სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ირანმა და ინდოეთმა მხადაჭერა გამოუცხადეს რუსეთს.... დაგმეს ნატოს აგრესიული გაფართოების პოლიტიკა და დასავლეთის მიერ უკრაინის კონფლიქტში ჩათრევა....“. ამას გარდა, ამ ინფორმაციის გამავრცელებლების მტკიცებით, ევრაზიულმა ზესახელმწიფოებმა ომი გამოუცხადეს ლიბერალურ, გლობალურ დასავლეთს.

ინდოეთი

2 მარტს, ინდოეთმა თავი შეიკავა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის კენჭისყრისას, რომელიც აკრიტიკებდა რუსეთის „აგრესიას“ უკრაინის წინააღმდეგ. ნიუ დელიმ ასევე თავი შეიკავა გაეროს უშიშროების საბჭოში მიღებული პროცედურულ კენჭისყრის პროცესში, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიის ჩატარებას მოითხოვდა უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით. ინდოეთი, ასევე ამ დრომდე არ შეერთებია რუსეთის წინააღმდეგ დაკისრებულ არც ერთ დასავლურ სანქციას.

მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთი ცდილობს თავი აარიდოს რუსეთ-უკრაინის ომში მხარის დაკავებას და მოსკოვის კრიტიკას მაშინაც კი, როცა რუსეთი უკრაინაში შეჭრის გამო იზოლირებულია დანარჩენი მსოფლიოსგან, მტკიცება, რომ ინდოეთი მხარს უჭერს რუსეთის აგრესიას, სიმართლეს არ შეესაბამება.

ინდოეთი, ბოლო წლებში, ტრადიციულად, ცდილობს დაბალანსების პოლიტიკა ჰქონდეს დასავლეთსა და მოსკოვს შორის. ნიუ დელიში ძირითად საფრთხედ და მოწინააღმდეგედ ჩინეთს მიიჩნევენ და ცდილობენ, ამ დაპირისპირებაში მოკავშირეებად ჰყავდეთ როგორც დასავლეთი, ასევე რუსეთი.

რუსეთი ინდოეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის, ნაწილებისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი მიმწოდებელია. სხვადასხვა მონაცემების მიხედვით, 2016-დან 2020 წლამდე, ინდოეთის თავდაცვის შესყიდვების თითქმის 50% რუსეთზე მოდიოდა.

მაგალითად, რუსული T-90 ტანკები წარმოადგენენ ინდოეთის სატანკო ნაწილების საყრდენს, ხოლო რუსული „MiG“ და „Sukhoi“ საბრძოლო თვითმფრინავები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ინდოეთის საჰაერო ძალების არსენალში.

უფრო მეტიც, აშშ-ს სანქციების საფრთხის მიუხედავად, ინდოეთმა 2018 წლიდან დაიწყო რუსეთისგან S-400 სარაკეტო თავდაცვის სისტემის შესყიდვაზე მოლაპარაკება, რომლის პირველი პარტიები უკვე ჩავიდა ინდოეთში. მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთი ბოლო წლებში ცდილობს საკუთარი წარმოების განვითარებასა და თავდაცვითი აღჭურვილობების შესყიდვების დივერსიფიცირებას, მათ შორის აშშ-ს, საფრანგეთის და ისრაელის ხელშეწყობით, ქვეყანაში არსებული შეიარაღების უდიდესი ნაწილი რუსულია და შესაბამისად, მის განახლებასა და ჩანაცვლებას ათწლეულები დასჭირდება.

თუმცა, ამასთანავე, ინდოეთმა კონფლიქტის დაწყების დღიდან რამდენჯერმე მოუწოდა მხარეებს, რომ საკითხის დიპლომატიური გადაწყვეტის გზებს დაუბრუნდნენ. ინდოეთის მთავრობას, კომუნიკაცია ჰქონდა უკრაინის მთავრობასთანაც (ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნერანდრა მოდი სულ მცირე ორჯერ ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის), რაც „New Your Times“-ის მიხედვით, მიუთითებს ინდოეთის მთავრობის მცდელობაზე, ჰქონდეს დაბალანსების პოლიტიკა და ღიად მხარი არც ერთ მხარეს არ დაუჭიროს. ინდოეთმა ასევე რამდენჯერმე გააგზავნა ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინის დასახმარებლად.

გარდა ამისა, „გაერო“-ში უკრაინის რეზოლუციაზე თავის შეკავების საპასუხოდ გაკეთებულ განმარტებაში, ინდოეთმა აღნიშნა, რომ ის პატივს სცემს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და დამოუკიდებელი სახელმწიფოების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ასევე გააკეთა მოწოდება ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და ძალადობისა და სისხლისღვრის დასრულებისკენ, რაც მინიმუმ იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ თუ ინდოეთი ღიად არ გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში, მას არც ღია მხარდაჭერას უცხადებს და დასავლეთს უკრაინის კონფლიქტში ჩათრევაში არ ადანაშაულებს.

აზერბაიჯანი

რაც შეეხება აზერბაიჯანს, რომელიც ასევე ტრადიციულად ცდილობს რუსეთთან დაბალანსებული პოლიტიკა აწარმოოს. ბაქო რუსეთ-უკრაინის ომშიც ცდილობს, მაქსიმალურად მოქნილი პოზიციები დაიჭიროს. უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე, 22 თებერვალს, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი პუტინის მიწვევით მოსკოვში იმყოფებოდა ვიზიტით, სადაც ხელი მოეწერა რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის (allied cooperation) დეკლარაციას. შეთანხმება მხარეებს შორის 1997 და 2008 წლებში ხელმოწერილი შეთანხმებების გაგრძელება და ერთგვარი გაღრმავებაა. ამავდროულად, ალიევი იანვარში, ასევე ვიზიტით იმყოფებოდა კიევში, სადაც პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად ხელი მოაწერა სახელმწიფოთაშორის შეთანხმებებს და მხარეებმა ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

მიუხედავად აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ბოლო დროს განვითარებული ურთიერთობების დინამიკისა, ოფიციალური ბაქო რუსეთ-უკრაინის ომში ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს. უკრაინის მხარდასაჭერ გაეროს რეზოლუციის კენჭისყრაში, რომელიც რუსეთის კრიტიკით იყო გაჯერებული, აზერბაიჯანულ მხარეს მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია. ის, რომ რუსეთის საწინააღმდეგო პოზიციას აღნიშნულ რეზოლუციაზე აზერბაიჯანმა მხარი არ დაუჭირა, ადასტურებს, რომ კონფლიქტში რუსეთის მხარდამჭერი არაა, როგორც ამას სოციალურ ქსელში აცხადებენ. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანში მთავრობის მიერ კონტროლირებადი მედიები ძირითადად კიევის მხარდამჭერი რიტორიკითა და მესიჯებით გამოირჩევიან.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ აზერბაიჯანის უმაღლესი თანამდებობის პირებს არც ერთი ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ კონფლიქტთან დაკავშირებით, მხოლოდ პრეზიდენტის თანაშემწემ ჰიმეთ ჰაჯიევმა, განაცხადა, რომ აზერბაიჯანი „ყოველთვის მხარს უჭერდა და დაუჭერს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, რაც პირველ რიგში ეხება ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის მეორე დღესვე აზერბაიჯანმა ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა კიევში, რისთვისაც აზერბაიჯანულ მხარეს მადლობა პირადად ვოლოდიმერ ზელენსკიმ გადაუხადა.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ინდოეთი და აზერბაიჯანი მხარს უჭერენ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ აგრესიაში, სიმართლეს არ შეესაბამება.

------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი