2022 წლის 1 მარტს, ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ იბომბება ხარკოვის თავისუფლების მოედანი. საკმაოდ ძლიერი აფეთქების შედეგად, როგორც უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური იუწყება, სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი დაშავდა. მაშველებმა და მოხალისეებმა ნანგრევებიდან დაახლოებით 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს. ნანგრევების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.

სოციალურ ქსელებში სწრაფადვე გავრცელდა რუსული პროპაგანდისტული განცხადებები, რომ 1 მარტს, ხარკოვის თავისუფლების მოედანი და სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობა თავად უკრაინელებმა განზრახ დაბომბეს და რომ ეს უკრაინული შეიარაღებული ძალების „მორიგი პროვოკაციაა“. რუსული პროპაგანდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხარკოვის თავისუფლების მოედანი უკრაინული „სმერჩის“ ტიპის სარაკეტო კომპლექსით დაიბომბა.

საინტერესოა, რომ გარდა აფეთქების შესახებ ყალბი ვერსიის გაჟღერებისა, ხარკოვის თავისუფლების მოედნის დაბომბვასთან დაკავშირებით, რუსულმა პროპაგანდამ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც ამოიღო სამიზნეში.

როგორც ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოკადრებიდან ჩანს, სარაკეტო თავდასხმა დილის 8 საათზე მოხდა. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა, რომ თავისუფლების მოედანი დაიბომბა რუსეთის შეიარაღებაში არსებული კალიბრის კლასის საკრუიზო რაკეტით, რის შედეგადაც ხარკოვის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობის მესამედიც განადგურდა. შეგახსენებთ, რომ კალიბრის საკრუიზო რაკეტების საბრძოლო რადიუსი დაახლოებით 2500 კმ-ია.

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ხარკოვის თავისუფლების მოედანი და სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობა რუსეთის ფედერაციის არსენალში მყოფი საკრუიზო რაკეტა „კალიბრით“ დაიბომბა, დამოუკიდებელი ანალიტიკოსებიც ადასტურებენ. გამოქვეყნებულ ვიდეოში ნათლად ჩანს რაკეტის კონტურები, რაც სრულად შეესაბამება კალიბრის რაკეტის ვიზუალს, როგორც ფორმით, ასევე ფრთების განლაგებით.

რუსეთის შეიარაღებული ძალები რამდენიმე დღეა ხარკოვზე და განსაკუთრებით მის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მასიურ დარტყმებს ახორციელებენ. 28 თებერვალს, კონფლიქტის დაზვერვის მოხალისეთა ჯგუფმა, რომელიც სამხედრო კონფლიქტებს იძიებს, განაცხადა: „რუსული ავიაცია ბომბავს ხარკოვს და მის შემოგარენს - შესაძლოა უმართავი ბომბებით. ასეთი ქმედებები შეიძლება ჩაითვალოს ომის დანაშაულად". კიდევ ერთი ორგანიზაცია Bellingcat წერს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ხარკოვის საცხოვრებელი უბნების დასაბომბად კასეტურ საბრძოლო მასალას მასიურად იყენებენ. ასეთი ტიპის იარაღი იფანტება და ფეთქდება დიდ ტერიტორიაზე, რაც ზარალს და მსხვერპლს ზრდის. კასეტური საბრძოლო მასალები წარმოადგენს „დაუყოვნებელ საფრთხეს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის კონფლიქტის დროს".

ჯერ კიდევ 25 თებერვლის პრესრელიზში Amnesty International-მა რუსეთი „სამოქალაქო ტერიტორიებსა და დაცულ ადგილებზე, როგორიცაა საავადმყოფოები, განურჩეველ თავდასხმებში" დაადანაშაულა. განცხადებაში მოყვანილია სამი მაგალითი, მათ შორის 24 თებერვალს თავდასხმა საავადმყოფოს შენობის სიახლოვეს, რის შედეგადაც 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ათზე მეტი დაშავდა. Amnesty International-ის თანახმად, რუსეთის თავდასხმები მოიცავს შესაძლო „ომის დანაშაულებს“.

28 თებერვლის მდგომარეობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალები იტყობინებოდა, რომ ღია შემოჭრის დაწყებიდან რუსეთმა უკრაინის ქალაქებისა და სოფლების არასამხედრო ინფრასტრუქტურის მიმართულებით 113 ისკანდერისა და კალიბრის ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური სახმელეთო და საზღვაო ტაქტიკური რაკეტები გაისროლა.

სტატია მომზადებულია უკრაინული გამოცემა Vox Ukraine-ზე მასალაზე დაყრდნობით

------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5420 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი