ლევან ხაბეიშვილი: 58 მილიონ-ნახევარი იყო გამოყოფილი რამდენიმე კონკრეტულ მისამართზე, სადაც უნდა გაკეთებულიყო გზა. ახლა ვართ ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელ მთავარ, ცენტრალურ გზაზე, სადაც ეს მდგომარეობაა. ამისთვის მილიონობით ლარია გამოყოფილი, მილიონობით ლარია გადახდილი და ექვსი თვეა, ასეთ მდგომარეობაშია.
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრი“ ლევან ხაბეიშვილის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.
რეზიუმე: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტს (SRAMP) ახორციელებს. გურიის რეგიონის სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთების სიგრძე ჯამურად 62 კმ-ს შეადგენს, ხოლო პროექტის ბიუჯეტი 58.5 მილიონი ლარია. პროექტი ოთხ ლოტად ხორციელდება. აქედან ლოტი 1 საჯავახო - ჩოხატაური - ოზურგეთი - ქობულეთის საავტომობილო გზის (შ 02) კმ 35 - კმ 43.6 და კმ 47.2 - კმ 48 რეაბილიტაციას გულისხმობს. სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 8.5 კმ-ია. კონტრაქტი 2021 წლის 27 მაისს გაფორმდა და 12 თვეში, ანუ 2022 წლის 27 მაისს უნდა დასრულდეს. აღნიშნული კონტრაქტის თანხა, დღგ-ის ჩათვლით, 8 128 896 ლარს შეადგენს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია CHINA ROAD AND BRIDGE CORPORATION ასრულებს. „ფაქტ-მეტრისთვის“ დეპარტამენტის მიერ მოწოდებული წერილობითი პასუხიდან ირკვევა, რომ ამ ეტაპზე სანიაღვრე არხები მოწყობილია 1 კმ-ზე, გზის საფუძვლის ფენა - 2 კმ-ზე, გზის საყრდენი კედლები - 11 ლოკაციაზე და რკინა/ბეტონის წყალგამტარი მილი - 9 ლოკაციაზე. მიმწოდებელ კომპანიას 732 397 ლარის სამუშაო უკვე აუნაზღაურდა.
თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა და მძღოლები, რომლებიც აღნიშნულ გზაზე ხშირად გადაადგილდებიან, მედიასთან აცხადებენ, რომ სამუშაოები ნელი ტემპით მიმდინარეობს და სარეაბილიტაციო გზის მხოლოდ 300-400 მეტრი გაკეთდა. 11 იანვარს მათ საპროტესტო აქცია გამართეს და გაჭიანურებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულება მოითხოვეს. მოსახლეობა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ტემპით, პროექტი მაისში ვერ დასრულდება. თუმცა უწყებამ მოგვწერა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში მიმდინარეობს.
ვინაიდან პროექტის ვადის ამოწურვამდე ოთხი თვეა დარჩენილი, დაზუსტებით შეუძლებელია იმის თქმა, დასრულდება, თუ - არა სამუშაოები დათქმულ ვადაში. ამ ეტაპზე ფაქტია, რომ გზა, უკვე რამდენიმე თვეა, ამორტიზებულია და მასზე გადაადგილება პრობლემურია როგორც ფეხით, ისე ავტომობილით მოძრაობისას. ამ კონკრეტული ლოტის ფარგლებში „მილიონობით ლარი“, როგორც ამას პოლიტიკოსი აცხადებს, ჯერ კომპანიისთვის გადახდილი არაა. თუმცა განცხადების კონტექსტი გულისხმობს, რომ სახელმწიფოს მიერ დაწყებული არაერთი მრავალმილიონიანი პროექტი ხშირად ვადაში ჭიანურდება, რაც მოსახლეობას მნიშვნელოვან დისკომფორტს უქმნის. ამასთანავე, აფერხებს იმ სიკეთის მიღებას, რომელიც პროექტის განხორციელებით მოქალაქეებმა და სახელმწიფომ უნდა მიიღონ. აქედან გამომდინარე, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას უვერდიქტოდ ვტოვებთ და პროექტის ვადის ამოწურვის შემდეგ, საკითხს კვლავ მივუბრუნდებით.
ანალიზი: 11 იანვარს, ოზურგეთი-ჩოხატაურის გზის ნასაკირალის მონაკვეთზე, მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ამორტიზებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულებას ითხოვდნენ. ადგილობრივების პროტესტს ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. აქციაზე მყოფმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა: „58 მილიონ-ნახევარი იყო გამოყოფილი რამდენიმე კონკრეტულ მისამართზე, სადაც უნდა გაკეთებულიყო გზა. ახლა ვართ ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელ მთავარ, ცენტრალურ გზაზე, სადაც ეს მდგომარეობაა. ამისთვის მილიონობით ლარია გამოყოფილი, მილიონობით ლარია გადახდილი და ექვსი თვეა, ასეთ მდგომარეობაშია.“
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასა და ოპოზიციონერი დეპუტატების კრიტიკას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გამოეხმაურა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „პროექტის შემადგენელ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის (ნასაკირალის უღელტეხილის) 8.5 კმ-იანი გზის მონაკვეთზე, დღეის მდგომარეობით, აშენებულია საყრდენი კედლების 80%, წყალგამტარი ნაგებობების 72%, სანიაღვრე არხების 50% და სხვა აუცილებელი სამუშაოები, რომლის შემდგომაც მოხდება გზის საფარის მოწყობა.
ზემოთ ჩამოთვლილ სამუშაოებთან ერთად, გზის ამ მონაკვეთზე მიმდინარეობს შემასწორებელი ფენის შეტანა და ტექნოლოგიით გათვალისწინებული კლიმატური პირობების შესაბამისად, დაიწყება გზის საფარის ასფალტ-ბეტონით მოწყობა.“
უწყების მიერ განცხადების გავრცელების შემდეგ, „ფაქტ-მეტრმა“ დამატებითი ინფორმაცია ოფიციალურად გამოითხოვა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტს (SRAMP) ახორციელებს. გურიის რეგიონის სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთების სიგრძე ჯამურად 62 კმ-ს შეადგენს, ხოლო პროექტის ბიუჯეტი 58.5 მილიონი ლარია.
პროექტი ოთხ ლოტად ხორციელდება. კერძოდ: ლოტი 1 - საჯავახო - ჩოხატაური - ოზურგეთი - ქობულეთის საავტომობილო გზის (შ 02) კმ 35-კმ 43.6 და კმ 47.2 - კმ 48 რეაბილიტაცია, ლოტი 2 - საჯავახო - ჩოხატაური - ოზურგეთი - ქობულეთის საავტომობილო გზის (შ 02) კმ 54.0 - კმ 67.7 მონაკვეთის რეაბილიტაცია, ლოტი 3 - ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის (შ 81) კმ 15.9 - კმ 21.4 და კმ 22.5 - კმ 24.5 მონაკვეთის რეაბილიტაცია, ლოტი 4 - ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის (შ 81) კმ 34 - კმ 50 მონაკვეთის რეაბილიტაცია.
ლოტი 1-ის ფარგლებში, საჯავახო - ჩოხატაური - ოზურგეთი - ქობულეთის საავტომობილო გზის (შ 02) კმ 35 - კმ 43.6 და კმ 47.2 - კმ 48 სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 8.5 კმ-ია. კონტრაქტი 2021 წლის 27 მაისს გაფორმდა და 12 თვეში, ანუ 2022 წლის 27 მაისს უნდა დასრულდეს. აღნიშნული კონტრაქტის თანხა, დღგ-ის ჩათვლით, 8 128 896 ლარს შეადგენს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია CHINA ROAD AND BRIDGE CORPORATION ახორციელებს. პროექტი გზის საფუძვლის გამოცვლას, სანიაღვრე სისტემების მოწყობას, ხელოვნური ნაგებობებისა და საყრდენი კედლების აშენებას, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას ითვალისწინებს. ფაქტ-მეტრისთვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული წერილობითი პასუხით ირკვევა, რომ ამ ეტაპზე სანიაღვრე არხები მოწყობილია 1 კმ-ზე, გზის საფუძვლის ფენა - 2 კმ-ზე, გზის საყრდენი კედლები - 11 ლოკაციაზე და რკინა/ბეტონის წყალგამტარი მილი - 9 ლოკაციაზე. მიმწოდებელ კომპანიას 732 397 ლარის სამუშაო უკვე აუნაზღაურდა.
გავრცელებულ განცხადებაში დეპარტამენტი ასევე აღნიშნავს, რომ პროექტის დანარჩენ მონაკვეთებზეც სამუშაოები შესაბამისი პროგრესით მიმდინარეობს და დასრულების ფაზაშია.
უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ადგილობრივი მოსახლეობა სკეპტიკურად უყურებს. ისინი მედიასთან აცხადებენ, რომ პროექტი ნელი ტემპით ხორციელდება. მათი შეფასებით, ხელისუფლება იტყუება, როცა განხორციელებული სამუშაოების პროცენტულ მაჩვენებლებს ასახელებს, რადგან სანიაღვრე არხები მხოლოდ 300-400 მეტრზეა მოწყობილი და არა - 1 კმ-ზე. მოსახლეობის თქმით, კომპანიას ადგილზე შესაბამისი რაოდენობის ტექნიკა მობილიზებული არ აქვს და ფაქტობრივად, რამდენიმე თვეა, მდგომარეობა არ შეცვლილა.
ამ ეტაპზე ჩვენ დაზუსტებით ვერ ვიტყვით, დასრულდება, თუ - არა აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადაში. ფაქტია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა და მძღოლები უკმაყოფილო არიან, რადგან უკვე მეცხრე თვეა, რაც პროექტი მიმდინარეობს და ამ ხნის განმავლობაში, მათი ვარაუდით, კომპანიას სამუშაოების დიდი წილი შესრულებული უნდა ჰქონდეს. სარეაბილიტაციო მონაკვეთს კი ჯერაც არაფერი დასტყობია.
„ფაქტ-მეტრი“ სამუშაოების მიმდინარეობას დააკვირდება და ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, საკითხს კვლავ დავუბრუნდებით.