2022 წლის 13 თებერვალს „ალტ-ინფოს“ გადაცემაში - „კვირა ნიკოლოზ მჟავანაძესთან“ - არაერთი თურქოფობიური გზავნილი და დეზინფორმაცია გავრცელდა (ბმული 1, ბმული 2).

გადაცემის წამყვანის, ნიკოლოზ მჟავანაძის, ერთ-ერთი მტკიცების თანახმად, საქართველომ თურქეთს 6 ჰექტარი ქართული მიწა გადასცა. აღნიშნული ინფორმაცია ყალბი ამბავია, რომელიც 2016 წლის შემდეგ პრორუსული ჯგუფების მიერ პერიოდულად ვრცელდება (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3).

სინამდვილეში, საქართველოს თურქეთისთვის ქართული მიწა არ გადაუცია. საქართველოსა და თურქეთს შორის სასაზღვრო ხაზი 1992 წლის 30 ივნისის საქართველოს რესპუბლიკას და თურქეთის რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ დადებული ხელშეკრულებითაა დადგენილი, რომელიც გადახედვას არ ექვემდებარება. ხელშეკრულებაში წერია:

„მხარეები აცხადებენ, რომ დაიცავენ მათ შორის დადებულ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს დაწყებული 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის შეთანხმებით.

მხარეები ხელმძღვანელობენ იმით, რომ ამ შეთანხმებით საბოლოოდ დადგინდა საზღვარი ორ სახელმწიფოს შორის.

მხარეები აღნიშნული შეთანხმების დებულებებს დაიცავენ თავიანთი კანონმდებლობის, არსებული პრაქტიკის და მათი საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით“.

შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიასა და თურქეთს შორის საზღვრის დემარკაცია [სახელმწიფო საზღვრის ხაზის დადგენა ადგილზე] ჯერ კიდევ 1921 წელს დადებულ ყარსის ხელშეკრულებით მოხდა. აღნიშნული სასაზღვრო ხაზის მონიტორინგი და რედემარკაცია [სასაზღვრო ნიშნების აღდგენა სახელმწიფო საზღვარზე] პერიოდულად ხორციელდებოდა, რაც არა დადგენილი საზღვრების ცვლილებას, არამედ სასაზღვრო ნიშნულების აღდგენას და დაზუსტებას ნიშნავს. რედემარკაციის პროცესები თურქეთსა და საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკას შორის 1969-1973 წლებში მიმდინარეობდა. 1992 წელს კი დამოუკიდებელმა საქართველომ და თურქეთმა ყველა მანამდე დადებული ხელშეკრულების გათვალისწინებით ადრე შეთანხმებული საზღვრის ხაზი აღიარეს, რომლის ცვლილებასთან დაკავშირებით რაიმე სახის მოლაპარაკება და შეთანხმება გამორიცხულია.

ის, რასაც პრორუსული ჯგუფები საქართველოს მიერ ქართული მიწის თურქეთისთვის გადაცემას უწოდებენ, 2016 წლის 20 აპრილს გამართული შეხვედრის არასწორი ინტერპრეტაციაა. აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში თურქეთისა და საქართველოს მხარეებმა თურქეთის რესპუბლიკის არდაჰანის პროვინციაში, სოფელ იურთბექლერის მიმდებარედ, სასაზღვრო მდინარე ჯაყისწყლის აღსადგენი კალაპოტი მოინახულეს. მოცემულ ტერიტორიაზე სპეციალისტებმა არა ახალი საზღვარი გაავლეს, არამედ ჯერ კიდევ სსრკ-ის დროს შექმნილი რედემარკაციის მასალების მიხედვით მდინარე ადრინდელ კალაპოტს დაუბრუნეს. ანალოგიური სამუშაოები ჩატარდა მდინარე ქარზამეთისწყალზე, რომლის კალაპოტიც ადრინდელ კალაპოტს აცდენილი იყო. შესაბამისად, საქართველოს თურქეთისთვის ქართული მიწა არ გადაუცია. აღნიშნული ტერიტორია ისედაც თურქეთს ეკუთვნოდა, თუმცა ბუნებრივი პირობების ზემოქმედების შედეგად მდინარეებმა დროთა განმავლობაში კალაპოტი შეიცვალეს და თურქეთის ტერიტორიის ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე ბუნებრივად აღმოჩნდა. ამ მიზეზით თურქებს აღნიშნული ტერიტორიით სარგებლობა არ შეეძლოთ [მდინარე ფიზიკური ბარიერი აღმოჩნდა], რის გამოც კალაპოტის იმ ძველ მდგომარეობაში დაბრუნება გახდა საჭირო, რომელიც სასაზღვრო ხაზს ფიზიკურადაც ემთხვეოდა.

ნიკოლოზ მჟავანაძეს თავისი მტკიცების წყაროდ „პალიტრა ნიუსის“ სიუჟეტი მოჰყავს, რომლის შინაარსი მჟავანაძის ნათქვამს სრულად არ ემთხვევა. სიუჟეტში ნათქვამია, რომ „საქართველომ თურქეთს სასაზღვრო ზოლზე 6 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადასცა“, რამაც მსმენელში შესაძლოა სხვადასხვაგვარი არასწორი ინტერპრეტაცია გამოიწვიოს, თუმცა სიუჟეტში ისიცაა აღნიშნული, რომ ეს ტერიტორია თურქეთს ეკუთვნოდა და მდინარის კალაპოტის ცვლილების გამო, საქართველოს ტერიტორიაზე ბუნებრივად აღმოჩნდა. აღნიშნულ ინფორმაციას მჟავანაძე სრულებით უგულებელყოფს.

ჯერჯერობით, თურქეთი არის ერთადერთი მეზობელი ქვეყანა, რომელთანაც საქართველოს საზღვარი დემარკირებულ-დელიმიტირებული აქვს. აღსანიშნავია, რომ ორივე მხარის მიერ პერიოდულად ხორციელდება საზღვრის მონიტორინგი, რასაც, დროდადრო პრორუსული ჯგუფები მსგავსი არასწორი მტკიცებების გასავრცელებლად იყენებენ.

-----------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი