იტვირთება

ირაკლი კობახიძე: თუ მთავრობას უნდა გაეცა ნებართვა მოხალისეების ომში გაგზავნაზე, ეს პირდაპირ ნიშნავს საქართველოს ჩართვას კონფლიქტში . . . თქვენ იცით, რომ არც ევროკავშირის ქვეყნები, არც აშშ ამას არ აკეთებენ

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ტყუილი.

რეზიუმე: მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა საერთაშორისო ლეგიონის შექმნა დააანონსა, ევროპის სამმა სახელმწიფომ, გაერთიანებულმა სამეფომ, ლატვიამ და დანიამ საკუთარ მოქალაქეებს უკრაინაში მოხალისედ წასვლის შესაძლებლობა ოფიციალურად მისცა. ამასთან, არცერთი ეს ქვეყანა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართული არ არის, რაც ადასტურებს, რომ მოხალისეებისთვის უკრაინაში წასვლის შესაძლებლობის მიცემა, ავტომატურად კონფლიქტში ჩართვას არ გულისხმობს.

ირაკლი კობახიძე ქმნის ცრუ დილემას, რომლის ფარგლებშიც ცდილობს, დაარწმუნოს მსმენელი, რომ საქართველოს ორი არჩევანი ჰქონდა - საქართველო ან ჩაებმებოდა კონფლიქტში, ან მოხალისეებს უკრაინაში წასვლის უფლებას არ მისცემდა. სინამდვილეში, საქართველოს მხრიდან მოხალისეების გაგზავნის გადაწყვეტილება არ გულისხმობდა საქართველოს მთავრობის მხრიდან მოხალისეთა ორგანიზების, მათი აღჭურვის ან მსგავსი სახის კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას. აქედან გამომდინარე, ირაკლი კობახიძე იმთავითვე არასწორად წარმოაჩენს რეალობას, ვინაიდან მოხალისეთა დაორგანიზებას, ტრანსპორტირებასა და აღჭურვას თავის თავზე უკრაინული მხარე იღებდა და ჩვენი მხრიდან უბრალოდ ხელის არ შეშლა იყო საჭირო.

ანალიზი:

2022 წლის 1 მარტს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. ამის მიზეზად, ზელენსკიმ სანქციების მიმართ საქართველოს მთავრობის „ამორალური“ პოზიცია და უკრაინის დასახმარებლად ქართველი მოხალისეებისთვის ბარიერების შექმნა დაასახელა.

ელჩის გაწვევის გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა: „თუ აქ საუბარი იყო იმაზე, რომ თუ მთავრობას უნდა გაეცა ნებართვა მოხალისეების ომში გაგზავნაზე, ეს პირდაპირ ნიშნავს საქართველოს ჩართვას კონფლიქტში. მთავრობას უნდა მიეღო პასუხისმგებლობით აღსავსე გადაწყვეტილება. რაც შეეხება ქვეყნის ჩართვას კონფლიქტში, თქვენ იცით, რომ არც ევროკავშირის ქვეყნები, არც აშშ ამას არ აკეთებენ“.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმე მოხალისეთა წასაყვანად გამოგზავნილი თვითმფრინავისთვის თბილისში დაფრენის შესაძლებლობის მიცემას შეეხებოდა, რაზეც საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა. შესაბამისად, ირაკლი კობახიძის განცხადება თავისთავად არის მანიპულაციური ხასიათის, რადგან იგი საზოგადოებას შექმნილი ვითარებას ისე წარმოუდგენს, თითქოს უკრაინის მთავრობა და ქართველი მოხალისეები საქართველოს მთავრობიდან პროაქტიულ ქმედებებს მოითხოვდნენ, რაც ქვეყნის კონფლიქტში ჩართვას გამოიწვევდა.

ირაკლი კობახიძე მსგავსი მანიპულაციით ერთგვარ ცრუ დილემას ქმნის, რაც გულისხმობს, რომ თუ ხელისუფლება მოხალისეებს უკრაინაში წასვლის ნებას მისცემდა ეს საქართველოს კონფლიქტში ჩართვას გამოიწვევდა და ამის თავიდან არიდება, მხოლოდ უკრაინული თვითმფრინავის არ შემოშვებით, ესე იგი მოხალისეების უკრაინაში არ გაშვებით, შეიძლებოდა. რეალურად, მიმდინარე მოვლენები არ გულისხმობდა საქართველოს მთავრობის მხრიდან მოხალისეთა ორგანიზების, მათი აღჭურვის ან მსგავსი სახის კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას. აქედან გამომდინარე, ირაკლი კობახიძე იმთავითვე არასწორად წარმოაჩენს მოცემულობას.

