რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების პარალელურად, სოციალურ ქსელში ვრცელდება დეზინფორმაცია, რომ უკრაინა პროვოკაციას წამოეგო, რომელიც დასავლეთმა დაიწყო.

იხ. Facebook-პოსტი

24 თებერვალს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის საწინააღმდეგოდ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების დაწყებაზე განაცხადა. პარალელურად კი, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების განხორციელება დაიწყო. აღნიშნულის პასუხად, უკრაინის სამხედრო ძალები რუსული აგრესიის მოგერიებას ცდილობენ.

საომარი მოქმედებების დაწყებამდე, უკრაინის საკითხის გარშემო, დიდი ხნის განმავლობაში, კრიზისი იყო შექმნილი, რაც რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიასა და მისი საზღვრების სიახლოვეს 190,000-მდე სამხედროსა და დიდი რაოდენობით საბრძოლო ტექნიკის მობილიზებამ გამოიწვია. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 2021 წლის დეკემბერში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობის გაუქმება მოსთხოვა, რომლის მიხედვითაც, საქართველო და უკრაინა ალიანსში გაწევრიანდებიან. მოგვიანებით, კრემლმა დასავლეთს „უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ მომზადებული სპეციალური პროექტიც გადასცა, რომელშიც, რუსეთი NATO-ს სამომავლო გაფართოებას დაუშვებლად მიიჩნევდა, და ფაქტობრივად, აშშ-სა და NATO-ს სამხედრო ნაწილებისა და შეიარაღების 1997 წლის მდგომარეობით, ანუ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების NATO-ში გაწევრიანებამდე, არსებულ პოზიციებზე დაბრუნებას სთხოვდა. დასავლეთმა რუსეთის ეს მოთხოვნები, რომლებიც სხვადასხვა სუვერენული ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ არჩევანს უგულებელყოფდა, არ დააკმაყოფილა. აღნიშნულის პასუხად, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის სეპარატისტული რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა და მათთან თანამშრომლობისა და ორმხრივი დახმარების ხელშეკრულება გააფორმა. მოგვიანებით კი, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე, რუსულმა სამხედრო ძალებმა, რომელთა მობილიზაციაც, თითქოს, მხოლოდ წვრთნების ჩასატარებლად მოხდა, უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყეს.

ამდენად, მტკიცება, რომ უკრაინა დასავლეთის მიერ დაწყებულ პროვოკაციას წამოეგო, დეზინფორმაცია და რუსული პროპაგანდაა.

--------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი