Facebook-გვერდი „დადუმებული ქართველობა“ 5 მარტს, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ის NATO-ს წევრი ქვეყნების მიერ უკრაინის საჰაერო სივრცის ჩაკეტვაზე უარის თქმას აკრიტიკებდა. როგორც პოსტში ვკითხულობთ, უკრაინა „დასავლელი „პარტნიორებისგან“ გაქეზებული, მიგდებული და გაყიდული“ ქვეყანა, რომელიც რუსეთს მარტოდმარტო ებრძვის. ასევე, გერმანიის კანცლერმა ოფიციალურად განაცხადა, რომ „გერმანია არ დაუშვებს საქართველოს და უკრაინის არც ევროკავშირში და არც ნატოში მიღებას“.

რეალურად, Facebook-პოსტი გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის ინტერვიუში გაკეთებული განცხადებების დამახინჯებული და გაზვიადებული ვერსიაა.

2022 წლის 4 მარტს, ოლაფ შოლცმა ტელეარხ ZDF-თან ინტერვიუში უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა. მათ შორის, მან უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებაც გააკეთა კომენტარი. კერძოდ, მან განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანება ალიანსის დღის წესრიგში ამჟამად არ დგას.

უკრაინის ნატოში გაწევრიანების თაობაზე, კანცლერმა შოლცმა ომის დაწყებამდე, კიევში ვიზიტის დროსაც ისაუბრა და ხაზი გაუსვა რუსეთის მხრიდან წამოყენებულ აბსურდულ ბრალდებებს, რომ თითქოს NATO რუსეთის საზღვრებთან მოახლოებას აპირებდა, რაც მისი უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. კონკრეტულად, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე შოლცმა განაცხადა: „ალიანსში წევრობის საკითხი მოცემული მომენტისთვის არააქტუალურია. ამიტომ, გარკვეულწილად უცნაურია, რომ რუსეთის მთავრობამ დიდი პოლიტიკური დისკუსიების საგნად აქცია საკითხი, რომელიც ახლა არ დგას დღის წესრიგში“.

აქვე, მან აღნიშნა, რომ ნატოს მხრიდან რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვა უპასუხისმგებლო ქმედება იქნება და კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს. შოლცის თქმით, NATO-სა და რუსეთს შორის პირდაპირი დაპირისპირება თავიდან უნდა იქნას აცილებული.

2021 წლის ივნისში „ნატო 2030“-ის ბრიუსელის ფორუმის შემდგომ, NATO-ს შემაჯამებელ კომუნიკეში საქართველოსა და უკრაინის თაობაზე ანალოგიური ჩანაწერები გაკეთდა, რომ ისინი გახდებიან ალიანსის წევრები. კონკრეტული ჩანაწერი კი ნიშნავს, რომ ძალაში რჩება 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ამ ქვეყნებისთვის მიცემული დაპირება, რომ ისინი ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმას მიიღებენ. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული თარიღები არ სახელდება, NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, უფრო მნიშვნელოვანია, რომ NATO-ს ღია კარის პოლიტიკა მოქმედია, რაც ალიანსში მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანებამაც დაადასტურა.

2021 წლის დეკემბერში, საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები რიგაში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მიიწვიეს. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „საქართველო და უკრაინა NATO-ს უახლოესი პარტნიორები არიან, რომელთაც ნატოს ოპერაციებსა და მისიებში საკუთარი წვლილი შეაქვთ და ალიანსში გაწევრიანებისკენ ისწრაფვიან“. მანვე აღნიშნა, რომ „მოკავშირეები ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებს მხარს უჭერენ და მზად ვართ საქართველოსა და უკრაინას პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ”. სტოლტენბერგმა ბრიუსელის 2021 წლის სამიტის გახსენებით, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტის მიმართ მოკავშირე სახელმწიფო და მთავრობის მეთაურების ძლიერ მხარდაჭერას გაუსვა ხაზი.

გარდა ამისა, კანცლერმა შოლცმა ტელეარხ ZDF-თან ინტერვიუში კომენტარი გააკეთა უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზეც. მისი თქმით, ამ ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანება არ არის ის საკითხი, რომელიც ამ წამს უნდა განიხილებოდეს. ამ შემთხვევაში პრიორიტეტული, უკრაინაში ვითარების ესკალაციის, ქვეყნის განადგურებისა და მილიონობით მსხვერპლის თავიდან აცილებაა. შოლცის თქმით, უკრაინასთან მიმართებით ხდება კონკრეტული დახმარებების ორგანიზება.

ამდენად, ნათელია, რომ კანცლერს არ განუცხადებია, რომ საქართველოს და უკრაინას ევროკავშირში არასდროს მიიღებენ. მან რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის კონტექსტში, ვითარების სწრაფად დეესკალაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის განაცხადის მიღების შემდეგ აღნიშნა, რომ, პირველ რიგში, აუცილებელია ქვეყანაში საომარი მოქმედებების დასრულება: „ამჟამად, ყველაზე მნიშვნელოვანი, უკრაინის მხარდაჭერაა ამ ეგზისტენციალურ ბრძოლაში“.

მიუხედავად იმისა, რომ ლაიენი მიესალმა უკრაინის მხრიდან ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებას, მან აღნიშნა ისიც, რომ წევრობამდე აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა: კოპენჰაგენის კრიტერიუმის შესაბამისობა, რაც „ინსტიტუციურ სტაბილურობას“ ეხება და ლისაბონის ხელშეკრულებაში ასახული გაწევრიანების წესების დაცვა. ლაიენმა ასევე მკაფიოდ განაცხადა - „ეჭვგარეშეა, რომ მამაცი უკრაინელი ხალხი და პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის გამორჩეული ხელმძღვანელობა ჩვენს ევროპულ ოჯახს ეკუთვნის“. ამდენად, ფონ დერ ლაიენი პროცედურის დაჩქარებულად წარმართვის შესახებ გამოთქვამდა ეჭვებს, რადგან აღნიშნული მკაცრად გაწერილი და სტრუქტურირებულია, და არა იმ ფაქტზე, რომ უკრაინა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებდა. უფრო მეტიც, ლაიენის კონკრეტულ განცხადებებამდე, პირველ მარტს ევროპარლამენტს უკრაინისთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე მხარდაჭერა უკვე გამოცხადებული ჰქონდა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ხელი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს 28 თებერვალს მოაწერა. უკრაინას მალევე, 2 და 3 მარტს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოსა და მოლდოვას განცხადებებიც მოჰყვა. როგორც ზემოთ ითქვა, პირველ მარტს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. აქვე აღსანიშნავია, 7 მარტს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა კორეპერ II-ის შეხვედრის დროს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირს უნდა განეხილა უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის განაცხადები. აღნიშნული საკითხის განსახილველად, საბჭომ ევროკომისიისთვის წარსადგენი წერილობითი პროცედურების წარმოება დაიწყო.

2022 წლის 11 მარტს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის შესახებ სახელმწიფოს და მთავრობების მეთაურების მიერ ვერსალში გაკეთებული ოფიციალური განცხადება გამოქვეყნდა. განცხადებაში დაგმობილია რუსეთის „არაპროვოცირებული და გაუმართლებელი“ ქმედებები უკრაინაში. ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები და მისი წარმომადგენლები უკრაინისთვის კოორდინირებულ, ფინანსურ, მატერიალურ და ჰუმანიტარული მხარდაჭერას განაგრძობენ. მათვე ხაზი გაუსვეს, რომ ევროკავშირის საბჭომ ასოცირების ხელშეკრულებით აღიარა უკრაინელი ხალხის ევროპული მისწრაფება და მისი ევროპული არჩევანი. ამასთან, „საბჭომ დაუყოვნებლივ სთხოვა ევროკომისიას, მოამზადოს თავისი დასკვნა ამ განაცხადის შესახებ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურის თანახმად“. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ დასკვნის მომზადებამდე, წევრი სახელმწიფოები უკრაინასთან კავშირებს გააძლიერებენ და პარტნიორობას გააღრმავებენ, რათა უკრაინა ევროპული ოჯახის წევრი გახდეს. განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ საბჭომ ევროკომისიას შესაბამისი დასკვნების შემუშავების თხოვნით მიმართა მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს მიერ გაკეთებული წევრობის განაცხადების შესახებაც.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.