ასევე, თუ დავუშვებთ, რომ უკრაინული თვითმფრინავის თბილისში დაჯდომა მოხალისეებისთვის უკრაინაში წასვლის ნებართვის გაცემას ნიშნავს, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ქვეყნის კონფლიქტში ჩართვა და სახელმწიფოს მიერ მოქალაქეებისთვის, პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე კონფლიქტში მონაწილეობის შესაძლებლობის მიცემა, ერთმანეთისგან განსხვავდება. ამასვე მოწმობს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდგომ უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების მოქმედებები. იმის მიუხედავად, რომ ამ დრომდე, შეიარაღებულ კონფლიქტში არცერთი უკრაინის მხარდამჭერი ქვეყანა არ ჩართულა, მათმა უმრავლესობამ მოქალაქეებს უკრაინის მოხალისეობრივად დახმარების შესაძლებლობა მისცეს.

2022 წლის 27 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმ მოხალისეებს მიმართა, რომლებსაც უკრაინის დასაცავად სურთ იბრძოლონ. მან უკრაინის არმიაში ახალი ქვედანაყოფის, უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ინტერნაციონალური ლეგიონის ჩამოყალიბების შესახებ გამოაცხადა. დანაყოფებში გაწევრიანება შეეძლებათ იმ უცხოელებს, რომელთაც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ სურთ ბრძოლა.

იმავე დღეს დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეთ ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ დანია თავის მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემდა, რომ ისინი საერთაშორისო ბრიგადებს, რომლებიც უკრაინაში რუსული ძალების წინააღმდეგ საბრძოლველად იქმნება, შეერთებოდნენ.

27 თებერვალს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრუსმა ბრიტანეთის მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ უკრაინაში წასვლა რუსეთის ძალებთან საბრძოლველად, მხარდაჭერა გამოუცხადა. „მე მხარს ვუჭერ ამას და რა თქმა უნდა, ეს არის ის, რის შესახებაც ადამიანებს შეუძლიათ მიიღონ საკუთარი გადაწყვეტილებები. უკრაინელი ხალხი იბრძვის თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის, არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის“, - განაცხადა მან.

28 თებერვალს ლატვიის პარლამენტმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ მხარი დაუჭირონ უკრაინას და მოხალისედ იმსახურონ იქ, ამის შესაძლებლობა მიეცემოდა. ინიციატივის ავტორმა, ლატვიის პარლამენტის თავდაცვის, შინაგან საქმეთა და კორუფციის პრევენციის კომისიის თავმჯდომარემ, იურის რანკანისმა განაცხადა, რომ „ჩვენმა მოქალაქეებმა, რომლებსაც სურთ მხარი დაუჭირონ უკრაინას და მოხალისედ იმსახურონ იქ უკრაინის დამოუკიდებლობისა და ჩვენი საერთო უსაფრთხოების დასაცავად, უნდა შეძლონ ამის გაკეთება“.

ასევე, 28 თებერვალს ესტონეთის პარლამენტში მოხალისეებისთვის უკრაინაში წასვლის შესაძლებლობის მიცემის საკითხზე მსჯელობა გაიმართა. როგორც ესტონეთის პარლამენტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, აღნიშნულ საკითხზე ესტონეთი გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს.

როგორც ზემოხსენებულიდან ჩანს, მას შემდეგ რაც უკრაინის პრეზიდენტმა საერთაშორისო ლეგიონის შექმნა დააანონსა, ევროპის სამმა სახელმწიფომ საკუთარ მოქალაქეებს უკრაინაში მოხალისედ წასვლის შესაძლებლობა ოფიციალურად მისცა, თუმცა არცერთი ეს ქვეყანა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართული არ არის. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მოხალისეებისათვის უკრაინაში წასვლის შესაძლებლობის მიცემა, ავტომატურად კონფლიქტში ჩართვას არ გულისხმობს. შესაბამისად, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ ევროკავშირის ქვეყნები მოხალისეებს ომში წასვლის ნებართვას არ აძლევენ, არის ტყუილი.

საყურადღებოა ისიც, რომ საქართველოს მოქალაქეების მოხალისეთა 1 ჯგუფი 27 თებერვალს უკვე გაემგზავრა უკრაინაში. ასევე, საქართველოს მოქალაქეები წლებია იბრძვიან უკრაინაში რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ. აღნიშნულის გათვალისწინებით, ირაკლი კობახიძის განცხადების ლოგიკის მიხედვით, საქართველო უკვე არის შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4021 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
25%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი