იტვირთება

ირაკლი ქადაგიშვილი: როცა 2008 წელს უცხო ქვეყნის პრეზიდენტები საქართველოში ჩამოვიდნენ, ცეცხლი შეწყვეტილი იყო

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადება არის ტყუილი.

რეზიუმე: 2008 წლის 12 აგვისტოს, მაშინ, როცა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ჯერ კიდევ არ იყო ხელმოწერილი, ხოლო რუსეთის ავიაცია საქართველოს ტერიტორიებს ბომბავდა, საქართველოში, სოლიდარობის გამოსაცხადებლად, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პრეზიდენტები ჩამოვიდნენ.

შესაბამისად, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადება, რომ 2008 წელს უცხო ქვეყნის პრეზიდენტების საქართველოში ჩამოსვლისას ცეცხლი შეწყვეტილი იყო, არის ტყუილი.

ანალიზი

16 მარტს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი, გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის მოწოდებას, რომ მეგობარი ქვეყნის ლიდერები ახლა კიევში უნდა ჩავიდნენ. ქადაგიშვილის თქმით, ასეთი ტიპის სამხედრო მოქმედებების ადგილზე ვიზიტს უსაფრთხოების ნორმების დაცვა სჭირდება. „პირველ რიგში მაინც უსაფრთხოების საკითხს დავაყენებდი, რადგან როცა 2008 წელს უცხო ქვეყნის პრეზიდენტები საქართველოში ჩამოვიდნენ, მაშინ ცეცხლი შეწყვეტილი იყო და უსაფრთხოების ეს ზომები გარანტირებული იყო“, - აღნიშნა მან.

„ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი ქადაგიშვილი განცხადება გადაამოწმა.

2008 წლის 12 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ესტონეთის, ლიტვის, პოლონეთის და უკრაინის პრეზიდენტები, ასევე ლატვიის პრემიერ-მინისტრი თბილისში ჩამოვიდნენ და საქართველოს მიმართ თავიანთი ქვეყნების სოლიდარობა გამოხატეს. საქართველოში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პრეზიდენტების ჩამოყვანის ორგანიზატორი პოლონეთის იმჟამინდელი პრეზიდენტი, ლეხ კაჩინსკი იყო. მის თვითმფრინავს რუსეთი უსაფრთხოების გარანტიას არ აძლევდა და თბილისში გაფრენაზე უარს აცხადებდნენ კაჩინსკის პირადი პილოტებიც, თუმცა ვიზიტი მაინც შედგა.

12 აგვისტოს თბილისში მოსკოვიდან ჩამოვიდა საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზიც (მან თან რუსეთის პრეზიდენტთან შეთანხმებული გეგმა ჩამოიტანა, რომელსაც, გარკვეული ცვლილებების შემდეგ, საქართველომ - 15 აგვისტოს, ხოლო რუსეთმა - 16 აგვისტოს, მოაწერა ხელი), თუმცა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, ის რუსთაველის გამზირზე ხალხთან შესახვედრად არ მისულა.

რა ხდებოდა საქართველოში 2008 წლის 12 აგვისტოს?

Civil.ge-ს თანახმად, 12 აგვისტოს რუსეთის საჰაერო ძალები დაბომბვას კვლავ განაგრძობდნენ. ამ დღეს დაიბომბა გორი, რის შედეგადაც 8 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა, ხოლო 15 დაიჭრა.

12 აგვისტოს, რუსეთის საჰაერო ძალებმა, ასევე, დაბომბეს კასპის და ხაშურის რაიონების სოფლები.

რუსეთის მოიერიშე ვერტმფრენმა გორის მახლობლად ავტომაგისტრალზე ცეცხლი გაუხსნა სამოქალაქო მიკროავტობუსს, რომელსაც მგზავრები დასავლეთ საქართველოდან თბილისისკენ გადაჰყავდა, შედეგად ცხრა მგზავრი დაიღუპა.

რუსმა სამხედროებმა სოფელ ახალდაბაში ტელე-რადიო გადამცემი სადგური დაიკავეს, აპარატურა გაანადგურეს, ერთი თანამშრომელი მოკლეს და ერთიც დაჭრეს.

გარდა იმისა, რომ რუსეთის ავიაცია 12 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიებს კვლავ ბომბავდა, ამ დროისთვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ჯერ კიდევ არ იყო ხელმოწერილი. შესაბამისად, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადება, რომ 2008 წელს უცხო ქვეყნის პრეზიდენტების საქართველოში ჩამოსვლისას ცეცხლი შეწყვეტილი იყო, არის ტყუილი.

ირაკლი ქადაგიშვილი („ქართული ოცნების“ სხვა წევრების მსგავსად) ქვეყნის ლიდერების კიევში არწასვლას უკრაინაში მიმდინარე ომით ხსნის. თუკი მმართველი გუნდისთვის მხოლოდ აქტიური საომარი მოქმედებებია უკრაინაში ვიზიტის დამაბრკოლებელი ფაქტორი, საინტერესოა, რატომ არ ჩავიდნენ ქვეყნის ლიდერები კიევში მხარდაჭერის გამოსაცხადებლად ომის დაწყებამდე?

მაშინ, როცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ოპოზიციის წარმომადგენლები კიევში ჩავიდნენ; ასევე, კიევში შეხვედრებს მართავდნენ მსოფლიოს ლიდერები და აკრიტიკებდნენ რუსულ აგრესიას, „ქართული ოცნების“ ლიდერები უკრაინაში ჩასვლაზე ღიად აცხადებდნენ უარს. შესაბამისად, განცხადებები, რომ უკრაინაში ვიზიტი ამჟამინდელი საომარი მოქმედებების გამოა შეუძლებელი, მანიპულირება და მმართველი გუნდის უმოქმედობისა თუ არასათანადო მოქმედებების გამართლების ფუჭი მცდელობაა.

უკრაინაში, „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს, პრემიერ-მინისტრების ყველა ოფიციალური ვიზიტი სხვადასხვა საერთაშორისო სამიტის (სუამი, ყირიმის კონფერენცია და ა.შ.) ფარგლებში შედგა. ოფიციალური ვიზიტები უკრაინაში გაიმართა სხვადასხვა სამინისტროს დონეზეც. გარდა ამისა, საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ საპრეზიდენტო ინაუგურაციებსაც. თუმცა არათუ უშუალოდ ომის დაწყებამდე, არამედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში, ორმხრივ ფორმატში, უკრაინაში საქართველოს არცერთ პრემიერმინისტრს ვიზიტი არ ჰქონია.

როგორც აღვნიშნეთ, ევროპელი ლიდერები საქართველოში სწორედ ომის დროს ჩამოფრინდნენ. ომის დროს ჩაფრინდნენ ისინი კიევშიც. ამის ფონზე, ქვეყნისთვის სოლიდარობის გამოცხადებაზე უარის თქმა იმ მიზეზით, რომ საფრთხის ქვეშაა, მოცემული განცხადების დამატებით, კიდევ უფრო მნიშვნელოვან კონტექსტს წარმოადგენს, ვინაიდან სწორედ საფრთხის ქვეშ მყოფი პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერის გამოხატვის აუცილებლობაზეა საუბარი.

შესაბამისად, სიცრუესთან ერთად, ქადაგიშვილი თავისი მთლიანი განცხადების ერთ ნაწილში - 2008 წელს საქართველოსადმი გამოხატული მხარდაჭერის მნიშვნელობის ნიველირებას ახდენს, ხოლო მეორე ნაწილში, აბსურდულ არგუმენტზე დაყრდნობით, ცდილობს, საქართველოს პრემიერის მხრიდან ვიზიტის განუხორციელებლობა გაამართლოს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4021 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
25%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი