მიხეილ სააკაშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 21-დან 6 გადასახადი დატოვა, მაგრამ ამან მოიტანა შემოსავლების ზრდა, ბიზნესის კეთების გამარტივება
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე
რეზიუმე: 2004 წლის დასაწყისში არსებული 22 სახის გადასახდელი (20 გადასახადი და 2 მოსაკრებელი) 2007 წლის ბოლოსათვის 6 ერთეულამდე შემცირდა და დღემდე მოცემული სახით ნარჩუნდება. აღნიშნული პერიოდიდან მოყოლებული, ქვეყნის ეკონომიკა და სახელმწიფო ბიუჯეტიც საკმაოდ მაღალი ტემპებით იზრდებოდა, ცალკეული გამონაკლისების გათვალისწინებით, თუმცა, გადასახადების რაოდენობა დადებითი ეკონომიკური ტენდენციის განმაპირობებელი ფაქტორების მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტი იყო. არსებული შედეგი პარალელურად განხორციელებულმა, ხისტი კომპლექსური ცვლილების/ზომების ერთობლიობამ განაპირობა.
გადასახადების შემცირება და საგადასახადო სისტემის გამარტივება როგორც ეკონომიკური თავისუფლების, ისევე ზოგადად, ეკონომიკური მოქნილობის მხრივ დადებითი ფაქტორია. ბუნებრივია, აღნიშნულმა ცვლილებებმა სხვადასხვა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების შეფასებებშიც პოვა ასახვა. მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავეა და მეშვიდე ადგილს იკავებს. აღნიშნულ რეიტინგში, საქართველოს 2005 წელს 112-ე ადგილი ეკავა, 2006 წელს კი უკვე 37-ე. თუმცა, უნდა დავამატოთ რომ გადასახადების 6-მდე შემცირება საგადასახადო ტვირთის შემცირებაზე პირდაპირპროპორციულად არ აისახებოდა, რადგან მაშინდელი გადასახადების ნაწილი შემდგომი მდგომარეობით აიკრიფება ფულადი სანქციის, მომსახურების საფასურის ან ლიცენზიის/ნებართვის საფასურის სახით. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, ფულადი ნაკადის წყაროს ცვლილება არ შეხებია, შეიცვალა მხოლოდ დასახელება, რითაც ეს სახსრები ბიუჯეტში ხვდება. შედეგად, გადასახდელი დარჩა, თუმცა მათთვის სახელის გადარქმევით, საგადასახადო ტვირთის სტატისტიკური მაჩვენებელი შემცირდა.
შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე, რადგან განცხადება ზუსტია, მაგრამ დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას საჭიროებს.
ანალიზი:
მიხეილ სააკაშვილის პირად ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ ეკონომიკური ხედვების ძირითად თეზისებში, შემდეგი განცხადება გვხვდება: „თავის დროს ნაციონალურმა მოძრაობამ 21-დან მხოლოდ 6 გადასახადი დატოვა, მაგრამ ამან მოიტანა შემოსავლების ზრდა, ბიზნესის კეთების გამარტივება“.
2003 წლის ბოლოს, ხელისუფლების ცვლილების მომენტისათვის, საქართველოში 1997 წელს მიღებული საგადასახადო კოდექსი მოქმედებდა. საგადასახადო კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, მოქმედებდა 14 საერთო-სახელმწიფოებრივი (საშემოსავლო, მოგების, დღგ, აქციზი, ქონების, მიწის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრეთა, ქონების გადაცემისათვის, სოციალური დაზღვევის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის, მავნე ნივთიერებებით გარემოს დაბინძურებისათვის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისა და ზენორმატიული დატვირთვისათვის, ფიქსირებული, მცირე ბიზნესის) და 6 ადგილობრივი ( ეკონომიკური საქმიანობისათვის, სათამაშო ბიზნესის, საკურორტო, სასტუმროს, რეკლამის, ადგილობრივი სიმბოლიკის გამოყენებისათვის) გადასახადი.
2003 წლის დეკემბრის ცვლილებით გაუქმდა ადგილობრივი გადასახადი ეკონომიკური საქმიანობისათვის, მიწის გადასახადმა საერთო-სახელმწიფოებრივიდან ადგილობრივ გადასახადებში გადაინაცვლა. შედეგად, 2004 წლის ბოლომდე საერთო ჯამში საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული 19 გადასახადი მოქმედებდა, რასაც ემატება საბაჟო კოდექსით განსაზღვრული საბაჟო გადასახადი და ორი სახის საბაჟო მოსაკრებელი - საერთო ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, 22 დასახელების გადასახდელი.
2005 წლის პირველი იანვრიდან ახალი საგადასახადო კოდექსი ამოქმედდა, რომლის მე-9 მუხლის თანახმად გადასახადების ოდენობა 7-მდე შემცირდა (5 საერთო-სახელმწიფოებრივი და 2 ადგილობრივი). ძალაში დარჩა საბაჟო კოდექსით განსაზღვრული საბაჟო გადასახადი და საბაჟო მოსაკრებლები. 2006 წლის აგვისტოდან გაუქმდა ძველი საბაჟო კოდექსი და მიღებულ იქნა ახალი, რომელიც არც ერთ გადასახადს აღარ აწესებდა და საბაჟო პროცედურების განსაზღვრით შემოიფარგლებოდა, საბაჟო ტარიფსა და მოსაკრებლების სახეობას კი ადგენდა საქართველოს კანონი საბაჟო ტარიფის შესახებ და საქართველოს კანონი საბაჟო მოსაკრებლების შესახებ. 2007 წლიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა აღნიშნული კანონები და ყველა გადასახადმა ერთ საკანონმდებლო აქტში - საქართველოს საგადასახადო კოდექსში, მოიყარა თავი. 2007 წლის ივლისიდან გაუქმდა სოციალური გადასახადიც, შესაბამისად, ქვეყანაში აღნიშნული მომენტიდან მოქმედებს 5 საერთო-სახელმწიფოებრივი (საშემოსავლო, მოგების, დღგ, აქციზი, იმპორტის) და ერთი ადგილობრივი (ქონების) გადასახადი. 2011 წლიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა მანამდე მოქმედი საბაჟო და საგადასახადო კოდექსები და ორივე საკანონმდებლო აქტი ახალმა საგადასახადო კოდექსმა ჩაანაცვლა. გადასახადების რაოდენობა არ შეცვლილა.
რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილების ტენდენციას მთელი პერიოდისთვის, აღნიშნულ მონაცემებს გრაფიკი 1 ასახავს.
გრაფიკი 1: სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები (მლრდ ლარი) 2003-2021 წლებში
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
როგორც გრაფიკიდან ჩანს, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები მთელ განსახილველ პერიოდზე ზრდის ტენდენციით ხასიათდება. გამონაკლისს წარმოადგენს პოსტკრიზისული 2009-2010 წლების მაჩვენებლები, რომელიც 2008 წლის მონაცემს ჩამორჩება.
გადასახადების რაოდენობის შემცირებასთან ერთად საგადასახადო განაკვეთებიც მცირდებოდა, თუმცა ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები იზრდებოდა. ეს განპირობებული იყო ეკონომიკის ზრდით და საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესებით. შემცირდა ე.წ. ჩრდილოვანი ეკონომიკა, რომლის არსებობის ძირითადი მიზეზი სწორედ გადასახადების დამალვაა. თავის მხრივ, ეკონომიკური ზრდის ტემპის ამაღლება და საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესება ქვეყანაში განხორციელებულმა სხვა რადიკალურმა რეფორმებმაც განაპირობა (მაგალითად, კორუფციის და კრიმინალის შემცირება, ინფრასტრუქტურის და ენერგომომარაგების გაუმჯობესება), თუმცა მთავრობის მიერ გატარებული ზომების სიხისტის და სიმკაცრის გამო, აღნიშნული პერიოდის პოლიტიკური შეფასებები მნიშვნელოვნად არაერთგვაროვანია.
სამართლიანობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ გადასახადების 6-მდე შემცირება საგადასახადო ტვირთის შემცირებაზე, პირდაპირპროპორციულად არ აისახებოდა, რადგან მაშინდელი გადასახადების ნაწილი შემდგომი მდგომარეობით აიკრიფება ფულადი სანქციის (გარემოს დაბინძურებისათვის, ზენორმატიული დატვირთვისათვის), მომსახურების საფასურის (გზათსარგებლობის, საბაჟოს მოსაკრებლები) ან ლიცენზიის/ნებართვის საფასურის (ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის) სახით. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, ფულადი ნაკადის წყაროს ცვლილება არ შეხებია, შეიცვალა მხოლოდ დასახელება, რითაც ეს სახსრები ბიუჯეტში ხვდება. შედეგად, გადასახდელი დარჩა, თუმცა მათთვის სახელის გადარქმევით, საგადასახადო ტვირთის სტატისტიკური მაჩვენებელი შემცირდა.
საგადასახადო რეფორმის, ისევე როგორც სხვა პოზიტიური ეკონომიკურ-საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, საქართველოს რეიტინგი მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების“ რეიტინგში მკვეთრად უმჯობესდებოდა. მიმდინარე მონაცემებით, რეიტინგში საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავეა და მეშვიდე ადგილს იკავებს. აღნიშნულ რეიტინგში, საქართველოს 2005 წელს 112-ე ადგილი ეკავა, 2006 წელს 37-ე, ხოლო 2007 წელს 21-ე. აღსანიშნავია რომ შემდგომ პერიოდებში, რეიტინგში საქართველო მოწინავე ადგილს იკავებდა, რაც მსოფლიოსთან შედარებით, ბიზნესის კეთების მხრივ უფრო მეტ თავისუფლებაზე მიანიშნებს.
გრაფიკი 2 ასახავს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს 2004-2021 წლებში.
გრაფიკი 2: რეალური ეკონომიკური ზრდის ტენდენცია, %
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი
აღნიშნულ პერიოდში, ეკონომიკური ზრდის ტენდენციის პარალელურად, საგადასახადო სისტემის მოწესრიგებამ და აღმასრულებელი ორგანოების მოქმედების ეფექტურობის ამაღლებამ ბიუჯეტის საკმაოდ მაღალი ტემპით ზრდა გამოიწვია. გადასახადების რაოდენობის ცვლილების როლი კი, სხვა ძირითად განმაპირობებელ ფაქტორებთან ერთად, ამ პროცესში შეიძლება შეფასდეს როგორც მნიშვნელოვანი დამხმარე პოზიტიური წინაპირობა.