2021 წლის 17 დეკემბერს ჰამლეტ ჭიპაშვილმა ონლაინ გამოცემაში - Isari.ge, გამოაქვეყნა სტატია, სათაურით „რუსეთის პრეზიდენტის პუტინის მიერ გამოცხადებული „წითელი ხაზების“ თაობაზე“. სტატიაში ჭიპაშვილი ამტკიცებს, რომ რუსეთს უკრაინის სუვერენიტეტი არ დაურღვევია და ყირიმში არ შეჭრილა, ხოლო მინსკის ხელშეკრულებით რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის მხარე არაა.

მტკიცება: „უკრაინის დემოკრატიაზე, სუვერენულობასა და დამოუკიდებლობაზე ისე ლაპარაკობენ, თითქოს ვინმე ემუქრებოდეს მას ამ ცნებების წართმევაში...არგუმენტად მოჰყავთ ყირიმში შეჭრა და ამ ნახევარკუნძულის უკრაინისთვის წართმევა - ყირიმში შეჭრაზე ისე დამაჯერებლად ლაპარაკობენ, თითქოს იქ სისხლისმღვრელ ბრძოლებს ჰქონოდა ადგილი. და თუ ამ ტყუილს ვიწამებთ, ისიც ვთქვათ, რამდენი ადამიანი შეეწირა ყირიმის „ომს“?

2014 წელს, მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა, უკრაინაში საზოგადოებრივი პროტესტი დაიწო, რომ უკრაინას პროდასავლური კურსისთვის არ გადაეხვია. საზოგადოებრივ პროტესტს რუსეთის უკრაინაში შეჭრა, აღმოსავლეთ უკრაინაში დღემდე განგრძობადი ომი, ყირიმში არალეგიტიმური რეფერენდუმი და ყირიმის ანექსია მოჰყვა. ჭიპაშვილის განცხადებით, მტკიცება, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და უკრაინის სუვერენიტეტი შელახა, ტყუილია. მას არგუმენტად ნახევარკუნძულზე სისხლისმღვრელი ბრძოლის არარსებობა მოჰყავს. მართალია, ყირიმში სისხლისმღვრელი ბრძოლა ნამდვილად არ მომხდარა, თუმცა, რუსეთმა საერთაშორისო ნორმების საწინააღმდეგოდ უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია და მისი ანექსია მოახდინა.

სუვერენიტეტის შელახვა, ქვეყნის ოკუპაცია და ანექსია მხოლოდ ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებებითა და დაღუპულ მებრძოლთა რაოდენობით არ განისაზღვრება. სუვერენიტეტი საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია. სუვერენიტეტი სახელმწიფოს ექსკლუზიურ უფლებამოსილებას და მისსავე ტერიტორიაზე უზენაესობას ნიშნავს. აქედან გამომდინარე, ის მოიაზრებს სახელმწიფოს დამოუკიდებლობას, როგორც მის საშინაო საქმეებში, ისე საგარეო ურთიერთობებში. შესაბამისად, სუვერენული სახელმწიფოს ნების საწინააღმდეგოდ მის საქმეებში ჩარევა, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შელახვაა, რაც ჰელსინკის ფინალური აქტით, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების 10 პრინციპიდან ერთ-ერთის დარღვევაა. რუსეთმა ასევე დაარღვია 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმი, რითაც არსებულ საზღვრებში (ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის ჩათვლით) უკრაინის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ჰქონდა აღიარებული.

იანუკოვიჩის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო გამოსვლებს 2014 წლის 22 თებერვალს იანუკოვიჩის რუსეთში გაქცევა მოჰყვა. მომდევნო დღეებში მაიდენტიფიცირებელი ნიშნების არმქონე „მწვანე კაცუნებმა“ ყირიმსა და სევასტოპოლში ინფრასტრუქტურები დაიკავეს, სახელმწიფო შენობებზე რუსეთის დროშა აღმართეს. „მწვანე კაცუნები“ რუსეთის შეიარაღებული ჯარისკაცები არიან, რომლებიც რუსულ საბრძოლო ფორმას, რუსულ იარაღსა და სამხედრო ტიპის საკომუნიკაციო აღჭურვილობას ატარებენ. მიუხედავად აშკარა მტკიცებულებებისა, მოსკოვი დაჟინებით უარყოფდა, რომ „მწვანე კაცუნები“ რუსეთის სამხედროები იყვნენ. თუმცა 2014 წლის 17 აპრილს Russia Today-ის ეთერში პუტინმა აღიარა, რომ ყირიმის ნახევარკუნძულზე მათი სამხედრო მოსამსახურეები მოქმედებდნენ. „მწვანე კაცუნებზე“ დასმულ შეკითხვაზე პასუხად განაცხადა: „ყირიმის თავდაცვის ძალების ზურგს უკან, რასაკვირველია, ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები იდგნენ. ისინი მოქმედებდნენ ძალიან კორექტულად, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, გადაჭრით და პროფესიონალურად’’ [„За спиной сил самообороны Крыма, конечно, встали наши военнослужащие. Они действовали очень корректно, но, как я уже сказал, решительно и профессионально "].

16 მარტს ყირიმის უკრაინისგან გამოყოფისა და რუსეთთან შეერთების შესახებ „რეფერენდუმი“ გაიმართა. არალეგიტიმურად ჩატარებული რეფერენდუმის თანახმად, მასში მონაწილეობა მოსახლეობის 83%-მა მიიღო, რომელთაგან რუსეთის ფედერაციასთან შეერთებას მხარი თითქმის 97%-მა დაუჭირა. მოცემული შედეგების სიყალბეს არაერთი ფაქტი ადასტურებს. მაგალითად, 2014 წლისთვის ყირიმის მოსახლეობას 58% ეთნიკურად რუსი, 24% უკრაინელი, 12% ყირიმელი თათარი და 6% სხვა ეთნიკური ჯგუფი შეადგენდა. არალეგიტიმურ რეფერენდუმს ბოიკოტი უკრაინელებისა და ყირიმელი თათრების უმრავლესობამ გამოუცხადა, რაც ე.წ. რეფერენდუმში მოსახლეობის 83%-ის მონაწილეობას გამორიცხავს. ასევე რუსეთის მიერ გამოცხადებული შედეგების მისაღებად რუსეთთან შეერთებისთვის ხმა ყველა ეთნიკურად რუსთან ერთად უკრაინელების უმრავლესობას უნდა მიეცა, რაც მანამდე ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, შეუძლებელი იყო. 2014 წლის 8-18 თებერვალს „კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, რუსეთთან შეერთებას მოსახლეობის მხოლოდ 41% უჭერდა მხარს. ექსპერტების აზრით, მიუხედავად რუსული პროპაგანდის გაძლიერებისა, მარტში აღნიშნული მონაცემი 50%-ს მაინც ვერ გადააჭარბებდა. რაც მთავარია, ე.წ. რეფერენდუმი შეიარაღებული ფორმირებების თანხლებითა და საერთაშორისო, აკრედიტებული დამკვირვებლების გარეშე ჩატარდა. ე.წ. რეფერენდუმის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ორგანიზაცია „Open Democracy“-ის მასალაში.

საერთაშორისო თანამეგობრობამ რეფერენდუმი ლეგიტიმურად არ ცნო. ევროკავშირმა და აშშ-მა რუსეთის ოფიციალურ პირებს სანქციები დაუწესა. 18 მარტს კი პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ყირიმის რუსეთის ფედერაციასთან შეერთებაზე. აღნიშნული აგრესიით რუსეთმა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები ძალადობრივად დაარღვია.

ცივილიზებული სამყარო ყირიმს უკრაინის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს. 2014 წლის 27 მარტს, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც უკრაინის სუვერენიტეტი, პოლიტიკური დამოუკიდებლობა, ერთიანობა და ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში კიდევ ერთხელ აღიარა. რეზოლუცია ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლს უკრაინის განუყოფელ ნაწილად აღიარებს, ხოლო ჩატარებულ რეფერენდუმს არალეგიტიმურად მიიჩნევს. ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანამ, შვეიცარიამ, 2014 წლის 16 მარტისთვის დაგეგმილი რეფერენდუმი უკრაინის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მყოფ და არალეგალურ ქმედებად მიიჩნია.

2016 წლის 14 ნოემბერს გამოქვეყნებული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურის წინასწარი მოკვლევის ანგარიშში, ნათქვამია: „ხელმისაწვდომი ინფორმაცია მიუთითებს, რომ ყირიმისა და სევასტოპოლის ტერიტორიაზე არსებული სიტუაცია უტოლდება საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტს უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის. აღნიშნული საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო არაუგვიანეს 2014 წლის 26 თებერვალს, როდესაც რუსეთის ფედერაციამ უკრაინის მთავრობის თანხმობის გარეშე, უკრაინის ტერიტორიებზე კონტროლის მოსაპოვებლად, თავისი შეიარაღებული ძალების წევრები განალაგა“. 2020 წლის 14 დეკემბრის ანგარიშში კი აღნიშნულია, რომ 2014 წლის 26-27 თებერვალს ყირიმის ნახევარკუნძულზე მოქმედი შეიარაღებული და უნიფორმიანი პირების შესახებ რუსეთმა აღიარა, რომ მათი სამხედრო პერსონალია.

ამრიგად, ჭიპაშვილის მტკიცება, რომ რუსეთი უკრაინაში არ შეჭრილა და მისი სუვერენიტეტი არ შეულახავს, ყალბია.

მტკიცება: რუსეთი კონფლიქტის მხარე კი არა, ხელშეკრულების [მინსკის ხელშეკრულება] შესრულების გარანტორია საფრანგეთ-გერმანიასთან ერთად...ხელშეკრულება ოფიციალურმა კიევმა უნდა შეასრულოს, დონეცკისა და ლუგანსკის ფაქტობრივ ხელისუფლებასთან ერთად.

ჭიპაშვილის მტკიცება, რომ მინსკის ხელშეკრულებით რუსეთი არა კონფლიქტის მხარე, არამედ ხელშეკრულების შესრულების გარანტორია, რუსულ ნარატივს იმეორებს. ოფიციალური მოსკოვის პოზიციით, რუსეთი უკრაინაში არა კონფლიქტის მხარე, არამედ მისი დარეგულირების გარანტია. პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთს მიღწეული შეთანხმების შესრულებაზე რაიმე ვალდებულებები არ ეკისრება და მოსკოვი კონფლიქტის მხარეებმა შუამავლად მიიწვიეს.

სინამდვილეში, რუსეთი კონფლიქტის მხარეა და მინსკის ხელშეკრულების ისეთივე ხელმომწერია, როგორც უკრაინა.

2014 წლის სექტემბერში დონბასის რეგიონში ომის დასრულებაზე ეუთო-ს, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის გერმანიისა და საფრანგეთის მედიაციით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. მოლაპარაკებების შედეგად, 5 სექტემბერს, ხელი მოეწერა მინსკის 12 პუნქტიან პროტოკოლს. „მინსკის პროტოკოლმა“ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში ომის დასრულება ვერ უზრუნველყო. მორიგი მოლაპარაკებების შედეგად, 2015 წლის 12 თებერვალს ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის მორიგ ხელშეკრულებას „მინსკი II“. „მინსკის პროტოკოლი“ და „მინსკი II” ერთმანეთის შემავსებელი დოკუმენტებია. ხელშეკრულებების ტექსტში გვხვდება პუნქტები, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში რუსეთის მხარედ ყოფნას ადასტურებს.

„მინსკის პროტოკოლის“ ორიგინალი დოკუმენტის ხელმომწერები იყვნენ: ეუთო-ს წარმომადგენელი - ელჩი ჰაიდი ტალიავინი, უკრაინის მეორე პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა და რუსეთის ელჩი უკრაინაში მიხეილ ზურაბოვი. დონეცკისა და ლუგანსკის დე-ფაქტო წარმომადგენლების ხელმოწერები ხელშეკრულებას მხოლოდ მას შემდეგ დაემატა, რაც უკრაინამ, რუსეთმა და ეუთო-მ მას ხელი უკვე მოაწერეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ხელმოწერების ველში ეუთო-ს, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლები ოფიციალური რეგალიებითაა წარმოდგენილი, ხოლო დონეცკისა და ლუგანსკის დე-ფაქტო წარმომადგენლების მხოლოდ სახელებია მოცემული. აღნიშნული ფორმატით ხაზგასმულია, რომ დონეცკი და ლუგანსკი არალეგიტიმური ერთეულებია და ისინი უკრაინისა და რუსეთის თანასწორ პოზიციაზე არ განიხილება.

აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულებების ტექსტში კონფლიქტის მხარეებისა და გარანტორების დეფინიცია საერთოდ არაა მოცემული. შეთანხმების შინაარსისა და ხელმოწერებიდან გამომდინარე, ეუთო-ს წარმომადგენელი შეთანხმების მედიატორია, უკრაინა და რუსეთი კი -კონფლიქტის სუბიექტები. ამრიგად, „მინსკის პროტოკოლისა“ და „მინსკი II’’-ის დოკუმენტით დასტურდება, რომ უკრაინამ და რუსეთმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პუნქტები უნდა შეასრულონ, ეუთომ, გერმანიამ და საფრანგეთმა კი პუნქტების შესრულებას ზედამხედველობა უნდა გაუწიონ. რუსეთისთვის იმავე როლის მიწერა, რომელიც გერმანიასა და საფრანგეთს აკისრია, მცდარია.

იხ. „მინსკის პროტოკოლის“ და „მინსკი II“-ის ხელმოწერები:

გარდა ამისა, „მინსკის პროტოკოლის“ და „მინსკი II“ და მე-10 პუნქტებში მოცემულია ვალდებულება უკრაინის ტერიტორიიდან ყველა უცხოური შეიარაღებული ფორმირებების, მათ შორის, დაქირავებული მებრძოლების გაყვანისა და ყველა არალეგალური ჯგუფის განიარაღების შესახებ. ხელშეკრულებაში აღნიშნულ პუნქტზე ხელმოწერით რუსეთი უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებიდან ყველა უცხოური შეიარაღებული ფორმირებისასა და სამხედრო შეიარაღების გაყვანას ეთანხმება. თუ ჭიპაშვილის ლოგიკით, მინსკის ხელშეკრულება კონფლიქტის მოგვარების ვალდებულებას ლუგანსკისა და დონეცკის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან ერთად მხოლოდ უკრაინას აკისრებს, მე-10 პუნქტით ვიღებთ პარადოქსს, რომ რუსეთიდან ლუგანსკში შესული შეიარაღებული ძალების, „მწვანე კაცუნების“ და არალეგალური ჯგუფების გაყვანის ვალდებულება დონეცკს, ლუგანსკს და კიევს აქვს და არა რუსეთს, მაშინ როდესაც უამრავი ფაქტით დასტურდება სწორედ რუსეთის მხრიდან შეიარაღებული ძალების შესვლა კონფლიქტურ ტერიტორიაზე.

აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტში რუსეთის რეგულარული სამხედრო ოფიცრების, ასევე დაზვერვის ოპერატიული მუშაკებისა და მაიდენტიფიცირებელი ნიშნების არმქონე „მწვანე კაცუნების“ მონაწილეობა არაერთი ფაქტით დასტურდება. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი დონბასში თავის ჩართულობას მუდმივად კატეგორიულად უარყოფდა, 2015 წლის 17 დეკემბერს, პუტინმა აღიარა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში გარკვეული სამხედრო წარმომადგენლობა ჰყავს: „ჩვენ არასოდეს გვითქვამს, რომ იქ არ არიან ადამიანები, რომლებიც გარკვეულ დავალებებს ასრულებენ, მათ შორის, სამხედრო სფეროში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იქ რუსული, რეგულარული შეიარაღება დგას, იგრძენით განსხვავება“ [„Мы никогда не говорили, что там [на Украине] нет людей, которые занимаются решением определенных вопросов, в том числе и в военной сфере, это не значит, что там присутствуют регулярные российские войска, почувствуйте разницу“].

საინტერესოა რუსეთის სასამართლოს 2021 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება, რითაც კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში იმყოფებიან. საქმე ეხებოდა კვების სერვისთან დაკავშირებულ კორუფციის ბრალდებას, რომელიც ე.წ. „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გარნიზონებისთვის“ იყო განკუთვნილი. სხვადასხვა დოკუმენტები აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტში რუსეთის ჩართულობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულებზე: ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4, ბმული 5.

რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მონაწილეა და ვალდებულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს. მიუხედავად არაერთი მტკიცებულებისა და საერთაშორისო საზოგადოების საერთო პოზიციისა, სტატია ღიად იმეორებს რუსულ პროპაგანდისტულ გზავნილებს და 15 ათასი ადამიანის გარდაცვალებას მხოლოდ უკრაინის პასუხისმგებლობად მიიჩნევს. რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის არა მხოლოდ მონაწილე, არამედ მაპროვოცირებელია და ვალდებულია უკრაინის მსგავსად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.

-----------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი