იტვირთება

ირაკლი კობახიძე: მთავრობამ უზრუნველყო 10.6% ეკონომიკური ზრდა, მაშინ როდესაც იანვარ თებერვალი გვქონდა მინუსში, რაც ნიშნავს იმას რომ ჩვენ ამოვედით იმ მდგომარეობიდან, რაშიც ჩაგვაყენა პანდემიამ და გავასწარით კიდეც პანდემიამდე პერიოდს

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრი“ ირაკლი კობახიძის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს

რეზიუმე

სახელისუფლებო ძალის წარმომადგენლები, ახლო წარსულში, ორნიშნა ეკონომიკური ზრდით ხშირად აპელირებდნენ. თუმცა ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი, დიდწილად საბაზო ეფექტით არის გამოწვეული, რასაც ქართულ პოლიტიკურ თუ საექსპერტო წრეებში, ზამბარის ეფექტად მოიხსენიებენ. განცხადების სიზუსტის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია პოლიტიკოსის დაზუსტება, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა, 2020 წელს არსებული რთული ვითარების აღდგენასთან იყო დაკავშირებული. 2021 წელს დაფიქსირებული 10.6%-ით ზრდა, 2019 წელთან შედარებით, ეკონომიკის 3%-ით ზრდას ნიშნავს. ცალსახად, ეკონომიკის აღდგენა დადებითი მოვლენაა, მაგრამ ზრდა მცირეა და 3%-იანი ზრდით, საქართველოს წარმატება სხვა ქვეყნებთან შედარებით მცირეა.

განცხადებაში, ირაკლი კობახიძე, 2020 წლის 6.8%-იან შემცირებას ექსკლუზიურად პანდემიასთან აკავშირებს და მთავრობის მიერ გატარებულ პოლიტიკას უგულებელყოფს, ხოლო 2021 წელს, 10.6 % ზრდას სრულად მთავრობის დამსახურებად წარმოაჩენს. სინამდვილეში, ორივე წელს, ეკონომიკური ზრდის დინამიკა მთავრობის გადაწყვეტილებებთან მნიშვნელოვნად იყო დაკავშირებული. ერთი მხრივ, 2020 წელს 6.8% შემცირებაც მთავრობის „დამსახურებაა“, 2021 წლის „მაღალი“ ზრდა კი საბაზო ეფექტის გათვალისწინებით, ამავე შემცირებით გამოწვეული ტექნიკური სიდიდე. სხვა სიტყვებით, 2020-2021 წლებში, როგორც მაღალი კლება, ისევე მაღალი ზრდა პანდემიის მართვის არათანმიმდევრული პოლიტიკის შედეგიცაა, რეალური ზრდა 2019 წელთან შედარებით კი მხოლოდ 3%-ს შეადგენს, რაც მსოფლიოსთან შედარებით წარმატების მაგალითი ნამდვილად არ არის.

შესაბამისად, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ 2020 წელს შემცირების მასშტაბი კატასტროფული იყო, ხოლო დღეის მდგომარეობით, მაღალი ზრდის მიუხედავად, არსებული რეალობა შორს არის სასურველისგან, რეალობას მეტნაკლებად სწორად აღწერს, თუმცა, კონტექსტი რომლისგანაც ეს განცხადება ვერ იქნება დაცლილი, დიდწილად შეფასებითია, ხოლო კონტექსტის გარეშე, განცხადების ვერდიქტით შეფასება შეუძლებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ განცხადების ანალიზით შემოიფარგლება და ირაკლი კობახიძის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.

ანალიზი:

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ, ეკონომიკური ზრდის დინამიკასთან დაკავშირებით განაცხადა: (12:20) „მთავრობამ უზრუნველყო 10.6% ეკონომიკური ზრდა, მაშინ როდესაც იანვარ-თებერვალი გვქონდა მინუსში, რაც ნიშნავს იმას რომ ჩვენ ამოვედით იმ მდგომარეობიდან, რაშიც ჩაგვაყენა პანდემიამ და გავასწარით კიდეც პანდემიამდე პერიოდს“.

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წელს, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.6% შეადგინა, ხოლო 2021 წლის საშუალო რეალური ზრდა 10.6%-ით განისაზღვრა. 2021 წლის დაზუსტებული მონაცემები, საქსტატისვე ინფორმაციით, 2022 წლის 21 მარტს გამოქვეყნდება.

მთავრობის წარმომადგენლები ეკონომიკური ზრდის ორნიშნა მაჩვენებელზე ხშირად აპელირებენ. თუმცა ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი, დიდწილად საბაზო ეფექტით არის გამოწვეული, რადგან 2020 წლის მარტი-ივნისის განმავლობაში, ძალაში იყო პანდემიასთან დაკავშირებული უპრეცედენტოდ მკაცრი შემზღუდავი ზომები, რამაც, პრაქტიკულად ეკონომიკის დარგების დიდი ნაწილის პარალიზება გამოიწვია. სწორედ აღნიშნულ პერიოდებთან მიმართებით ფიქსირდება განსაკუთრებით მაღალი ზრდა. 2020 წელს, რეალური ეკონომიკა 6.8%-ით შემცირდა, რამაც 2021 წელს, შეზღუდვების შემსუბუქების და შენელებული ერთობლივი მოთხოვნის აღდგენის ფონზე, ზრდის უფრო მაღალი მაჩვენებლის დაფიქსირება გამოიწვია. 2021 წელს დაფიქსირებულ მსგავს ეფექტს, ქართულ პოლიტიკურ თუ საექსპერტო წრეებში, ზამბარის ეფექტად მოიხსენიებენ. აღნიშნული, ირაკლი კობახიძის განცხადების ნაწილს, სადაც ის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს მთავრობის დამსახურებას უკავშირებს, ნაწილობრივ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

ირაკლი კობახიძის განცხადების შესაბამისად, 2021 წელს დაფიქსირებული 10.6%-ით ზრდა, 2019 წელთან შედარებით ეკონომიკის აღდგენას ნიშნავს, რაც დადებით მოვლენას წარმოადგენს. თუმცა, 2019 წელთან შედარებით, ზრდა მცირეა და 3%-ს შეადგენს, რითაც მსოფლიოში, საქართველოს ეკონომიკური აღდგენის დინამიკა, სხვა ქვეყნებთან შედარებით შთამბეჭდავი ნამდვილად არ არის (აღნიშნულთან დაკავშირებით, იხ: „ფაქტ-მეტრის“ სტატია). საბაზო ეფექტით აიხსნება კლება 2021 წლის იანვარ-თებერვალშიც, რაზეც ირაკლი კობახიძე საუბრობდა, რადგან აღნიშნულ პერიოდში, პანდემიასთან დაკავშირებული შემზღუდავი ზომები ქვეყანაში შემოღებული არ იყო. კორონავირუსის პირველი შემთხვევა, საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

გრაფიკი 1: რეალური მშპ-ს ზრდის (წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან) კვარტალური დინამიკა, %

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მაღალი ეკონომიკური ზრდა, არა მთავრობის სწორი პოლიტიკის შინაარსობრივი შედეგი, არამედ ნაწილობრივ, პანდემიასთან დაკავშირებული არათანმიმდევრული პოლიტიკით გამოწვეული ტექნიკური ზრდაა. კერძოდ, ხელისუფლებამ საწყის ეტაპზე უპრეცედენტოდ მკაცრი ზომები გამოიყენა, რომლის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით დღესაც მნიშვნელოვანი კითხვის ნიშნები არსებობს და მოხსნა შეზღუდვების უმრავლესობა, როცა პანდემიური სურათი დამძიმდა. შედეგად, პირველ წელს ეკონომიკა „ზედმეტად“ შემცირდა, შეზღუდვების მოხსნის პირობებში აქტივობის აღდგენამ კი ეკონომიკური ზრდის ტექნიკურად მაღალი შედეგის დაფიქსირება გამოიწვია. ეკონომიკის ზრდის ტემპების დაჩქარება ნაწილობრივ შეზღუდვების არათანმიმდევრულ მოხსნას უკავშირდება, რის შედეგად 100 000 მოსახლეზე კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებლით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე მოექცა (უფრო ვრცლად, იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ ანალიზი).


პერსონები

მსგავსი სიახლეები

4546 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი