ზაურ დარგალი: 2021 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტის ორი დიდი ქუჩის, სამედ ვურღუნისა და შოთა რუსთაველის ქუჩების, ასევე, ხიდის რეაბილიტაცია ჩატარდება
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ზაურ დარგალის დაპირება არ შესრულდა.
რეზიუმე: 2019 წელს, მარნეულის თვითმმართველობის არჩევნების წინ, მერობის კანდიდატის, ზაურ დარგალის დაპირება მარნეულში სამედ ვურღუნისა და შოთა რუსთაველის ქუჩების, ასევე ბაზრის მიმდებარედ არსებული ხიდის რეაბილიტაცია იყო. სამუშაოები 2021 წელს უნდა განხორციელებულიყო.
„ფაქტ-მეტრის“ კვლევით, 2022 წლის იანვრის მდგომარეობით, აღნიშნული ქუჩების რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა მარნეულის 2021 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ ყოფილა და ვერც მიმდინარე წლის ბიუჯეტში მოხვდა. რაც შეეხება ხიდს, მისი და კიდევ რამდენიმე შიდა მნიშვნელობის გზის მოწესრიგების მიზნით, მუნიციპალიტეტმა მხოლოდ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შეისყიდა. სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო თანხა კი 2022 წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული.
ანალიზი: 2019 წელს, მარნეულის თვითმმართველობის არჩევნების წინ, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ზაურ დარგალი, მერობის კანდიდატის რანგში, მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, მარნეულში ქუჩებისა და ხიდის რეაბილიტაციას დაჰპირდა. მის საარჩევნო ბროშურაში წერია, რომ 2021 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტის ორი დიდი ქუჩის, სამედ ვურღუნისა და შოთა რუსთაველის ქუჩების, ასევე, ხიდის რეაბილიტაციის საკითხი მოგვარდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები გასულ წელს უნდა დაწყებულიყო და იმავე წელს დამთავრებულიყო, თუმცა ამ მიზნით საჭირო ხარჯები მარნეულის მნიციპალიტეტის მერიამ 2021 წლის ბიუჯეტში არ გაითვალისწინა. მიმდინარე წლის ბიუჯეტში მხოლოდ ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ხიდის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა აისახა. სამედ ვურღუნისა და შოთა რუსთაველის ქუჩების რეაბილიტაცია კი კვლავ გადაიდო.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და სახიდე გადასასვლელების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით, მუნიციპალიტეტმა 308 500 ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერი (NAT210018212) გასული წლის 17 სექტემბერს გამოაცხადა. შესყიდვით ოთხი კომპანია დაინტერესდა. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, ყველაზე დაბალი ფასით მონაწილე პრეტენდენტს დისკვალიფიკაცია მიენიჭა და ტენდერში გაიმარჯვა შპს „პროჯეკტ კომპანიმ“, რომელთანაც 229 450-ლარიანი ხელშეკრულება 21 ოქტომბერს გაფორმდა. ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, კომპანიას 90-დღიანი ვადა მიეცა. ამ ეტაპზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე მუშაობა დასრულებული არ არის. შემსყიდველმა შპს „პროჯეკტ კომპანის“ მთლიანი ღირებულების 51% (116 150 ლარი) უკვე გადაუხადა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „ფაქტ-მეტრი“ კომპანიის დირექტორ ლაშა ჩილაჩავას დაუკავშირდა. „მუნიციპალიტეტის ცენტრში არსებული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მზად არის, დანარჩენები კი თითქმის სრულდება“, - გვითხრა ჩილაჩავამ.
როგორც ვხედავთ, 2022 წლის იანვრის მდგომარეობით, სამედ ვურღუნისა და შოთა რუსთაველის ქუჩების, ასევე, ბაზრის მომდებარედ არსებული ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოები არ განხორციელებულა. მხოლოდ ხიდის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მზადდება. ეს ნიშნავს, რომ ზაურ დარგალის დაპირება არ შესრულდა.