შალვა ნათელაშვილი: ერთადერთი დეპუტატი ვარ დედამიწაზე, რომელსაც არც ერთი ცენტი ხელფასი არ ამიღია
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, შალვა ნათელაშვილის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად შალვა ნათელაშვილი მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა, თუმცა პროტესტის ნიშნად ბოიკოტი გამოაცხადა და პარლამენტს მანდატის შეწყვეტის თაობაზე მიმართა. დეპუტატს მანდატი 2022 წლის 15 თებერვალს შეუწყდა. 13 თვის განმავლობაში შალვა ნათელაშვილს საქართველოს პარლამენტმა დარიცხული ხელფასი ვერ ჩაურიცხა, ვინაიდან დეპუტატმა ადმინისტრაციას საბანკო ანგარიში არ მიაწოდა. შესაბამისად, შალვა ნათელაშვილს ამ პერიოდის განმავლობაში ხელფასი მართლაც არ აუღია.
ბუნებრივია, განცხადების ძირითად აზრს დეპუტატის მიერ ხელფასზე უარის თქმის ფაქტი წარმოადგენს და „ფაქტ-მეტრი“ არ შედის განცხადების პათეტიკური ნაწილის (არის, თუ - არა აღნიშნული „ერთადერთი შემთხვევა დედამიწაზე“) განხილვაში.
ანალიზი
საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილმა დეპუტატის ხელფასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა:
„ერთადერთი დეპუტატი ვარ დედამიწაზე, რომელსაც არც ერთი ცენტი ხელფასი არ ამიღია“.
„ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.
2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ გადალახა საარჩევნო 1%-იანი ბარიერი, რის შედეგადაც საპარლამენტო სიის პირველმა ნომერმა შალვა ნათელაშვილმა საპარლამენტო მანდატი მოიპოვა, თუმცა არჩევნების შედეგების არცნობის საფუძვლით, დეპუტატმა პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა და მანდატის გაუქმების მოთხოვნით მიმართა. მისი მოთხოვნა მხოლოდ 13 თვის შემდეგ დაკმაყოფილდა და, 2022 წლის 15 თებერვალს, დეპუტატ შალვა ნათელაშვილს საპარლამენტო მანდატი გაუუქმდა.
საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე შალვა ნათელაშვილის მიერ 2020-2022 წლებში შევსებული დეკლარაციები არ იძებნება. „ფაქტ-მეტრი“ საჯარო სამსახურის ბიუროს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ შალვა ნათელაშვილმა საჯარო მოხელისთვის აუცილებელი ქონებრივი დეკლარაცია არ შეავსო, რის გამოც დაჯარიმდა, ხოლო აღნიშნული ჯარიმა დეპუტატმა სასამართლოში გაასაჩივრა.
ამავდროულად „ფაქტ-მეტრმა“ ინფორმაცია - შალვა ნათელაშვილის მიერ 13 თვის მანძილზე აღებულ ხელფასთან დაკავშირებით, პარლამენტიდან გამოითხოვა. ოფიციალურად მიღებული პასუხის (PDF) თანახმად, საქართველოს პარლამენტი დეპუტატ შალვა ნათელაშვილს კანონმდებლის შესაბამის ხელფასს არიცხავდა, თუმცა შალვა ნათელაშვილმა პარლამენტს საკუთარი საბანკო ანგარიში არ მიაწოდა. შესაბამისად, ანგარიშსწორება არ მომხდარა და დეპუტატზე ანაზღაურება გაცემული არ არის.
შესაბამისად, საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ყოფილი წევრის შალვა ნათელაშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მას 2020-2022 წლებში სადეპუტატო ხელფასი არ აუღია, სიმართლეს შეესაბამება.
რედაქტორის შენიშვნა:ფაქტ-მეტრმა დააზუსტა, თუ რომელი მოწვევის პარლამენტს გულისხმობდა შალვა ნათელაშვილი. პოლიტიკოსი თავის განცხადებაში მიმდინარე მოწვევის პარლამენტის შესახებ საუბრობდა და, შესაბამისად, ფაქტ-მეტრმა განცხადების გადამოწმებისას მხოლოდ მიმდინარე პერიოდი შაფასა.