იტვირთება

ხატია დეკანოიძე: [გაუქმებული მანდატები] უნდა შეივსოს გახსნილი სიებით, პროპორციული სიებით

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ხატია დეკანოიძის განცხადება არის მანიპულირება.

რეზიუმე: 2020 წლის 12 დეკემბერს პარტიებმა, რომელთა სახელითაც ბადრი ჯაფარიძემ, შალვა ნათელაშვილმა და ელენე ხოშტარიამ საპარლამენტო მანდატები მოიპოვეს, საარჩევნო სიების ანულირება მოახდინეს. მიუხედავად ამისა, ხატია დეკანოიძე განსახილველი განცხადებით, მაინც ითხოვს, რომ საპარლამენტო პარტიებს მიეცეთ შესაძლებლობა - მათი მანდატის მქონე დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, გამოკლებული წევრი პარტიული სიის სხვა წევრით ჩაანაცვლონ. საქართველოს კანონმდებლობა, კერძოდ საარჩევნო კოდექსი გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლის არჩევის საკითხის არეგულირებს. თუმცა აღნიშნული მექანიზმის გამოყენებაზე ოპოზიციურმა პარტიებმა 2020 წლის დეკემბერში თავად განაცხადეს უარი. პარტიებმა, რომლის ფარგლებშიც ელენე ხოშტარიამ, ბადრი ჯაფარიძემ და შალვა ნათელაშვილმა მანდატი მოიპოვეს, პარტიული სიების ანულირება მოახდინეს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, უფლებამოსილება შეწყვეტილი დეპუტატების ჩანაცვლების შეუძლებლობა ოპოზიციური პარტიების მიერ წარსულში მიღებული გადაწყვეტილებებით არის გამოწვეული. ამასთან, საყურადღებოა, რომ პარტიის მიერ საარჩევნო სიების ანულირების შემთხვევაში, ამ სიების კვლავ აღდგენის შესაძლებლობას ქართული კანონმდებლობა არ იძლევა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შთაბეჭდილება იქმნება, რომ ხატია დეკანოიძის ინიციატივა კონკრეტული პარტიების ამჟამინდელ ინტერესებს არის მორგებული და მსგავსი მექანიზმის შემოღების ზოგადი საჭიროების საკითხი არსებული კანონმდებლობისთვის აქტუალური არ არის.

ანალიზი:

2022 წლის 15 დეკემბერს საპარლამენტო უმრავლესობამ ბადრი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყვიტა. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, პარლამენტის ოპოზიციონერი წევრებისთვის მანდატის შესაძლო შეწყვეტას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე გამოეხმაურა. მისი თქმით „იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტში, ყველა იმ პარტიას, რომელსაც აქვს ქართველი ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი და რომელიც დღეს ბიძინა ივანიშვილის განკარგულებით უნდა ჩამოერთვას ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილს და ელენე ხოშტარიას, უნდა შეივსოს გახსნილი სიებით, პროპორციული სიებით. ეს რეალურად იქნება ის პროპორცია, რაც ქართველმა ხალხმა, გაყალბებულ, მაგრამ მაინც არჩევნებზე მიანიჭა ამ პოლიტიკურ პარტიებს. ჩვენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებთან გვექნება და გვაქვს ამაზე საუბარი, ყველა მანდატი უნდა დაუბრუნდეს ოპოზიციურ პარტიებს“. ასევე, ხატია დეკანოიძემ მმართველ გუნდს ზემოხსენებული პირებისთვის მანდატის შეწყვეტისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

„ფაქტ-მეტრი“ ხატია დეკანოიძის განცხადებით დაინტერესდა და ქვემოთ გთავაზობთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იმ პროცედურების მოკლე მიმოხილვას, რომელიც პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისა და მისი ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობის საკითხებს ეხება.

საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი. პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი:

ა) პარლამენტს მიმართავს პირადი განცხადებით უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ;

ბ) იკავებს სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობას ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას;

გ) მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს;

დ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ;

ე) სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;

ვ) გარდაიცვალა;

ზ) დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას;

თ) ექვემდებარება უფლებამოსილების შეწყვეტას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით.

მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებული პირებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს სხვადასხვა სამართლებრივი საფუძველი აქვს. პარლამენტის დადგენილების მიხედვით, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიას უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი, მათ მიერ საპარლამენტოს სესიის ნახევარზე მეტი სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენაა. ხოლო, ბადრი ჯაფარიძის შემთხვევაში, უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველს მის მიმართ სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი, წარმოადგენს.

პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს რეგლამენტით დადგენილი წესით შეისწავლის და განიხილავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, რომელიც შესაბამის დასკვნას ამზადებს და პარლამენტის ბიუროს წარუდგენს. პარლამენტის ბიუროს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხი უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეაქვს განსახილველად. პარლამენტი ვალდებულია, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი დაუყოვნებლივ განიხილოს.

რაც შეეხება, გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლის არჩევის საკითხს, აღნიშნული საქართველოს საარჩევნო კოდექსით არის მოწესრიგებული. საარჩევნო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, თუ საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრი არჩეული იყო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის პარტიული სიით, მის ადგილს 1 თვის ვადაში იკავებს იმავე სიაში რიგით მომდევნო საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი, თუ მან ვაკანსიის წარმოშობიდან 15 დღეში თანხმობა განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაკანტურ ადგილს დაიკავებს სიაში მისი მომდევნო საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი და ა. შ.. თუ პარტიულ სიაში ასარჩევი საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი აღარ არის, პარლამენტის წევრის ეს მანდატი გაუქმებულად ჩაითვლება.

ხატია დეკანოიძე განცხადებაში, სწორედ ზემოხსენებული მექანიზმის არსებობაზე საუბრობს. როგორც იგი ამბობს, „პარტიისთვის ჩამორთმეული მანდატები გახსნილი ანუ პროპორციული სიებით უნდა შეივსოს“. საყურადღებოა, რომ საარჩევნო კოდექსი ხატია დეკანოიძის იდეას, თითქმის იდენტურად იმეორებს.

ზემოხსენებულის მიუხედავად, მოცემულ შემთხვევაში - ბადრი ჯაფარიძის, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიას ჩანაცვლება ვეღარ მოხდება. აღნიშნული გამოწვეული არა უფლებამონაცვლის არჩევის წესის არარსებობით, არამედ იმ ფაქტით, რომ პარტიებმა, რომლის ფარგლებშიც მათ მანდატი მოიპოვეს, პარტიული სიების ანულირება მოახდინეს.

2020 წლის 11 დეკემბერს „ევროპული საქართველოს“, „ლელოს“ და „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარეებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას განცხადებით მიმართეს და მათ მიერ პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატების საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვეს. მათი მოთხოვნა 2020 წლის 14 დეკემბერს ცესკოს თავმჯდომარემ დააკმაყოფილა და მათ მიერ წარდგენილი პარტიული სიების გაუქმების შესახებ, განკარგულებები გამოსცა (ლინკი 1; ლინკი 2; ლინკი 3). აღსანიშნავია, რომ თავის დროზე მათი ეს გადაწყვეტილება 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებისადმი უნდობლობით და მეათე მოწვევის პარლამენტის მიმართ ბოიკოტით აიხსნა.

ზემოხსენებულის შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხატია დეკანოიძის განცხადება არის ფაქტებით მანიპულირება. იმის მიუხედავად, რომ საპარლამენტო პარტიებს საარჩევნო სიები ანულირებული აქვთ, ხატია დეკანოიძე მაინც ითხოვს, რომ პარტიებს მიეცეთ შესაძლებლობა მათი მანდატის მქონე დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, გამოკლებული წევრი პარტიული სიის სხვა წევრით ჩაანაცვლონ. ამასთან, იგი აღნიშნავს, რომ ასეთი მექანიზმი პარლამენტში ამომრჩევლის ნების ასახვას შეუწყობს ხელს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლის არჩევის საკითხი საქართველოს საარჩევნო კოდექსით არის განსაზღვრული და ამ მექანიზმით სარგებლობაზე ოპოზიციურმა პარტიებმა 2020 წელს წინმსწრებად თავად თქვეს უარი. შესაბამისად, პარლამენტში ოპოზიციური დეპუტატების ჩანაცვლების შეუძლებლობა გამოწვეულია არა პროცესუალური მექანიზმების პრობლემურობით, არამედ თავად ამ პარტიების ადრეული გადაწყვეტილებებით.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4020 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
25%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი