9 მარტს, პრორუსულმა გამოცემამ „ნიუსფრონტმა“ სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც უკრაინის ჯარების მოქმედებაზე გადამდგარი ამერიკელი პოლკოვნიკის, დუგლას მაკგრეგორის განცხადებაა მოცემული. პოლკოვნიკის თქმით, უკრაინის ჯარები ახლო აღმოსავლეთის ექსტრემისტების მსგავსად მოქმედებენ, როდესაც ქალაქებში მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებენ. ამ ტაქტიკის მიზეზად კი, მაკგრეგორი უკრაინელი სამხედროების არამობილურობას, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და საჰაერო საფარის არ არსებობას ასახელებს. რეალურად, სტატიაში გაჟღერებული მტკიცება, რომ უკრაინელი ჯარისკაცები მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს, ერთ-ერთ გავრცელებულ პრორუსულ ნარატივს წარმოადენს და სიმართლეს არ შეესაბამება.
სინამდვილეში, მტკიცება, რომ თითქოს უკრაინელი ჯარისკაცები ადამიანებს ქალაქიდან არ უშვებენ და მათ ცოცხალ ფარად იყენებენ, თავდაპირველად ქალაქ მარიუპოლის მოსახლეობის შესახებ გავრცელდა. რეალურად, ქალაქს რუსი ოკუპანტები აქცევდნენ ბლოკადაში, კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავდნენ და ქალაქში საკვების შეტანას ხელს უშლიდნენ. აღნიშნული ყალბი ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის მედიის უმეტესობამ, ასევე ნაკლებად ცნობილმა ონლაინ სააგენტოებმაც გაავრცელეს: sm.news, Channel One, Arguments of the Week, Vzglyad, Moscow Komsomolets, TASS.
თავდაპირველად, ტელეკომპანია „როსია-24“-ისთვის მიცემულ კომენტარში, ედუარდ ბასურინმა მარიუპოლში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „აზოვის“ ბატალიონი და „მარჯვენა სექტორი“, ქალაქიდან სამოქალაქო პირებს არ ათავისუფლებდნენ. ცნობისთვის, ედუარდ ბასურინი, კრემლის მიერ დონეცკში „პოლიციის“ უფროსის მოადგილედ დანიშნული პირია, რომელიც პროპაგანდისტული ნარატივების გამავრცელებელი და რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის მომხრეა.
აღსანიშნავია, რომ ქალაქ მარიუპოლის დაცვაში მონაწილეობას „აზოვის“ ბატალიონი და „მემარჯვენე სექტორი“ საერთოდ არ იღებდნენ. აღნიშნული ბატალიონები წლების განმავლობაში რუსული პროპაგანდის დისკრედიტაციის სამიზნეს წარმოადგენდა და „ნაცისტებადაც“ იწოდებოდა. აღნიშნული ნარატივი მიმართული იყო რუსეთის მიერ წამოწყებული „განმათავისუფლებელი“ ომების გასამართლებლად, 24 თებერვალს რუსეთის მხრიდან დაწყებული სამხედრო აგრესიის მიზნად, სწორედ უკრაინის „დენაციფიკაცია“ და „დემილიტარიზაცია“ სახელდებოდა.
ამასთან, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თავად რუსი ჯარისკაცების მხრიდან იბომბებოდა ისეთი სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, როგორებიცაა: საავადმყოფოები, სახლები და სკოლები. მაგალითად, 2 მარტს რუსმა სამხედროებმა მარიუპოლის სამშობიარო სახლს ცეცხლი გაუხსნეს. რუსეთის მხრიდან კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვის გამო ქალაქს ელექტროენერგიის მიწოდებაც შეუწყდა. როგორც მარიუპოლის საკრებულოში აცხადებდნენ, ქალაქის ბლოკადაში მოქცევის მიზნით, რუსი სამხედროები ქალაქში საკვების მარაგებსაც არ ატარებდნენ.
უკრაინელი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მძევლად აყვანის შესახებ ყალბი ინფორმაცია მომდევნო დღეებში ირპინის მოსახლეობის შესახებაც გავრცელდა. კონკრეტულად, 5 მარტს რუსულ წყაროებში გაჩნდა ინფორმაცია, რომ „უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიევის გარეუბანში მშვიდობიანი მოქალაქეები მძევლად აიყვანეს“. ინფორმაციის თანახმად, უკრაინელი სამხედროები ირპინიდან ევაკუირებულ მოსახლეობას ქალაქიდან გასვლის საშუალებას არ აძლევდნენ.
რუსმა სამხედროებმა ქალაქ ირპინზე შეტევა უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე დღეებში დაიწყეს. ქალაქის აღების რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ რუსულმა მხარემ ირპინის დაბომბვა დაიწყო, მაშინ როდესაც ქალაქში არც სამხედრო ბაზა, აეროდრომი თუ სხვა ტიპის სამხედრო ობიექტია განთავსებული. მთელი კვირის განმავლობაში განუწყვეტელი დაბომბვის შემდეგ, 5 მარტს, უკრაინულმა მხარემ რუსულ მხარესთან „მწვანე კორიდორის“ გახსნის თაობაზე მოილაპარაკა, რის შედეგადაც რკინიგზის საშუალებით მოსახლეობის ქალაქიდან გაყვანა უნდა მომხდარიყო. რუსულმა მხარემ სარკინიგზო ინფრასტრუქტურა დაბომბა.
შედეგად, ირპინის მაცხოვრებლები იძულებულნი გახდნენ ირპინი ქალაქის გავლით დაეტოვებინათ. სამაშველო ოპერაციის დროს რუსულმა მხარემ სამოქალაქო კოლონებს ცეცხლი გაუხსნა და ქალაქზე საჰაერო იერიში განახორციელა. უკრაინელი სამხედროები მშვიდობიანი მოსახლეობის დამალვას დანგრეული ხიდის ქვეშ ცდილობდნენ.
ამდენად, მტკიცება, რომ თითქოს უკრაინელი სამხედროები სამოქალაქო მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებენ, სიმართლეს არ შეესაბამება და ერთ-ერთ პრორუსულ ნარატივს წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც უკრაინელ მოსახლეობას რუსეთის მხრიდან გათავისუფლება და ხსნა ესაჭიროება.
-----------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.
მომზადებულია Stopfake.org-ის სტატიების მიხედვით (ბმული 1, ბმული 2)