იტვირთება

გორის კულტურის სააგენტოში ბიტკოინების ქარხანა აღმოაჩინეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა საბჭომ ეს ინფორმაცია დაადასტურა. გორის მერიის აღნიშნულ ა(ა)იპ-ში საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს, გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ამ ეტაპზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მეტი დეტალი არ ხმაურდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ კულტურის სააგენტოს ყოფილი და ამჟამინდელი ხელმძღვანელები, თუმცა სუს-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.

არსებული ინფორმაციით, კულტურის სააგენტოში ბიტკოინების გამომუშავების პროცესს გორის ა(ა)იპ-ის დირექტორის მოადგილე გიორგი ქვათაძე კურირებდა, რომელმაც გამოძიების შეკითხვებს უკვე უპასუხა და საგამოძიებო დაწესებულება დატოვა. ამ დროისთვის ქვათაძე „ფაქტ-მეტრის“ ზარებს არ პასუხობს და არანაირ განმარტებას საჯაროდ არ აკეთებს. დირექტორის კიდევ ერთი მოადგილე, რომელიც სადაო პერიოდში აღნიშნულ სააგენტოს ხელმძღვანელობდა, აცხადებს, რომ ინფორმაციას არ ადასტურებს, რადგან მის შესახებ ამ დრომდე არაფერი სმენია.

„ვერ გიდასტურებთ ვერც ანტიკორუფციული სააგენტოს შესვლას კულტურის სახლში და ვერც ბიტკოინების ქარხნის არსებობას ჩვენს სააგენტოში. ამის შესახებ არაფერი მსმენია და შესაბამისად არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ“,- განაცხადა „ფაქტ-მეტრთან“ საუბარში გელა კაპანაძემ, რომელიც ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მერად არჩევის შემდეგ სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიციიდან მოადგილედ გადაიყვანეს.

ინფორმაციას არ ფლობს არც გორის ყოფილი მერი, რომელიც ამჟამად შიდა ქართლის რეგიონში წყალმომარაგების ფილიალს ხელმძღვანელობს. კონსტანტინე თავზარაშვილი განმარტავს, რომ მას საეჭვო ამ მხრივ არაფერი შეუმჩნევია და არც ელექტროენერგიის გადასახადის დეტალებით დაინტერესებულა.

„არ ვიცი თქვენგან პირველად მესმის. სააგენტო მუშაობდა ჩვეულ რეჟიმში და არანაირ საეჭვო გარემოებებზე ინფორმაცია ჩემამდე არ მოსულა, არც მერობის პერიოდში და არც ახლა“,-განმარტა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო ერთ-ერთი მსხვილბიუჯეტიანი ორგანიზაციაა, სადაც 500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ამის შესახებ გასულ წელს „ფაქტ-მეტრიც“ წერდა. მისი მუშაობის პერიოდზე კითხვები 2017-2018 წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურსაც ჰქონდა. თუმცა გორის მერიაში აცხადებდნენ, რომ მიღებული რეკომენდაციები გაითვალისწინეს და პოზიციებიც საჭიროებებიდან გამომდინარე გადაანაწილეს. თუმცა დაფინანსების კუთხით აცხადებდნენ, რომ ბიუჯეტი ნაკლებია იმ დავალებებსა და ფუნქციებზე, რაც 2021 წლიდან სააგენტოს დააკისრეს.

ცნობილი ხდება, რომ კულტურის სააგენტოში ბიტკოინების ქარხანა ბოლო 2 წლის განმავლობაში მუშაობდა, რა დროსაც ელექტროენერგიის გადასახადმა თვეში 6000 ლარი შეადგინა. ჯამში პანდემიის პერიოდში, როდესაც თანამშრომელთა ნაწილი დისტანციურად მუშაობდა, ელექტროენერგიის გადასახადმა 144 000 ლარი შეადგინა, თუმცა რისთვის დაიხარჯა ამ ოდენობის დენი, ამით არავინ დაინტერესებულა. ყოველ შემთხვევაში, სააგენტოს წარმომადგენლების და ყოფილი მერის პოზიცია ასეთია. გორის მერიის ამჟამინდელი წარმომადგენლობა არც იმ ფაქტზე საუბრობს, თუ რამ განაპირობა აღნიშნულ უწყებაში, არჩევნების შემდეგ, საკადრო ცვლილებები და მხოლოდ იმას აცხადებს, რომ გადაწყვეტილებები პირადი განცხადების საფუძველზეა მიღებული. სააგენტო ბოლო 2 წლის განმავლობაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან წელიწადში 2 მლნ 410 ათასი ლარით დაფინანსდა. სულ 4 მლნ 820 ათასი ლარით.

რედაქტორის შენიშვნა: სტატიის მომზადების პროცესში „ფაქტ-მეტრისთვის“ ცნობილი გახდა, რომ გიორგი ქვათაძემ თანამდებობა დატოვა


მსგავსი სიახლეები

4546 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი