამიზნე უკრაინის ტერიტორიაზე თითქოსდა გენოციდის პრევენციის ან დასჯის მიზნით“.

ჰააგის სასამართლომ ასევე მოუწოდა რუსეთის ფედერაციას „დაუყოვნებლივ შეაჩეროს უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციები, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო“ და „ნებისმიერ სამხედრო, რეგულარულ შეიარაღებულ დანაყოფებს და სხვა ორგანიზაციებსა თუ პირებს, რომელთაც რუსეთი აკონტროლებს, ეკრძალებათ აგრესიის შემდგომი ნაბიჯების განხორციელება“.

შესაბამისად, ჰამლეტ ჭიპაშვილის მტკიცება, რომ უკრაინის ხელისუფლება დონეცკისა და ლუგანსკის მაცხოვრებლებს ბოლო 8 წელია ტერორს უწყობს, მცდარია და იმეორებს იმ ყალბ ბრალდებას, რომლითაც რუსეთის ფედერაცია უკრაინაში 24 თებერვლის სამხედრო შეჭრის გამართლებას ცდილობს. ავტორი უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ 2014 წელს სწორედ რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად შეიქმნა ამ ტერიტორიებზე ის მდგომარეობა, რომელმაც რეგიონში ჰუმანიტარული კრიზისი და ადამიანის უფლებების არაერთი დარღვევა გამოიწვია.

მტკიცება 3: უკრაინას ყავს ფაშისტური, ნაცისტური ხელისუფლება, რომელსაც წინ აღუდგა რუსეთი

კრემლის და პირადად ვლადიმერ პუტინის ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ძირითადი გზავნილია ის, რომ უკრაინის ხელისუფლებაში ნაცისტები არიან. 24 თებერვალს უკრაინაში სამხედრო აგრესიის გასამართლებლად პუტინის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ საჭიროა, რათა „დაიცვან ადამიანები გენოციდისგან და მოხდეს უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“.

ბოლო წლებში, კრემლის ანტიუკრაინული პროპაგანდის მთავარი თეზისია მტკიცება, რომ უკრაინა არის ნაცისტური, ფაშისტური სახელმწიფო, რომელიც არღვევს მოქალაქეებს უფლებებს ეთნიკურ საფუძველზე და უკრძალავს ხალხს უკრაინულის გარდა სხვა ენებზე საუბარს.

მტკიცება, რომ უკრაინელები ნაცისტები არიან, აბსურდულია. ერთადერთი, ვინც უკრაინის ხელისუფლებას ნაციზმში სდებს ბრალს, რუსეთია. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ უკრაინაში მიზანმიმართული მასობრივი მკვლელობები ან ეთნიკური წმენდა მიმდინარეობდა.

მსოფლიოს უდიდესი ნაწილი თანხმდება, რომ უკრაინული „ნაციზმი“ რუსული პროპაგანდის ნაყოფია. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ცრუ ბრალდებები უწოდა კრემლის გზავნილებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია ნაციზმთან და ფაშიზმთან ბრძოლას ისახავს მიზნად. გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, ასევე გამოთქვა საკუთარი აზრი პუტინის მიერ დონბასში გენოციდის შეფასებასთან დაკავშირებით - 2022 წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას მან ამ ბრალდებებს უბრალოდ „სასაცილო“ (ridiculous) უწოდა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, რომლის მამინაცვალი ჰოლოკოსტის გადარჩენილი ებრაელი იყო, 2022 წლის 17 თებერვალს გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში შესაჭრელად საბაბს შექმნის „რუსეთმა შეიძლება აღწეროს ეს მოვლენები, როგორც ეთნიკური წმენდა ან გენოციდი, მასხრად აიგდებს იმ კონცეფციას, რომელსაც ჩვენ ამ პალატაში ასე მსუბუქად არ ვუყურებთ და არც მე ვუყურებ მსუბუქად ჩემი ოჯახის ისტორიიდან გამომდინარე“.

ჰამლეტ ჭიპაშვილის, კიდევ ერთი მტკიცება (რომელიც ასევე თანხვედრაშია კრემლის ნარატივთან), რომ უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება „აღმერთებს“ ნაცისტურ გერმანიასთან კოლაბორაციაში მყოფ ჯგუფებს და მათ იდეოლოგიას იზიარებს, ასევე მკვეთრად აცდენილია რეალობას.

PewResearchCenter-ის მიერ 2018 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, უკრაინაში ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყანას შორის ყველაზე მეტი ებრაელი ცხოვრობს და ყველაზე ნაკლებად სწორედ ამ ქვეყანაში შეინიშნება ანტისემიტური განწყობები.

დღეისათვის უკრაინაში 360 000-იდან 140 000-მდე ებრაელი ცხოვრობს. ისინი ამ ქვეყანაში თანაბარი უფლებებით სარგებლობენ და უკრაინული საზოგადოების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ.

აღსანიშნავია, რომ ისრაელის გარდა, უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა, რომლის სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური ეთნიკურად ებრაელია. ზელენსკიმ რუსეთის აგრესიის შემდგომ საჯარო მიმართვისას პუტინის აბსურდულ ბრალდებას შემდეგნაირად უპასუხა: „როგორ შეიძლება მე ნაცისტი ვიყო? აუხსენით ეს ჩემს ბაბუას“.

Jewish Journal-ში გენოციდის, ნაციზმის და მეორე მსოფლიოს ომის საკითხებზე მომუშავე მკვლევარებმა და ექსპერტებმა მთელი მსოფლიოდან, 27 თებერვალს, ერთობლივი ღია წერილი გამოაქვეყნეს, სადაც ვკითხულობთ: „ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ რუსეთის მთავრობის მხრიდან ტერმინ გენოციდის, ასევე ჰოლოკოსტისა და მეორე მსოფლიო ომის ხსოვნის, ცინიკურ და ბოროტად გამოყენებას, უკრაინის სახელმწიფოს ნაცისტურ რეჟიმთან გატოლებას რუსეთის ფედერაციის არაპროვოცირებული აგრესიის გასამართლებლად. ეს რიტორიკა ფაქტობრივად არასწორი და მორალურად ამაზრზენია და ღრმად შეურაცხყოფს ნაციზმის მილიონობით მსხვერპლის ხსოვნას და მათ, ვინც გაბედულად იბრძოდა მის წინააღმდეგ, მათ შორის - წითელი არმიის უკრაინელ და რუს ჯარისკაცებს“.

------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5366 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი