იტვირთება

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეების ჩართულობა მნიშვნელოვანი პროცესია. მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის ერთ-ერთი ფორმა მონაწილეობითი ბიუჯეტირებაა, რაც მოქალაქეებსა და სათემო ჯგუფებს, საჯარო სერვისების გაუმჯობესების მიზნით, ახალი ინიციატივების წარდგენის საშუალებას აძლევს.

მონაწილეობითი ბიუჯეტირების გზით, საზოგადოების წევრები ადგილობრივი ბიუჯეტის განკარგვისა და კონტროლის პროცესში უშუალოდ ერთვებიან. ეს კი მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებისა და გაძლიერების შესაძლებლობებს ზრდის. გარდა ამისა, საბიუჯეტო პროცესებში თანამონაწილეობა გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, რაც სახსრების არამიზნობრივი, არაეფექტიანი ხარჯვისა და კორუფციის რისკებს ამცირებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებია: დასახლების საერთო კრება; პეტიცია; სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო; მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომებში მონაწილეობა; მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა; საბიუჯეტო პროცესებში მონაწილეობა.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი მოქალაქეებისთვის გამჭვირვალეობითა და ხელმისაწვდომობით რომ არ გამოირჩევა, ამაზე როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მონაცემები, ისე მოქალაქეთა გამოცდილება და უპასუხოდ დარჩენილი განცხადებები მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წელია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში, მონაწილეობითი ბიუჯეტირების ფარგლებში, არც ერთი პროექტი არ შესულა.

2021 წელს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ნინოწმინდის მერმა ანივარდ მოსოიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების უდიდესი პრობლემა ბიბლიოთეკის არარსებობაა.

არჩევნების შემდეგ, ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობის მიზნით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მოქმედმა რამდენიმე სათემო ორგანიზაციამ მერიას საერთო განცხადებით მიმართა. მათ ასევე ელექტრონული წერილი გაუგზავნეს პირადად მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს. ორგანიზაციები სხვადასხვა სოფელში არსებული კონკრეტული შენობების ბიბლიოთეკებად გადაკეთებას ითხოვდნენ.

ტიგრან თარზიანი, ორგანიზაციის „ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის“ დამფუძნებელი, „ფაქტ-მეტრთან“ საუბარში აცხადებს, რომ წერილზე პასუხი არ მიუღიათ. თვითმმართველობამ უპასუხოდ დატოვა მოქალაქე მარტინ აროიანის განცხადებაც, რომელიც მნიშვნელოვან საკითხს ეხებოდა: სპორტული დარბაზის მშენებლობა და ნინოწმინდის კულტურის სახლის მდგომარეობა. აროიანი ამბობს, რომ მოქალაქეები მერიას არ მიმართავენ, რადგან წერილები პასუხის გარეშე რჩება და, ალბათ, არც განიხილება. ამიტომ მოსახლეობა ჩართულობის პროცესის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი.

„ფაქტ-მეტრმა“ სცადა, გაერკვია, რა ფორმით ერთვება მოსახლეობა მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესში და ინფორმაცია ნინოწმინდის მერიისგან ოფიციალურად გამოითხოვა. ჩვენ საანგარიშოდ ბოლო ოთხი წელი ავირჩიეთ. აღმოჩნდა, რომ მოცემულ პერიოდში, ამ მიზნით ხელისუფლებისთვის არავის მიუმართავს.

„გაცნობებთ, რომ ოთხი წლის განმავლობაში მოქალაქეებისგან კონკრეტულად საპროექტო ინიციატივები საკრებულოში არ შემოსულა, მაგრამ შემოსულია კოლექტიური განცხადებები ქუჩების მოასფალტებაზე, სანიაღვრე არხების მოწყობასა და საკანალიზაციო სისტემის გაყვანაზე, რის საფუძველზეც საპროექტო წინადადებები წარდგენილია მერიაში, მიღებულია დადებითი გადაწყვეტილება და დაკმაყოფილებულია“,- აღნიშნულია პასუხში, რომელიც ადრესატმა გამოგვიგზავნა.


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4280 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
26%
სიმართლე
19%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
ტყუილი
6%

ყველაზე კითხვადი