შალვა პაპუაშვილი: 19 აპრილის შეთანხმებას არანაირი კავშირი არ აქვს ევროკავშირში ინტეგრაციასთან.
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, შალვა პაპუაშვილის განცხადება არის ტყუილი.
რეზიუმე: შალვა პაპუაშვილის განცხადება, რომ 19 აპრილის შეთანხმებას არანაირი კავშირი არ აქვს ევროკავშირში ინტეგრაციასთან, არის ტყუილი, რამდენადაც დოკუმენტის პრეამბულაშივე ვკითხულობთ, რომ შეთანხმების გაფორმების ერთ-ერთი მიზანი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების განსახორციელებლად მიზანდასახული მოქმედებაა.
ამასთან, აღნიშნულ შეთანხმებას ევროკავშირში ინტეგრაციის ერთ-ერთი გზამკვლევი უწოდა თავად ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა.
ანალიზი
11 მარტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ 19 აპრილის შეთანხმება, ეს იყო საქართველოში მოღვაწე პარტიებს შორის შეთანხმება და მას ევროკავშირში ინტეგრაციასთან კავშირი არ აქვს: „პირველი - 19 აპრილის შეთანხმება არ არსებობს. მეორე - 19 აპრილის შეთანხმებას არანაირი კავშირი არ აქვს ევროკავშირში ინტეგრაციასთან“.
„ფაქტ-მეტრმა“ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება გადაამოწმა.
გასული წლის 19 აპრილს „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ინიციირებულ დოკუმენტს მოაწერეს ხელი, რომლის მიზანი საქართველოში შექმნილი კრიზისის დაძლევა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება იყო. შეთანხმება შეეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება; ამბიციური საარჩევნო რეფორმა; კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა; პარლამენტში ძალაუფლების განაწილება; მომდევნო არჩევნები.
დოკუმენტის პრეამბულაშივე ვკითხულობთ, რომ შეთანხმების გაფორმების ერთ-ერთი მიზანი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების განსახორციელებლად მიზანდასახული მოქმედებაა.
„ფაქტ-მეტრი“ დოკუმენტის პრეამბულის ქართულ თარგმანს უცვლელად გთავაზობთ:
„ჩვენ, წინამდებარე შეთანხმებაზე ხელმომწერი პარტიები, ვითვალისწინებთ რა საერთო ინტერესებს იმისთვის, რომ:
დასრულდეს არსებული პოლიტიკური უთანხმოება და წინ წაიწიოს საქართველოს
დემოკრატიული და კანონის უზენაესობის დღის წესრიგმა პოლიტიკური,
მართლმსაჯულებისა და ანტიკორუფციული რეფორმების გატარების გზით;
შესაძლებლობა მიეცეს ჩვენს ქვეყანას, იყოს ძლიერი და ერთიანი კორონავირუსის
პანდემიით გამოწვეული ჯანდაცვისა და ეკონომიკურ გამოწვევებთან გასამკლავებლად;
უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ინტერესები რეგიონული გამოწვევების პირობებში;
ვიმოქმედოთ მიზანდასახულად საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური
მისწრაფებების განსახორციელებლად;
ვაღიარებთ რა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მხარდაჭერას,
ვთანხმდებით, რომ:
ამ შეთანხმების ხელმოწერისთანავე შევალთ პარლამენტში და სრულად მივიღებთ
მონაწილეობას საპარლამენტო საქმიანობაში;
მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე შევასრულებთ ჩვენს მოვალეობებს
ურთიერთპატივისცემით და იმის აღიარებით, რომ საქართველოს სტაბილურობას
ერთიანობა სჭირდება.
შესაბამისად, ვიღებთ ვალდებულებას, რომ სწრაფად და კეთილსინდისიერად
განვახორციელებთ შემდგომში მოცემულ ყველა საკითხს: ...“
მიუხედავად იმისა, რომ 28 ივლისს მმართველმა პარტიამ შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა [1], საქართველოს პარტნიორები დოკუმენტს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტად დღემდე მიიჩნევენ. საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის თანახმად, 19 აპრილის შეთანხმება არის გზამკვლევი ევროკავშირში ინტეგრაციისა. „ეს ერთ-ერთი გზაა და არა ერთადერთი, რომელიც ამ მიმართულებით წინსვლისთვის არის განკუთვნილი და ძალიან ლეგიტიმური კითხვა ისმის, თუ ეს გზა არა, მაშინ რომელი?“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა 9 თებერვალს.
ამრიგად, შალვა პაპუაშვილის განცხადება, რომ 19 აპრილის შეთანხმებას არანაირი კავშირი არ აქვს ევროკავშირში ინტეგრაციასთან, არის ტყუილი, რამდენადაც „შარლ მიშელის შეთანხმების“ სახელით ცნობილი დოკუმენტის პრეამბულაშივე წერია, რომ შეთანხმების გაფორმების ერთ-ერთი მიზანი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების განსახორციელებლად მიზანდასახული მოქმედებაა.
ცხადია, აღნიშნული შეთანხმება არ არის ისეთი ტიპის, როგორიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაა, (რომელიც სამართლებრივად განსხვავებული, საერთაშორისო ხელშეკრულებაა), თუმცა მისი როლის დაკნინება ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, გაუმართლებელია. მით უფრო - იმის გათვალისწინებით, რომ თავად ევროპელი პარტნიორების თანახმად, შეთანხმება მოიცავს ისეთ რეფორმებს და პოლიტიკურ ცვლილებებს, რაც საქართველოს მმართველობის გაუმჯობესებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით წინსვლისკენ სჭირდება. მიუხედავად პაპუაშვილის განცხადებისა, რომ 19 აპრილის შეთანხმება აღარ არსებობს, თავად ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი, დოკუმენტს ევროკავშირში ინტეგრაციის ერთ-ერთ გზამკვლევად ჯერ კიდევ მიიჩნევს.
[1] უნდა აღინიშნოს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეთანხმება ჯერ კიდევ მის დატოვებამდე დაარღვია.