თორნიკე რიჟვაძე: ჭვანის ხეობაში ჩვენ ვგეგმავთ, დაახლოებით, 10 მლნ ლარის დახარჯვას და ამ მიმართულებით იქნება, პირველ რიგში, ხაბელაშვილების ისტორიული ხიდის რეაბილიტაცია.

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, დაპირება არ შესრულდა.

რეზიუმე: შუახევის მუნიციპალიტეტის ჭვანის ხეობაში „ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის“ მიმდებარე ტერიტორიების განვითარებისთვის საჭირო კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვის მიზნით, 2021 წელს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ტენდერი ორჯერ გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 673 200 ლარი იყო. აქედან 271 960 ლარი აჭარის ა/რ 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან უნდა გახარჯულიყო. პირველი ტენდერი არ შედგა, ხოლო მეორეში მონაწილე ორივე კომპანიას, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, დისკვალიფიკაცია მიენიჭა, რაც ნიშნავს, რომ ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა. აქედან გამომდინარე, პროექტისთვის 2021 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული ხარჯი შემსყიდველმა ვერ აითვისა.

ანალიზი: 2021 წლის 7 ივლისს აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ შუახევის მუნიციპალიტეტში გასვლითი სხდომა ჩაატარა. ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მოსახლეობასთან შეხვედრაზე მან განაცხადა: „ჭვანის ხეობაში ჩვენ ვგეგმავთ, დაახლოებით, 10 მლნ ლარის დახარჯვას და ამ მიმართულებით იქნება, პირველ რიგში, ხაბელაშვილების ისტორიული ხიდის რეაბილიტაცია“.

„ფაქტ-მეტრი“ დაინტერესდა, დაპირებული პროექტის განხორციელების მიზნით რა გაკეთდა. ჩვენ ინფორმაცია აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან გამოვითხოვეთ. ასევე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაცია შევისწავლეთ.

შუახევის მუნიციპალიტეტის ჭვანის ხეობაში „ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის“ მიმდებარე ტერიტორიების განვითარებისთვის საჭირო კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვის მიზნით, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ტენდერი (NAT210014286) 2021 წლის 30 ივლისს გამოაცხადა. 1 673 200 ლარის სავარაუდო ღირებულების პროექტი წისქვილების სოფლის მშენებლობას, არსებული ბილიკების სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, ახალი ბილიკების მოწყობას ითვალისწინებდა. მთლიანი ღირებულებიდან, 271 960 ლარი 2021 წლის ბიუჯეტიდან დაიფარებოდა, ხოლო დანარჩენი - 2022 წლის საბიუჯეტო სახსრებიდან. პირობის თანახმად, თუ მიმწოდებელი სამუშაოების წინსწრებით შესრულებას შეძლებდა, შემსყიდველი 2021 წლის თავისუფალი სახსრების ფარგლებში აანაზღაურებდა. ხელშეკრულების პროექტის მიხედვით, სამუშაოები გასული წლის 20 დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო. აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობა არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო და ის არ შედგა.

2021 წლის 1 ოქტომბერს, იმავე სამუშაოების შესყიდვის მიზნითა და უცვლელი სავარაუდო ღირებულებით, სამინისტრომ ტენდერი (NAT210019068) კვლავ გამოაცხადა. ამჯერად მასში ორი პრეტენდენტი ჩაერთო: შპს „ალასი“და შპს „ბზა“. პირველმა შემსყიდველს სამუშაოების შესრულება - 1 658 888 ლარად, ხოლო მეორემ 1 634 441 ლარად შესთავაზა.

სატენდერო კომისიამ პრეტენდენტების მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განიხილა. კომისიის წევრებმა აღნიშნეს, რომ დაბალი ფასით მონაწილე შპს „ბზას“ ატვირთული არ ჰქონდა ყველა სამუშაოს ხარჯთაღრიცხვა, ასევე გეგმა-გრაფიკში მითითებული არ იყო I და II ეტაპებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადები. კომპანიამ არ წარადგინა ინფორმაცია საგარანტიო ვადის შესახებ. ამ და სხვა გარემოებებიდან გამომდინარე, კომპანიას დისკვალიფიკაცია მიენიჭა.

ამის შემდეგ კომისიამ შპს „ალასის“ დოკუმენტაცია განიხილა და ჩათვალა, რომ სრულყოფილი ინფორმაცია არც მას ჰქონდა წარდგენილი. კომისიამ, დამატებითი ინფორმაციის წარდგენისთვის, კომპანიას დამატებითი ვადა მისცა.

16 ნოემბერს კომისიის წევრები კვლავ შეიკრიბნენ და დაადგინეს, რომ კომპანიამ სატენდერო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. კერძოდ, პრეტენდენტს, 2017 წლის 1 იანვრიდან ტენდერისთვის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ სტატუსის მინიჭების თარიღამდე პერიოდში, შესრულებული ხელშეკრულებების ფარგლებში, დასრულებული უნდა ჰქონოდა არანაკლებ 2 800 000 ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოები, მათ შორის, ერთი შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში - არანაკლებ 700 000 ლარის ღირებულების საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის (გარდა საცხოვრებელი ობიექტებისა) სამშენებლო სამუშაოები (გარდა სარეკონსტრუქციო/შეკეთების სამუშაოებისა). ამასთანავე, სატენდერო კომისიის ერთ-ერთი წევრის განმარტებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, შპს „ალასის“ მესაკუთრეა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ალას მუჰენდისლიქ ინშაათ ვე თურიზმ სანაი თიჯარეთ“. შპს „ალასი“ არ არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ალას მუჰენდისლიქ ინშაათ ვე თურიზმ სანაი თიჯარეთის“ წარმომადგენლობა ან/და ფილიალი საქართველოში. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შპს „ალასი“ თავის საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლად და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დამოუკიდებელ სამეწარმეო სუბიექტს წარმოადგენს. ეს ნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დამფუძნებელი პირის გამოცდილება შპს „ალასის“ გამოცდილებად ვერ ჩაითვლება. კომისიამ აღნიშნა ის ფაქტიც, რომ ხარჯთაღრიცხვაზე, ხელს აწერდა პირი, რომლის უფლებამოსილების დოკუმენტები ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული არ იყო. აქედან გამომდინარე, შპს „ალასი“ დისკვალიფიკაციას დაექვემდებარა. საბოლოოდ, ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა.

საბოლოოდ, 2021 წლის ივლისში დაანონსებული პროექტის განხორციელება არ დაწყებულა და მოცემული მდგომარეობით (01. 02. 2022), ახალი ტენდერი გამოცხადებული არ არის.

ინფორმაციისთვის: შუახევის მუნიციპალიტეტში, ჭვანის ხეობაში არსებულ „ხაბელაშვილების თაღოვან ხიდს“ 2013 წელს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა, 2015 წელს კი რეაბილიტაცია ჩაუტარდა.