იტვირთება

ზაურ დარგალი: მარნეულის მუნიციპალიტეტში აშენდება 4 ახალი ბაგა-ბაღი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ ბაგა-ბაღებს

2019 წელს, მერობის კანდიდატის რანგში, ზაურ დარგალი მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას 4 ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობას დაჰპირდა, მათ შორის - 2020-2022 წლებში სოფელ ბაიდარსა და კაჩაგანში, 2019-2021 წლებში კი - ქ.მარნეულსა და სოფ. შულავერში. ასევე, თქვა, რომ ქ. მარნეულის #1 და #4 საბავშვო ბაგა-ბაღებს რეაბილიტაცია ჩაუტარდებოდა, კეთილმოეწყობოდა სოფ. ყიზილაჯლოსა და კაპანახჩის საბავშვო ბაგა-ბაღების ეზოები. ამას მისი საარჩევნო ბროშურაც ადასტურებს.

„ფაქტ-მეტრი“ დაინტერესდა, განხორციელდა, თუ - არა ზაურ დარგალის წინასაარჩევნო დაპირებები, კერძოდ, ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობა და არსებული ბაგა-ბაღების რეაბილიტაცია.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოფელ ყიზილაჯლოს საბავშვო ბაგა-ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერი (NAT210001507) 2021 წლის 29 იანვარს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 799 997 ლარი იყო. რვა პრეტენდენტს შორის, ყველაზე დაბალი ფასით მონაწილე კომპანიას დისკვალიფიკაცია მიენიჭა და ტენდერში შპს „მშენებელი 2020-მა“ გაიმარჯვა. 26 მარტს დადებული ხელშეკრულების ღირებულებამ 699 999 ლარი შეადგინა. პროექტის მთლიანი ღირებულების 95% - სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო 5% ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსებულიყო. სახელშეკრულებო პირობები ოთხჯერ შეიცვალა. 2021 წლის 6 დეკემბერს შეტანილი საბოლო ცვლილების მიხედვით, პროექტის ბიუჯეტი 760 495.36 ლარი გახდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „მშენებელი 2020-ს“ შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებული იყო, სამუშაო ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 კალენდარული დღის ვადაში, ანუ სექტემბრის ბოლოს დაესრულებინა. კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში პროექტი ვერ დაასრულა და ვადა 2021 წლის 6 ნოემბრამდე გახანგრძლივდა. თუმცა მიმწოდებელი ვერც ამ ვადაში ჩაეტია და მხარეებმა ხელშეკრულებაში კიდევ ერთი ცვლილება შეიტანეს. ამჯერად პროექტის ვადა 2022 წლის 1 მარტამდე გაახანგრძლივეს. შეთანხმების დოკუმენტს თან ახლავს კომპანიის დირექტორის წერილი, რომელშიც ის განმარტავს, რომ პროექტის გაჭიანურება სამუშაოების სირთულემ და შენობის ავარიულობამ გამოიწვია. მერიის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათით ირკვევა, რომ 2021 წლის 9 დეკემბერს კომპანიას სამუშაოების მხოლოდ 76% ჰქონდა შესრულებული.

სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე ამ დროისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, კომპანიისთვის გადახდილი თანხის მოცულობა მთლიანი ღირებულების 63%-ს ანუ 478 962 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება საბავშვო ბაგა-ბაღების რეაბილიტაციას, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ, ქ. მარნეულის N1 საბავშვო ბაგა-ბაღის არსებული შენობის რეაბილიტაციის, სააქტო დარბაზისა და ორი ჯგუფისთვის განკუთვნილი შენობის მიშენების სამუშაოების შესყიდვის მიზნით, 1 362 230 ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერი (NAT210001506) 2021 წლის 29 იანვარს გამოაცხადა. ტენდერში რვა კომპანია მონაწილეობდა. ორი დაბალი ფასით მონაწილე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შედეგად, შპს „ბილდინგ ჰაუსმა“ გაიმარჯვა. 2021 წლის 13 აპრილს კომპანიასთან 1 188 577-ლარიანი ხელშეკრულება გაფორმდა. ამ შემთხვევაშიც, ღირებულების 95%-ს - სახელმწიფო ბიუჯეტი და 5%-ს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი აფინანსებდა. მოგვიანებით, ღირებულება გაიზარდა და 1 223 050 ლარი გახდა. ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 7.67%-ს -მარნეულის მერია, 92.33%-ს კი სახელმწიფო ბიუჯეტი დაფარავს. პროექტი გასული წლის ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო. თუმცა გეგმა-გრაფიკი შეიცვალა და სამუშაოების დასრულების ვადად 2021 წლის 19 დეკემბერი განისაზღვრა. ამის მიზეზი, როგორც წერილშია აღნიშნული, დამატებითი სამუშაოების განხორციელების აუცილებლობა გახდა. ამ ეტაპზე გადახდილია მთლიანი ღირებულების 73% ანუ 910 043 ლარი.

კიდევ ერთი ტენდერი (SPA210000970), რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის N3 და N4 საბავშვო ბაგა-ბაღებში სახანძრო უსაფრთხოების სისტემის მოწყობის სამუშაოების შესყიდვას ითვალისწინებდა, მერიამ 2021 წლის 6 აპრილს გამოაცხადა. 44 280 ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერში შპს „ნეოტექმა“ გაიმარჯვა, რომელიც ერთადერთი მონაწილე იყო. 2021 წლის 5 მაისს დადებული ხელშეკრულების ღირებულებამ 52 238.59 ლარი შეადგინა. აღნიშნულ შესყიდვებს შორის ეს ერთადერთია, რომლის ფარგლებში გაფორმებულ ხელშეკრულებასაც სააგენტომ შესრულებულის სტატუსი მიანიჭა.

„ფაქტ-მეტრი“ დაინტერესდა, ზაურ დარგალის დაპირების მიხედვით, აშენდა, თუ - არა ახალი ბაგა-ბაღები ბაიდარში, კაჩაგანში, შულავერსა და ქ.მარნეულში, კეთილმოეწყო, თუ - არა სოფელ კაპანახჩის ბაგა-ბაღის ეზო. ჩვენი ანალიზის მიხედვით, აღნიშნული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერები არ გამოცხადებულა. საკითხთან დაკავშირებით, „ფაქტ-მეტრმა“ ინფორმაცია მარნეულის თვითმმართველობისგან 2022 წლის 10 იანვარს ოფიციალურად გამოითხოვა. თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ. სიტუაციას ადგილზე გავეცანით და მოსახლეობას ვესაუბრეთ.

მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტი სოფ. კაჩაგანიდან სადი სადიკოვი „ფაქტ-მეტრთან“ აცხადებს, რომ მათ სოფელში ახალი ბაგა-ბაღი არ აშენებულა. „სოფელში, საბჭოთა კავშირის დაშლამდე, საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა. ახლა კი იგივე შენობა გარემონტებულია და პრივატიზებულია“, - გვითხრა სადიკოვმა.

სტუდენტი სოფელ ბაიდარიდან აითან გურიანოვა „ფაქტ-მეტრთან“ ამბობს, რომ ბაგა-ბაღი არც მათ სოფელში ფუნქციონირებს. „სამწუხაროდ, ჩვენს სოფელში საბავშვო ბაღი არ არსებობს. „დაახლოებით 2-3 წლის წინ მე და ჩემმა მეგობარმა გამოვკითხეთ სოფლის მაცხოვრებლები, რომლებმაც აღნიშნეს საბავშვო ბაღის საჭიროება. ვფიქრობ, რომ ბაგა-ბაღი ბავშვების პირველადი განათლებისთვის ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს, დედებისთვის კი ძალიან მოსახერხებელია“, - აღნიშნა გურიანოვამ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაცია „სტუდია ჰობი ჰაუსის“ ხელმძღვანელი მარინა წიქარიშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ბაგა-ბაღი სოფელ შულავერშიც არ არის. მისი თქმით, შულავერი დიდი სოფელია და საბავშვო ბაღს საჭიროებს. არასამთავრობო ორგანიზაცია „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ ხელმძღვანელმა ოლგა ენდელაძემ კი, რომელიც წლებია, მარნეულის მუნიციპალიტეტში აქტიურად მუშაობს, გვითხრა, რომ ახალი ბაგა-ბაღი არც ქ. მარნეულში აუშენებიათ. მისივე ვარაუდით, მუნიციპალიტეტში ბაგა-ბაღები რაოდენობა საკმარისი არ არის. “ქ. მარნეულში ყოველწლიურად 400-500 რეგისტრირებული ბავშვი, ადგილების შეზღუდული რაოდენობის გამო, ვერ დადის ბაგა-ბაღში. კიდევ ერთი ბაგა-ბაღი უნდა აშენდეს ქ.მარნეულში. 2019 წლიდან კი მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსად არ არის აშენებული ახალი ბაგა-ბაღი. 2022 წლის მარნეულის მუნიციპალური ბიუჯეტის საჯარო განხილვაში ვმონაწილეობდი და ბიუჯეტშიც არ იყო გათვალისწინებული ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობა“,- განაცხადა ოლგა ენდელაძემ „ფაქტ-მეტრთან“.

ზაურ დარგალის დაპირება ახალი ბაღების მშენებლობასა და არსებული ბაღების რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. 2021 წლის ბოლოს, მარნეულის მუნიციპალიტეტში ბაღების მშენებლობის დაპირება ზაურ დარგალს არ შეუსრულებია. დაპირება მხოლოდ რეაბილიტაციის ნაწილში შესრულდა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4298 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
26%
სიმართლე
19%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
ტყუილი
6%

ყველაზე კითხვადი