იტვირთება

პაატა მანჯგალაძე: წლიდან წლამდე გაზრდილია ბიუროკრატიის ხარჯი და მარტო შრომის ანაზღაურება რომ ავიღოთ, თითქმის 200 მლნ-ით არის გაზრდილი

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, პაატა მანჯგალაძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

რეზიუმე: ადმინისტრაციული ანუ ბიუროკრატიული ხარჯი შრომის ანაზღაურებისა და საქონლისა და მომსახურების მუხლების ჯამს წარმოადგენს. ადმინისტრაციული ხარჯების დროში ცვლილების ანალიზისთვის მართებულია არა ნომინალური, არამედ ფარდობითი მაჩვენებლის განხილვა მთლიან შიდა პროდუქტთან ან/და ბიუჯეტის ასიგნებებთან მიმართებით.

2012-2022 წლების პერიოდში, ადმინისტრაციული ხარჯების რაოდენობა მშპ-სთან მიმართებით 2016 წლიდან კლების ტენდენციით ხასიათდება, ასევე ბიუჯეტის ხარჯთან მიმართებითაც აღნიშნული მონაცემი კლებადია, მხოლოდ 2021 წელს მცირედი ზრდა ფიქსირდება. ასევე აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული ხარჯი თავისთავში თავდაცვისუნარიანობის და საზოგადოებრივი წესრიგის (პოლიციელების და სამხედროების), ასევე მასწავლებლების, ექიმების და ა.შ, ხელფასების ხარჯებსაც მოიცავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ბიუროკრატიის ხარჯი არ იგულისხმება. აქედან გამომდინარე, პაატა მანჯგალაძის განცხადების პირველი ნაწილი, რომელიც ბიუროკრატიის ხარჯის მუდმივ ზრდაზე აპელირებს, სიმართლეს არ შეესაბამება. თუმცა კონტექსტი რომ ბიუროკრატიული ხარჯების გაცილებით მეტად შემცირების რესურსი და შესაძლებლობა არსებობს, რეალობას შეესაბამება.

რაც შეეხება შრომის ანაზღაურების მუხლის მიმდინარე წლის ზრდას, 2022 წლის ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, შრომის ანაზღაურებისთვის 1 834 414 000 ლარია გათვალისწინებული, რაც წინა წელთან შედარებით ( 1 640 876 100 ლარი) 194 მლნ ლარით არის გაზრდილი. აღნიშნული ზრდა მიმდინარე წლის 1 იანვრიდან საჯარო მოხელეთა საბაზო ხელფასის 10%-იანი ზრდით არის განპირობებული. მიმდინარე წლიდან მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა ხელფასების ზრდაც განხორციელდა. აქედან გამომდინარე, სახელფასო ფონდის ზრდაზე მითითებით განცხადების ავტორი ბიუროკრატიული ხარჯის ზრდასაც მოიაზრებს, რაც მართებულია.

ასევე ზრდის ტენდენციით ხასიათდება საჯარო სექტორში შტატგარეშე თანამშრომლების შრომის ანაზღაურების ბიუჯეტი და სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში შტატგარეშე დასაქმებულთა რაოდენობა.

შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, პაატა მანჯგალაძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

ანალიზი

პარლამენტში ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მინისტრის საათის ფორმატში სტუმრობისას სამინისტროს საქმიანობის ანგარიში წარადგინა, რის შემდეგაც სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა პაატა მანჯგალაძემ ბიუროკრატიის ხარჯების ზრდაზე და შტატგარეშე დასაქმებულების რაოდენობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „წლიდან წლამდე გაზრდილია ბიუროკრატიის ხარჯი და მარტო შრომის ანაზღაურება რომ ავიღოთ, თითქმის 200 მლნ-ით არის გაზრდილი. ძირითადად გაზრდილია შტატგარეშე მოსამსახურეების ნაწილში, ზოგიერთ უწყებებში შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა საჭირო რაოდენობას აჭარბებს“.

ადმინისტრაციული ანუ ბიუროკრატიული ხარჯი შრომის ანაზღაურებისა და საქონლისა და მომსახურების მუხლების ჯამს წარმოადგენს. ადმინისტრაციული ხარჯების დროში ცვლილების ანალიზისთვის მართებულია არა ნომინალური, არამედ ფარდობითი მაჩვენებლის განხილვა მთლიან შიდა პროდუქტთან ან/და ბიუჯეტის ასიგნებებთან მიმართებით. ბიუროკრატიული ხარჯების ნომინალური მაჩვენებლების შედარება არასწორია, რადგან წლების განმავლობაში ბიუჯეტის შემოსულობების და გადასახდელების ნომინალური მაჩვენებლები ისედაც იზრდება და გარდა ამისა, ინფლაციის ფაქტორი არ არის გამორიცხული. ამიტომ ტენდენციის დასანახად, ნომინალური მაჩვენებლების შედარება არ გამოდგება. ასევე აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული ხარჯი თავისთავში თავდაცვისუნარიანობის და საზოგადოებრივი წესრიგის (პოლიციელების და სამხედროების), ასევე მასწავლებლების, ექიმების და ა.შ, ხელფასების ხარჯებსაც მოიცავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯამურ თანხაში მხოლოდ ბიუროკრატიის ხარჯი არ იგულისხმება.

გრაფიკი 1: ადმინისტრაციული ხარჯების დინამიკა 2012-2022 წლებში (მლნ ლარი)

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

როგორც გრაფიკიდან ჩანს, ადმინისტრაციული ხარჯების რაოდენობა მშპ-სთან მიმართებით 2016 წლიდან კლების ტენდენციით ხასიათდება, ასევე ბიუჯეტის ხარჯთან მიმართებითაც აღნიშნული მონაცემი კლებადია, მხოლოდ 2021 წელს მცირედი ზრდა ფიქსირდება. აქედან გამომდინარე, პაატა მანჯგალაძის განცხადების პირველი ნაწილი, რომელიც ბიუროკრატიის ხარჯის მუდმივ ზრდაზე აპელირებს, სიმართლეს არ შეესაბამება.

რაც შეეხება შრომის ანაზღაურების მუხლის მიმდინარე წლის ზრდას, 2022 წლის ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, შრომის ანაზღაურებისთვის 1 834 414 000 ლარია გათვალისწინებული, რაც წინა წელთან შედარებით ( 1 640 876 100 ლარი) 194 მლნ ლარით არის გაზრდილი. აღნიშნული ზრდა მიმდინარე წლის 1 იანვრიდან საჯარო მოხელეთა საბაზო ხელფასის 10%-იანი ზრდით არის განპირობებული. თუმცა საჯარო მოხელეთა ხელფასების ზრდაში მხოლოდ ბიუროკრატიის ხელფასების ზრდა არ იგულისხმება. ხელფასები ჯარისკაცებს, პოლიციელებს, მასწავლებლებს და ა.შ. გაეზარდათ.

ამავდროულად, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან მუნიციპალიტეტებში მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებსა და მოადგილეებს, აპარატის თანამშრომლებს - ხელფასები გაეზარდათ. შესაბამისად, სახელფასო ფონდის ზრდაზე მითითებით განცხადების ავტორი ბიუროკრატიული ხარჯის ზრდასაც მოიაზრებს, რაც მართებულია.

შრომის ანაზღაურებაზე საუბრისას, ყოველთვის განსაკუთრებით ყურადღებას შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა და შრომის ანაზღაურება იმსახურებს.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მიხედვით, შტატგარეშე მოსამსახურე არის პირი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით გარკვეული ვადით მიიღება სამსახურში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად (მუხლი 8).

შტატგარეშე თანამშრომლების დასაქმება, შტატიან თანამშრომლებთან შედარებით (რომელნიც ძირითადად კონკურსის შედეგად იკავებენ თანამდებობას), მარტივ პროცედურებთან არის დაკავშირებული, რაც ნეპოტიზმის და პოლიტიკური ნიშნით დანიშვნის ალბათობას ზრდის და აადვილებს კიდეც.

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მიხედვით, საჯარო სექტორში შტატგარეშე თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე მსჯელობა შეგვიძლია, თუმცა აღნიშნულ თანამშრომელთა რაოდენობა მითითებული არ არის.

ცხრილი 1: შტატგარეშე თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ბიუჯეტი წლების მიხედვით (ლარი)

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

როგორც მონაცემებიდან ჩანს, 2011 წლიდან მოყოლებული, შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურება ზრდის ტენდენციით ხასიათდება, გამონაკლისი არის 2013 წელი, როდესაც ეს მონაცემი შემცირებულია. აღნიშნული შემცირება შეიძლება იმით აიხსნას, რომ 2013 წელი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის პირველი წელი იყო და იქიდან გამომდინარე, რომ ისინი „ნაციონალურ მოძრაობას“ მუდმივად შტატგარეშე თანამშრომელთა ზრდაზე მიუთითებდნენ, თავად მათი რაოდენობა და შესაბამისად, ანაზღაურების ბიუჯეტი, შეამცირეს, თუმცა შემდგომ წლებში ზრდის ტენდენცია შეინარჩუნეს. ამ ზრდის ტენდენციიდანაც გამორჩეული 2012, 2014, 2015, 2020, 2021 წლებია, როდესაც შტატგარეშე თანამშრომელთა სახელფასო ფონდის, შესაბამისად - 60%, 65%, 28% და 22%-22%-იანი, ზრდა დაფიქსირდა.

როგორ აღვნიშნეთ, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებში მთლიანად საჯარო სექტორში დასაქმებულ შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა მითითებული არ არის, თუმცა სახელმწიფო სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობის განხილვა შეგვიძლია.

გრაფიკი 2: სახელმწიფო სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა

წყარო: ფინანსთა სამინისტრო, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშები

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მიხედვით, სახელმწიფო სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა ძირითადად ზრდის ტენდენციით ხასიათდება, გამონაკლისია 2017 და 2020 წლები, როდესაც შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა შემცირებულია.

ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ბოლო წლების პრაქტიკა გვიჩვენებს, შტატგარეშე თანამდებობებს ძირითადად მმართველი პარტიასთან დაახლოებული ან მათდამი ლოიალურად განწყობილი პირები იკავებენ. მათი რაოდენობა განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ იზრდება ხოლმე. 2012-2021 წლებში ყოველ წელს არჩევნები იყო, აქედან გამომდინარე, საანგარიშო წლებში, შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობას და მათ სახელფასო ბიუჯეტის ზრდასა და არჩევნებს შორის გარკვეული კორელაციის დანახვა შეუძლებელია. ისიც მნიშვნელოვანია, რომ ხშირ შემთხვევაში, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა კანონით დასაშვებ ზღვარს აჭარბებს. ამის შესახებ მითითება არასამთავრობო ორგანიზაცია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევასა და აუდიტის ანგარიშებში გვხვდება.

ზემოთ გაანალიზებული მასალიდან გამომდინარე, პაატა მანჯგალაძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4020 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
25%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი