იტვირთება

უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარების მობილიზების პარალელურად, პირველი დღიდანვე, ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე, გააქტიურდა ხელისუფლების ნარატივი რეზოლუცია 1633-ის შესახებ. ნარატივის მიხედვით, ევროსაბჭოს რეზოლუცია ომის დაწყებაში ქართულ მხარეს ადანაშაულებს, ხოლო ვინაიდან ამ რეზოლუციას მხარი ქართულმა დელეგაციამაც დაუჭირა, ის ქართველი პოლიტიკოსები, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა, მოღალატეები არიან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ კითხვაზე, თუ ვინ დაიწყო ომი, ჟურნალისტს უპასუხა: „ეს უნდა ჰკითხოთ ამ დარგის ექსპერტებს.“ მას შემდეგ, რაც მის ამ პასუხს საზოგადოების მხრიდან მკვეთრი რეაქცია მოჰყვა, თორნიკე რიჟვაძემ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მის მიმართ არსებულ კითხვებს უპასუხა. პოსტის ბოლოს კი, თორნიკე რიჟვაძემ კიდევ ერთხელ გაიხსენა რეზოლუცია 1633: „P.S. განსაკუთრებით სამარცხვინოა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე ხელმომწერების, 2008 წლის ომის დაწყებაში საქართველოს ბრალმდებელი პარტიისა და მათი ტელევიზიების მიერ დასმულ პროვოკაციულ კითხვას სერიოზულად უნდა ვუპასუხო?!

მე იქით მაქვს შეკითხვა, 2008-ში ვინ დაიწყო? შემთხვევით მაშინაც რუსეთმა ხომ არა? თუ კი, მაშინ ამას ხელი როგორ მოაწერეთ?! შემთხვევით მოღალატეები ხომ არ ხართ ამის გამო?!“

რეზოლუციის ირგვლივ მანიპულაციური განცხადებები წარსულშიც არაერთხელ გაჟღერებულა. ქართული ოცნების მაღალჩინოსნები ამ საკითხს არაერთხელ შეეხნენ და თითქმის ყოველთვის - მანიპულაციურად. მხოლოდ 2022 წელს „ფაქტ-მეტრმა“ ამგვარი ნარატივის გავრცელების ათობით შემთხვევა გამოავლინა. მაგალითად გივი მიქანაძე ამბობს: „[2008 წლის] შემოდგომაზე სამარცხვინო რეზოლუციას დაუჭირა მხარი, სადაც ფაქტობრივად, ქართული მხარე დაადანაშაულა ომის დაწყებაში.“ ამავე ნარატივს იმეორებს მიხეილ ყაველაშვილი: „იცით რა ჩანაწერია? რომ ქართულმა მხარემ დაიწყო საომარი მოქმედებები და რუსეთი იძულებული იყო პასუხი გაეცა. საერთაშორისო დონეზეც „გაუპრავეს“ რუსეთს საომარი მოქმედებები“.

მსგავს შინაარსს იმეორებს ქვეყნის პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილიც: „ომის შემდეგ, მინდა ყველას შევახსენო რომ, კაპიტულანტურად მოაწერა სააკაშვილის ხელისუფლებამ რეზოლუციას ხელი, და ვინ დაადანაშაულეს? ქართველი სამხედროები სამხედრო მოქმედებების დაწყებაში. წარმოუდგენელი ღალატი“. სხვადასხვა დროს, მიმდინარე წელს, ამავე შინაარსის განცხადებები გაავრცელეს ალუდა ღუდუშაურმა, არჩილ თალაკვაძემ, მამუკა მდინარაძემ და სხვა მაღალჩინოსნებმა.

ვინაიდან, რეზოლუცია 1633-ის შესახებ ყალბი ნარატივის გავრცელებას აქვს არა ერთჯერადი, არამედ პროპაგანდისტული სახე, „ფაქტ-მეტრმა“ გადაწყვიტა ამ თემას კიდევ ერთხელ გამოეხმაუროს.

„ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები, ოპონენტების ბრალდებისას, რომ მათ ომის დაწყების აღიარებას მოაწერეს ხელი, გულისხმობენ რეზოლუციის მეხუთე მუხლს, რომელშიც ესკალაციის ახალ ეტაპზე გადასვლაზეა საუბარი. მეხუთე პუნქტში ესკალაციის ახალ ეტაპზე გადასვლა საქართველოს მხრიდან ცხინვალზე იერიშს უკავშირდება.

სინამდვილეში, რეზოლუციაში არსად წერია, რომ ომი დაიწყო საქართველომ. რეზოლუციის რომელი მუხლის როგორ ინტერპრეტირებასაც არ უნდა ცდილობდეს ადამიანი, რეზოლუციაში პირდაპირ წერია, რომ მხარეები ომის დაწყებას არ აღიარებენ და ეს საკითხი - დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა საერთაშორისო დამკვირვებელმა უნდა გამოიძიოს. რეზოლუციის მერვე პუნქტში წერია: „ასამბლეას სწამს, რომ შერიგების წინაპირობა არის სიმართლე. ვინაიდან ფაქტები იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყო ომი, ვერ თანხმდება ვერცერთი მხარის მხრიდან, ეს ფაქტები უნდა დადგინდეს ობიექტურად, დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების მიერ. საქართველოს ხელისუფლება მიესალმება ამგვარი საერთაშორისო გამოძიების წარმოებას და პარლამენტის რუსი წევრებიც აცხადებენ, რომ არ იქნებიან ამგვარი შეთავაზების წინააღმდეგნი. გამოძიება არ უნდა შემოიფარგლოს ომის დაწყების მომენტით და უნდა ფოკუსირდეს ასევე იმ წლებზე, რომლებმაც კონფლიქტამდე მიგვიყვანა“ - წერია რეზოლუციაში. შესაბამისად, როგორც არ უნდა ვცადოთ მე-5 პუნქტში მოყვანილი ფორმულირების ინტერპრეტირება, ეს არასწორი იქნება, ვინაიდან პირდაპირ, ყოველგვარი ინტერპრეტირების გარეშე, რეზოლუცია ამბობს, რომ მხარეები ომის დაწყებას არ აღიარებენ.

ამასთან, „ფაქტ-მეტრი“ რეზოლუცია 1633-ის შესახებ მომზადებულ სტატიაში ადრეც წერდა. რეზოლუცია 1633 ომის დაწყების აღმნიშვნელ ტერმინად იყენებს სიტყვებს „outbreak of war”, ხოლო მეხუთე პუნქტში მხოლოდ ესკალაციის ახალ ეტაპზე საუბრობს. შესაბამისად, რეზოლუცია 1633-ით ასამბლეის მიზანი ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულება რომ ყოფილიყო, ის მეხუთე პუნქტშიც ამ ტერმინს გამოიყენებდა და არა ტერმინს ესკალაციის ახალი ეტაპი. ამგვარად, დოკუმენტის წაკითხვიდან ცალსახაა, რომ ქართული მხარე არ აღიარებს ომის დაწყებას. შესაბამისად, ტყუილია, რომ საქართველოს დელეგაციის ის წევრები, ვინც მხარი დაუჭირა რეზოლუციის მოცემულ ტექსტს, ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებენ.

ამასთან საყურადღებოა რეზოლუციის მთლიანი ტექსტის შინაარსი, პათოსი და სულისკვეთება. რეზოლუცია 1633 არის პირველი დოკუმენტი, რომელშიც რუსეთი მოხსენიებულია, როგორც ოკუპანტი. ამასთან, ცალსახა პასუხისმგებლობა კონფლიქტის გამწვავებასა და თავიდან ვერ აცილებაში, რუსეთს ეკისრება. რეზოლუციის მეოთხე მუხლში ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტოა მითითებული, თუმცა აღნიშნულია, რომ ყველაფერი დაიწყო უფრო ადრე, ომის დაწყებას წინ უძღოდა მნიშვნელოვანი ესკალაცია, უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესება და სამხედრო ძალის გამოყენება იქცა ერთ-ერთ შესაძლებელ სცენარად[became an option] მხარეებისთვის. „ბოლო პერიოდში, სამშვიდობო ფორმატი ვეღარ ასრულებდა მის ჩაფიქრებულ ფუნქციას და სამშვიდობო ძალების პირადმა შემადგენლობამ ვერ უზრუნველყო საკუთარი მისიის აღსრულება, რაც კონფლიქტის ზონაში მყოფი ადამიანების სიცოცხლისა და საკუთრების დაცვას გულისხმობდა. შესაბამისად, ის [ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა] გამოთქვამს წუხილს იმის გამო, რომ მისი წინარე მოწოდებები, განხილულიყო სამშვიდობო ფორმატის ცვლილება და კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესი, არ იქნა გაზიარებული სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის მიერ“,- წერია რეზოლუციის მეოთხე მუხლში.

რეზოლუციის დანარჩენი ტექსტიც სავსეა რუსეთის კრიტიკით. მაგალითად, რეზოლუციის მეშვიდე მუხლში გაკრიტიკებულია რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკა, დაიცვას საკუთარი მოქალაქეების საზღვარგარეთ, დაგმობილია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და გამოხატულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია რეზოლუციის მე-13 მუხლი, რომელშიც რუსეთი, ფაქტობრივად, ეთნიკური წმენდაზე პასუხისმგებელ მხარედაა მოხსენიებული: „ასამბლეა გამოთქვამს განსაკუთრებით წუხილს სარწმუნო ცნობათა გამო, რომლებიც უკავშირდება ეთნიკური წმენდის ფაქტებს სამხრეთ ოსეთისა და „ბუფერული ზონის“ ეთნიკურად ქართულ სოფლებში, განხორციელებულს უკანონო მილიციისა და ბანდების მიერ, რისი შეჩერებაც ვერ შეძლეს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა. ამასთან დაკავშირებით, ის [ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა] აღნიშნავს, რომ ამგვარი ქმედებები, მეტწილად, ჩადენილ იქნა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული შეთანხმების ხელმოწერის შემდგომ და გრძელდება დღესაც“. ეს, ფაქტობრივად, ნიშნავს რუსეთის ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე ეთნიკური წმენდის აღიარებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ.

რეზოლუციის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტში საუბარია დევნილების დაბრუნების აუცილებლობაზე. რეზოლუციაში წერია: „უზრუნველყონ [მხარეებმა], რათა კონფლიქტის შედეგად გადაადგილებულ ყველა პირს მიეცეს სრულიად ნებაყოფლობით დაბრუნების საშუალება და დაბრუნების გადაწყვეტისას, თავი შეიკავონ [მხარეებმა] გადაადგილებულ პირთა პოლიტიკურ მძევლებად გამოყენებისგან“. ამავე რეზოლუციაში ნათქვამია, რომ დევნილების საკითხი განხილულ უნდა იქნეს 1990-იანი წლების დასაწყისში მომხარი კონფლიქტის შედეგად იძულებულ პირთა რაოდენობის კონტექსტშიც.

რეზოლუციის ბოლოს, საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს წევრებს: არ აღიარონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, გააძლიერონ კონფლიქტის მსხვერპლთა ჰუმანიტარული დახმარება, ყურადღება გაამახვილონ იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებაზე, ფორმალურად დაგმონ ეთნიკური წმენდა რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების კონტროლქვეშ არსებულ ტერიტორიებზე.

ამავე დოკუმენტის 30-ე მუხლში აღნიშნულია, რომ დიალოგი კონფლიქტის გადაწყვეტის საუკეთესო გზაა, ხოლო ამისთვის პოლიტიკური ნება ორივე მხარემ უნდა გამოავლინოს. ევროსაბჭო კი მიიჩნევს, რომ სამშვიდობო გეგმისა და დიალოგის სრულყოფილად განხორციელებას რამდენიმე ძირითადი პირობა აქვს, მათ შორის, „რუსეთის შეიარაღებული ძალების გამოყვანა კონფლიქტის წინარე პოზიციებზე,“ ხოლო კონფლიქტის ზონაში ეუთოსა და ევროკავშირის დამკვირვებლების განთავსება და რუსეთის მხრიდან სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმება შექმნიდა „შინაარსიანი დიალოგის მინიმალურ პირობებს“.

ამგვარად, დოკუმენტის სრული მიმოხილვა ნათელს ხდის, რომ რეზოლუცია 1633 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ომის ინიციატორად არ წარმოაჩენს, ომის დაწყებას ქართული მხარე არ აღიარებს, ხოლო კონფლიქტის თავიდან არიდების მცდელობებზე უარის თქმის პასუხისმგებლობას რუსეთს ანიჭებს. დოკუმენტში რუსეთის ეფექტურ კონტროლს ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე მომხდარი ფაქტები შეფასებულია, როგორც ეთნიკური წმენდა.

უკრაინაში კრიზისი გასული წლის დეკემბერში დაიწყო, როდესაც რუსეთმა, წვრთნების მოტივით, უკრაინის საზღვრებთან საკუთარი ძალების უპრეცედენტო მობილიზება მოახდინა. კონფლიქტის მოახლოება სულ უფრო ნათელი ხდებოდა და ქართულ პოლიტიკაშიც, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, დისკუსია სულ უფრო ინტენსიური ხდებოდა. ამის პარალელურად კი „ქართულ ოცნებას“ სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები მკვეთრი პოზიციების დაფიქსირებისკენ მოუწოდებდნენ. სწორედ ამ დისკუსიებში აფიქსირებდნენ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები რეზოლუცია 1633-ის შესახებ საკუთარ პოზიციას, რომელიც, როგორც წინამდებარე ანალიზიდანაც ჩანს, არამარტო მცდარია, არამედ - აზიანებს საქართველოს ინტერესებს.

ამასთან, დოკუმენტის საბოლოო ვერსიის კენჭისყრისას, რუსეთის დელეგაციის 15 წევრიდან თოთხმეტმა ხმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა, რაც სწორედ იმაზე მეტყველებს, რამდენად მძიმე დოკუმენტია რეზოლუცია 1633 რუსული მხარისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ უფრო გაუგებარია ხელისუფლების სურვილი, ოპონენტების დისკრედიტაციის პროცესში მოცემული დოკუმენტის დისკრედიტაციაც მოახდინოს. ეს კიდევ უფრო გაუგებარია იმის გათვალისწინებით, რომ რეზოლუცია 1633-ში არსად წერია, რომ ომი საქართველომ დაიწყო და ბრალდება ოპონენტების მისამართით, თითქოს მათ ომის დაწყების აღიარებას მოაწერეს ხელი, სიმართლეს არ შეესაბამება.


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4017 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
24%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი